№ბს-1458(კ-22) 21 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.ლ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 11 აგვისტოს №1000754117 დასკვნა; ბ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დადგინდება გ.ლ-ას საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი.
სარჩელის თანახმად, გ.ლ-ა დაიბადა ... წლის ... ...ს, ცხოვრობდა სოხუმში, ხოლო ამჟამად ცხოვრობს ქ. თბილისში. ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებს 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ გაცემულ დოკუმენტებს, მოსარჩელეს არალეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემული დაბადების მოწმობა და პასპორტი აქვს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 6 ოქტომბრის №001120103047 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ.ლ-ას განცხადება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, თუმცა ამავე სააგენტოს 2021 წლის 11 აგვისტოს №1000754117 დასკვნის შესაბამისად, გ.ლ-ას უარი ეთქვა ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, გაუგებარია, რატომ ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე, როცა კონსტიტუციით მას ეს უფლება არ დაუკარგავს, როგორც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქ. სოხუმში მცხოვრებ მოქალაქეს. ამასთან, მოსარჩელის დედა - ს.ტ-ა არის საქართველოს მოქალაქე და მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი, მამა იყო ი.ლ-ა, რომელიც გარდაიცვალა 2011 წელს და დაკრძალულია ...ში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით გ.ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) გ.ლ-ამ (დაბ: ... ... ... წელი) 2021 წლის 24 ივნისს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა; ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2021 წლის 8 ივლისს მიღებულ იქნა №1000754117/7 გადაწყვეტილება გ.ლ-ას საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ განცხადების განხილვა/გადაწყვეტილებისთვის აუცილებელი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარსადგენი იყო: ა) დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე მის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს; ბ) ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა მისთვის საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ მოქალაქეობის დადგენის საფუძვლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ.ლ-ას დაუდგინდა ხარვეზი და დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 2021 წლის 26 ივლისამდე; გ) 2021 წლის 22 ივლისს გ.ლ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარუდგინა დამატებითი დოკუმენტები, მათ შორის: 1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2020 წლის 10 ივლისის №00120103047 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა გ.ლ-ას სოხუმში დაბადების ფაქტი; 2) მოსარჩელის დედაზე - ს.ტ-აზე გაცემული სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 3 ოქტომბრის №571 გადაწყვეტილება, რომლითაც ბინა გადაეცა ს.ტ-ას ოჯახს, მათ შორის, მოსარჩელეს; 3) ქალაქ სოხუმში ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებული ფოტო-სურათები; 4) მოსარჩელის დედის (საქართველოს მოქალაქე) პირადობის მოწმობის ასლი და დევნილის მოწმობა; დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 21 ივლისის SSG 8 21 00098759 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია გ.ლ-ასათვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; ე) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 11 აგვისტოს №1000754117 დასკვნით არ დაკმაყოფილდა გ.ლ-ას განცხადება. განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ მის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველ მუხლზე, მე-3, მე-16, 301-ე მუხლებზე, ,,აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილების მე-3 მუხლზე, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-6 და მე-7 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სააგენტომ მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომლის 2021 წლის 21 ივლისის SSG 8 21 00098759 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია გ.ლ-ასათვის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. მიღებული ინფორმაციის შედეგად ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის შესახებ. უცხოელისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება „შეცდომა დისკრეციაში“ - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და იმ მიზნის უგულებელყოფა, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი. ცალსახაა, რომ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის გამოყენებით, შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ლ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 11 აგვისტოს №1000754117 დასკვნა და დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადგინდება გ.ლ-ას საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-3 მუხლის მე-12 პუნქტზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეებად მიჩნევის/საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 21 ივლისის SSG 8 21 00098759 წერილის არსებობის პირობებში, შეეძლო, გაეთვალისწინებინა აღნიშნული და მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამასთან, წერილი არ შეიცავს ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოს მოქალაქეებად მიჩნევის/საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
პალატის მოსაზრებით, სადავოდ ქცეული აქტით დაუსაბუთებლად იზღუდება მოსარჩელის კანონიერი უფლება და ინტერესი, რაც არ გამომდინარეობს ლეგიტიმური მიზნის - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლიდან. შესაბამისად, არსებობს აპელანტისათვის (მოსარჩელისათვის) საქართველოს მოქალაქეებად მიჩნევის/საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტომ 2021 წლის 9 ივლისის №01/134507 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს იმ გარემოების დასადგენად არსებობდა თუ არა გ.ლ-ას მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 21 ივლისის SSG 8 21 00098759 წერილით გაირკვა, რომ გ.ლ-ას მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტომ, იხელმძღვანელა რა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 301 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 15 ივლისის №01/993 წერილის მიხედვით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენმა კომისიამ ვერ დაადგინა გ.ლ-ას (დაბადებული ... წლის ... ...ს, სოხუმში) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი (წლების მითითებით).
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) გ.ლ-ამ (დაბ: ... ... ... წელი) 2021 წლის 24 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის საფუძველზე მოითხოვა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა (ს.ფ. 70-73); ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2021 წლის 8 ივლისს მიღებულ იქნა №1000754117/7 გადაწყვეტილება გ.ლ-ას საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ განცხადების განხილვა/გადაწყვეტილებისთვის აუცილებელი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარსადგენი იყო: ა) დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე მის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს; ბ) ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა მისთვის საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ მოქალაქეობის დადგენის საფუძვლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ.ლ-ას დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 2021 წლის 26 ივლისამდე (ს.ფ. 24); გ) 2021 წლის 22 ივლისს გ.ლ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარუდგინა დამატებითი დოკუმენტები, მათ შორის: 1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2020 წლის 6 ოქტომბრის №00120103047 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა გ.ლ-ას სოხუმში დაბადების ფაქტი; 2) სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 3 ოქტომბრის №571 გადაწყვეტილების საფუძველზე, 1986 წლის 15 იანვარს იანვარს გაცემული ორდერის საკონტროლო ტალონი №..., რომლის თანახმად, მოსარჩელის დედას - ს.ტ-ას, ოჯახთან (მეუღლე - ი.ლ-ა და შვილი - გ.ლ-ა) ერთად გადაეცა 2 ოთახიანი ბინა, მისამართზე: ..., სახლი №..., ბინა №...; 3) ქალაქ სოხუმში ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებული ფოტო-სურათები; 4) მოსარჩელის დედის - ს.ტ-ას (საქართველოს მოქალაქე) პირადობის მოწმობის ასლი და დევნილის მოწმობა (ს.ფ. 26-27, 28-31, 32-39, 41, 95-98, 99-100); დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 21 SSG 8 21 00098759 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა გ.ლ-ასათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება (ს.ფ. 69); ე) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 11 აგვისტოს №1000754117 დასკვნით გ.ლ-ას უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე (ს.ფ. 64-65).
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15 მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება. არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან უფლება თავის მოქალაქეობის შეცვლისა.
საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. ხოლო ამავე კანონის 9.1. მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 301.1. მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.
ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად (2) დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. (3) სააგენტო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით იხილავს განცხადებას და ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას. სააგენტო აღნიშნული განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ ან საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ. (4) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ გ.ლ-ამ (დაბ: ... ... ... წელი) 2021 წლის 24 ივნისს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის საფუძველზე მოითხოვა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის იანვრის №14 დადგენილებაზე, რომლითაც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი. მოცემული წესის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლით გათვალისწინებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ პირთა საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს, რომელთა პირადობის დადასტურება ან საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით.
წესის 6.1 მუხლის მიხედვით, სააგენტო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით იხილავს განცხადებას და ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას. სააგენტო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ ან საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.
მოცემული წესის 3.12 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის სისწორისა და სანდოობის შესამოწმებლად, ასევე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (საქართველოს გენერალური პროკურატურისგან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურისგან). სახელმწიფო ორგანოები მიმართვის მიღებიდან 8 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლები და სააგენტო ვალდებულია, საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად (1) საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე პირს შეიძლება უარი ეთქვას, თუ: ა) პირის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ბ) მან საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მიზნით ყალბი დოკუმენტები წარადგინა; გ) მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. (2) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება დასკვნის სახით, რომელიც დადგენილი წესით ეცნობება განმცხადებელს.
დადგენილია, რომ 2021 წლის 9 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, ხომ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით გ.ლ-ას მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 21 ივლისის SSG 8 21 00098759 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა გ.ლ-ასათვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 21 ივლისის SSG 8 21 00098759 წერილი წარმოადგენს სწორედ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად და რასაც სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობისა და, საბოლოო ჯამში, გაზიარების თვალსაზრისით, მისი შინაარსის გათვალისწინებით, გააჩნია არსებითი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 23 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენა. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თანამდებობის პირის (ადმინისტრაციული ორგანოს) დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს მაშინ, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას აქვს შესაძლებლობა, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თანამდებობის პირის (ადმინისტრაციული ორგანოს) დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონი. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის სწორი განმარტება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად და უპირატესობა მართებულად მიენიჭა საჯარო - სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანს. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება გ.ლ-ას სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გ.ლ-ას უნდა დაეკისროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება. ამასთან, გ.ლ-ას მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 (ს.ფ. 44, 204) ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 389-ე, 53.1 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ.ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გ.ლ-ას მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. გ.ლ-ას დაეკისროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ქ. ცინცაძე