Facebook Twitter

№ბს-808(კ-23) 16 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი.ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.ს-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 აგვისტოს №003628 დადგენილება ი.ს-ის დაჯარიმებისა და უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ბეტონის ფილის, დამატებული კაპიტალური კედლების, მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვის, კოლონების, რიგელებისა და მონოლითური კიბის დემონტაჟის დავალების ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 ივნისის №730 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ი.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი.ს-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით ი.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ს-მა.

კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით არ აქვს დასაბუთებული და პასუხი გაცემული მოსარჩელის არგუმენტებზე. სააპელაციო სასამართლო სიტყვასიტყვით იმეორებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს და ამავდროულად, შეფასების მიღმა ტოვებს საქმის განხილვის პერიოდში სამართალღარღვევის აღმოფხვრას და სამართალდარღვევის არარსებობას.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიზანი არ არის მოქალაქის დასჯა და მის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარება საჯარიმო სანქციების დაკისრების სახით, არამედ კოდექსის მიზანია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, მათი მიზანი სამართალდარღვევის გამოსწორებაა. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რასაც ადასტურებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 124-ე, 125-ე და 127-ე მუხლებიც.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ი.ს-ის მიერ დავის განხილვის მომენტისთვის სამართალდარღვევის აღმოფხვრის ფაქტი, რაც საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებაა. სადავო დადგენილების გამოცემის მომენტში ი.ს-ის მიერ დემონტაჟი ვერ განხორციელდა იმ საფუძვლით, რომ შენობა ლეგალიზებას ექვემდებარებოდა, ხოლო არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მან შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და განახორციელა დემონტაჟი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გარემოება არ შეუფასებია. სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასებისას უნდა გაეთვალისწინებინა ი.ს-ის მიერ დადგენილების გამოცემამდე სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის განუხორციელებლობის მოტივი - სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია 2007 წლამდე, რაც ექვემდებარებოდა ლეგალიზაციას. 2007 წლამდე მშენებლობის ფაქტის შესახებ მუნიციპალური ინსპექციისთვის ცნობილი იყო, თუმცა მუნიციპალური ინსპექციის მიერ არ მომხდარა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ვადის გაგრძელება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა. ვინაიდან კასატორმა არქიტექტურის სამსახურიდან ვერ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ლეგალიზების თაობაზე, მან დაკისრებული ვალდებულება შეასრულა და სამართალდარღვევა გამოასწორა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის №ლეგ-336 ბრძანებით, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ის რაიონი, ...ის №3-ის მიმდებარედ უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა (ს.ფ 218-219); ბ) უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №42 (ყოფ. ქ. თბილისი, ...ის №3-ის მიმდებარედ), ს/კ ..., რეგისტრირებულია ი.ს-ის საკუთრების უფლება (ს.ფ 88, 96); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის №2866632 ბრძანებით, უარი ეთქვა მოქალაქე ი.ს-ს ქ. თბილისში, ...ში, ...ის №3-ის მიმდებარედ, მის პირად საკუთრებაში არსებულ №... მიწის ნაკვეთზე, 2011 წლის 13 ივნისის №ლეგ-336 ბრძანებით ლეგალიზებულ შენობა-ნაგებობაზე რეკონსტრუქციის განხორციელებისათვის ვადის განსაზღვრაზე (ს.ფ 209-213); დ) 2018 წლის 30 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ი.ს-ის მიმართ, შედგა №003628 მითითება, რომლის თანახმადაც, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №42-ში (ყოფ. ქ. თბილისი, ...ის №3-ის მიმდებარედ), №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ეზოს პერიმეტრზე ბლოკის ღობის ლითონის კარით მოწყობა, ეზოში ბეტონის ფილის დასხმა, კაპიტალური კედლების დამატება, მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვა, კოლონების, რიგელებისა და მონოლითური კიბის მოწყობა. ამავე მითითებით, ი.ს-ს დაევალა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში მოეხდინა მითითებული ობიექტების დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით ან წარედგინა განხორციელებული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (ს.ფ 94-95); ე) 2018 წლის 2 ივლისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №003628 შემოწმების აქტი მასზედ, რომ ი.ს-ის მიერ არ შესრულდა 2018 წლის 30 მაისის №003628 მითითებით გათვალისწინებული პირობები (ს.ფ 92-93); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2018 წლის 11 ივლისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებულმა ი.ს-მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა მის მიერ 2007 წლამდე. ამასთან, მხარემ აღნიშნა, რომ აპირებდა დარღვევების გამოსწორებას ლეგალიზების გზით, რისთვისაც ითხოვა მაქსიმალური ვადა (ს.ფ 98); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 აგვისტოს №003628 დადგენილებით, ი.ს-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №42-ში (ყოფ. ქ. თბილისი, ...ის №3-ის მიმდ.), №... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (ეზოს პერიმეტრზე მოწყობილია ბლოკის ღობე ლითონის კარებით, ეზოში დასხმულია ბეტონის ფილა, დამატებულია კაპიტალური კედლები, მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვა, კოლონები, რიგელები და მონოლითური კიბე). ამავე დადგენილებით ი.ს-ს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი (ს.ფ 73-75); თ) 2018 წლის 24 სექტემბერს, ი.ს-ის წარმომადგენელმა, თ.ა-მა №19/0118267862-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 აგვისტოს №003628 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა (ს.ფ 71-72); ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 ივნისის №730 ბრძანებით, ი.ს-ის წარმომადგენლის - თ.ა-ის 2018 წლის 24 სექტემბრის №19/0118267862-01 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 აგვისტოს №003628 დადგენილება ეზოს პერიმეტრზე ბლოკის ღობის (ლითონის კარით) დემონტაჟის დავალების ნაწილში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 აგვისტოს №003628 დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში (ს.ფ 62-70); კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის №5614005 ბრძანებით, ჯ.ჭ-ეს უარი ეთქვა №... განცხადების განხილვაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ...ის №3-ის მიმდებარედ, ი.ს-ის პირად საკუთრებაში არსებულ №... მიწის ნაკვეთზე, 2011 წლის 13 ივნისის №ლეგ-336 ბრძანებით ლეგალიზებულ შენობა-ნაგებობაზე რეკონსტრუქციის განხორციელებისათვის და ფართობის მატებისათვის ვადის განსაზღვრა (ს.ფ 214-217).

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139), რომელიც მოიცავდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს (1.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.

ამავე დადგენილების 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-5 პუნქტის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ზემოაღნიშნული კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 აგვისტოს №003628 დადგენილებით, ი.ს-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №42-ში (ყოფ. ქ. თბილისი, ...ის №3-ის მიმდ.), №... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (ეზოს პერიმეტრზე მოწყობილია ბლოკის ღობე ლითონის კარებით, ეზოში დასხმულია ბეტონის ფილა, დამატებულია კაპიტალური კედლები, მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვა, კოლონები, რიგელები და მონოლითური კიბე). ამავე დადგენილებით ი.ს-ს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 ივნისის №730 ბრძანებით, ი.ს-ის წარმომადგენლის - თ.ა-ის 2018 წლის 24 სექტემბრის №19/0118267862-01 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 აგვისტოს №003628 დადგენილება ეზოს პერიმეტრზე ბლოკის ღობის (ლითონის კარით) დემონტაჟის დავალების ნაწილში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 აგვისტოს №003628 დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში.

სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139) 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი, დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე, წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო ამავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული წესის დაცვას - განზრახული მშენებლობის შესახებ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის განცხადებით მიმართვას. კასატორის ძირითადი შედავება მდგომარეობს იმაში, რომ სამუშაოები მის მიერ განხორციელებული იყო 2007 წლამდე და ექვემდებარებოდა ლეგალიზებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებულ „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომელიც განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის თანახმად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო. ლეგალიზება ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-360-357(2კ-17)). ლეგალიზების აქტის მიღების შედეგად უკანონო შენობა-ნაგებობა ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში და აღმოფხვრილად მიიჩნევა შესაბამისი სამართალდარღვევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ბს-1292(კ-22)).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის ი.ს-ს არც უნებართვოდ აშენებული ობიექტების ან/და მათი ნაწილების ლეგალიზებით გამოუსწორებია სამართალდარღვევა და არც უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის გზით. საგულისხმოა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის №2866632 ბრძანებით, უარი ეთქვა მოქალაქე ი.ს-ს ქ. თბილისში, ...ში, ...ის №3-ის მიმდებარედ, მის პირად საკუთრებაში არსებულ №... მიწის ნაკვეთზე, 2011 წლის 13 ივნისის №ლეგ-336 ბრძანებით ლეგალიზებულ შენობა-ნაგებობაზე რეკონსტრუქციის განხორციელებისათვის ვადის განსაზღვრაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის №5614005 ბრძანებით, ჯ.ჭ-ეს უარი ეთქვა 2021 წლის 22 სექტემბრის №... განცხადების განხილვაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ...ის №3-ის მიმდებარედ, ი.ს-ის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, 2011 წლის 13 ივნისის №ლეგ-336 ბრძანებით ლეგალიზებულ შენობა-ნაგებობაზე რეკონსტრუქციის განხორციელებისათვის და ფართობის მატებისათვის ვადის განსაზღვრა. ლეგალიზების აქტის არარსებობის პირობებში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნებართვო მშენებლობისთვის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იყო დამრღვევისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, დაევალებინა უნებართვოდ აშენებული ობიექტების დემონტაჟი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე და ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას განაპირობებდა. პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, არ არსებობს ი.ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება;

3. ი.ს-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.08.2023წ. №18128615857 საგადახდო დავალებით ჯ.ჭ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია