საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-804 (კ-24) 28 აპრილი, 2025 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „...“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2020 წლის 27 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ და ამავე სამედიცინო დაწესებულებისათვის 2020 წლის 2 ივნისის №ს/კ514-97 რევიზიის აქტით განსაზღვრული 55 370.05 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება მოითხოვა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს „...ში“ განხორციელდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის „...ის“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების შერჩევითი რევიზია/კონტროლი. სარევიზიო პერიოდი განისაზღვრა 2015 წლის პირველი ივლისიდან 2019 წლის პირველ აგვისტომდე. შემოწმების შედეგად 2020 წლის 2 ივნისს შედგა №ს/რ514-97 რევიზიის აქტი, რომლის თანახმადაც, კლინიკის მიერ ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 55 370.05 ლარი, მათ შორის, უკან დასაბრუნებელმა თანხამ - 42 351.5 ლარი; დამატებითმა ფინანსურმა ჯარიმამ - 13 018.55 ლარი. მიმწოდებელი ვალდებული იყო შემოწმების აქტით დაკისრებული საჯარიმო სანქციის აღიარებიდან, არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, გადაეხადა დაკისრებული თანხა, თუმცა აღნიშნული არ განხორციელებულა. სწორედ ამიტომ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სასარჩელო წესით ითხოვს მისი კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის დაკისრებული თანხის სამედიცინო დაწესებულებისთვის დაკისრების უზრუნველყოფას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელში და ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ერთი მხრივ, მიუთითა, რომ რევიზიის აქტი კანონიერ ძალაში იყო შესული და მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში ვერ შეაფასებდა მასში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითა რევიზიის აქტით გამოვლენილი დარღვევების ხანდაზმულობაზე, რაც არასწორია. კასატორის მითითებით, აღნიშნული მსჯელობით, სასამართლოებმა სრულიად უგულებელყვეს აქტის გასაჩივრების ვადები და მისი კანონიერება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ რევიზიის აქტით განსაზღვრული თანხის - 55370.05 ლარის სამედიცინო დაწესებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დაკისრების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 13 თებერვლის №02–100/მ დირექტორის ბრძანების თანახმად, კომისიის მიერ შპს „...ში“ განხორციელდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის რევიზია. კერძოდ, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის „...ის“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების შერჩევითი რევიზია/კონტროლი. სარევიზიო პერიოდად განისაზღვრა 2015 წლის პირველი ივლისი - 2019 წლის პირველი აგვისტო. რევიზიის აქტის თანახმად, გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: 1. დარღვეული იყო დოკუმენტაციის წარმოების წესი; 2. 437 შემთხვევაში დაწესებულების მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორსულთა ანტენატალური ვიზიტის ამსახველი სამედიცინო ბარათები, რითაც ვერ დასტურდება პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული დიაგნოზი (ამასთან, პროგრამული მომსახურება გაეწია თუ არა); 3. 61 შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული ვიზიტის თარიღი და საანგარიშგებო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ვიზიტის თარიღი არ ემთხვეოდა ერთმანეთს; 4. სამ შემთხვევაში ვიზიტები (ექოსკოპიური კვლევა) ჩატარებული იყო ვადის დარღვევით - 21 კვირაზე; 5. 38 შემთხვევაში პაციენტებს არ ჩაუტარდათ პროგრამით განსაზღვრული სხვადასხვა სახის (გინეკოლოგის, თერაპევტის კონსულტაციები, ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია) სამედიცინო მომსახურება. დასახელებული აქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 55370.05 ლარი. მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 42351,5 ლარი, ასევე დამატებითი ფინანსური ჯარიმა 13018.55 ლარი.
საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ რევიზიის აქტი კლინიკას არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მასში ასახული დარღვევები დადასტურებულია და მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეფასდება აქტის კანონიერება და მასში დადგენილი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის ხანდაზმულობის საკითხს, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეაფასოს სწორედ ხანდაზმულობის საკითხი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის სამართლებრივ მოწესრიგებას ახდენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც იმპერატიულად არეგულირებს შემოწმების განხორციელების ხანდაზმულობის ვადას. მითითებული პროგრამის“ (დანართი №1) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის 2015 წლის 26 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია ადგენდა, რომ გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ანალოგიურ დათქმას შეიცავდა ასევე „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტიც 2015 წლის 22 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით. ამასთან, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით“. იდენტური შინაარსი გავრცელდა ასევე „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტზეც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის №544 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა, მართალია, სადავო სამართალურთიერთობისას კონტროლის ხანდაზმულობის ვადების ხანგრძლივობას განსხვავებულად არეგულირებდა 2015 წლამდე და მას შემდეგ პერიოდებში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის განხორციელების ვადის ათვლას ყოველთვის უკავშირებდა შემთხვევის დასრულების მომენტს. ამდენად, ხანდაზმულობის გამოსაყენებელი ვადა შემთხვევის დასრულების მომენტისთვის მოქმედი ნორმით უნდა განისაზღვროს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო 2015 წელს განხორციელებული ცვლილება უკუძალის თაობაზე დათქმას არ შეიცავდა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა მისი გამოქვეყნება, შესაბამისად, იგი ეხებოდა არა წინარე პერიოდს - 2015 წლამდე დასრულებულ შემთხვევებს, არამედ 2015 წლიდან განხორციელებულ მომსახურებას. სწორედ ამიტომ, 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევა შეიძლება შემოწმებულიყო მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბრიდან დასრულებული შემთხვევა - ხუთი წლის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეამოწმა 2015 წლის პირველი ივლისიდან 2019 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდი. შემოწმება კი დაიწყო 2020 წლის 14 თებერვალს. ამდენად, შემოწმებამ სადავო შემთხვევაში მოიცვა პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქმედებდა შემოწმების 3-წლიანი ვადა. საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სასამართლოების მოსაზრებას, რომ ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა გავრცელდება მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა 2015 წლის 27 ოქტომბრის შემდგომ (ანუ აქტის ძალაში შესვლის შემდგომ). მანამდე არსებულ სამართალურთიერთობებზე კი უნდა გავრცელებულიყო ძველი რედაქციით მოცემული ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში (ანუ 2018 წლის 26 ოქტომბრამდე) განეხორციელებინა მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია და არა 2020 წლის 14 თებერვლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის 2015 წლის 26 ოქტომბრამდე გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის თანხის დაკისრებაზე - ხანდაზმულია. ამრიგად, აღნიშნულ შემთხვევებზე სააგენტოს სამედიცინო დაწესებულების მიმართ პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს, რადგან გასულია ხანდაზმულობის ვადა.
რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ, მართალია, 2015 წლის 26 ოქტომბრიდან მოპასუხის მიერ გაწეული მომსახურების რევიზია არ არის ხანდაზმული, ვინაიდან მასზე უკვე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით განსაზღვრული 5-წლიანი ვადა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რამდენი იყო საჯარიმო სანქციის ოდენობა შემოწმების დაწყების დღიდან - 2015 წლის პირველი ივლისიდან 2015 წლის 26 ოქტომბრის (სულ 4 თვე) ჩათვლით პერიოდზე და რამდენი შემდეგ პერიოდზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა შპს „...ისთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 2020 წლის 2 ივნისის №ს/კ 514-97 რევიზიის აქტით განსაზღვრული თანხის დაკისრების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 3 ივლისს №05709 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 2768.50 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1937.95 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს 2024 წლის 3 ივლისს №05709 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2768.50 ლარის 70% - 1937.95 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე