საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-720(კ-24) 01 მაისი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს.ც-იმა 01.03.2023წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 2013 წლის პირველი აპრილიდან 2019 წლის პირველ ნოემბრამდე (კომპენსაციებს შორის სხვაობა) ზიანის სახით 2370 ლარის ანაზღაურების დაკისრება. ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქუთასის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 06.03.2023წ. განჩინებით ს.ც-ის სარჩელი - ზიანის ანაზღაურების შესახებ განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2023წ. განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2023წ. გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ს.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 370 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2023წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, 22.04.2024წ. გამართულ სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა და მოითხოვა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.11.2023წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2024წ. განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2023წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს.ც-იმა 16.10.1961წ. – 04.11.1964წ. გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 01.09.1965წ.-26.10.1970წ. მოსარჩელე სწავლობდა ... ინსტიტუტში. საქართველოს სსრ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს 28.04.1967წ. №0250 ბრძანებით იგი დანიშნულ იქნა შს სამინისტროში. შს სამინისტროს 30.06.1972წ. №493-პ/შ ბრძანებით ს.ც-ის მიენიჭა პირველადი სპეციალური წოდება „შინაგანი სამსახურის ლეიტენანტი.“ ს.ც-ი საქართველოს შს სამინისტროს 31.07.2000წ. №285-კ/შ ბრძანებით, იმავე წლის 25 ივლისიდან, დათხოვნილ იქნა შს სამინისტროდან გადადგომით ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. დადგენილია, რომ 2000 წელს დაანგარიშდა პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს.ც-ის სამინისტროში ნამსახურების წლები, რამაც შეადგინა 34 წელი 1 თვე და 12 დღე, რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის ქ.ტყიბულის ...ის ...ის ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი. ხსენებული ნამსახურების წლების თანახმად, ს.ც-ის 01.08.2000წ.-01.04.2013წ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით დანიშნული ჰქონდა 153,49 ლარი, 01.04.2013წ. გადაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობამ კი შეადგინა 465 ლარი. 10.09.2019წ. ს.ც-იმა განცხადებით მიმართა შს სამინისტროს ადამინისტრაციული რესურსების მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა მისი წელთა ნამსახურობის ხელახალი გაანგარიშება. შს სამინისტროს ადამინისტრაციული რესურსების მართვის დეპარტამენტის 28.10.2019წ. MIA 4 19 02868645 წელთა ნამსახურიბის გაანგარიშებით დგინდება, რომ ს.ც-ის სავალდებულო სამსახურში წელთა ნამსახურობამ შეადგინა 3 წელი და 18 დღე, შს სამინისტროში - 33 წელი, 2 თვე და 27 დღე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლი პერიოდი - 5 წელი, 1 თვე და 25 დღე. ამდენად, პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი ს.ც-ის წელთა საერთო ნამსახურობამ შეადგინა - 37 წელი, 11 თვე და 12 დღე. დადგენილია, რომ შს სამინისტროს ადამინისტრაციული რესურსების მართვის დეპარტამენტის 28.10.2019წ. MIA 4 19 02868645 წელთა ნამსახურების გაანგარიშების საფუძველზე, 01.11.2019წ. (განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) განხორციელდა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება სახელმწიფო პენსიის ოდენობის, ნამსახურობის სტაჟის, წოდების კოეფიციენტის და კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარის გათვალისიწნებით და ს.ც-ისათვის დანიშნული კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა 560 ლარით. 16.01.2020წ. ს.ც-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ...ას და წელთა ნამსახურების გადაანგარიშებული პერიოდის თანხის დარიცხვა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 22.01.2020წ. №04-06-05/98 წერილით ს.ც-ის ეცნობა, რომ მისი სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნდა ნამსახურების სტაჟის ცვლილების გამო (01.04.2013წ.-01.11.2019წ. პერიოდის) კომპენსაციის ოდენობებს შორის სხვაობის ანაზღაურების საფუძველი. საქმის მასალებით ასევე დასუტრდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული რესურსების მართვის დეპარტამენტის 28.10.2019წ. MIA 4 19 02868645 წელთა ნამსახურობის გაანგარიშების შესახებ ცნობა ს.ც-ის ჩაბარდა 31.10.2019წ., 16.01.2020წ. ს.ც-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებას და წელთა ნამსახურების გადაანგარიშებული პერიოდის თანხის დარიცხვა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 22.01.2020წ. №04-06-05/98 წერილით ს.ც-ის ეცნობა, რომ მისი სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნდა ნამსახურების სტაჟის ცვლილების გამო (01.04.2013წ.-01.11.2019წ. პერიოდის) კომპენსაციის ოდენობებს შორის სხვაობის ანაზღაურების საფუძველი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 22.01.2020წ. №04-06-05/98 წერილი გასაჩივრდა სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა 07.02.2020წ. წერილით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ს.ც-იმა სარჩელით მიმართა ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 22.01.2020წ. №04-06-05/98 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 07.02.2020წ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; გ) სტაჟის ცვლილების გამო 01.04.2013წ.-01.11.2019წ. პერიოდის კომპენსაციის ოდენობებს შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება. ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 17.07.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 01.12.2022წ. ს.ც-იმა წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნამსახურების სტაჟის ცვლილების გამო კომპენსაციის ოდენობებს შორის სხვაობის ანაზღაურება მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 15.12.2022წ. წერილით, ს.ც-ის განემარტა აღნიშნულ საკითხზე სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის სერვის ცენტრის 07.02.2023წ. წერილით დგინდება, რომ ნამსახურობის სტაჟის ცვლილების გამო მოსარჩელის კომპენსაციის ოდენობებს შორის სხვაობა 01.04.2013წ.-01.11.2019წ. ყოველთვიურად არის 30(ოცდაათი) ლარი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, სადავო საკითხი შეეხება სახელმწიფო გასაცემელის - მიუღებელი კომპენსაციის ზიანის სახით ანაზღაურების საკითხს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.ც-ი ექვემდებარებოდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მოიხმო „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის მე-16 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტები და აღნიშნა, რომ პირს წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით ენიშნება სახელმწიფო გასაცემელი, რომლის ოდენობა დამოკიდებულია კანონით განსაზღვრულ სტრუქტურებსა და დაწესებულებებში გატარებული ნამსახურობის წლებზე. შესაბამისად, ს.ც-ის სასარჩელო მოთხოვნა მიემართება წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებისას დადგენილი განსხვავების გამო წარმოშობილი მიუღებელი კომპენსაციის მოთხოვნის საკითხს, რამაც შეადგინა 2 370 ლარი 01.04.2013წ.-01.11.2019წ. პერიოდისთვის. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი, სზაკ-ის XIV თავი, ამავე კოდექსის 208-ე მუხლი, სკ-ის 992-ე მუხლი, ამავე კოდექსის 408-ე, 409-ე, 411-ე და 412-ე მუხლები. ქონებრივი ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მიუღებელი შემოსავალი, რაც როგორც წესი წარმოადგენს იმგვარ მატერიალურ სარგებელს, რომელიც უნდა მიეღო დაინტერესებულ პირს მოვლენების ნორმალური განვითარების შემთხვევაში და რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის ინტერესში შედის. ვინაიდან, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ს.ც-ის წელთა ნამსახურობის გამოთვლისას დაშვებული შეცდომის გამო 01.04.2013წ.-01.11.2019წ. პერიოდში მოსარჩელე მხარემ მიიღო უფრო ნაკლები ოდენობის კომპენსაცია, ვიდრე ეკუთვნოდა, ამდენად, სახეზეა ამ თანხის ანაზღაურების წინაპიროები.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განამრტებასა (სუსგ., ბს-590-590(კ-18), 16.05.2019წ.) და სკ-ის 129.2. მუხლზე. იმის გათვალისწინებით, რომ 29.10.2019წ. MIA 4 19 02868645 აქტით ხელახლა გადაანგარიშდა ს.ც-ის წელთა ნამსახურობა, რომელიც მხარეს ჩაბარდა 31.10.2019წ., ივარაუდება, რომ სწორედ ამ თარიღიდან იცოდა მოსარჩელე მხარემ მისი დარღვეული უფლების თაობაზე და შესაბამისად, ჰქონდა უფლებამოსილება მიემართა შესაბამისი ორგანოებისათვის. სააპელაციო პალატამ მიუთითა ფაქტობრივი გარემოებების ქრონოლოგიური განვითარების მონაკვეთზე: ა) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 22.01.2020წ. N04-06-05/98 წერილზე; ბ) ს.ც-ის 22.01.2020წ. საჩივარზე, რომლითაც გასაჩივრდა აღნიშნული წერილი; გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07.02.2020წ. N04/4246 პასუხზე, რომლითაც ს.ც-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; დ) ს.ც-ის სარჩელზე მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების მიმართ ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში; ე) ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 17.07.2020წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მოიხმო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 1-ლი მუხლის 1-ელ პუნქტი, მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-15 მუხლი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია კომპენსაციის გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო, თუმცა იგი მოქმედებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს წარდგინების საფუძველზე, რაც განემარტა კიდეც მხარეს, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, ისე ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 17.07.2020წ. გადაწყვეტილებით. შესაბამისად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ ს.ც-იმა თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ს.ც-იმა სცადა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება არაუფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვის გზით. სზაკ-ის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილის, სკ-ის 138-ე, 139-ე და 140-ე მუხლების საერთო შინაარსის შესაბამისად, კანონმდებელი მნიშვნელობას ანიჭებს კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების ნების გამოხატვის სურვილს, რომელიც უნდა განხორციელდეს შესაბამის ოფიციალურ ორგანოებთან მიმართვის გზით, ეს ორგანო არაუფლებამოსილიც რომ აღმოჩნდეს კონკრეტული საკითხის მოწესრიგების თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს.ც-ი შეეცადა მისი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას, როდესაც მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შემდგომ სასამართლოს, რომლითაც ჯერ კიდევ 2020 წელს შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც უსაფუძვლოს ხდის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით აპელანტის მითითებას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება პროცესუალურ საკითხზეც, კერძოდ იმაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დანიშნული სხდომის გადადებაზე უარით უკანონოდ შეიზღუდა სამართლიან სასამართლოზე აპელანტის უფლება. გადადების საფუძვლად მხარემ მიუთითა დატვირთული სამუშაო განრიგი და თავისუფალი წარმომადგენლის პროცესზე მივლინების შეუძლებლობა, სხვა სასამართლო სხდომების დამთხვევის გამო. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 216-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ შუამდგომლობის წარდგენა არ გულისხმობს მის უპირობო დაკმაყოფილებას და სასამართლო უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს გაითვალისწინებს თუ არა შუამდგომლობაში მითითებულ გარემოებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
კასატორმა მიუთითა, რომ 10.09.2019წ. შს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მიღებულ იქნა მოქალაქე ს.ც-ის განცხადება მისი წელთა ნამსახურობის ხელახალი გაანგარიშების თაობაზე, რაზეც მას პასუხი ეცნობა 28.10.2019წ. წერილით, რომელიც მას ჩაბარდა 31.10.2019წ., შესაბამისად მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიჩნეულ უნდა იქნეს 31.10.2019წ.. ვინაიდან ს.ც-იმა სარჩელი შეიტანა 01.03.2023წ. და აღნიშნული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა 27.03.2023წ., კასატორი თვლის, რომ მხარემ სასამართლოს მიმართა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ (სკ-ის 129.2 მუხლი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მასში მოიაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს დაშვებულ იმ პროცესუალურ დარღვევებზე მითითება, რამაც განაპირობა ფაქტების არასწორად შეფასება/დადგენა და რის საფუძველზეც ადგილი ჰქონდა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებას ან/და განმარტებას. აღნიშნული თვალსაზრისით, კასატორის მიერ არ არის წამოყენებული არცერთი პრეტენზია (შედავება), თუნდაც ზოგადი ან/და შაბლონური ფორმით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (იხ., mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 30.06.2009წ. გადაწყვეტილება საქმეზე Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (No. 2) [GC], App. No. 32772/02, §43.). ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ საქმეზე მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორი სადავოდ ხდის წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობას, იგი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია სრულად. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი წარდგენილია ხანდაზმულობის ვადის დაცვით. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელი უკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებულ ზიანს, ასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება შეადგენდეს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სზაკ-ის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სკ-ის 992-ე მუხლი. სკ-ის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შემოწმებას ექვემდებარება ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული რესურსების მართვის დეპარტამენტის 28.10.2019წ. MIA 4 19 02868645 წელთა ნამსახურობის გაანგარიშების ცნობა მოსარჩელეს ჩაბარდა 31.10.2019წ., ამდენად, პრეზუმირებულია და კასატორი სადავოდ არ ხდის იმას, რომ სწორედ ამ თარიღიდან ჰქონდა მოსარჩელეს ინფორმაცია ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, შეეძლო ემოქმედა საკუთარი უფლებების დასაცავად. საქმის მასალების ანალიზის მიხედვით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას. მოსარჩელე შეეცადა მოთხოვნის დაკმაყოფილებას 16.01.2020წ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებაში წარდგენილი განცხადებით, როდესაც მოსარჩელის მიერ წელთა ნამსახურების გადაანგარიშებული პერიოდის თანხის დარიცხვა იქნა მოთხოვნილი. მოსარჩელემ სცადა დარღვეული უფლების აღდგენა, რომლის დასტურიც არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 22.01.2020წ. N04-06-05/98 წერილი, ს.ც-ის 22.01.2020წ. საჩივარი, რომლითაც გასაჩივრდა აღნიშნული წერილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07.02.2020წ. N04/4246 პასუხი, რომლითაც ს.ც-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ს.ც-ის სარჩელი მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების მიმართ ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში და ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 17.07.2020წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 137-ე მუხლის, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 141-ე მუხლის თანახმად, 2020 წლის 16 იანვრიდან (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებისთვის განცხადების წარდგენა) 17.07.2020 წლამდე (ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება) ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილი იყო, ხოლო 17.07.2020წ. ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა დაიწყო თავიდან. ამდენად, მოსარჩელემ ხანდაზმულობის სკ-ის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამ წლიანი ვადის დაცვით 01.03.2023წ. სარჩელით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ზიანის გამომწვევი და დელიქტური მოთხოვნიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის, წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ხოლო ამ უკანასკნელმა 06.03.2023წ. განჩინებით წარმოდგენილი სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადასცა თბილისის საქალაქო სასამართლოს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა მოსარჩელის მიერ განხორციელებული იურიდიული მოქმედებების მნიშვნელობა. კასატორი სწორად მიუთითებს 31.10.2019წ. როგორც მოთხოვნის წარმომშობ მომენტზე, თუმცა საქმის ფაქტების ყოველმხრივი გაანალიზების გარეშე არასწორად უკავშირებს აღნიშნულ თარიღს უკვე 01.03.2023წ. ახალი სარჩელით მაგისტრატი სასამართლოსათვის მიმართვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე