Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1249(კ-24) 28 აპრილი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.ვ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ.ვ-ამ 2018 წლის 1 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2023 წლის 1 მარტის №IDP 4 23 00225089 და 2023 წლის 27 აპრილის №IDP 7 23 00445475 მიწერილობებისა და 2023 წლის 10 მაისის №IDP 8 23 00492528 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის, ლ.ვ-ას კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, ლ.ვ-ას უარი ეთქვა გრძელვადიან განსახლებაზე ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №49-ში მდებარე ...ში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული დასკვნა არასწორია, ვინაიდან იგი, როგორც დევნილი, რეგისტრირებულია ...ის გამზ. №49-ში, წლებია ცხოვრობს ამ შენობაში და შემოწმებისას სააგენტოს თანამშრომლებს არ დახვდა ადგილზე იმ მიზეზის გამო, რომ იმ პერიოდში კოვიდით იყო ინფიცირებული, საჭიროებდა მოვლას, რის გამოც დროებით დასთან იყო გადასული.

მოსარჩელემ აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მიიჩნია, რომ უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიან განსახლებაზე და მოითხოვა სადავო აქტის ბათილად ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 1 მარტის №IDP 4 23 00225089, 2023 წლის 27 აპრილის №IDP 7 23 00445475 მიწერილობები და ლ.ვ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 10 მაისის №IDP 8 23 00492528 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ.ვ-ას კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-11 პუნქტის საფუძველზე, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №49ა-ში (ყოფილი...) არსებული ობიექტის, როგორც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტის გამოთავისუფლებისა და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე განსახლების შესახებ. ამასთან, ჩატარდა იმ დევნილი ოჯახების მონიტორინგი, რომლებისთვისაც იგეგმებოდა ალტერნატიული ფართების საკუთრებაში გადაცემა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში. ვინაიდან მოსარჩელის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) სამინისტროს (სააგენტოს) ბაზაში ფიქსირდებოდა თბილისი, ...ის გამზ. №49ა (ყოფილი ...), იქ მაცხოვრებელ სხვა ოჯახებთან ერთად, არაერთხელ განხორციელდა მოსარჩელის ოჯახის მონიტორინგიც. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ლ.ვ-ა ფაქტობრივი მდგომარეობით აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა, ვინაიდან ობიექტში აღწერა განხორციელდა სამჯერ, 2022 წლის 24 იანვარს, 2022 წლის 22 სექტემბერს და 2022 წლის 7 ნოემბერს. არც ერთი მონიტორინგის დროს ლ.ვ-ა ადგილზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №92) არ განხილულა, ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ამდენად, ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №49ა-ში (ყოფილი...) შენობაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო მოსარჩელე ვერ მოექცა იმ პირთა წრეში, რომლებიც საგამონაკლისო წესის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილდნენ ხსენებული ობიექტის გამოთავისუფლების საფუძველზე.

კასატორის განმარტებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს დღემდე არ მიუმართავს განცხადებით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით, მან მხოლოდ საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ გამოხატა პრეტენზია გადაუდებელი განსახლების საჭიროებაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მას აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი და სადავო ობიექტში არ ცხოვრობს.

კასატორმა ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და 97-ე მუხლებზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-13 მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელე არის ქალაქ თბილისის ფაქტობრივი მაცხოვრებელი და მეტიც, მას გააჩნია ქალაქ თბილისში საკუთრება. სადავო მისამართზე იგი აღწერების დროს არ იმყოფებოდა და მეზობლებმაც განმარტეს, რომ შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს, რომელიც ქალაქ თბილისში სწავლობს. ამ გარემოებების და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, სადავო ობიექტიდან, რომელიც დიდი ხნის დახურულია, მისი განსახლების საკითხის ხელახლა განხილვა და განსახლება კანონშეუსაბამოა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, შესაბამისად, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მოცემულ ეტაპზე უარის თქმის კანონიერება, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №49ა-ში (ყოფილ ...ში), როგორც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველ ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველ ობიექტებში, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №49ა-ში მდებარე ყოფილი ... წარმოადგენს გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის ობიექტს, საიდანაც სახელმწიფომ განახორციელა დევნილი მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით კი, ლ.ვ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილს) 1999 წლის აპრილის თვიდან დღემდე წარმოადგენს თბილისი, ... ...ის გამზირი №49 (...).

ასევე დადგენილია, რომ სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 1 მარტის № IDP 4 23 00225089 და 2023 წლის 27 აპრილის №IDP 7 23 00445475 წერილებით ლ.ვ-ას ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №92) არ განხილულა კრიტერიუმების გარეშე მისი განსახლების საკითხი შესაბამის უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ასევე, ამავე სააგენტოს 2023 წლის 10 მაისის №IDP 8 23 00492528 გადაწყვეტილებით, ლ.ვ-ას ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ლ.ვ-ა იძულებით გადაადგილებულ პირად რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის გამზირის №49-ში (...), რომლიდანაც, როგორც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტიდან, ხორციელდება ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ პირთა კრიტერიუმების გარეშე განსახლება. დევნილთა განსახლების პროცესს კი წინ უძღოდა სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ საკითხის ადგილზე შესწავლა. განხორციელდა თითოეული დევნილი ოჯახის მრავალჯერადი გადამოწმება, აღნიშნული ოჯახების თაობაზე ინფორმაცია წარდგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №92), ვინაიდან ჩატარებული აღწერის მასალებით, არ დადასტურდა ლ.ვ-ას რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტი, მისი განსახლების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ განხილულა. შესაბამისად, მას უარი ეთქვა კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. ამავე გადაწყვეტილებით ლ.ვ-ას განემარტა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილებოდა კანონით განსაზღვრული პროცედურითა და შესაბამისი კრიტერიუმებით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომლის თანახმადაც, მართალია, მოსარჩელე რეგისტრირებულია მისამართზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესის შემცველ ობიექტს, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით არ დადასტურდა, რომ აღნიშნულ ობიექტში მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს. საწინააღმდეგო დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 28 თებერვლის ... გაცემული ცნობით, რომლის თანახმადაც, ლ.ვ-ა დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, რეგისტრირებულია დევნილად (სარეგისტრაციო №...) 1999 წლის აპრილის თვიდან დღემდე იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ..., ...ის გამზირი №49 (...), იგივე გარემოება დასტურდება დევნილის მოწმობით, ამომრჩეველთა სიებიდან ამონაწერით, მითითებულ მისამართზე წყლის მოხმარების გადახდის ქვითრებით, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა აზომვითი ნახაზით. ლ.ვ-ას 1995 წლიდან დეევნილთა მისამართზე ცხოვრების ფაქტი ასევე ცალსახად დაადასტურეს საქმის ზეპირი განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა. შესაბამისად, ლ.ვ-ასათვის აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არყოფნის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელ პირთა სიაში არშეყვანა, არ შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ფორმალურად ჩატარებულ მონიტორინგს, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის გარემოებები, თუ რამ გამოიწვია მონიტორინგის დროს, დევნილის რეგისტრირებულ მისამართზე არყოფნა. კერძოდ, მოსარჩელის მითითება, რომ ადგილზე მისი არყოფნის მიზეზი იყო დატვირთული სამუშაო გრაფიკი. იგი ძირითადად არ იმყოფებოდა სახლში, ვინაიდან, დასაქმებული იყო ძიძად, ხოლო სააგენტოს თანამშრომელთა ერთ-ერთი ვიზიტისას, დაინფიცირებული იყო კოვიდით და ავადობის პერიოდში იმყოფებოდა დასთან, ვინაიდან საჭიროებდა მოვლას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა თავად დევნილის შესახებ სამინისტროს ბაზაში ასახული ინფორმაცია, მოსარჩელის თბილისში, ...ის გამზ. №49-ში მდებარე ...ში დამისამართების შესახებ და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამრიგად, ლ.ვ-ა, შესაბამისი კრიტერიუმების შეფასების გარეშე, უნდა დაექვემდებაროს განსახლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე