Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-984(კ-24) 28 აპრილი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი/მ ნ.მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეროვნული ბანკი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ი/მ ნ.მ-ის წარმომადგენელმა 2022 წლის 07 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის N1578-1კ და 2022 წლის 13 ოქტომბრის N1621-1კ განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ი/მ ნ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 თებერვლის განჩინებით ი/მ ნ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ნ.მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი დაკისრებულ საჯარიმო სანქციას არ ეთანხმება, მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებული იყო მეწარმისთვის განესაზღვრა ვადა რეკომენდაციებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და თუ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდებოდა, მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო შესაბამისი სანქციები. იმ გარემოებამ, რომ ი/მ ნ.მ-ე ჯერ დაჯარიმდა და შემდგომ მიეცა რეკომენდაციები, გამოიწვია სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტა.

კასატორი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის N1578-1კ განკარგულებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ იგი საქმიანობას ახორციელებდა მანამდე არსებული პროგრამით და უგზავნიდა საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხოლო ბანკს მისთვის გაფრთხილება არ გამოუგზავნია, რომ საქმიანობის სხვა ფორმა იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული, მას სადავო ანგარიშგება წარდგენილი აქვს ქაღალდის ვერსიის სახით; საქართველოს ეროვნულ ბანკს არ უცნობებია მისთვის რეგულაციების ცვლილების შესახებ და აღნიშნული ანგარიშიც მიიღო შენიშვნის გარეშე.

კასატორი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის N1621-1კ განკარგულებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მისთვის გასაგებია საკანონმდებლო აქტის მოთხოვნა, რომ მას ტექნიკურ-ორგანიზაციული თვალსაზრისით გამართული უნდა ჰქონოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, მაგრამ მისთვის სრულიად გაუგებარია, რა ბერკეტი გააჩნია რიგით ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მუშაკს მათ გამოსავლენად თუ სახელმწიფო საზღვრის დაცვამ ვერ უზრუნველყო ამგვარი რისკის მატარებელი პირების საზღვარზე შეკავება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს ასევე არ შეუფასებიათ ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა კონსოლიდირებული ანგარიშები; საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის 10 ოქტომბრის N1484-1კ მიმართვით მოსარჩელეს მოსთხოვა მითითებული ხარვეზების შევსება, თუმცა ნაცვლად იმისა, დალოდებოდა მოსარჩელის რეაგირებას ამ ხარვეზებთან დაკავშირებით, გამოსცა გასაჩივრებული განკარგულებები და მიიღო ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც კასატორის განმარტებით არაკანონიერია.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო საკითხს. მის მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან, რამაც, საბოლოოდ, არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი/მ ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ი/მ ნ.მ-ის დაჯარიმების კანონიერების შემოწმება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქართველოს ეროვნული ბანკის ელექტრონული ბაზიდან ამონაწერის მიხედვით 2022 წლის 3 აგვისტოს ი/მ ნ.მ-ეს მიეცა გაფრთხილება, რომ 2022 წლის პირველი ნახევარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების წარდგენის ვადა ჰქონდა არაუგვიანეს 31 ივლისისა. ვინაიდან ანგარიშგება არ ჰქონდა წარდგენილი, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავდა მის მიმართ საზედამხედველო ზომის გამოყენებას, კერძოდ, ფულადი ჯარიმის დაკისრებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის N17/04 ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2022 წლის 23 სექტემბრის მოხსენებითი ბარათით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეცნობა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის №248/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის’’ თანახმად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ევალებათ საქართველოს ეროვნული ბანკში წარადგინონ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიში, ამავე წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის: ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს 31 ივლისისა; ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული წესით დაწესებული მოთხოვნისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ არაერთი შეხსენებისა, ი/მ ნ.მ-ის მიერ 2022 წლის პირველი ნახევარის ანგარიშგება არ იქნა წარდგენილი. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის N17/04 ბრძნებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეცნობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ ზემოთ მითითებული დარღვევის გათვალისწინებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კანონით განსაზღვრულმა საჯარიმო თანხამ შეადგინა ჯარიმა 3000 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვა მითითებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის N1578-1კ განკარგულების პირველი პუნქტით ი/მ ნ.მ-ე დაჯარიმდა 3000 ლარით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის N248/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის N1621-1კ განკარგულების პირველი პუნქტით ი/მ ნ.მ-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო (ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას; ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემუშავებული არ აქვს შიდა ინსტრუქცია) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; 2. ი/მ ნ.მ-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, (პროგრამული (ელექტრონული) სისტემის გაუმართაობის გამო (პროგრამული) ელექტრონული სისტემა, ვერ უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების გამოვლენას და ასევე პირების გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ ან/და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში), დაეკისრა ფულადი ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; 3. ი/მ ნ.მ-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის N248/04 ბრძანებით დამტკიცებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო, დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ჯამში 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; 4. ი/მ ნ.მ-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები. ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება ზედამხედველობა გაუწიოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ხოლო მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები. დასახელებული კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის №248/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის’’ თანახმად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ევალებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინონ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიში, ამავე წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სავალუტო პუნქტი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის: ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს 31 ივლისისა; ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში) არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას შემდეგი -ოდენობით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ან მის მიერ შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს შემოწმების შედეგად კასატორის კუთვნილ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფუნქციონირებისას აღმოჩენილი ხარვეზების საფუძველზე, არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც გაუჩნდა - გამოეცა გასაჩივრებული განკარგულებები, ვინაიდან კანონი იმპერატიულად ითვალისწინებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის გარკვეული საკანონმდებლო დანაწესების შესრულებას, ხოლო მათ მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული სამართლებრივი ფორმების არშესრულების შემთხვევაში ასევე კანონითაა გათვალისწინებული სანქციების ოდენობა. ამდენად, კასატორის აპელირება ამ ხარვეზების გამოსასწორებლად გაცემული რეკომენდაციების შესრულებამდე განკარგულებათა გამოცემის უკანონობის შესახებ დაუსაბუთებელია. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება-არშესრულების საკითხი შეიძლება მომავალში სხვა დავის საგანი გახდეს.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ზედამხედველობას, მის კონტროლს. უფლებამოსილი ორგანოს მიერ კონტროლის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ეკისრებათ ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით აწარმოონ საქმიანობა და მოახდინონ განხორციელებულ ოპერაციათა სისტემატიზაცია. ამდენად, საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და მათ მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ ქმნიდა ი/მ ნ.მ-ის დაჯარიმების საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ი/მ ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 თებერვლის განჩინება;

3. თ.მ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ი/მ ნ.მ-ის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 28 ოქტომბერს №24359215388 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე