საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-81(კ-25) 8 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ ... “
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 24 დეკემბერს შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
სარჩელის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 7.06.2019წ. გადაწყვეტილებით სამედიცინო დაწესებულებას უარი ეთქვა პაციენტების - თ.ლ-ის, ნ.ს-ას, ს.ჭ-ის, ნ.ნ-ის, ლ.გ-ის, მ.დ-ის, ა.ბ-ის, ნ.ქ-ის, მ.დ-ისა და ნ.ა-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებების ანაზღაურებაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ივნისის №04/30785 გადაწყვეტილების, შპს ,,...’’-ის 2019 წლის 3 ივლისის NH-01/328 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 28 ნოემბრის №04/61900 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის შპს ,,...’’-ის სასარგებლოდ პაციენტების - თ.ლ-ის, ნ.ს-ას, ს.ჭ-ის, ნ.ნ-ის, ლ.გ-ის, მ.დ-ის, ა.ბ-ის, ნ.ქ-ის, მ.დ-ისა და ნ.ა-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს) 2019 წლის 7 ივნისის №04/30785 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი შპს ’’...’’-ის 2019 წლის 3 ივლისის NH-01/328 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს) 2019 წლის 28 ნოემბრის №04/61900 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, შპს "...’’-ის სასარგებლოდ დაეკისრა პაციენტების - თ.ლ-ის, ნ.ს-ას, ს.ჭ-ის, ნ.ნ-ის, ლ.გ-ის, მ.დ-ის, ა.ბ-ის, ნ.ქ-ის, მ.დ-ისა და ნ.ა-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებების ღირებულების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №242/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში ... სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ წესის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით კანონმდებელმა უკლებლივ ყოველი ოპერაციული მასალის ... გამოკვლევის უზრუნველყოფა ადმინისტრაციულ ორგანოებს დაავალა, რაც თავის თავში გულისხმობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებას, როგორიცაა, სამედიცინო დაწესებულებების ინფორმირება, მეთოდოლოგიის განსაზღვრა, თუ რა შემთხვევებში და როგორ უნდა უზრუნველეყოთ ოპერაციული მასალის ... გამოკვლევა, მითუმეტეს, თავად ეს ნორმა ითვალისწინებს მსგავსი ვალდებულების მხოლოდ პათოლოგიების დროს შესრულებას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქმეში არსებულ საქართველოს ...ის გაერთიანების თავმჯდომარისა და საქართველოს ...ის პრეზიდენტის წერილებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ არ არსებობს ...ის დროს ... კვლევის საჭიროება, რადგან ...ის დროს ოპერაციული ჩარევა ხდება ანატომიურად და მორფოლოგიურად ჯანმრთელ კუნთებზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამედიცინო შემთხვევები არ წარმოადგენდა პათოლოგიურ შემთხვევებს, ოპერაციული ჩარევა განხორციელდა ანატომიურად და მორფოლოგიურად ჯანმრთელ კუნთზე, რაც საკანონმდებლო დანაწესის მიხედვით, ოპერაციული მასალის ... გამოკვლევაზე გადაგზავნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურის დაცვის მინისტრის 5.12.2000წ. N242 ბრძანებაზე, რომლის თანახმად, უკლებლივ ყველა ოპერაციული მასალა ექვემდებარება ... კვლევას, გარდა ერთეული გამონაკლისებისა, როგორიც არის ხელოვნური აბორტის წარმოება. კასატორის მითითებით, სადავო შემთხვევებში კონკრეტულ პაციენტებთან მიმართებაში ჩატარდა ..., ხოლო ... კვლევა არ განხორციელდა. ...ზე ჩატარებულ ზემოაღნიშნულ ოპერაციას საგამონაკლისო შემთხვევათა კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ, რის გამოც სამედიცინო დაწესებულება ნორმატიული დანაწესის შესაბამისად, ვალდებული იყო ყველა ოპერაციული მასალა გადაეგზავნა ... კვლევაზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ივნისის №04/30785 გადაწყვეტილების და შპს ,,...’’-ის 2019 წლის 3 ივლისის NH-01/328 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ 2019 წლის 28 ნოემბრის №04/61900 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს პაციენტების - თ.ლ-ის, ნ.ს-ას, ს.ჭ-ის, ნ.ნ-ის, ლ.გ-ის, მ.დ-ის, ა.ბ-ის, ნ.ქ-ის, მ.დ-ისა და ნ.ა-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტების - თ.ლ-ის, ნ.ს-ას, ს.ჭ-ის, ნ.ნ-ის და ლ.გ-ის დიაგნოზი იყო ... .... ზემოაღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ ოპერაციული ჩარევა: ..., ...).
პაციენტ - მ.დ-ის დიაგნოზი იყო ..., მას ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა: ... და ...). პაციენტ - ა.ბ-ის დიაგნოზი იყო სხვა ..., მას ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა: ერთ ...). პაციენტ - ნ.ქ-ის დიაგნოზი იყო ... ..., მას ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა: ...).
პაციენტ - მ.დ-ის დიაგნოზი იყო ... ..., მას ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა: ...).
პაციენტ - ნ.ა-ის დიაგნოზი იყო ... ..., მას ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა: ...).
შპს "...’’-ის მიერ მითითებული პაციენტების ... კვლევაზე.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სამედიცინო შემთხვევების სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 11 265.8 ლარს.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 ივნისის №04/30785 გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელმა მიიჩნია, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს "...მა" ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 ნოემბრის №04/61900 გადაწყვეტილებით, შპს ’’...’’-ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ.ლ-ის, ნ.ს-ას, ს.ჭ-ის, ნ.ნ-ის, ლ.გ-ის და ნ.ა-ის შემთხვევების ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით დაფინანსების ნაწილში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N242/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში ... სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ წესის პირველი პუნქტის "ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონულ დეპარტამენტებს, ქ. ფოთის და დაბა მესტიის მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველოებს, ქ. თბილისის მერიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა უზრუნველეყოთ: უკლებლივ ყოველი ოპერაციული მასალის ... გამოკვლევა (საშვილოსნოს ღრუსა და ყელის არხის გამონაფხეკების ჩათვლით) პათოლოგიების დროს, ხოლო ხელოვნური აბორტის წარმოებისას, ყოველი საეჭვო შემთხვევის (ბუშტ-ნამქერი და ეჭვი საშვილოსნოს გარე ორსულობაზე) გამოკვლევა ექიმის შეხედულებისამებრ ან პაციენტის მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ზემოთმოხმობილი საკანონმდებლო ნორმა მასში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს იმპერატიულად ავალდებულებს უზრუნველყონ ოპერაციული ჩარევისას მიღებული მასალის ... გამოკვლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა პათოლოგია. სამედიცინო დაწესებულებას ... გამოკვლევის ნიმუშების გადაგზავნის ვალდებულება მხოლოდ პათოლოგიების დროს აკისრია. საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსგავსად ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ...ის გაერთიანების თავმჯდომარის და საქართველოს ...ის პრეზიდენტის წერილებზე, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ...ის შემთხვევაში სახეზე არ არის კუნთის პათოლოგია და ოპერაცია ტარდება აბსოლუტურად ჯანმრთელ ...ის მამოძრავებელ კუნთებზე. ...ის ოპერაციული მკურნალობის მეთოდების სახესხვაობის გათვალისწინებით არ არსებობს ... კუნთების დამატებით ... კვლევის საჭიროება.
საქართველოს ...ის გაერთიანების თავმჯდომარის ო.გ-ის წერილში მითითებულია, რომ ...ის შემთხვევაში ქირურგიულ მკურნალობას ექვემდებარება ... (აღნიშნული პათოლოგია შემთხვევათა 80%-ში გვხვდება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში). ორბიტალურ სიმსივნეები, რომელთა საწყისი შეიძლება იყოს კუნთოვანი ან შემაერთებელი ქსოვილი და რომელთა ერთ-ერთი მოგვიანებითი გამოვლინება შეიძლება სახის ...ის ..., ხასიათდებიან იმდენად რადიკალურად განსხვავებული სიმპტომატიკით, რომ ლიტერატურაშიც კი არ არსებობს დიფ. დიაგნოსტიკის აღწერილობა რეფრაქციულ და/ან პარალიზურ ...სა და ორბიტალური სიმსივნეებით გამოწვეულ ...ას შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ...ის ოპერაციული მკურნალობის დროს ამოკვეთილი ჯანმრთელი კუნთების ნაწილის ... კვლევის საჭიროება არ არსებობს. ამის დასტურია ისიც, რომ მსოფლიოს არცერთ წამყვან ... კლინიკაში არ ტარდება მსგავსი ... კვლევა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ გააქარწყლა და ვერ წარმოადგინა კვალიფიციური საკასაციო პრეტენზია იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ არსებობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N242/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოში ... სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ წესით გათვალისწინებული ფაქტობრივი მოცემულობა, კერძოდ, სახეზე იყო პათოლოგია, რა დროსაც აუცილებელი იყო ... კვლევის ჩატარება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების პროცესუალურ-სამართლებრივი წინამძღვრები, რადგან ...ის შემთხვევაში სახეზე არ არის კუნთის პათოლოგია და ოპრაცია ტარდება აბსოლუტურად ჯანმრთელი ...ის მამოძრავებელ კუნთებზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) საკასაციო საჩივარზე 5.02.2025წ. N02769 და 21.02.2025წ. N04133 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 563.29 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 394.30 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 5.02.2025წ. N02769 და 21.02.2025წ. N04133 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 563.29 ლარის 70 პროცენტი - 394.30 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა