Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-990(კ-24) 28 აპრილი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ.თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.თ-ემ 2024 წლის 2 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2017 წლის 22 მაისის №3 საოქმო გადაწყვეტილება, ნ.თ-ის ნაწილში; ასევე ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მაისის №DES 1 17 00000599 ბრძანება ნ.თ-ის განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საპრეტენზიო კომისიის 2017 წლის 29 მაისის №1 საოქმო გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 7 ივნისის №4 საოქმო გადაწყვეტილება ნ.თ-ის საპრეტენზიო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილი იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ... სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს დაევალოს ნ.თ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 680 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით ნ.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.თ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინებით ნ.თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ნ.თ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გარემოსდაცვით სისტემას 39 წელი ემსახურა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად და კანონმორჩილებით, ისე რომ არ აქვს მიღებული რაიმე სასჯელი და მისი სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ არ გამოთქმულა რაიმე პრეტენზია. მისი კანონმორჩილი სამსახურებრივი საქმიანობა ყველა ხელმძღვანელისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. კანონმორჩილმა საქმიანობამ ის ორჯერ მიიყვანა სასამართლომდე სამართლის საპოვნელად. პირველად 2005 წელს. სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა ათწლიანი ერთობლივი სამსახურებრივი საქმიანობის მიუხედავად, კანონმორჩილი თ-ის განთავისუფლება მხოლოდ რეორგანიზაციისას შტატის შემცირების მოტივით მოახერხა, ისიც კანონდარღვევით, რადგან არ შემცირებულა ის თანამდებობრივი შტატი, რომელზეც ნ.თ-ე მუშაობდა. საკითხი შეისწავლა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, რომელმაც გამოცემული დასკვნით მიუთითა ნ.თ-ის კანონდარღვევით განთავისუფლებაზე. სამმართველოს უფროსს გამოეცხადა შენიშვნა. სამმართველოს უფროსს გააჩნდა მფარველთა ფართო სპექტრი სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში, ამიტომ გენინსპექციამ მოითხოვა ნ.თ-ის არა აღდგენა, არამედ სამსახურში თავიდან მიღება. საბოლოოდ, მაშინდელი მინისტრის ბატონ დ.ტ-ის უშუალო ჩართულობით სააპელაციო სასამართლოში საქმე დასრულდა მორიგებით. ნ.თ-ემ მუშაობა გააგრძელა ახლად შექმნილ ...ის ინსპექციაში. სამინისტრომ უზრუნველყო განაცდური თანხის დიდი ნაწილის ანაზღაურება.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მეორედ სასამართლომდე 2017 წლის აპრილს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებისთვის ჩატარებული ატესტაციით მასზე განხორციელებულმა ანგარიშსწორებამ მიიყვანა. ამის ძირითადი საფუძველი წარმოიშვა მას შემდეგ, რაც 2013 წლის მაისში შეიქმნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. დეპარტამენტის ...ის განყოფილებაში ნ.თ-ესთან ერთად მუშაობდნენ ყოფილი სამმართველოს პრივილეგირებული თანამშრომლები უჩინარი მფარველის ხელშეწყობით. განყოფილების უფროსი ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრთაგანი იყო. ის კარგად იცნობდა მას, როგორც პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რის გამოც განიხილებოდა არასასურველ თანამშრომლად, რაც, პირველ რიგში, იმით გამოიხატა, რომ შეუზღუდა უფლებები. რეგულირების ობიექტების შემოწმებისას ავალებდა მხოლოდ დათვალიერების აქტების შედგენას, რის საფუძველზეც შემდგომში სხვა თანამშრომლის მიერ ხდებოდა განყოფილების უფროსისთვის სასურველი, რეგულირების ობიექტების ლობირებით გამოხატული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, რომელთა შედარებითი ანალიზით იკვეთება, რომ სამართალდამრღვევ რეგულირების ობიექტებს ლობირებდნენ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები მათ მიერ განხორციელებული სამართალდარღვევებით, რაც გამოიხატებოდა ფაქტობრივად არსებული დარღვევების ოქმებში არასრულყოფილად ასახვით, სხვადასხვა ობიექტებში არსებულ ერთგვაროვან დარღვევებზე განსხვავებული მიდგომით. ოქმში არარსებული დაბალი სანქციის მქონე სამართალდარღვევის დაფიქსირება თ-ის მიერ დაწერილ დათვალიერების აქტში დაფიქსირებული უფრო მაღალი სანქციის მქონე სამართალდარღვევის სანაცვლოდ, ოქმებში სამართალდარღვევების დაფიქსირება ობიექტების მიერ გამოხატული ლობირების ხარისხის გათვალისწინებით, ოქმში ყალბი ჩანაწერის დაფიქსირებით და სხვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N320 დასკვნაზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მის მიერ შეტანილ განცხადებას სწავლობს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა. მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. განყოფილების უფროსმა შემდგომში ნ.თ-ე რეგულირების ობიექტების შემოწმების პროცესისგან ჩამოაშორა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით არასწორად იქნა შეფასებული ატესტაციის ჩატარების პროცედურები, რომლის აშკარად კანონდარღვევით ჩატარების შესახებ მუდმივად მიუთითებდა მთელი სამართალწარმოებისას. კერძოდ: დეპარტამენტის მუდმივმოქმედი საკონკურსო- საატესტაციო კომისიის მიერ ატესტაცია ჩატარდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესით“ დადგენილი პროცედურული წესების დარღვევით. კასატორის განმარტებით, წერითი დავალების I და II ვარიანტი ორი საკითხისგან შედგებოდა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საწარმოს ინსპექტირების I და II ვარიანტები სპეციფიკით და სირთულით არ იყო იდენტური.

კასატორმა აღნიშნა, რომ ატესტაციის წერითი დავალების დროს არ მიეცა სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად დამატებით დროით სარგებლობის შესაძლებლობა. წერით დავალების შესასრულებლად განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ კომისიის მიერ მოხდა დროის დამატება. მას სურდა დამატებით დროით სარგებლობა, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცა. მასთან მივიდა ქალბატონი, რომელმაც ბილეთი გადასცა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ფურცლები ჩამოართვა იმ მიზეზით, რომ ბილეთის საკითხებზე მას ბევრი ეწერა. სხვებს კი გვერდიც არა. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ქალბატონს დავალებული ჰქონდა მისი ზედამხედველობა. მან არ იცოდა სინამდვილე - ნ.თ-ეს მხოლოდ ბილეთის პირველი საკითხის პირობა ჰქონდა გადაწერილი, რომელმაც ოთხი ფურცელი დაიკავა, მეორე საკითხის პასუხმა კი ერთი. ასე წაართვა დამატებითი დროით სარგებლობის უფლება და აუდიტორიიდან გამოუშვა. 25 წუთზე მეტი იცდიდა დერეფანში აუდიტორიის მახლობლად, მაგრამ ... სამმართველოს თანამშრომლებიდან აუდიტორია არავის დაუტოვებია.

კასატორის განმარტებით, გასაუბრება მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე, რაც განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით: იმის შეტყობინებით, რომ უნდა მომხდარიყო გასაუბრების აუდიოჩაწერა. ეს იყო იმის მინიშნება, რომ ატესტაციით იგეგმებოდა მისი განთავისუფლება. ატესტაციის ჩატარების წესში არსადაა ჩანაწერი, რომ შესაძლებელია გასაუბრების ჩაწერა. აღნიშნულის შესახებ რაიმე ჩანაწერი არაა დაფიქსირებული დეპარტამენტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 23 მარტის სხდომის N1 საოქმო გადაწყვეტილებით და დეპარტამენტის 2017 წლის 24/3 NDES91700000065 ბრძანებით.

კასატორის განმარტებით, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით გადაწყვიტეს მისი წერითი დავალების ნაშრომის 2 (ორი) ქულით შეფასება. კომისიის გადაწყვეტილებით წერითი დავალების შეფასება განსაზღვრულ იქნა ქულათა სისტემით 1-იდან 5 (ხუთი) ქულის ჩათვლით. თუმცა, არ არსებობს კომისიის გადაწყვეტილება ქულათა სისტემით შეფასების კრიტერიუმების შესახებ. უცნობია, რა კრიტერიუმების შემთხვევაში ფასდება წერითი დავალება მაქსიმალური ქულით, ერთი, ორი, სამი ან ოთხი ქულით; უცნობია ნ.თ-ის წერითი დავალება კომისიის რამდენი წევრის მიერ შეფასდა, შედგა თუ არა სხდომის ოქმი ან სად აისახა ატესტაციის I ეტაპის შედეგები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული და მატერიალური ნორმების დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ნ.თ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ატესტაციის შედეგად ნ.თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების შეფასება. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ნ.თ-ე 2013 წლის 14 მაისიდან მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 14 სექტემბრის №DES 6 16 00001558 ბრძანებით, 2016 წლის 16 სექტემბრიდან გადაყვანილი იქნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ... სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 23 მარტის სხდომაზე განხილულ იქნა დეპარტამენტის ადმინისტრაციის საკადრო და საქმისწარმოების განყოფილების წინადადება ატესტაციას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეთა ნუსხის შესახებ და გადაწყვიტა, რომ ატესტაციას დაექვემდებარებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული ინსპექტორები, მათ შორის, ... სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი ინსპექტორი - ნ.თ-ე. ამავე სხდომაზე კომისიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებულ მოხელეთა ატესტაცია ჩატარებულიყო ორ ეტაპად: I ეტაპი - წერითი დავალება; II ეტაპი - გასაუბრება. წერითი დავალება შეფასებულიყო ქულათა სისტემით: 5 მაქსიმალური, ხოლო 1 მინიმალური შეფასება (5 - ძალიან კარგი, 4 - კარგი, 3 - დამაკმაყოფილებელი, 2 - ცუდი, 1 - ძალიან ცუდი). ასევე დადგინდა, რომ გასაუბრებასთან დაკავშირებით, მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებდა სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ამავე სხდომაზე გადაწყდა ატესტაციის I ეტაპის - წერითი დავალების თემატიკა. ასევე დადგენილია, რომ ... სამმართველოს ...ის განყოფილების თანამშრომლები, მათ შორის, უფროსი ინსპექტორი - ნ.თ-ე, 2017 წლის 28 მარტს გაფრთხილებულ იქნა, რომ ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, 2017 წლის 1 მაისიდან მოსალოდნელი იყო მისი თანამდებობიდან განთავისუფლება. დადგენილია, რომ წერითი დავალება შედგებოდა ორი ვარიანტისაგან, რომელთაგან მე-2 ვარიანტის შესრულება დაევალა ნ.თ-ეს. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 22 მაისის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ ნ.თ-ე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ... სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი ინსპექტორი, ატესტაციის I ეტაპის (წერითი დავალების შედეგი - 2 ცუდი) და გასაუბრების შედეგად, არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.

აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე კი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მაისის №DES 1 17 00000599 ბრძანებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ... სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი ინსპექტორი ნ.თ-ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 23 მაისიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს.

დასახელებული კანონის 81-ე მუხლის თანახმად, მოხელის ატესტაცია არის მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ატესტაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესი“ კი (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 05/11/2018 N 218 დადგენილებით) განსაზღვრავდა საჯარო მოხელეთა ატესტაციის პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებსა და პირობებს.

პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მე-3 მუხლზე, რომლის მიხედვით, ატესტაციის მიზნებია: ა) ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება. მითითებული წესის მე-8 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ატესტაციის შედეგების მიხედვით, კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებულ ინსპექტორთა ატესტაციის მე-2 ვარიანტის პირველ საკითხზე, რომელთან დაკავშირებითაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების ასევე კასატორის განმარტებითაც - საკითხის პასუხად ნ.თ-ეს გადმოწერილი აქვს კითხვა და დავალებისათვის პასუხი გაცემული არ არის, აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებით ასევე ვერ იქნა გაცემული პასუხი ზეპირი გასაუბრების დროსაც.

რაც შეეხება მე-2 ვარიანტის მეორე საკითხს, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობას, რომ გაცემული პასუხებში მოსარჩელე ვერ ავლენს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორისათვის აუცილებელ პროფესიულ უნარ-ჩვევებს და მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. წერილობით დავალებებში და ზეპირ გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე გაცემულ პასუხებში, ვერ შეძლო დათვალიერებისა და შემოწმების, ასევე გატარებული რეაგირების პროცესის აღწერა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ვერ მოახდინა ყურადღების კონცენტრირება დავალებაში მოყვანილ არსებით საკითხებზე, რის გამოც გაცემული პასუხები იყო გაუგებარი, კონკრეტიკას მოკლებული, მოსარჩელე ვერ იყენებდა მსჯელობისას პროფესიულ ტერმინოლოგიას.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ შესრულებული დავალებების შეფასება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და განცხადების/საჩივრის განმხილველი კომისიის მიერ მიღებული აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში სასამართლოს მხრიდან შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი კომისიის მიერ განხორციელდა თუ არა ატესტაციის ჩატარება და მოსარჩელე მხარის შეფასება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით, ხოლო კომისიის წევრების მიერ საბოლოო შედეგების მიღების პროცესში გაკეთებული შეფასებების ერთობლიობა და ამ შეფასებების შესაბამისი ქულის დადგენა წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს სამართლებრივ საკითხზე გაკეთებულ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ,,საგამოცდო კომისიის მიერ ნაშრომის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლოს კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა. სასამართლო კონტროლი არ მოიცავს კომისიის მიერ გამოცდების შეფასების შედეგად მიღებული ქულების მიზანშეწონილობის შეფასებას. გამოცდის შედეგთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, სასამართლო კონტროლი მოიცავს აგრეთვე ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება გამომცდელის მიერ გამოცდისათვის განსაზღვრული დანაწესის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას (მაგ. გამომცდელი საგამოცდო კითხვას გამოცდასთან შეუსაბამო შინაარს აძლევს, დასმული კითხვა ცდება პროგრამის ფარგლებს და სხვ.), საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარად შეუსაბამობას, გამომცდელის მიერ გაცნობიერებულად საკითხისადმი კავშირში არმყოფი მოსაზრებებით მოქმედებას (სუს 07.03.2018წ. Nბს-797(კ-18)). ამდენად, ტესტების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტულ ტესტში გამოსაყენებელ ნორმას, ტესტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების შეფასების მასშტაბს, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის შესაბამისობას, პასუხი უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი, არ უნდა იძლეოდეს ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის Nბს-290(კ-23)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. ნ.თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე