Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-847(კ-24) 28 აპრილი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ ...“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 27 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიაზე არსებული №... (წინა კოდი: ...) საკადასტრო კოდით 2023 წლის 03 თებერვლამდე სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა მოითხოვა 2019 წლის 04 დეკემბრიდან 2023 წლის 03 თებერვლის ჩათვლით 181249.17 (ას ოთხმოცდაერთი ათას ორას ორმოცდაცხრა ლარი და ჩვიდმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე - შპს ,,...ის‘‘ მიმართ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისში, ...ში, №... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც, კერძოდ, 1182 კვ.მ-ით, არამართლზომიერად სარგებლობდა და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის მოპასუხე - შპს ,,...‘‘. აღნიშნული შპს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2019 წლის 4 დეკემბრიდან. მოპასუხეს მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა მძიმე ტექნიკა. ტექნიკის ნაწილები, სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, დანადგარები და ნივთები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა დროებითი კონსტრუქციები, რომლებსაც ასევე იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, ამა წლის 3 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადაეცა შპს „გ...-ს.“ კასატორის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ შპს ,,...ას‘‘ ეკისრება სახელმწიფოს ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის გადახდა, 2019 წლის 3 თებერვლის ჩათვლით, ანუ სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებამდე.

კასატორი განმარტავს. რომ შპს ,,...ას‘‘ მიერ 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული ქონების ნაწილის ფლობისა და მასზე სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, მოკვლევის აქტით, ასევე იმ ფაქტით, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს შპს ,,...ას‘‘ საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება (ს/კ...), რომელზეც მოპასუხე ისევე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, როგორც სადავო მიწის ნაკვეთზე. ამრიგად, კასატორი, ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად, სამეწარმეო საქმიანობისთვის სარგებლობის საფასურის დაკისრება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „...“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 04 დეკემბერს დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად; სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ..., ფართი: 3570.00კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის წინა ნომერი: ..., 2013 წლის 13 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო სახელმწიფოს სახელზე. აღნიშნული უძრავი ქონება, პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე, 2023 წლის 03 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „გ...“-ის სახელზე. 2022 წლის 7 ნოემბრის აქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილზე შეამოწმა და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ: №...) ნაწილით არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავი ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს იურიდიული პირი შპს „...“. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 12 დეკემბრის №008600922 დასკვნის თანახმად, ამავე კვადრატულობის- 1182 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს: 2019 წლის 04 დეკემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით - 4478 ლარს; 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 4804 ლარს; 2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 4991 ლარს; 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის 03 თებერვლამდე - 4519 ლარს. 3.2.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ნოემბრის №7/66331 წერილით შპს „...ას“ ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ...ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ: №... (წინა კოდი: №...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც (მიწის ნაკვეთი 1182 კვ.მ.) შპს „...“ სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველობის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...ას“ ეცნობა, რომ უზრუნველეყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლება და წერილობით ეცნობებინა სააგენტოსთვის აღნიშნულის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს მიერ განხორციელდებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამრიგად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, თანხის გადახდა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს. ამასთანავე, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება, მანვე უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად კი, მოპასუხემ საწინააღმდეგო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ამდენად, სამეწარმეო მიზნებისათვის სახელმწიფო ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულების სრულყოფილი და ყოველმხრივი შეფასების შედეგად უნდა განხორციელდეს.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ 2022 წლის 7 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების აქტითა და ფოტომასალით დგინდება შპს ,,...ას“ მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა და სამეწარმეო მიზნით გამოყენება 2019 წლის 4 დეკემბრიდან, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ არის დასაბუთებული, კერძოდ, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ 2022 წლის 7 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების აქტის მხარისათვის გაცნობის ან/და გადაცემის ფაქტი არ დასტურდება და შესაბამისად, ვერ ჩაითვლება იმ გარემოების მტკიცების საფუძვლად, რომ მეწარმე სარგებლობდა უძრავ ქონებით (მდებარე: ქ. თბილისში, ...ში (ს/კ №... (წინა კოდი:...)), 1182 კვ.მ.). სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი საქმეში არ არის წარმოდგენილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარდგენილი აქტითა და ფოტოსურათებით შეუძლებელია დადგინდეს მოპასუხის მიერ 2019 წლის 04 დეკემბრიდან 2023 წლის 03 თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი. კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხეს მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა მძიმე ტექნიკა, ტექნიკის ნაწილები, სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, დანადგარები და ნივთები. გარდა აღნიშნულისა კასატორის განმარტებით, მოპასუხეს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა დროებითი კონსტრუქციები, რომლებსაც ასევე იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის, თუმცა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, შპს „...ის“ მიერ აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობა და ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის განთავსება არ არის დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით.

გარდა ზემოაღნიშნულისა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შპს „...ის“ განმარტებაზე, რომ კომპანიას არასდროს ჰქონია საკუთრებასა და სარგებლობაში რაიმე სახის მძიმე ტექნიკა და მისი ნაწილები, შესაბამისად, მოპასუხისათვის გაუგებარია, რის საფუძველზე დაადგინა სააგენტომ, რომ სადავო ტერიტორიაზე განთავსებული მძიმე ტექნიკა, ტექნიკის ნაწილები, სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, დანადგარები და ნივთები მათ საკუთრებას წარმოადგენდა. მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს "...ის" მიწის ნაკვეთი არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, საკასაციო პალატის შეფასებით არ არის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების რელევანტური მტკიცებულება.

რაც შეეხება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 12 დეკემბრის №008604522 და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 12 დეკემბრის №008600922 დასკვნას, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ჩატარებულია კონკრეტული მიზნით - მიწის ნაკვეთის მთლიანი საბაზრო ღირებულებისა და წლიური საიჯარო ქირის ღირებულების დასადგენად და არა ფართის ფლობის საკითხის გასარკვევად, რაც გამორიცხავს მითითებული დასკვნით დადგინდეს 2019 წლის 04 დეკემბრიდან 2023 წლის 03 თებერვლის ჩათვლით პერიოდისათვის შპს „...ის“ მიერ უძრავი ქონების ფლობა/სარგებლობის ფაქტს, ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულებები კი, რაც სარწმუნოდ დაადასტურებდა შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით ზემოაღნიშნულ პერიოდზე ფლობა- სარგებლობის ფაქტს, - საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის №ბს-88(კ-20), 2020 წლის 16 დეკემბრის №ბს-449(კ-20) განჩინებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე