Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-207(კ-25) 8 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ.ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 14 თებერვალს ნ.ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით 2017 წლის 1 აპრილიდან შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვა ბანკში ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის გამო. ნ.ა-ი განმარტავს, რომ 2016 წლის 23 სექტემბრიდან 2021 წლის 11 აგვისტომდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში დაბრუნებას ხელი შეუშალა კოვიდ-პანდემიამ და მხოლოდ 2021 წლის 11 აგვისტოს მიეცა შესაძლებლობა ჩამოსულიყო სამშობლოში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2021 წლის 13 აგვისტოს მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრს და 2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან მას ხელახლა დაენიშნა სახელმწიფო პენსია, თუმცა არ ჩარიცხვია საქართველოში არყოფნის პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი. სწორედ ამიტომ, 2022 წლის 21 ოქტომბერს ნ.ა-იმა მიმართა როგორც თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრს, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით. თუმცა 2022 წლის 28 ოქტომბრის სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობითი განმარტებით განმცხადებელს აცნობეს, რომ 2020 წლის 28 მარტის №20/37166 ადმინისტრაციული აქტით ნ.ა-ის შეუწყდა სახელმწიფო პენსია. მოსარჩელემ 2022 წლის 8 ნოემბერს გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2020 წლის 28 მარტის №20/37166 ადმინისტრაციული აქტის გაუქმებისა და ნ.ა-ისთვის 2017 წლის 1 აპრილიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით. თუმცა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 21 ნოემბრის №4 22 00562644 ადმინისტრაციული აქტით ნ.ა-ის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ვინაიდან იგი არ იმყოფებოდა საქართველოში; მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული აქტები უნდა ჩაითვალოს უკანონოდ და მას უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი პენსია.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის ნ.ა-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე 2017 წლის 31 მარტის №7/37166 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის ნ.ა-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე 2020 წლის 28 მარტის №20/37166 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნ.ა-ისათვის 2017 წლის 1 აპრილიდან პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 21 ნოემბრის SSA 4 22 00562644 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის - ნ.ა-ისათვის მიუღებელი პენსიის თანხის 2017 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2017 წლის 31 მარტის №7/37166 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ.ა-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2020 წლის 28 მარტის №20/37166 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ.ა-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 21 ნოემბრის SSA 4 22 00562644 გადაწყვეტილება ნ.ა-ისათვის 2017 წლის 1 აპრილიდან მიუღებელი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ.ა-ისათვის მიუღებელი პენსიის თანხის 2017 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე ანაზღაურების თაობაზე;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.ა-ის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია, ასაკის საფუძვლით 2009 წლის 15 მაისიდან. სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2017 წლის 31 მარტის №7/37166 გადაწყვეტილებით ნ.ა-ის შეუჩერდა სახელმწიფო პენსია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 31 მარტის №04-00-დ/16194 წერილით ნ.ა-ის ეცნობა, რომ 2017 წლის 1 აპრილიდან სახელმწიფო გასაცემელი, პენსია შეუჩერდა ბანკში ზედიზედ 6 თვის პენსიის მიუღებლობის გამო. სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2020 წლის 28 მარტის №20/37166 გადაწყვეტილებით ნ.ა-ის შეუწყდა სახელმწიფო პენსია.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2021 წლის 13 აგვისტოს ნ.ა-იმა კვლავ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, რის საფუძველზეც 2021 წლის 1 სექტემბერს დაენიშნა პენსია.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული 2022 წლის 3 ნოემბერს ნ.ა-ის მიერ შეწყვეტილი პენსიის აღდგენის მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვის ფაქტი; ზემოაღნიშნული განცხადებით მოსარჩეელმ მიუთითა, რომ 2016 წლის 23 სექტემბრიდან, 2021 წლის 11 აგვისტომდე არ იმყოფებოდა საქართველოში. 2020 წლის მარტის თვიდან, მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ-19 პანდემიის გამოცხადების შეზღუდვის გამო, ვერ შეძლო საქართველოში დაბრუნება 2021 წლის 11 აგვისტომდე. განცხადების თანახმად, 2021 წლის 1 სექტემბრიდან, ნ.ა-ის ხელახლა დაენიშნა სახელმწიფო პენსია, მაგრამ მას არ დაბრუნებია მისი კუთვნილი სახელმწიფო გასაცემელი. შესაბამისად, მოითხოვა სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2020 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების №20/37166 გაუქმება. ამავე განაცხადით, ნ.ა-იმა განმარტა, რომ საყოველთაო პანდემიის პერიოდში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იგი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა; მოსარჩელის მითითებით პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კი ემთხვევა პანდემიის პერიოდს;

საქართველოს შსს 2021 წლის 16 თებერვლის №49/6/1/2-02298148 ცნობის თანახმად უდავოდ დგინდება, რომ ნ.ა-ის (დაბ: ... ... ...) 2016 წლის 1 იანვრიდან, 2021 წლის 16 აგვისტომდე საზღვარი გადაკვეთილი ჰქონდა ს.ს.კ.გ. ,,...“-ს და ს.ს.კ.გ „ ...“-ს გავლით.

სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული უადვო ფაქტების მიხედვით მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 21 ნოემბრის SSA 4 22 00562644 გადაწყვეტილებით ,,სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნ.ა-ის სახელმწიფო პენსიის დარიცხვა შეუჩერდა 2017 წლის 1 აპრილიდან სს „...დან“ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე - პენსიის 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის მიზეზით, რაც მოსარჩელეს ეცნობა 2017 წლის 31 მარტს №04-00-დ/16194 შეტყობინებით. 2020 წლის 1 აპრილიდან შეწყდა გასაცემლის დარიცხვა, მისი შეჩერებიდან 3 წლის გასვლის გამო. ნ.ა-ისათვის შეწყვეტილი პენსიის ხელახლა დანიშვნა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრიდან, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში 2021 წლის 13 აგვისტოს №35421 განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. სახელმწიფო პენსიაზე შეჩერებული უფლება შეწყდა სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 28 მარტის №20/37166 გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელისათვის სადავო აქტების კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობა და მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარისათვის არ იყო ცნობილი სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისად დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც სახეზეა ნ.ა-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო ინდივიდუალური აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის საკითხს, სააპელაციო პალატა ამ შემთხვევაშიც დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავოდ გამხდარი პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები უკანონოდ იქნა მიჩნეული და სახეზეა მათი ბათილად ცნობის საფუძველი, განაცდური პერიოდის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა ჩაითვალოს კანონიერად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითბით, მოსარჩელეს სახელმწიფო პენსიის დარიცხვა შეუჩერდა 2017 წლის 1 აპრილს მომსახურე ბანკიდან პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო; თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 31 მარტის №04-00დ/16194 წერილით ზემოაღნიშნულის თაობაზე ეცნობა ბენეფიციარს, ხოლო 2020 წლის 1 აპრილიდან მოსარჩელეს შეუწყდა პენსიის დარიცხვა. კასატორის მითითებით, მას შემდეგ რაც ნ.ა-იმა 2021 წლის 13 აგვისტოს №35421 განცხადებიღ მიმართა სააგენტოს, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან განმცხადებელს ხელახლა დაენიშნა პენსია.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს პენსია შეუწყდა 2020 წლის 28 მარტის №20/37166 გადაწყვეტილებით, ხოლო 2021 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ.ა-ის მიმართ სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითებით, მოსარჩელისათვის პენსიის დანიშვნის შესახებ ახალ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს გასაცემლის მიღების შეწყვეტილ უფლებასთან.

ამასთან, კასატორი ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულ გარემოებას 2016 წლიდან 2021 წლამდე მოსარჩელის საქართველოში არყოფნის შესახებ და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტი ვერ განაპირობებს მოსარჩელისათვის მისაღებ შედეგს, ვინაიდან ,,სახელმწიფოს პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაძიებელს/პენსიონერსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტონული ფორმით, რითაც, სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის და პენსიის ხელახლა დანიშვნის ეტაპზე ბენეფიციარს არ უსარგებლია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერცვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის ნ.ა-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე 2017 წლის 31 მარტის №7/37166 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის ნ.ა-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე 2020 წლის 28 მარტის №20/37166 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნ.ა-ისათვის 2017 წლის 1 აპრილიდან პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 21 ნოემბრის SSA 4 22 00562644 გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მართლზომიერების შეფასება მოსარჩელისთვის მიუღებელი პენსიის თანხის 2017 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.ა-ის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია, ასაკის საფუძვლით 2009 წლის 15 მაისიდან. ამასთან, საქართველოს შსს 2021 წლის 16 თებერვლის №49/6/1/2-02298148 ცნობის თანახმად უდავოდ დგინდება, რომ ნ.ა-ი 2016 წლის 1 იანვრიდან, 2021 წლის 16 აგვისტომდე საზღვარი ჰქონდა გადაკვეთილი. დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2017 წლის 31 მარტის №7/37166 გადაწყვეტილებით ნ.ა-ის შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემელი ბანკში ზედიზედ 6 თვის პენსიის მიუღებლობის გამო, ხოლო, სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2020 წლის 28 მარტის №20/37166 გადაწყვეტილებით ნ.ა-ის შეუწყდა სახელმწიფო პენსია.

გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2021 წლის 13 აგვისტოს ნ.ა-იმა №35421 განცხადებით მიმართა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე, რის საფუძველზეც ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ'' კანონის მე-14 მუხლის 2 პუნქტით, პენსია დაენიშნა 2021 წლის 1 სექტემბერს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, 2022 წლის 3 ნოემბერს მიმართა ნ.ა-იმა და შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ 2016 წლის 23 სექტემბრიდან 2021 წლის 11 აგვისტომდე არ იმყოფებოდა საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე კოვიდ 19 პანდემიის გამოცხადებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. ზემოაღნიშნული განცხადების თანახმად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მართალია 2021 წლის 1 სექტემბრიდან მას ხელახლა დაენიშნა სახელმწიფო პენსია, თუმცა, არ დაბრუნებია მისი კუთვნილი სახელმწიფო გასაცემელი. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2020 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების №20/37166 გაუქმება.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის 21 ნოემბრის SSA 4 22 00562644 გადაწყვეტილებით მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №1) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსია ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, რომელიც შეწყვეტილი პენსიის ხელახლა დანიშნვნის შემთხვევაში, გასული პერიოდის თანხის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. მოსარჩელეს სახელმწიფო პენსიის დარიცხვა შეუჩერდა 2017 წლის 1 აპრილიდან, ხოლო 2020 წლის 1 აპრილიდან შეწყდა გასაცემლის დარიცხვა, მისი შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ. ნ.ა-ისათვის შეწყვეტილი პენსიის ხელახლა დანიშვნა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრიდან. სააგენტოს განმარტებით, 2021 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიმართ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის თაობაზე, რასაც სამართლებრივი კავშირი არ აქვს გასაცემლის მიღების შეწყვეტილ ულებასთან.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითებაზე, რომ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 31 მარტის №04-00-დ/16194 წერილით ნ.ა-ის ეცნობა, რომ 2017 წლის 1 აპრილიდან სახელმწიფო გასაცემელი, პენსია შეუჩერდა ბანკში ზედიზედ 6 თვის პენსიის მიუღებლობის გამო, თუმცა ზემოაღნიშნული შეტყობინების მოსარჩელისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს არეგულირებს, პენსიის ადმინისტრირების ორგანოს განსაზღვრავს, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს ადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი. ზემოაღნიშნული კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის - 65 წლის ასაკის მიღწევა. ამავე კანონით პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცდა „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი’’ (დანართი №1). აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებით მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ნ.ა-ის პენსიის შეჩერების, ასევე პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მხარისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამგვარი გადაწყვეტილებების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და მათი ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის გარეშე, პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების სახით პენსიონერის მიმართ ფაქტობრივი გარემოებების წარმოშობა დამოუკიდებლად ვერ განაპირობებს პენსიონერის მიმართ სამართლებრივი შედეგის - პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის დადგომას. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებებს საფუძვლად კანონით გათვალისწინებული ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი დაედო, რაც თავისთავად გამოიწვევდა დამდგარ შედეგს - სახელმწიფო პენსიის შეჩერებას, ხოლო შემდეგ შეწყვეტას, არ შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევის საკმარის სამართლებრივ საფუძვლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლით დადგენილია, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების შესაძლებლობა მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში.

ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა ადრესატისათვის მის გაცნობაზეა დამოკიდებული. საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა ხანდაზმულ პირს არ ავალდებულებს ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიის მიღებას. პენსიონერს უფლება აქვს, ერთიანად აიღოს და ისარგებლოს რამდენიმე თვის გასაცემლით. ამგვარი მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებათა გამოცემის და მათი ადრესატისათვის ჩაბარების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი წესით გაცნობის საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება პირის სოციალური გარანტიების დაცვის კუთხით, რამდენადაც პირის ინფორმირებულობა ასეთ პირობებში არსებით გავლენას ახდენს მის მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ მოქმედებებზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოხსენებული აქტების აღსრულების პირობებშიც, მიუღებელი საპენსიო გასაცემლების მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის მნიშვნელოვანია აღსრულების შესახებ პირის ინფორმირებულობის საკითხი, კერძოდ, ის, თუ რამდენად იცოდა პირმა ან შეიძლება სცოდნოდა მას ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ (იხ. სუსგ ბს-798(კ-18) 27.12.2018წ.).

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ნ.ა-ისთვის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებების მოსარჩელისათვის ჩაბარების ან სხვაგვარი გაცნობის ფაქტი. ამასთან, ყურადსაღებია, რომ პენსიონერი ნ.ა-ი 2016 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 16 აგვისტომდე არ იმყოფებოდა საქართველოში, რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელისათვის სადავო აქტების ჩაბარების ფაქტს. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ მოსარჩელე საზღვარგარეთ სამკურნალოდ ყოფნის მიზეზით მოკლებული იყო შესაძლებლობას საბანკო დაწერებულებიდან გამოეტანა ყოველთვიური სახელმწიფო გასაცემელი.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაძიებელსა/პენსიონერსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, საქმის მასალებით არ იკვეთება სააგენტოს მცდელობა სატელეფონო ან ელექტრონული ფორმით მოეხდინა კომუნიკაცია ბენეფიციართან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან ნ.ა-ისთვის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებათა ჩაუბარებლობის პირობებში, არ იქნა დაცული საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნები. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს, ასეთი აქტები ძალაში შედის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების დღიდან. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ პენსიის შეჩერების აქტი ადმინისტრაციულ ორგანოს მხარისთვის არ გაუცვნია, არ მომხდარა მისი ძალაში შესვლაც. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეეჩერებინა მისთვის პენსიის დარიცხვა, რომელიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებულ დავაში მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ადრესატს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, საწინააღმდეგოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურდებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეს, რომელსაც უკანონოდ შეუჩერდა ან/და შეუწყდა პენსია, წაერთვა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებული სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების რეალიზების საშუალება, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული ზოგადი ხასიათის პირველი წესის - საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული, ასეთ ვითარებაში, ხანდაზმულ პირს, რომლის სოციალური გარანტიების შეზღუდვით უკანონოდ განხორციელდა მისი პენსიის მიღების უფლებით გამოხატული საკუთრების უფლების ხელყოფა, ენიჭება არა კონკრეტულად განსაზღვრულ 1-წლიან მონაკვეთზე, არამედ აუნაზღაურებელ სრულ პერიოდზე მიუღებელი საპენსიო გასაცემლების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა განსახილველი დავა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

გ. აბუსერიძე

ბ.სტურუა