საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-977(2კ-24) 28 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
კასატორები (მოწინააღმდეგე მხარეები, მოსარჩელეები) - მ., ს., მა. და თ. ხ-ები, ი.კ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ., ს., მა., თ. ხ-ებმა და ი.კ-ემ 2023 წლის 13 ივნისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვეს: 1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 მაისის №IDP 8 23 00534864 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; 2. მოპასუხისთვის, მ.ხ-ის ოჯახის (მეუღლე - ნ.მ-ა, შვილი - მა. ხ-ი) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; 3. მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლის თანახმად, ს.ხ-ი დაკმაყოფილებული იქნება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით; 4. მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლის თანახმად, თ.ხ-ი და ი.კ-ე დაკმაყოფილებული იქნებიან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი საკომპენსაციო თანხით - 24 000 აშშ დოლარით.
მოსარჩელეებმა თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები დაამყარეს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მ. ხ-ი თავისი ოთხსულიანი ოჯახით (მეუღლე - ნ.მ-ა, შვილები - ს. და მა. ხ-ები) ითვლება ცალკე ოჯახად და რატომ მიაკუთვნეს მამის - თ.ხ-ის ოჯახს, გაუგებარია. ამასთან, არც მამის ოჯახი, რომელშიც შედიან თ.ხ-ი და ი.კ-ე, არ არის დაკმაყოფილებული სახელმწიფოს მხრიდან. თანხა (20000 აშშ დოლარი), რომელიც თ.ხ-ის ოჯახმა მიიღო, იყო ...ის საერთო საცხოვრებლიდან გამოყვანილი დევნილებისთვის ინვესტორის მხრიდან საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გაცემული თანხა და იგი არ ითვლებოდა სახელმწიფოს მხრიდან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელთა საკომპენსაციო თანხად. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ხ-ის, ს.ხ-ის, თ.ხ-ის, მა.ხ-ისა და ი.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 მაისის №IDP 8 23 00534864 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით მ.ხ-ის, ს.ხ-ის, თ.ხ-ის, მა.ხ-ის, ი.კ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; შეს.მისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსაზრებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან მოთხოვნები ხანდაზმულია (კომპენსაცია გაცემულია 2009 წელს), ამასთან, მოსარჩელეთა სახელზე ირიცხება არაერთი უძრავი ქონება, ხოლო ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნა სასარჩელო წესით ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგან მხარეებს უკვე აქვთ მიღებული ფულადი კომპენსაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ასევე მ.ხ-მა, ს.ხ-მა, თ.ხ-მა, მა.ხ-მა და ი.კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები - მ.ხ-ი, ს.ხ-ი, თ.ხ-ი, მა.ხ-ი და ი.კ-ე მიუთითებენ იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავენ, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მ.ხ-ი და ს.ხ-ი, მართალია, მითითებულნი არიან შპს „...ის“ წერილის დანართში, თუმცა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სამინისტროს მოწესრიგებული არ ჰქონდა დევნილთა რეგისტრაციის შესახებ საერთო ბაზა და მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არ შეესამებოდა მათი რეგისტრაციის მისამართს. შპს „ ...“ კი ითხოვდა სამისამართო ბაზის (არა მხოლოდ ფართის) გათავისუფლებას რეგისტრირებულ პირთაგან. ამასთან, არასწორია დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მ.ხ-ს, თ.ხ-სთან და ი.კ-ესთან ერთად, დახმარების სახით გადაეცათ 20000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, კასატორების მოსაზრებით, არარელევანტურია სასამართლოს მხრიდან საჯარო რეესტრის ამონაწერებზე მითითება.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, განსახლების გადაუდებლობა დადასტურებულია იმ გარემოებით, რომ თბილისში, ...ის გამზ. №49ა-ში მდებარე ...ის საერთო საცხოვრებელი, სადაც იყვნენ რეგისტრირებულნი და ცხოვრობდნენ მ.ხ-ისა და ს.ხ-ის ოჯახები, საჯარო აუქციონის წესით შეიძინა კერძო ინვესტორმა და აქტიურად მიმდინარეობს იქ მცხოვრებ პირთა გამოსახლება.
კასატორების მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმე თავად უნდა განიხილოს და არ უნდა დაუბრუნოს ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახლა განსახილველად. მათი მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებები იძლევა დავის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამასთან, მ.ხ-ი თავის შვილზე - ს.ხ-ზე აღნიშნავს, რომ იგი სრულწლოვანია და სრულწლოვანებამდეც და შემდეგაც ...ის გამზ. №49ა-ში ცალკე ოთახში ცხოვრობდა. შესაბამისად, იგი, როგორც ერთსულიანი ოჯახი, ცალკე უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, თ.ხ-ი და ი.კ-ე არ არიან სრულად დაკმაყოფილებულნი ფულადი კომპენსაციით. მოსარჩელეები კასაციაში შუამდგომლობენ ასევე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზეც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 და 27 სექტემბრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შეს.მისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მ., ს., მა., თ. ხ-ებისა და ი.კ-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მ.ხ-ის, ს.ხ-ის, თ.ხ-ის, მა.ხ-ის, ი.კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შეს.მისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეთა დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ ოჯახი უკვე არის დაკმაყოფილებული შეს.მისი კომპენსაციით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ხოლო ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შეს.მისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ხსენებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შეს.მის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შეს.მისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ეკისრება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოვალეობა, რაც გულისხმობს დევნილი ოჯახისთვის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის ან ფულადი კომპენსაციის გადაცემას. ეს მოვალეობა შეიძლება შესრულდეს არა მხოლოდ უშუალოდ სახელმწიფოს მიერ, არამედ კერძო პირთა მეშვეობითაც. ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით, დევნილი ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებლით უზრუნველყოფას ორჯერ არ ექვემდებარება. თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება დევნილი ოჯახების დაკმაყოფილების რიგითობა. ამასთან, დევნილი ოჯახის წევრების იდენტიფიცირებისთვის, თუკი დევნილი ოჯახი ერთსულიანი არ არის, აუცილებელია, დადგინდეს, რომ ეს პირები ერთად ცხოვრობენ კონკრეტულ მისამართზე და ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. თითოეული ასეთი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი დამოუკიდებელ შესწავლასა და რეაგირებას საჭიროებს.
განსახილველ შემთხვევაში სადავო - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 მაისის №IDP 8 23 00534864 წერილით მ.ხ-ის ეცნობა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია, რის გამოც მისი ოჯახი ითვლებოდა დაკმაყოფილებულად და სახელმწიფოს აღარ გააჩნდა მოსარჩელეებისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება. ფულად კომპენსაციად კი, ადმინისტრაციული ორგანო განიხილავს სს „ ...ის“ მიერ თ.ხ-ისა და ი.კ-ისთვის გადაცემულ 20000 აშშ დოლარს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული თანხის გადაცემით მოსარჩელეები რომ სრულად დაკმაყოფილებულად ჩაითვალონ, აუცილებელია, დასტურდებოდეს, ერთი მხრივ, მოსარჩელეთა ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი, მეორე მხრივ კი, კომპენსაციის ყველა მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდის გარემოება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მ. ხ-ისა და თ.ხ-ის ოჯახები არ წარმოადგენდნენ ერთ დევნილ ოჯახს, ვინაიდან, დევნილთა ანკეტების მიხედვით, მ.ხ-ისა და ს.ხ-ის დროებითი საცხოვრებელი მისამართია თბილისი, ..., ...ის გამზირი, №49ა, ხოლო თ.ხ-ისა და ი.კ-ის დროებით საცხოვრებელი მისამართია თბილისი, ..., ...ის გამზირი №80 და თბილისი, ..., კორპუსი …, ბინა №54. სს „...მა“ შეისწავლა სამინისტროს 2007 წლის 5 ივნისის დევნილთა სია, წარდგენილ იქნა იმ დევნილთა სარეგისტრაციო მონაცემები, რომლებიც უნდა ამოღებულიყვნენ ყოფილი ... „...ის“ შენობაზე მიწერილ დევნილთა სიიდან. აღნიშნული წერილის დანართში მითითებულნი არიან მ.ხ-ი და ს.ხ-ი. ამასთან, მ.ხ-ისა და ს.ხ-ის ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია №..., ხოლო თ.ხ-ისა და ი.კ-ის ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია №... მაშასადამე, მ.ხ-ისა და თ.ხ-ის ოჯახები ცხოვრობენ სხვადასხვა მისამართზე, ასევე სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომრები აქვთ მინიჭებული, რის გამოც ისინი ერთ დევნილ ოჯახად ვერ იქნებიან განხილულნი.
რაც შეეხება ფულადი კომპენსაციის მიღებას, გარდა იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მ.ხ-ის დროებითი საცხოვრებელი მისამართი არის თბილისი, ..., ...ის გამზირი, №49ა (და არა თბილისი, ..., ...ის გამზირი №80, რომლის მაცხოვრებლებსაც გადაეცათ ფულადი კომპენსაციები), საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კერძო ინვესტორმა ფულადი კომპენსაცია თ.ხ-ის გადასცა როგორც თავისი ოჯახის დაკმაყოფილების მიზნით, ისე მ. ხ-ის სასარგებლოდ, შეს.მისად, ასევე, არ არის დადასტურებული ასეთი შეთანხმების არსებობის თაობაზე მ. ხ-ის ოჯახის ინფორმირება და თანხმობის გაცხადება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლითაც ის უსაფუძვლოდ მიიჩნევს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტს, რის გამოც საკითხი არსებითად შესწავლას საჭიროებს. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, პირველ ყოვლისა, დეტალურად შესწავლილ და შეფასებულ უნდა იქნეს კერძო ინვესტორის მიერ თ.ხ-ისთვის გადაცემული თანხის მიზნობრიობა და მ.ხ-ის დევნილი ოჯახის კავშირი თანხის გადაცემასთან, ამასთან, შესწავლილ უნდა იქნეს თ.ხ-ისა და ი.კ-ის არგუმენტი, რომ სს „...ის“ მხრიდან ფულადი თანხის გადაცემის პარალელურად, სახელმწიფოსთან არსებობდა შეთანხმება ფულადი კომპენსაციის დამატებით გაცემის თაობაზე, გარდა ამისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მ.ხ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შეს.მისად, მათ შორის, კრიტიკულად შეფასებულ უნდა იქნეს ს.ხ-ის დამოუკიდებელ ოჯახად არსებობის ფაქტიც იმ პირობებში, როდესაც მას არ გააჩნდა ცალკე სარეგისტრაციო ნომერი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ჩამოთვლილ საკითხებზე სადავო აქტი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას, არ დასტურდება ამ გარემოებების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევის ფაქტი, რაც წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით განსაზღვრული, ადმინისტრაციული წარმოების ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენისა და შეფასების მეშვეობით წარმართვის ვალდებულების დარღვევას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ სათანადოდ წარმართული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად შეიძლება სწორად დადგინდეს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მიეცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება და გამოიცეს კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
რაც შეეხება მოსარჩელეთა მითითებას, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები იძლევა დავის სასამართლოს მიერ არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან სრულად არის დარღვეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების პრინციპი, გასაჩივრებულ აქტში მითითებული არგუმენტაცია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც ამ ეტაპზე სწორედ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებების გამოკვლევა და შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც შესწავლილი და შეფასებული იქნება მ.ხ-ისა და ს.ხ-ის დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები, ასევე გადაწყდება თ.ხ-ის დევნილი ოჯახისთვის დამატებითი ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხი.
რაც შეეხება მოსარჩელე კასატორების შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორების შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შეს.მისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.11.2021წ.).
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის შეს.მისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. განსახილველი დავის საგანს შეადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რაც იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური უზრუნველყოფის სახეს წარმოადგენს. ამდენად, სარჩელი აღძრულია სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს ქმნის.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ მ.ხ-ის, ს.ხ-ის, თ.ხ-ის, მა.ხ-ისა და ი.კ-ის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 25 სექტემბერს მ.მ-ეს საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მ.ხ-ის, ს.ხ-ის, თ.ხ-ის, მა.ხ-ისა და ი.კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. მ.მ-ეს (პ/ნ...) უკან დაუბრუნდეს მ.ხ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 25 სექტემბერს №4579 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე