საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1146(კ-24) 28 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ლ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ.ლ-ამ 2023 წლის 13 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2023 წლის 16 ივნისის №IDP 7 23 00000658 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მ.ლ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მ.ლ-ას უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში გრძელვადიან საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნურად გაყოფის გამო, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან ვერ დაადასტურა მეუღლესთან - თ.ღ-სთან განქორწინების ფაქტი, ვერ წარადგინა განქორწინების მოწმობა. მოსარჩელემ აღნიშნული დასკვნა არ გაიზიარა და განმარტა, რომ იგი 1993 წლიდან რეგისტრირებული იყო ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. №24-ში მდებარე ...ის შენობაში. ამავე ფართში ცხოვრობდა მისი და-ძმაც, თუმცა მ.ლ-ას ცალკე ჰქონდა მინიჭებული ოჯახის კოდი. 2016 წელს მის და-ძმას ინდივიდუალურად გადაეცა აღნიშნული ...ის შენობაში მდებარე ფართი და თვითონ ფართის გარეშე დარჩა, რადგან მითითებული ფართი საკმარისი იყო მხოლოდ ორი ოჯახისთვის. მას შემდეგ ცხოვრობს ბინის გარეშე, ქირით სენაკში.
მოსარჩელემ ზემოხსენებულ გარემოებებზე მითითებით მიიჩნია, რომ უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიან განსახლებაზე და მოითხოვა სადავო აქტის ბათილად ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 16 ივნისის №IDP 3 23 00000658 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.ლ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მ.ლ-ასათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ოჯახის ხელოვნურად გაყოფაზე მითითება გახდა. აღნიშნული ფაქტი გამოკვლეულ და დადასტურებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოებისას. დამატებით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე თავს არიდებდა სააგენტოსთან თანამშრომლობას და არ აწვდიდა ინფორმაციას თუნდაც ქმრის პირადი ნომრის შესახებ.
კასატორის მითითებით, სააგენტოს ფაქტის ნამდვილობის დასადასტურებლად შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის განხორციელება, სხვა საშუალება მას არ გააჩნია. შესაბამისად, სააგენტომ საკითხის სრულყოფილად შესასწავლად მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა და ისე უთხრა უარი განმცხადებელს გრძელვადიან განსახლებაზე.
კასატორის დამატებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ათასობით დევნილი ჰყავს დასაკმაყოფილებელი და პრიორიტეტს ანიჭებს მას, ვინც მეტად საჭიროებს განსახლებას. ამ შემთხვევაში კი მ.ლ-ა ცხოვრობს ახლობლის სახლში და გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მ.ლ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. შესაბამისად, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის - მ.ლ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება, ოჯახის ხელოვნურად გაყოფის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
ამასთან, დევნილთა განსახლების საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ პროცედურასა და წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“. დასახელებული „წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
რაც შეეხება ოჯახის განსაზღვრებას, ზემოაღნიშნული „წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოსარჩელე მ.ლ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მის მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მ.ლ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ასევე დადგენილია, რომ ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №30) გამოცემული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 16 ივნისის №IDP 7 23 00000658 ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ოჯახის ხელოვნურად გაყოფის გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურად გაყოფას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე უდავოდ დადასტურებულ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი. 2023 წლის 6 ივლისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, მ.ლ-ა რეგისტრირებულია აღნიშნულ ბაზაში, მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 21370 ქულას და იღებს შემწეობას. მან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიმართა სააგენტოს და არ დაკმაყოფილებულა. აღსანიშნავია, რომ მის საკუთრებაში არ ირიცხება არც ერთი უძრავი ქონება. სადავო არ არის ასევე მოსარჩელის ქირით ცხოვრების ფაქტი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, ოჯახი შეფასებულია 7 ქულით (მათ შორის: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები 1 წევრი - 1,50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1,50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1,0 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მკვეთრად გამოხატული - 3,0 ქულა). მ.ლ-ა სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო, განაცხადს აკეთებს მარტო. დადგენილია, რომ მ.ლ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ოჯახის ხელოვნური გაყოფის მოტივით. 2023 წლის 18 სექტემბრის დევნილთა დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში მითითებულია, რომ მ.ლ-ას მიერ ვერ იქნა დადასტურებული მეუღლესთან განქორწინების ფაქტი, არ იქნა წარდგენილი განქორწინების მოწმობა. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია მოსარჩელის განმარტება, რომ იგი 30 წელია განქორწინებულია მის ყოფილ მეუღლესთან - თ.ღ-სთან, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგაც დღემდე ცხოვრობს გალში და ჰყავს მეორე ცოლი. მოსარჩელემ განაცხადა, რომ არ აქვს განქორწინების დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა საქმეში არ მოიპოვება არც მათი ქორწინების დამადასტურებელი მტკიცებულება. დამატებით აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მ.ლ-ას მიერ წარდგენილია 1993 წლის 27 მაისით დათარიღებული ქორწინების მოწმობა, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის ყოფილი მეუღლის - თ.ღ-ს ქორწინება სხვა ქალბატონთან. დასახელებული დოკუმენტი უტყუარად ადასტურებს მოსარჩელის განმარტებას, რომ იგი 30 წელია განქორწინებულია მის ყოფილ მეუღლესთან - თ.ღ-სთან, რომელსაც ჰყავს მეორე ცოლი.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი მოსარჩელეს - მ.ლ-ას, ოჯახის ხელოვნურად გაყოფის მოტივით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6.5 და მეტი ქულა, მაშინ როდესაც მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული აქვს 7 ქულა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ოქმში, რომელიც საფუძვლად დაედო უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, მიეთითა, რომ დევნილს სიღარიბის მაჩვენებელში დაემატა 3 ქულა და მ.ლ-ას ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 10 ქულით. ამდენად, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიერ ოჯახის ხელოვნურად გაყოფასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე