საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1225(კ-24) 28 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გ. გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ბ-ე
მესამე პირი - აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის გურიის რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიული ორგანო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:გ.ბ-ემ 2023 წლის 27 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 21 დეკემბრის №IDP 7 22 00001180 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ გ.ბ-ე დაიბადა ... წელს აფხაზეთში, ...ში. იგი ომის გამო მშობლებმა წამოიყვანეს აფხაზეთიდან და ცხოვრება გააგრძელა თერჯოლის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ბაბუის დანატოვარ სახლში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, რადგან მან ომის გამო დატოვა საცხოვრებელი ადგილი, კანონის შესაბამისად ეკუთვნის დევნილის სტატუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 21 დეკემბრის №IDP 7 22 00001180 ბრძანება და მოპასუხეს გ.ბ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ მიწოდებულ ბიოგრაფიულ მონაცემებს. მოსარჩელის განცხადებაზე თანდართული იყო აფხაზეთის ა/რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2022 წლის 16 აგვისტოს გაცემული №... ცნობა და №055 დასკვნა, რომელთა მიხედვით, გ.ბ-ე ... წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე ცხოვრობდა ქალაქ ...ში, ...ას ქ №79-ში დედასთან - ა.ი-სთან ერთად. ცნობის გაცემის საფუძვლად კი მითითებულია მხოლოდ მოსარჩელის პირადი განცხადება.
კასატორის მითითებით, სააგენტომ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, გასაუბრება ჩაუტარა ა.ი-საც. ამასთანავე, 1993 წლამდე გ.ბ-ისა და ა.ი-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, სააგენტოს მიერ 2022 წლის 9 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა №IDP 0 22 00294161 წერილი. 2022 წლის 16 სექტემბრის №MIA 2 22 02598126 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარატამენტის საპასუხო წერილითა და თანდართული გასაუბრების ოქმებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული უწყების მიერ სოფელ ...ში გამოიკითხნენ მოსარჩელის მეზობლები. მათი განმარტებით, გ.ბ-ის მამა - ბ.ბ-ე ოჯახთან ერთად პერიოდულად ცხოვრობდა თერჯოლაში და პერიოდულად იმყოფებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ გ.ბ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ... არ წარმოადგენდა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნული წერილები ადასტურებდა. რაც შეეხება გ.ბ-ის დაბადებისა და პირადობის მოწმობებში ქალაქ ...ის მითითებას, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ჩანაწერები არ გულისხმობს იმავე ადგილას პირის მუდმივ ცხოვრებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის, მისი მშობლების ქ. ...ში, ...ას ქ №79-ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო დასახელებული ნორმების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა არა მარტო არასრულწლოვანების, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ მშობლისთვის ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე ნებისმიერმა მიზეზმა, მათ შორის, როცა მშობელმა ვერ/არ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების დროს.
სადავო შემთხვევაში, დადგენილია რომ გ.ბ-ემ 2022 წლის 16 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. იმავე წლის 18 აგვისტოს მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიუთითა, რომ ... წლის … …ს დაიბადა ქალაქ ...ში. მამა - ბ.ბ-ე აფხაზეთის ომამდე მუშაობდა ქალაქ სოხუმში ...ში ...ის თანამდებობაზე, რომელიც ...ას ქ. №25-ში ფლობდა ერთსართულიან კაპიტალურ სახლს, მაგრამ არ იყო ჩაწერილი აფხაზეთის ტერიტორიაზე. დედა - ა.ი-ე ქალაქ ...ში 1989 წლამდე ...ის მწარმოებელ ...ში ...ის თანამდებობაზე, ხოლო 1989 წლიდან იყო დიასახლისი. ბ.ბ-ე დაოჯახდა ა.ი-ზე და 1989 და 1992 წლებში შეეძინათ შვილები - ნ. და გ. ბ-ეები. იმის გამო, რომ შვილები მცირეწლოვანები იყვნენ, ა.ი-ე ცხოვრობდა ქალაქ ...ში, ...ას ქუჩა №79/11-ში შვილებთან ერთად მშობლების და ძმის სახლში. დრო და დრო ოჯახს აკითხავდა ბ.ბ-ე, რომელიც მუშაობდა და ძირითადად იმყოფებოდა ქალაქ სოხუმში. 1993 წელს, აფხაზეთის ომის დაწყების გამო, გ.ბ-ემ მშობლებთან და ძმასთან ერთად იძულებით დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადმოვიდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ...ში მამის - ბ.ბ-ის მშობლების სახლში.
საქმის მასალებით, კერძოდ, მოსარჩელის პირადობისა და დაბადების მოწმობებით დასტურდება, რომ გ. ... წლის … …ს დაიბადა ...ში. … წლის … …ს ამავე ქალაქში დაიბადა გ.ბ-ის დედა - ა.ი-ე, რომელიც 2017 წლის 19 აპრილს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის მიხედვით, არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოწმობაში მითითებულია, რომ ა.ი-ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, ..., ...ას ქ. №79, ხოლო 2022 წლის 16 აგვისტოს აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, გ.ბ-ე დაბადებიდან - ... წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე მშობელთან, დედა - ა.ი-სთან ერთად ცხოვრობდა ...ში, ...ას ქუჩა №79-ში.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ის არგუმენტები, რომ არც გ.ბ-ეს და არც მის მშობლებს კონფლიქტამდე აფხაზეთში მუდმივად არ უცხოვრიათ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება საწინააღმდეგო, რომ მოსარჩელე დაიბადა ...ში და 1993 წლის სექტემბრამდე დედასთან ერთად ცხოვრობდა ...ში, ...ას ქ. №79-ში. ასევე დადასტურებულია, რომ მოსარჩელის ერთ-ერთი მშობელი - დედა არის დევნილი, რაც პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის საკმარისი სამართლებრივი პირობაა არა მარტო არასრულწლოვანების, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 16 აგვისტოს აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას აბათილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის გასაუბრების ოქმები, რომელთა თანახმად, დასტურდება, რომ გ.ბ-ე აფხაზეთში მუდმივად არ ცხოვრობდა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააგენტოს ამგვარ დასკვნას და აღნიშნავს, რომ დასახელებულ გასაუბრების ოქმებში პირებს, რომლებთანაც ჩატარდა გასაუბრება, ზუსტად არ ახსოვთ კონკრეტულად რომელ პერიოდში სად ცხოვრობდნენ მოსარჩელის მშობლები, ასევე ვერ იხსენებენ გ.ბ-ის დაბადების შემდეგ მისი და მისი მშობლების საცხოვრებელ ადგილს, შესაბამისად, აღნიშნული ოქმებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს და მის მშობლებს აფხაზეთში მუდმივად არ უცხოვრიათ. ამრიგად, ვინაიდან დადასტურდა ომამდე მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი აფხაზეთში, ასევე მისი მშობლისთვის დევნილის სტატუსის ქონა, შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობები.
ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო აქტში მითითებული გარემოებები, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მოპასუხის არგუმენტაცია, მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით დადაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე