საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-470(ს-25) 7 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე საჩივრის ავტორი - პ.დ.ჯ.ქ-ქ მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება დავის საგანი - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 19 ნოემბერს პ.დ.ჯ.ქ-ქმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ, მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით პ.დ.ჯ.ქ-ის სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის, 2024 წლის 24 დეკემბრის და 2025 წლის 17 იანვრის განჩინებებით პ.დ.ჯ.ქ-ის სარჩელზე ხარვეზის შესავსებად გაგრძელდა დადგენილი საპროცესო ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის სარჩელის წარმოებში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებით მოსარჩელე პ.დ.ჯ.ქ-ქს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. მოსარჩელემ მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
პ.დ.ჯ.ქ-ქის მიერ წარდგენილ კერძო საჩივარზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებით პ.დ.ჯ.ქ-ქის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, ვინაიდან 2025 წლის 11 მარტის განჩინებით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება გაასაჩივრა პ.დ.ჯ.ქ-ქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ.დ.ჯ.ქ-ქის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა - კანონმდებლობა ადგენს ორსაფეხურიან საქმის წარმოებას. კერძო საჩივარზე წარმოება სრულდება გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე პ.დ.ჯ.ქ-ქი სადავოდ ხდის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით პ.დ.ჯ.ქ-ქს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც პ.დ.ჯ.ქ-ქმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებით პ.დ.ჯ.ქ-ქის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. ამასთან, ამავე განჩინებით პ.დ.ჯ.ქ-ქს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია ისეთი განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას მოკლებულია საკასაციო სასამართლო, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივართან დაკავშირებული სამართალწარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სადავოდ გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ საჩივრდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ.დ.ჯ.ქ-ქის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ.დ.ჯ.ქ-ქის საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე