საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-88(კ-25) 24 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე)- გ.ე-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 9 იანვარს გ.ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 24 თებერვალს გაიცა 2020 წლის 21 თებერვალს გარდაცვლილი ნ.გ-ას გარდაცვალების მოწმობა. 28.01.2022წ. სსგს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ნ.გ-ას აქტის ჩანაწერის შესწორების შესახებ. 28.01.2022წ. ... გადაწყვეტილებით - ნ.გ-ას (პ/ნ...) გარდაცვალების აქტის ჩანაწერში შევიდა შესწორება გარდაცვლილის სახელში, ნაცვლად „ნ. სი“ დაფიქსირდა „ნუ...“. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების სააგენტოში. საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოსაზრებით, უფლებაშემლახავია ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რაც გამოიხატა პიროვნებისათვის სახელის შეცვლაში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნ.გ-ას სახელზე 6.06.1996წ. გაცემულია პირადობის მოწმობა, ხოლო 3.12.2018 წელს გაცემულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ფიქსირდება სახელი - ნ. და გვარი გ-ა. ნ.გ-ა მითითებული საბჭოთა პასპორტსა და სააქციო საზოგადოება „...“-ს 2.06.1995წ. სერთიფიკატში.21.02.2020 წ. შედგენილ შინაურულ ანდერძში მოანდერძედ მითითებული იყო ნ.გ-ა. გარდაცვალების მოწმობაში ნ.გ-ას მითითება გახდა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი. მოსარჩელეს ეზღუდება სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება. მოსარჩელის დეიდა მთელი ცხოვრება ატარებდა სახელს "ნ.", ყველა დოკუმენტში მითითებულია იგივე სახელი და დაუშვებელი იყო აღნიშნული მოცემულობის შეცვლა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გარდაცვალების მოწმობაში სახელის შეცვლისთვის სამოქალაქო რეესტრს მიმართა მისმა დამ, რომელთანაც აქვს ქონებრივი დავა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 19 დეკემბრის N01/293274/გ გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 28.01.2022 წლის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გარდაცვალების აქტის N... ჩანაწერში მითითებული სახელის "ნ..."-ს ნაცვლად სახელი "ნუ. ს" აღდგენა.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.ე-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ.ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 2020 წლის 24 თებერვალს 2020 წლის 21 თებერვალს გარდაცვლილი ნ.გ-ას ( პ/ნ... ბარათის...) გარდაცვალების ... მოწმობის გაცემის ფაქტი. სააქტო ჩანაწერი ... 28.01.2022 წელს შსგს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მიღებული იქნა ... გადაწყვეტილება ნ.გ-ას აქტის ჩანაწერის შესწორების შესახებ. 28.01.2022 წლის ... გადაწყვეტილებით - ნ.გ-ას (პ/ნ...) გარდაცვალების აქტის ჩანაწერში ... რეგისტრირებული 24.01.2022 წელს სსგს თბილისის სრ სამსახურის მიერ შევიდა შესწორება გარდაცვლილის სახელში, ნაცვლად „ნ. “ დაფიქსირდა „ნუ...“.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.გ-ას დაბადების აქტი N... - 1940 წლის 28 მარტს რეგისტრირებულია გორის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ შემდეგი მონაცემებით: სახელი - ნ., გვარი გ-ა, დაბადების თარიღი ... წელი. აქტის ჩანაწერის ერთ ეგზემპლარზე დაფიქსირებულია 1945 წლის 12 სექტემბერს და 3 ივლისს (თარიღი უცნობია), მოწმობათა გაცემის ფაქტი. აქტის ჩანაწერის სხვა მონაცემები ერთმანეთის იდენტურია. ლ.ე-ის მიმართვის საფუძველზე, შსგს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 28.01.2022წ. N... გადაწყვეტილებით - ნ.გ-ას გარდაცვალების აქტის ჩანაწერში 24.01.2022წ. სსგს თბილისის სრ სამსახურის მიერ შევიდა შესწორება გარდაცვლილის სახელში, ნაცვლად "ნ. " დაფიქსირდა „ნუ...“. დადგენილია, რომ 2022 წლის 16 ნოემბერს, გ.ე-ემ მიმართა ნოტარიუსს გ.მ-ეს და მოითხოვა 2020 წლის 21 თებერვალს გარდაცვლილი ნ.გ-ას სამკვიდრო ქონებაზე შინაურულ ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა და მთლიან ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსის 16.11.2022წ. დადგენილებით, გ.ე-ეს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, რადგან წარმოდგენილ გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვლილი პირი არის ნ.გ-ა, ხოლო ანდერძში მოანდერძედ მითითებულია ნუ.გ-ა. შესაბამისად, არ დადგინდა წარდგენილი შინაურული ანდერძის გარდაცვლილი პირის - ნ.გ-ასადმი კუთვნილების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, 76-ე, 78-ე, 79-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის" 58-ე, 59-ე მუხლებზე. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის Nბს-390(კ-21) განჩინება, რომელშიც საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ადასტურებს, აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები. სააქტო ჩანაწერის სისწორე გულისხმობს იმის დადგენასა და შეფასებას, რამდენად აისახა მასში რეალური, ფაქტობრივი მდგომარეობა. დაბადების სააქტო ჩანაწერის მონაცემები უნდა დადგინდეს საქმის ყოველმხრივი, პირის მიმართ გაცემული დოკუმენტაციისა და არსებული ინფორმაციის სრულად გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასების შედეგად.“
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის ერთ-ერთი საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა. სადავო აქტის თანახმად, ნ.გ-ას გარდაცვალების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძვლად მიეთითა მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში აღნიშნული მონაცემები. მოკვლეული გარემოებებით კი ვერ დადგინდა ნ.გ-ას დაბადების აქტის ჩანაწერში მონაცემის არასწორად მითითების, შეცდომის დაშვების ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.ე-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არასწორად მიიჩნევს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდაცვლილი პირის მიმართ გავრცელების შესაძლებლობას. კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დეიდამისს შეუცვალეს სახელი, რომელსაც ეს უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში ატარებდა. კასატორი მიიჩნევს, რომ დეიდამისის სახელზე გაცემული არაერთი დოკუმენტით, მათ შორის, პასპორტში და პირადობის მოწმობაში სახელის გრაფაში აღნიშნული იყო ნ., რაც უგულებელყოფილ იქნა და უპირატესობა მიენიჭა დაბადების აქტში მითითებულ სახელ ნუ.ს. კასატორი მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა ანალოგიის წესით უნდა გავრცელდეს მოცემულ შემთხვევაზეც და სახელი - "ნუ. " აღიარებულ იქნეს კანონიერად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული გ.ე-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ნ.გ-ას გარდაცვალების აქტის ჩანაწერში ცვლილების განხორციელების თაობაზე მიღებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 19 დეკემბრის N01/293274/გ გადაწყვეტილების და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 28.01.2022წ. N... გადაწყვეტილების კანონიერება. ასევე, მოსარჩელის მოთხოვნაა გარდაცვალების N... აქტის ჩანაწერში მითითებული სახელის "ნ..."-ს ნაცვლად სახელი "ნუ. ს" აღდგენა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 24 თებერვალს გაიცა 2020 წლის 21 თებერვალს გარდაცვლილი ნ.გ-ას (პ/ნ... ბარათის...) გარდაცვალების მოწმობა.
შსგს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 28.01.2022წ. N... გადაწყვეტილებით - ნ.გ-ას გარდაცვალების აქტის ჩანაწერში 24.01.2022 წელს სსგს თბილისის სრ სამსახურის მიერ შევიდა შესწორება გარდაცვლილის სახელში, ნაცვლად "ნ. ’’ დაფიქსირდა ‘’ნუ...’’.
სსგს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2022 წლის 28 იანვრის N... გადაწყვეტილება გ.ე-ის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
2020 წლის 21 თებერვლის ანდერძის თანახმად, ნ.გ-ამ მთელი თავისი მოძრავი და უძრავი ქონება უანდერძა დისშვილს, რუსეთის მოქალაქე გ.ე-ეს. 2022 წლის 16 ნოემბერს, გ.ე-ის რწმუნებულმა მ.დ-მა მიმართა ნოტარიუსს გ.მ-ის 2020 წლის 21 თებერვალს გარდაცვლილი ნ.გ-ას სამკვიდრო ქონებაზე მისი მარწმუნებლის გ.ე-ის შინაურულ ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის და მთლიან ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. 16.11.2022წ. ნოტარიუს - გ.მ-ის დადგენილებით, გ.ე-ის რწმუნებულს მ.დ-ის უარი ეთქვა ზემოხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ დასაბუთებით, რომ წარმოდგენილ გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვლილი პირი არის ნ.გ-ა, ხოლო ანდერძში მოანდერძედ მითითებულია ნუ.გ-ა, აქედან გამომდინარე, დასადგენია წარმოდგენილი შინაურული ანდერძის გარდაცვლილი პირის - ნ.გ-ასადმი კუთვნილების ფაქტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. მითითებული კანონის მიზანია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და აღრიცხვის ერთიანი სისტემის ფორმირება.
ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია. დასახელებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას. ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, ასევე, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ხსენებული კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–მე-80 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. მე-2 პუნქტის მიხედვით კი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის 78-ე–მე-80 მუხლებით გათვალისწინებული გარემოების გამოვლენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი ინიციატივით შეიტანოს შესაბამისი ცვლილება, შესწორება ან/და დამატება. დასახელებული კანონის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესზე“, რომელიც არეგულირებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, პირის დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის, ასევე, პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული წესის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს. მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ. ამავე წესის 59-ე მუხლების პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორების, ცვლილების და/ან დამატების შეტანას ახორციელებს გადაწყვეტილების მიმღები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, ხოლო მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ტერიტორიული სამსახური, შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვის ადგილის მიხედვით. მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა ხორციელდება გადაწყვეტილების გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეტყობინების საფუძველზე.
"სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამავე კანონის 21-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, დაბადების რეგისტრაციის მიზნებისთვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტია დაბადების შესახებ გაცემული სამედიცინო ცნობა.
საგულისხმოა, რომ 1940 წლის 28 მარტს რეგისტრირებული N... დაბადების აქტის მონაცემებში მითითებულია: სახელი - ნ. გვარი გ-ა, დაბადების თარიღი ... წელი. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ აღნიშნული აქტის ჩანაწერის ერთ ეგზემპლარზე დაფიქსირებულია 1945 წლის 12 სექტემბერს და 3 ივლისს (თარიღი უცნობია), მოწმობათა გაცემის ფაქტი. აქტის ჩანაწერის სხვა მონაცემები ერთმანეთის იდენტურია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ადასტურებს, აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები. სააქტო ჩანაწერის სისწორე გულისხმობს იმის დადგენასა და შეფასებას, რამდენად აისახა მასში რეალური, ფაქტობრივი მდგომარეობა. დაბადების სააქტო ჩანაწერის მონაცემები უნდა დადგინდეს საქმის ყოველმხრივი, პირის მიმართ გაცემული დოკუმენტაციისა და არსებული ინფორმაციის სრულად გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასების შედეგად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ნ.გ-ას დაბადების აქტის ჩანაწერის სიყალბე. კასატორს აღნიშნულთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. რაც შეეხება მოსარჩელის დეიდის სახელზე გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულ სახელს - ნ., აღნიშნული არ არის საკმარისი იმის გამოსარიცხად, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული სახელი ნ. შეუსაბამო და არაზუსტია.
განსახილველი სარჩელის ფარგლებში როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თვალსაზრისით, დასაბუთებულია. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სადავო აქტი სახელის შეცვლის თაობაზე დაეფუძნა დაბადების აქტის ჩანაწერს, რომლის სიყალბე კანონით დადგენილი წესით დადგენილი არ არის.
ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXVI თავის დებულებებზე, რომლის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. მითითებული კოდექსის 312-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მიუთითებს რა მემკვიდრეობით უძრავი ქონების მიღების ინტერესზე შეზღუდული არ არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მოთხოვნით, კერძოდ მის სასარგებლოდ დატოვებული ნ.გ-ას მიერ შედგენილი ანდერძის 21.02.2020წ. გარდაცვლილი ნ.გ-ასადმი კუთვნილების დადასტურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საგულისხმოა, რომ ნოტარიუსმა - გ.მ-იმ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმისას მხარეს ასევე განუმარტა საკუთარი უფლების რეალიზების საშუალება, კერძოდ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ.ე-ის საკასაციო საჩივარზე 23.12.2024წ. N25183587306 საგადახდო დავალებით ა.დ-ის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა.დ-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს გ.ე-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დაადგინა:
1. გ.ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. ა.დ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.12.2024წ. N25183587306 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა