საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-378(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ.მ-ის (მესამე პირი) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები ნ.ა-ი (მოსარჩელე), გორის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 19 ივლისს ნ.ა-იმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ მოითხოვა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის №20-202116844 აქტის, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 18 ივნისის №20-2021169319 მიმართვისა და დარღვევის გამოსწორებისა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 31 აგვისტოს №20-2021243244 მითითების ბათილად ცნობა. ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის კორექტირებული პროექტის შეთანხმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა დ.მ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინებით, ნ.ა-ის სარჩელზე, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 18 ივნისის №20-2021169319 მიმართვისა და დარღვევის გამოსწორებისა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 31 აგვისტოს №20-2021243244 მითითების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნების ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, ნ.ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის №20-202116844 აქტი; ნ.ა-ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ, ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა; გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გორში, ...ის ქ. №14-ში (ყოფილი ...ის ქ. №12-ში) მდებარე უძრავ ქონებაზე, №... საკადასტრო კოდით, საკითხის ხელახლა განხილვისას, გამოიკვლიოს: 1. ნ.ა-ის კუთვნილ სახლზე სადავო ღიობების მოწყობის პერიოდი; 2. მოხდა თუ არა მათი მოწყობა იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით; 3. ღიობების განთავსების პერიოდში არსებობდა სამეზობლო თუ საზოგადოებრივი საზღვარი, ანუ სადავო მხარეს მის სახლს ესაზღვრებოდა საზოგადოებრივი თუ კერძო სივრცე; 4. არსებობს (არსებობდა) თუ არა ამ ღიობების მოწყობის შესახებ სანებართვო დოკუმენტაცია; 5. არსებობს (არსებობდა) თუ არა ნ.ა-ის ბინის ექსპლუატაციაში მიღების აქტი; 6. გამოკვლეულ იქნეს და შეფასება მიეცეს ტექბიუროს ჩანაწერებს (სადაც სადავო ფანჯრის ღიობები აღნუსხულია) - ტექბიუროში შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით ნიშნავდა თუ არა მის კანონიერად აშენებას და რა ფარგლებში; ამ გარემოებების კვლევის საქმის წარმოებისას მერიამ, დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ.მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით, დ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.ა-ის უძრავი ქონება ადრე წარმოადგენდა ერთსართულიან სახლს, რაც 1953 წელს გორის ქალაქის ...სგან შეისყიდა პ.ა-იმა და ამ დროიდან ირიცხებოდა მის სახელზე. სახლს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ...ის ქუჩა, დასავლეთით - არხი, ჩრდილოეთით - გორის ქალაქის ...ის ბინა, სამხრეთით - ...ის ქუჩა. გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1959 წლის 9 ოქტომბრის №330 გადაწყვეტილებით (ოქმი №27), დაკმაყოფილდა პ.ა-ის თხოვნა და ნება დაერთო ახალი სახლის მშენებლობაზე ძველის დანგრევით. იმის გამო, რომ მისი სამოსახლკარო მიწის ნაკვეთი იყო პატარა და ამასთან, ქალაქის განაშენიანების პირობები მოითხოვდა მისი ბინის გადაადგილებას ...ის და ...ის ქუჩების კუთხეში, პ.ა-ის გამოეყო მისი სამოსახლკარო ნაკვეთის გვერდით მდებარე ...ის მიერ დროებით დაკავებული ნაკვეთიდან 150 მ2 მიწის ფართობი. ამასთან, გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1963 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, ნება დაერთო შ.ა-ის, გადაეფორმებინა დაუმთავრებელი შენობა გ.მ-ის სახელზე, ხოლო ნაკვეთი დარჩენილიყო საერთო მფლობელობაში. ტექბიუროს 1966 წლის მონაცემებით, ეს უძრავი ქონებები ირიცხება პ.ა-ისა და გ.მ-ის სახელზე. ასევე, ტექბიუროს ჩანაწერებით, 1985 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, გორში, ...ის ჩიხი №2-სა და ...ის ქ. №12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები რეგისტრირებულია როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა და ირიცხება შ.ა-ისა და გ.მ-ის სახელზე. 1989 წლის 9 თებერვლის მონაცემებით კი, გორში, ...ის ქ. №2-სა და ...ის ქ. №12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები ირიცხება პ.ა-ისა და ი.მ-ის სახელზე და ამ მონაცემებში მათ საცხოვრებელ სახლებზე დატანილია ფანჯრის ღიობები.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 მარტის Nბს-202-200 განჩინებაზე და განმარტა, რომ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების საკითხებზე მსჯელობის ჭრილში ღიობების მოწყობის კანონიერების გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სადავო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დადგენა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის 1966 წლის 7 თებერვლის №08 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სსრ ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში საკარმიდამო განაშენიანების ზონაში ნაკვეთების საზღვარზე (მიჯნაზე) მშენებლობის წესებზე“, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის №57 ბრძანებით დამტკიცებული ,,ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესზე“ და აღნიშნა, რომ შემდეგი რეგულაციები (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებული ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები" (26-ე მუხ., 13, 151 ქვეპუნქტები), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ (26-ე მუხ. მე-13, მე-14 ქვეპუნქტები) ითვალისწინებენ სამეზობლო მიჯნიდან დისტანციის დაცვას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.ა-ის საცხოვრებელი სახლის ერთი კედელი გადის მხარეთა საკუთრებების მიჯნაზე და ერთ მონაკვეთში, დ.მ-ის საკუთრების მხარეს, გამოღებულია ფანჯრის ორი ღიობი. მხარეები ადასტურებენ, რომ ნ.ა-ის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე ორი ღიობი გამოჭრილი იყო დიდი ხნით ადრე, ნ.ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასარკვევია, ღიობების განთავსების პერიოდში არსებობდა სამეზობლო თუ საზოგადოებრივი საზღვარი, ანუ ღიობების გამოღების დროს სადავო მხარეს მის სახლს ესაზღვრებოდა საზოგადოებრივი თუ კერძო სივრცე. ამ გარემოების გარკვევას კი მნიშვნელობა აქვს იქედან გამომდინარე, რომ სადავო ტერიტორიაზე სახლი 1953 წელს გორის ქალაქის ...სგან შეისყიდა პ.ა-იმა, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ...ის ქუჩა, დასავლეთით - არხი, ჩრდილოეთით - გორის ქალაქის ...ის ბინა და სამხრეთით - ...ის ქუჩა. ამასთან, გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1959 წლის 9 ოქტომბრის №330 გადაწყვეტილებით, მას ნება დაერთო ახალი სახლის მშენებლობაზე, ძველის დანგრევით, ხოლო მის მომიჯნავედ კერძო სახლთმფლობელობა ჩნდება 1963 წლის 28 აპრილიდან, როდესაც იმავე აღმასკომის გადაწყვეტილებით ნება დაერთო შ.ა-ის, გადაეფორმებინა დაუმთავრებელი შენობა გ.მ-ის სახელზე, ნაკვეთი კი დარჩა საერთო მფლობელობაში. სააპელაციო პალატის განმარტებით, კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ სადავო აქტის მართლზომიერება საჭიროებდა ღიობების მოწყობის პერიოდში სამეზობლო (და არა საზოგადოებრივი) საზღვრის არსებობის ფაქტის დადგენას. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, 1989 წლის 9 თებერვლის მონაცემებით, გორში, ...ის ქ. №2-სა და ...ის ქ. №12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები ირიცხება პ.ა-ისა და ი.მ-ის სახელზე და ამ მონაცემებში მათ საცხოვრებელ სახლებზე დატანილია ფანჯრის ღიობები, ხოლო მანამდე არსებული მონაცემებით, ეს შენობა იყო დაუმთავრებელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა გამოეკვლია ნ.ა-ის კუთვნილ ობიექტზე ღიობების მოწყობის პერიოდი; მოხდა თუ არა მათი მოწყობა იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით; ღიობების განთავსების პერიოდში, არსებობდა სამეზობლო თუ საზოგადოებრივი საზღვარი, ანუ სადავო მხარეს მის სახლს ესაზღვრებოდა საზოგადოებრივი თუ კერძო სივრცე; არსებობს თუ არა ღიობების მოწყობის შესახებ სანებართვო დოკუმენტაცია; არსებობს თუ არა ნ.ა-ის ბინის ექსპლუატაციაში მიღების აქტი; გამოკვლეული და შეფასებული უნდა იქნეს ტექბიუროს ჩანაწერები (სადაც ფანჯრის ღიობები აღნუსხულია) - ტექბიუროში შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით ნიშნავდა თუ არა მის კანონიერად აშენებას და რა ფარგლებში. ამ გარემოებების კვლევის მიზნით საქმის წარმოებისას კი მერიამ, დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.მ-იმა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ.ა-იმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული და მოწონებული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოინდომა პროექტის შეცვლა და მერიას წარუდგინა ახალი, კორექტირებული პროექტი, სადაც უკვე დატანილი იყო სხვა კონსტრუქციები (ღიობები), რომლებიც არ იყო ნებადართული და არ ჰქონდა გავლილი ექსპერტიზა. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კანონიერად ეთქვა უარი კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე, რასაც ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 12 აგვისტოს დასკვნა. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ რაიონული და სააპელაციო სასამართლოები გაცდნენ მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს და მას მიაკუთვნეს ის, რაც არ მოუთხოვია. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ნ.ა-ი არ დავობდა ღიობებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ მიეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ.მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გორში, ...ის ქ. №14-ში მდებარე უძრავი ქონება (199 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 311.95 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი), №... საკადასტრო კოდით, 2009 წლიდან საკუთრების უფლებით ირიცხება ნ.ა-ის სახელზე. ამასთან, გორში, ...ის ქ. №12-ში (ყოფილი ...ის ქ. N12) მდებარე უძრავი ქონება (142 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1), №... საკადასტრო კოდით, 2015 წლიდან საკუთრების უფლებით ირიცხება დ.მ-ის სახელზე.
დადგენილია, რომ ნ.ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ადრე წარმოადგენდა ერთსართულიან სახლს, რაც 1953 წელს გორის ქალაქის ...სგან შეისყიდა პ.ა-იმა და ამ დროიდან ირიცხებოდა მის სახელზე. სახლს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ...ის ქუჩა, დასავლეთით - არხი, ჩრდილოეთით - გორის ქალაქის ...ის ბინა, ხოლო სამხრეთით - ...ის ქუჩა. გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1959 წლის 9 ოქტომბრის №330 გადაწყვეტილებით (ოქმი №27), პ.ა-ის თხოვნა დაკმაყოფილდა და მას ნება დაერთო ახალი სახლის მშენებლობაზე, ძველის დანგრევით. იმის გამო, რომ მისი სამოსახლკარო მიწის ნაკვეთი იყო პატარა და ამასთან ერთად, ქალაქის განაშენიანების პირობები მოითხოვდა მისი ბინის გადაადგილებას ...ის და ...ის ქუჩების კუთხეში, პ.ა-ის გამოეყო მისი სამოსახლკარო ნაკვეთის გვერდით მდებარე ...ის მიერ დროებით დაკავებული ნაკვეთიდან 150 კვ.მ. მიწის ფართობი. ამასთან, გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1963 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, შ.ა-ის ნება დაერთო დაუმთავრებელი შენობა გადაეფორმებინა გ.მ-ის სახელზე და ნაკვეთი დარჩენილიყო საერთო მფლობელობაში. ტექბიუროს ჩანაწერებით, 1985 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, გორში, ...ის ჩიხი №2-სა და ...ის ქ. №12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები რეგისტრირებულია როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა და ირიცხება შ.ა-ისა და გ.მ-ის სახელზე. 1989 წლის 9 თებერვალს შედგენილი, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის თანახმად კი, გორში, ...ის ჩიხი №2-სა და ...ის ქ. №12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები ირიცხება პ.ა-ისა და ი.მ-ის სახელზე. ამავე ტექნიკურ პასპორტში არსებული გეგმის თანახმად, ამ მონაცემებით მათ საცხოვრებელ სახლებზე დატანილია ფანჯრის ღიობები.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 22 სექტემბერს ნ.ა-იმა განცხადებით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც მიუთითა, რომ აპირებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მიშენება-რეკონსტრუქციული სამუშაოების წარმოებას გორში, ...ის ქ. №14-სა და ...ის ქ. №46-ის კვეთაზე. შესაბამისად, მერიას შესათანხმებლად წარუდგინა რეკონსტრუქციის პროექტი. საპროექტო დოკუმენტაციაში არ იქნა ასახული დ.მ-ის საკუთრების მხარეს არსებული ფანჯრის ორი ღიობი. ნ.ა-ის მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის 27 ნოემბერს გაცემული იქნა მშენებლობის ნებართვა, ხოლო 2020 წლის 2 დეკემბერს - მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
2021 წლის 7 ივნისს ნ.ა-იმა კვლავ მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა რეკონსტრუქციის კორექტირებული პროექტის შეთანხმება, რომელშიც ასახული იქნა დ.მ-ის საკუთრების მხარეს არსებული ფანჯრის ორი ღიობი.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის №20-202116844 აქტით, ნ.ა-ის უარი ეთქვა კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი აწყობდა ღიობს მეზობლის - დ.მ-ის მხარეს და იმავდროულად დარღვეული იყო მიჯნის ზონა.
საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 12 აგვისტოს დასკვნა, რომლის თანახმად, გორში, ...ის ქ. №14-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ორსართულიანი შენობა №1-ის პირველ და მე-2 სართულებზე მოწყობილი ფანჯრის ღიობები (თითოეულ სართულზე ერთი ფანჯრის ღიობი) არ აკმაყოფილებს ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების 26-ე მუხლის მე-14 პუნქტის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის №20-202116844 აქტის კანონიერება, რომლითაც ნ.ა-ის უარი ეთქვა კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი აწყობდა ღიობს მეზობლის - დ.მ-ის მხარეს და იმავდროულად დარღვეული იყო მიჯნის ზონა. ამასთან, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის კორექტირებული პროექტის შეთანხმების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. ამდენად, უპირველეს ყოვლისა საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ნ.ა-ი არ დავობდა ღიობებთან დაკავშირებით (რაც თავის მხრივ მიეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს), ვინაიდან სადავო აქტით მოსარჩელეს სწორედ კორექტირებულ პროექტში ღიობების არსებობის საფუძვლით ეთქვა უარი მერიის მიერ მის შეთანხმებაზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტაციისა და ტექბიუროში დაცული მონაცემების თანახმად, ამჟამად ნ.ა-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე წინა პერიოდშიც ფიქსირდებოდა ფანჯრის ღიობები. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სადავო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დადგენა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 18.09.01წ.-14.07.08წ. მოქმედი საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 18.09.01წ. N57 ბრძანებით დამტკიცებული ,,ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობის მშენებლობის წესი“ განსაზღვრავდა ქალაქების, სოფლების და სხვა დასახლებების განაშენიანების ზონებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის შესაბამის პირობებს, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთების საზღვრიდან დაშვებული იყო 5.0 მეტრში, ასეთ შემთხვევაში სამეზობლო მიჯნის მხარეს განთავსებულ კედელში შესაძლებელი იყო ფანჯრებისა და სხვა სახის ღიობების მოწყობა, წესი ითვალისწინებდა ორიენტაციის და რელიეფის გათვალისწინებით მანძილის გაზრდის შესაძლებლობას იმ ვარაუდით, რომ მეზობლის მიერ საზღვარზე (საზღვართან) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში დაცული იქნებოდა საცხოვრებელ სახლებს შორის ერთი ფანჯრიდან მეორეში ჩაუხედაობა (3.2 მუხ.). 18.09.01წ. N57 ბრძანებით დამტკიცებული წესის გამოცემამდე მოქმედი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის 07.02.1966წ. N08 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სსრ ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში საკარმიდამო განაშენიანების ზონაში ნაკვეთების საზღვარზე (მიჯნაზე) მშენებლობის წესები“ ანალოგიურ დებულებებს შეიცავდა, ის ასევე ეხებოდა ნაკვეთების მიჯნაზე მოსაზღვრე საცხოვრებელ სახლებზე ღიობების მოწყობას. ხსენებული რეგულაციები ეფუძნებოდა ჩაუხედაობის პრინციპის დაცვას, რომელსაც მნიშვნელობა აქვს პირადი ცხოვრების დაცულობისათვის. შემდეგი რეგულაციები (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 08.07.08წ. N1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებული ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ (26-ე მუხ., 13, 151 ქვ.პ.), თბილისის საკრებულოს 27.03.09წ. N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ (34-ე მუხ.), თბილისის საკრებულოს 24.05.16წ. N14-39 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ (30-ე მუხ. 1, 10, 151 ქვ.პ.), საქართველოს მთავრობის 15.01.14წ. N59 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ (26-ე მუხ. მე-13, მე-14 ქვ.პ.)) ითვალისწინებენ სამეზობლო მიჯნიდან დისტანციის დაცვას, აღნიშნული ეხება არა მხოლოდ საცხოვრებელი სახლების, არამედ ზოგადად განაშენიანების წესებს. ამდენად, დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია ღიობის მოწყობის პერიოდის დადგენა. (სუსგ. Nბს-202-200(კ-17); 23.03.2020 წელი).
საკასაციო პალატა მიუთითებს ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების’’ 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ თავის მიზნებისათვის სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის 2 სახის: ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს (გარდა ჩიხისა); ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიჯნის ზონა წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებიდან დაშორებულია 3,0 მეტრ მანძილზე ნაკლებით. მითითებული მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. ეს პირობა არ ეხება შენობის იმ ნაწილებს, რომლებიც განთავსებულია საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს და ამ მუხლის მე-15, მე–151, მე-16 და მე-19 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-151 პუნქტის შესაბამისად კი, ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ღიობები, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 12 აგვისტოს დასკვნა, რომელზეც აპელირებს კასატორი, ეფუძნება სწორედ ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ ნორმებს, საქმის მასალებით კი დგინდება, რომ ღიობები არსებობდა ამ დადგენილების ამოქმედებამდეც (თუმცა არ დგინდება ღიობების მოწყობის კონკრეტული პერიოდი). ამდენად, კასატორის მითითება აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარის მიერ სადავო აქტი გამოცემული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს ნ.ა-ის კუთვნილ ობიექტზე ღიობების მოწყობის პერიოდი; ასევე, გამოკვლეული და შეფასებული უნდა იქნეს ტექბიუროს ჩანაწერები (სადაც ფანჯრის ღიობები ასახულია) - ტექბიუროში შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით ნიშნავდა თუ არა მის კანონიერად აშენებას და რა ფარგლებში. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, დ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, დ.მ-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გ.გ-ის (პ/ნ...) მიერ 2024 წლის 13 მაისს N21822684194 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. დ.მ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გ.გ-ის (პ/ნ...) მიერ 2024 წლის 13 მაისს N21822684194 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი