საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-122(კ-25) 15 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 6 ივლისს ა.კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეთა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ. თუმცა, 2023 წლის 16 ნოემბერს მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი დაიბადა ... წლის ... ...ს და დაბადების რეგისტრაციის დღეს მიენიჭა პირადი ნომერი სამი ექვსიანის კომბინაციით. ა.კ-ის განმარტებით, იგი არის მართმადიდებელი რელიგიის აღმსარებელთა ოჯახიდან, ჰყავს მამა - ... ა. (კ.კ-ე), რომელიც მსახურობს ...ის სახელობის ტაძარში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პირად ნომერში ცვლილების მოთხოვნით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც განაცხადი გადაუგზავნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუმცა ამ უკანასკნელმა წერილით აცნობა, რომ უკვე მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლის თაობაზე დადგენილი რეგულაციები არ იყო დაგეგმილი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ილახება მისი რწმენის თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები; შესაბამისად ა.კ-ემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 14 მარტის №01/59928 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ... კომბინაციით მინიჭებული პირადი ნომრის ... გაუქმებაზე და მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს - თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის - ა.კ-ისთვის მინიჭებული პირადი ნომრის №... გაუქმებისა და ახალი პირადი ნომრის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ა.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 14 მარტის №01/59928 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა ა.კ-ის პირადი ნომრის - ... გაუქმებისა და მისთვის ახალი პირადი ნომრის მინიჭების თაობაზე;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა.კ-ე დაიბადა ... წლის ... ...ს და დაბადების რეგისტრაციისას მიენიჭა პირადი ნომერი -...; ამასთან, მოსარჩელის მამა არის კ.კ-ე, დედა - ი.ც-ე. ისინი ჯვარდაწერილნი არიან. მოსარჩელის მამა - ... ა. კ. კ-ე არის ...ის ეკლესიის მღვდელმსახური; ა.კ-ე 2009 წლის 25 ოქტომბერს მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა ...ის ტაძარში; ი.ც-ემ 2023 წლის 2 მარტს, ა.კ-ის პირად ნომერში ... კომბინაციის გამოყენების გამო, პირადი ნომრის გაუქმებისა და ახალი პირადი ნომრის მინიჭების მოთხოვნით, წერილობით მიმართა ,,სააგენტოს; ,,სადავო აქტით“ ი.ც-ეს 2023 წლის 2 მარტის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სრს ...ის სამსახურის მიერ ... ... ... წელს დარეგისტრირდა ა.კ-ის დაბადების აქტის №... ჩანაწერი. ა.კ-ეს დაბადების რეგისტრაციისას მიენიჭა პირადი ნომერი -... 2009 წელს მოქმედი კანონმდებლობით, არ იყო შეზღუდული პირად ნომერში კომბინაციების - 666XXX, X666XX, XX666X XXX666 გამოყენება. ი.ც-ეს ასევე განემარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირის სურვილის ან კომბინაციების - 666XXX, X666XX, XX666X, XXX666 შემთხვევაში, პირადი ნომრის ცვლილებას; ა.კ-ეზე 2014 წლის 24 იანვარს გაცემულია პასპორტი, რომელიც გაუქმდა 2017 წლის 25 იანვარს, ვადის გასვლის გამო. ა.კ-ემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 3-ჯერ (2014, 2016 და 2017 წლებში) გადაკვეთა, სასაზღვრო გამტარი პუნქტის - ...ის გავლით;
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსისადმი 2009 წლის 22 სექტემბრის №711 მიმართვას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს დახმარებისთვის ხშირად მიმართავენ მოქალაქეები, რომელთა შეშფოთების მიზეზი არის პირადობის მოწმობის პირად ნომერში რიცხვი 666. მიუხედავად საპატრიარქოს ახსნისა, რომ ეს არ ნიშნავს აპოკალიფსური სატანური რიცხვის მიღებას, ისინი მაინც ძალიან შეწუხებული არიან. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა ითხოვა, კანონის ფარგლებში და შესაძლებლობების მიხედვით დახმარებოდნენ მათ; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელა ახალი პასპორტების შესახებ და განაჩინა, რომ საკითხის შესასწავლად შექმნილიყო კომისია. საქმეში წარმოდგენილია ზემოაღნიშნული კომისიის თავმჯდომარის, ...ის მიმართვის პროექტი ხელისუფლებისადმი, სადაც, გარდა ელექტრონული მოწმობებისა, საუბარია „666“-ის, როგორც კოდური რიცხვის მნიშვნელობაზე. პროექტში მოყვანილია ათონის წმინდა კინოტის, რუსეთის წმინდა სინოდის, მოლდოვეთის მართლმადიდებელი მრევლის, ელადის წმინდა სინოდის განმარტებები „666“-ის, როგორც საკრალური, აპოკალიფსური მნიშვნელობის მატარებელი სიმბოლოს და მისი ქვეყნის საპასპორტო სისტემაში დაუშვებლობის შესახებ. პროექტში აღნიშნულია კომისიის მოსაზრება, რომ საბუთებში სასტიკად უნდა გამოირიცხოს რიცხვი „666“, ღიად თუ ფარულად, შეუნიღბავად თუ შენიღბულად. ასევე მითითებულია მოლდოვეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაზრება, რომ ელექტრონული პასპორტები ანტიქრისტეს სიმბოლიკას, მხეცის ნიშანს - 666-ს შეიცავენ; ბიბლიის ახალი აღთქმის, იოანეს გამოცხადების მეცამეტე თავში აღნიშნულია: ,,18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი“.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობა (,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და მის შესაბამისად გამოცემული ,,წესი“) ბლანკეტურად კრძალავს ადამიანისათვის დაბადებისას მინიჭებული პირადი ნომრის ცვლილებას, ისე, რომ არ ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რომელიც, როგორც უპირობო სამართლებრივი სიკეთე, აღიარებულია ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერო-ს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციით. ეს კონვენცია კი, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არის უპირატესი იურიდიული ძალის მატარებელი ზემოთ დასახელებულ, შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებთან მიმართებით.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად მიანიჭა უპირატესი ძალა ზემოაღნიშნულ კონვენციას და სწორად არ გაავრცელა საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი ბლანკეტური აკრძალვა მოსარჩელე ბავშვის მიმართ, ვინაიდან არ არის კონკრეტულად იდენტიფიცირებული, თუ რომელი საჯარო ინტერესის დაცვას შეიძლება მოემსახუროს ეს აკრძალვა (პირადი ნომრის ცვლილება) ამ მოსარჩელის შემთხვევაში. მით უფრო იმ პირობებში, რომ თავად სახელმწიფომ, 2011 წლიდან, ,,წესის“ ამოქმედების მომენტიდან, აკრძალა ადამიანის პირად ნომერში ,,666“ კომბინაციის გამოყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად და აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები. ადმინიტრაციული ორგანო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში განმარტავს, რომ პირადი ნომერი არის პირის უნიკალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, რომელიც აისახება პირის სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში; იგი არის პირის იდენტიფიცირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაცემი და პირადი ნომრის მინიჭება აღირიცხება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. კასატორი უთითებს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომელიც კრძალავს პირადი ნომრის ცვლილებას საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
კასატორი ასევე განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2009 წლის ა.კ-ის დაბადების აქტის რეგისტრაციის დროს კანონმდებლობით არ იყო შეზღუდული პირად ნომერში 666 - ის კომბინაციის გამოყენება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 14 მარტის №01/59928 ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ... კომბინაციით მინიჭებული პირადი ნომრის ... გაუქმებაზე და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ა.კ-ისთვის მინიჭებული პირადი ნომრის №... გაუქმებისა და ახალი პირადი ნომრის მინიჭების თაობაზე აქტის გამოცემის დავალების მართლზომიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს პატივი სცენ და უზრუნველყონ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობი, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
ზემოაღნიშნული მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით კი მონაწილე სახელმწიფოები ყველა ზომას მიმართავენ ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრების სტატუსის, საქმიანობის, გამოთქმული შეხედულებების ან მრწამსის საფუძველზე ყველა ფორმის დისკრიმინაციის ან დასჯისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად.
საკასაციო პალატა მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახლმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით.
ზემოაღნიშნული კოდექსის მე-5 მუხლით გარანტირებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ბავშვს ანიჭებს უფლებას მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტლების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი კი ავალდებულებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებს, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას უპირატესობა მიანიჭონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ზემოაღნიშნულ პირებს ავალდებულებს ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება; ბ) ბავშვის ყველა სხვა უფლების დაცვა, მათ შორის, ღირსების დაცვის, თავისუფალი განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ყველა ფორმის ძალადობისგან დაცვისა და ბავშვებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; გ) მულტიდისციპლინური მიდგომით, სპეციალიზებული პირების მიერ ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის, მისი სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების შეფასება და გათვალისწინება. ზემოაღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.
საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში დაცულ ა.კ-ის განმარტებაზე, რომელიც ნათლად ადასტურებს მოსარჩელის გულწრფელ სურვილს, მთელი ცხოვრება არ ატარებდეს პირად ნომერს სამი ექვსიანის კომბინაციით, რაც განპირობებულია მოსარჩელის რელიგიური შეხედულებებით.
საკასაციო პალატა, ამასთან, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ბავშვის უფლებების კონვენციის უპირატესი ძალის თაობაზე; მით უფრო, რომ ეროვნული კანონმდებლობა შეიცვალა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი’’, რომლის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით აიკრძალა ადამინის პირად ნომერში სამი ექვსიანის კომბინაციის გამოყენება. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით გამორიცხულია პიროვნების პირადი ნომერი შეიცავდეს სამი ექვსინის კომბიანციას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 30.01.2025წ. №02394 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.01.2025წ. №02394 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა