Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-865(კ-24) 28 აპრილი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა,

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ს-ა ( ვ.გ-ის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ვ.გ-ემ 2021 წლის 18 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა: მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის ნაწილში (983 კვ.მ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1/4-429 ბრძანების, „მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული „დაყოფის რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილების, „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის №... გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021 წლის 29 იანვარს შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00001 ოქმის ბათილად ცნობა, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება - გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წალენჯიხაში, ...ას ქუჩაზე მდებარე 983 კვ.მ (ამჟამინდელი ს/კ...) უძრავი ნივთის ვ.გ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, იშუამდგომლა ასევე იმის თაობაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკრძალვოდა სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხულ, წალენჯიხაში, ...ას ქუჩაზე მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე 1042 კვ.მ უძრავ ქონებაზე შემდგომი რეგისტრაციისა და ცვლილებების განხორციელება, ასევე მისი გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე ვ.გ-ე 1992 წლიდან ფლობს წალენჯიხაში, ...ის ქუჩაზე მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე 1650 კვ.მ უძრავ ქონებას და მის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფომ (ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 1042 კვ.მ).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განჩინებით, ვ.გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სახელმწიფო საკუთრებაში რიცხულ სადავო უძრავ ქონებაზე შემდგომი რეგისტრაციისა და ცვლილებების განხორციელება, ასევე მისი გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ნივთის ნაწილში (983 კვ.მ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1/4-429 ბრძანება, „მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №... გადაწყვეტილება და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული „დაყოფის რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილება (983 კვ.მ მიწის ნაკვეთის ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში), „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის №... გადაწყვეტილება, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილება და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021 წლის 29 იანვარს შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00001 ოქმი; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი დეკემბრის განჩინებით შეჩერდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი მარტის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება; ვ.გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ.ს-ა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ წალენჯიხაში, ...ას ქუჩაზე მდებარე მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა მის მიერ საარქივო ცნობაში მითითებული და აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელის მტკიცებით, სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცული წალენჯიხის საკრებულოს 2000-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე ვ.გ-ეს საკუთრებაში გადაეცა 0.14 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თუმცა, ჩანაწერების საფუძველზე არ დგინდებოდა გადაცემული მიწის და აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რის გამოც, კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა იდენტურობის ფაქტის დადგენა. საქმეში წარდგენილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 თებერვლის მიმართვა და თანდართული 2021 წლის 19 იანვრის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00001 ოქმი, რომლის მიხედვითაც ვერ დადგინდა საარქივო დოკუმენტში მითითებული და წარდგენილ აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ასევე მითითებული იყო, რომ ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეოა, ხოლო ვ.გ-ისათვის საარქივო ცნობით გამოყოფილი ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარდგენილი სხვა არანაირი სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა საპირისპიროს მიწის ნაკვეთთა იდენტურობასთან დაკავშირებით.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა 2017 წლის 3 ივლისს, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №1/4-429 ბრძანების საფუძველზე. სასამართლომ აღნიშნულო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრძანების გამოცემამდე, ადმინისტრაციულ ორგანოს გატარებული ჰქონდა მთელი რიგი ღონისძიებები. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შემოწმდა ქონების უფლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობა, განხორციელდა ადგილზე მოკვლევა და აღნიშნულის საფუძველზე შედგა შესაბამისი აზომვითი ნახაზები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობისა და დანიშნულების დაუდგენლობის საფუძვლით.

- საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ.გ-ემ 2020 წლის 21 დეკემბერს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წალენჯიხაში, ...ის ქუჩაზე მდებარე 983 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაცია. განცხადებას თან დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და 2020 წლის 8 ივნისის №34/42123 საარქივო ცნობა, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ წალენჯიხის საკრებულოს 1997 წლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა-განაწილების სიით ვ.გ-ეს ფაქტობრივად აღმოაჩნდა მიწის ფართი 1 600 კვ.მ, დამატებით მიეცა - 0.14 ჰა. სულ გაუფორმდა - 0,3 ჰა;

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვ.გ-ეს უარი უთხრა რეგისტრაციაზე იმ მიზეზით, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, არ დასტურდებოდა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული უძრავი ქონების იდენტურობა. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო 2021 წლის 29 იანვრის ადგილზე დათვალიერების №00001 ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ამასთანავე, ნაკვეთის დანიშნულება იყო არასასოფლო-სამეურნეო, ხოლო ვ.გ-ისათვის 2020 წლის 8 ივნისის №34/42123 საარქივო ცნობით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო. დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგებში ასევე მითითებულია, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა. აღნიშნული გადაწყვეტილება ვ.გ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც, ასევე მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაც. ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

- საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2007 წლის 29 დეკემბერს გაცემული №33 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი 1650 კვ.მ; 2 ერთეული შენობა-ნაგებობით) ვ.გ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია 2008 წლის 18 იანვრიდან. აღნიშნული მიწის ნაკვეთი პირველადი რეგისტრაციიდან დღემდე, უფლების დამდგენი დოკუმენტისა და ასევე სარეგისტრაციო მასალის საფუძველზე, წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსის მქონეს, თუმცა მხარეები ადასტურებენ, რომ ეს არის საცხოვრებელი სახლით დაკავებული მოსარჩელის კუთვნილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (საცხოვრებელი სახლი ეზოთი);

- ვ.გ-ის მეზობლების: ბ.შ-ას, კ.კ-ას, ჯ.მ-ას, მ.კ-ას, მა.კ-ას, გ.ბ-ისა და ვ.შ-ას 2021 წლის 26 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ ვ.გ-ე 1992 წლიდან უწყვეტად ფლობს და სარგებლობს წალენჯიხაში მდებარე მისი კუთვნილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს, რომლის საერთო ფართი შეადგენს 983 კვ.მ (ს/კ...);

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ 2017 წლის 30 ივნისს სახელმწიფოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა წალენჯიხაში, ...ას ქუჩაზე მდებარე 3586 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან დაერთო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრი 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №1/4-429, ასევე მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები. 2017 წლის 3 ივლისს კი მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რის შედეგადაც წალენჯიხაში, ...ას ქუჩაზე მდებარე 3 586 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრების უფლება. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი - ... ამავე უძრავ ნივთზე, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, რის შედეგადაც წალენჯიხაში, ...ას ქუჩაზე მდებარე, უძრავი ნივთი (ს/კ...) დაიყო სამ ნაწილად. მიწის ნაკვეთებს მიენიჭა საკადასტრო კოდები: ... - (1042 კვ.მ), ... - (2094 კვ.მ) და ... (450 კვ.მ). დასტურდება, რომ სწორედ სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული ... საკადასტრო კოდის მქონე 1042 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოიცავს მოსარჩელის ინტერესში შემავალ 983 კვ.მ მიწის ნაკვეთს.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლის „ჟ“ ქვ/პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „რ“ ქვეპუნქტით კი, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილება 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე, რომელიც არეგულირებს მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაციის, ასევე მათი შეცვლის საკითხებს. მითითებული ნორმის შესაბამისად: 1. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე; 2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა და მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის საფუძველზე.

საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სადავო 983 კვ.მ მიწის ნაკვეთი იდენტიფიცირებულია, ის ფაქტობრივად ვ.გ-ის ოჯახის მფლობელობასა და სარგებლობაშია, ასევე თვისობრივად საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც იყენებენ როგორც ეზოს ნაწილს საოჯახო მეურნეობის გასაძღოლად. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს არ გააჩნდა საფუძველი მოეთხოვა, ხოლო საჯარო რეესტრის სამსახურს - მოეხდინა სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა ვ.გ-ისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულ რეგისტრაციას ვერ დააბრკოლებდა ვერც სახელმწიფოს რეგისტრირებული საკუთრება და ვერც მიწის ნაკვეთის დანიშნულების ურთიერთშეუსაბამობა, რაზეც მიუთითებდა მუნიციპალიტეტი იდენტურობის დადგენაზე უარის შესახებ ოქმში. მიუხედავად ასეთი უარისა, იმის გათვალისწინებით, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41.3 მუხლით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის სამსახურს გამართლებულად არ უნდა მიეჩნია მუნიციპალიტეტის უარი იდენტურობის დადგენაზე მიწის დანიშნულებაზე აპელირებით. ადმინისტრაციული წარმოების მასალების ურთიერთშეჯერება კი აშკარად ამართლებდა მოთხოვნილ რეგისტრაციას, მით უმეტეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მდებარეობის სექტორში არსებული მიწის ნაკვეთები არის როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ხოლო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1/4-429 ბრძანების მიხედვით, მხოლოდ რეგისტრაციის მომთხოვნის მითითების საფუძველზე განისაზღვრა ნაკვეთის დანიშნულება. რეალურად რა დანიშნულებით იყო გამოყენებული მიწა და გააჩნდა თუ არა მასზე უფლება სხვა პირს, არც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს არ დაუდგენია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მითითებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე