Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1123(კ-24) 28 აპრილი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო.თ-ი

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრი

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ო.თ-იმა 2023 წლის 22 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ო.თ-ისათვის წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის 2023 წლის 31 მარტის №1125-2-05398 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 08 მაისის №SSA 9 23 00489145 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხის დავალდებულება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, მოსარჩელე ო.თ-ისთვის 2023 წლის 01 აპრილიდან სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ო.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის 2023 წლის 31 მარტის №1125-2-05398 გადაწყვეტილება წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 08 მაისის №SSA 9 23 00489145 გადაწყვეტილება ო.თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ო.თ-ისთვის 2023 წლის 01 აპრილიდან სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენის შესახებ; აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით ადმინისტრაციულმა ორგანომ- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ კვლავ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დასაქმებული პირების სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სააგენტომ შეისწავლა აღნიშნული აკადემიის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის მოწყობის საკითხები, რა დროსაც გაირკვა, რომ აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარმოადგენს - სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს განსაზღვრავს „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება, ასევე, სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში სწავლის სისტემის განვითარება. აღნიშნული კანონის თანახმად, სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეკუთვნებიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში -აკადემია); საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან დაკავშირებული საკითხის დეტალური შესწავლის შედეგად, სააგენტოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასწავლო ცენტრი, რომელიც ახორციელებს ,,სპეციალური პროფესიული" საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას და უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ორგანიზებას, არ უნდა იქნეს განხილული კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც ისარგებლებს საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული შეღავათიანი პირობებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით მოსარჩელისათვის კომპენსაციის შეწყვეტის კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 07 ოქტომბრის, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის MIA 8 22 02816336 ცნობის თანახმად, ო.თ-ი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან ცნობის გაცემის თარიღის ჩათვლით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და ასრულებდა ...ის უფლება- მოვალეობებს. 2023 წლის 12 სექტემბრის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის MIA 0 23 02655732 წერილის თანახმად, ო.თ-ი დასაქმებულია სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და ასრულებს აკადემიის ...ის უფლება-მოვალეობებს. 2023 წლის 20 სექტემბრის სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის MIA 6 2302760326 შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ო.თ-ი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ადმინისტრაციის „(სამსახური) ...ის უფლება-მოვალეობების შემსრულებლად იმ არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, რომელიც ხელს უწყობს სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ძირითადი ფუნქციების განხორციელებას. 2022 წლის 17 ოქტომბერს ო.თ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2022 წლის 24 ოქტომბრის №1125-2-05398 გადაწყვეტილებით ო.თ-ის 2022 წლის 01 ნოემბრიდან ნამსახურების ვადის ამოწურვის საფუძველზე დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია თვეში 560 ლარის ოდენობით. 2023 წლის 31 მარტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის №1125-2-05398 გადაწყვეტილებით ო.თ-ის საჯარო საქმიანობის განხორციელების მოტივით 2023 წლის 1 აპრილიდან შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ ო.თ-ი დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რაც კანონმდებლობის შესაბამისად, მას სააგენტოსთვის არ უცნობებია. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო გასაცემლების მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის პერიოდში. მითითებულ გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირთა სახელმწიფო გასაცემლების სწორი ადმინისტრირების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მიეწოდებინათ სრული დასახელება იმ დაწესებულებებისა, რომლებიც განეკუთვნებიან სამეცნიერო-კვლევით, სკოლა-პანსიონებს, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პასუხად, აღნიშნული სამინისტროდან სსიპ-ების ჩამონათვალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია დასახელებული არ იყო. სააგენტომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დასაქმებული პირების სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შეისწავლა აღნიშნული აკადემიის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის მოწყობის საკითხები, რა დროსაც გაირკვა, რომ აღნიშნული სსიპ-ი წარმოადგენს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას; შესაბამისად, იგი არ უნდა განხილულიყო კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც ისარგებლებდა საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული შეღავათიანი პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, კომპენსაციაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომის შემთხვევაში (ასაკი), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა პენსიის მიღების კანონისმიერი შეზღუდვის დაწესებით გამოირიცხა საჯარო მოხელეებისათვის პენსიის სახით მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ლეგიტიმურია, რადგან, საპენსიო თანხებისა და ხელფასის სახით გასაცემი თანხების ერთობლივად გაცემა სახელმწიფოს შეუქმნის გარკვეულ ფინანსურ რისკებს, თუმცა კანონმდებელმა ამავდროულად დაადგინა საგამონაკლისო დაწესებულებები, რომელში მუშაობაც არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობის განხორციელებად და მასში მომუშავე პირებს მიეცათ სახელმწიფო გასაცემელის დამატებით მიღების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს შსს აკადემიის საქმიანობის ფორმის, პროფილის, ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდებაზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება.

ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ შსს-ს აკადემია არ უნდა იქნეს განხილული კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც ისარგებლებს საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული შეღავათიანი პირობებით და აღნიშნული არგუმენტის საპირწონედ მიუთითებს შსს-ს აკადემიის წესდებაზე, სადაც მოცემულია და განმარტებულია აკადემიის მისია, მიზნები და ამოცანები, აკადემიის საქმიანობის საგანი. კერძოდ, აკადემიის მისიაა პროფესიონალი კადრებისა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით უზრუნველყოს საზოგადოებაზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური საპოლიციო კადრების მომზადება. აკადემიის მიზნები და ამოცანები ემსახურება აკადემიის მისიის აღსრულებას, ხოლო აკადემიის მიზნები და ამოცანებია: 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; საჯარო და კერძო სექტორისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; 2. მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა; 3. მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა; 4. სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; 5. აკადემიაში განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა; 6. აკადემიის მიზნების განხორციელებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; 7. მისიის აღსრულებისათვის ხელშემწყობი სხვა მიზნები და ამოცანები.

საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსიპ - საქართველოს შსს აკადემია ეწევა პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას, კერძოდ, უზრუნველყოფს იმ პირებისათვის კომპეტენციის გამომუშავებას, რომელსაც მოითხოვს კონკრეტული პროფესია/საქმიანობის სფერო. აკადემიის საქმიანობის საგანი სწორედ სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადებაა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებებისათვის, რაც ცალსახად მოიცავს საგანმანათლებლო პროცესს.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის წესდებიდან გამომდინარე, აკადემიის სტატუსის, მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით აკადემია მიეკუთვნება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რიცხვს და მხოლოდ ის გარემოება, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში არ არის მითითებული სიტყვა ,,სპეციალური’’, არ გამორიცხავს აკადემიის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისად, სსიპ - საქართველოს შსს აკადემია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა პროფესიულ (სპეციალურ პროფესიულ) საგანმანათლებლო საქმიანობას და ასეთი საქმიანობა კანონის დანაწესიდან გამომდინარე არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობად. ამდენად, მოსარჩელე ო.თ-ი საქმიანობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მისი საქმიანობა არ ითვლება საჯარო საქმიანობად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის თანახმად არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე