Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-675(კ-24) 21 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ყ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2023 წლის 27 იანვარს ა. ყ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ა. ყ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 იანვრის №... დასკვნის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ა. ყ-ეისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, ა. ყ-ე დაიბადა ... წელს, ქალაქ თბილისში. მისი მშობლები იყვნენ ბ. კ-ე და ან. ყ-ე. მოსარჩელე ცხოვრობდა ქ. თბილისში და სწავლობდა №...-ე სკოლაში. სარჩელში ასევე მითითებულია, რომ 1984 წელს, სამედიცინო განათლების მიღების მიზნით, ა. ყ-ე გადავიდა უკრაინაში, ქ. ...ში. 6 წლიანი სწავლის შემდეგ, მოსარჩელეს მიენიჭა ექიმის სპეციალიზაცია და 2010 წლამდე სპეციალობით მუშაობდა უკრაინაში, 2010 წელს კი, სამუშაოდ მიიწვიეს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში.

მოსარჩელემ თავის სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 6 წლიანი სწავლის შემდეგ მას მიენიჭა ექიმი ქირურგის კვალიფიკაცია, რის შემდგომ, იგი მუშაობდა უკრაინის ქალაქ ...ში მე-... საავადმყოფოში ...ად, ხოლო შემდგომ გადავიდა ...ს მე-... საავადმყოფოში და მუშაობდა ასევე ზოგად ქირურგად. 2008 წლიდან კი, იგი იყო ...ს მე-... საავადმყოფოს ... და ატარებდა ყველაზე რთულ ქირურგიულ ოპერაციებს. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ წარმატებული კარიერის პირობებში უკვე 2010 წელს სამუშაოდ მიიწვიეს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, მე-... საავადმყოფოში ...დ და ატარებდა გეგმურ და გადაუდებელ ოპერაციებს. მოსარჩელის მითითებით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ლაპარასკოპიულ ქირურგიაში, ჩირქოვან ქირურგიაში, დიაბეტურ ტერფზე, გინეკოლოგიურ და პლასტიკურ ქირურგიაში, ასევე კომბუსტიოლოგიის მიმართულებით (დამწვრობის შედეგად განვითარებული) და ატარებდა ყველაზე რთულ გეგმურ და გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს. გარდა ამისა, მოსარჩელემ ხაზი გაუსვა, რომ პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად იგი აქტიურად აგრძელებდა სამეცნიერო მუშაობასაც, კერძოდ, 2015 წელს დაიცვა დისერტაცია ...ის სამეცნიერო აკადემიაში და აიღო მეცნიერებათა კანდიდატის წოდება, ამასთან, მას წლების მანძილზე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული არაერთ სამეცნიერო კონფერენციასა და სიმპოზიუმში და დაჯილდოებული იყო არაერთი ჯილდოთი, ასევე მოპოვებული ჰქონდა რუსეთის კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმის წოდება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას საქართველოსთან კავშირი არასდროს შეუწყვეტია და 2007 წელს სამშობლოში მორიგი ჩამოსვლისას გაიცნო მისი მეუღლე - თ. ჭ-ე, რომელზეც მალევე იქორწინა და შეეძინათ სამი შვილი - ნ., ანა. და მ. ყ-ეები. ა. ყ-ეის განმარტებით, მან ოჯახთან ერთად საქართველოში საბოლოოდ დაბრუნება 2021 წელს გადაწყვიტა და დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, ამასთან რუსეთში გაყიდული საკუთრებით ქ. თბილისში შეიძინა სახლი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიერ დაგროვილი ცოდნით და გამოცდილებით მას შეუძლია რეალურად გამოადგეს სამშობლოს და განსაკუთრებული სირთულით გამორჩეული ლაპარასკოპიული და სხვა ქირურგიული ოპერაციებით არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. ამასთან, ა. ყ-ე განმარტავს, რომ სურს მის შვილებს მიეცეთ შესაძლებლობა ქართულ გარემოში გაიზარდონ საქართველოს ღირსეულ შვილებად.

მოსარჩელის განმარტებით, გამოცდაში უმაღლესი ქულების მიღების და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის მიუხედავად, მას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 იანვრის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის დადებითი დასკვნის გაცემაზე, რაც მას ართმევს შესაძლებლობას, ოჯახის წევრებთან ერთად შეუზღუდავად იცხოვროს საქართველოში და მოიპოვოს ის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქისთვის საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით არის დადგენილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ყ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 იანვრის №... დასკვნა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი დასკვნის გამოცემა ა. ყ-ეის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ყ-ე დაბადებული იყო ... წლის ...ს. მისი მამა იყო - ან. ყ-ე, ხოლო დედა - ბ. კ-ე. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. ყ-ე ... წელს ჩაირიცხა ...ის სამედიცინო ინსტიტუტში და ... წელს წარმატებით დაამთავრა სრული კურსი, სპეციალობით „...“. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული №118/92 მოწმობით კი დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. ყ-ემ 1991 წლის 1 აგვისტოდან 1992 წლის 1 ივლისამდე გაიარა ... ქ. ...ს №... საქალაქო საავადმყოფოში, სპეციალობით „...“ და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია.

2011 წლის 31 იანვარს გაცემული СЕ №39937933 დიპლომით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელემ 2011 წელს დაამთავრა ...ს ... უნივერსიტეტი და მიიღო სრული უმაღლესი განათლება სპეციალობით „ხარისხი, სტანდარტიზაცია და სერთიფიკაცია“ და მიიღო ...ის მაგისტრის კვალიფიკაცია. უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულება „...ის“ მიერ დისერტაციის საჯარო დაცვის საფუძველზე ა. ყ-ეს მიენიჭა სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, სპეციალობით .... 2019 წლის 9 ოქტომბერს გაცემული სერტიფიკატით კი დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. ყ-ე ფედერალური სახელმწიფო ავტონომიური საგანმანათლებლო უმაღლესი განათლების დაწესებულების ი.მ. ... უნივერსიტეტის რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს (...ს უნივერსიტეტი) საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით დაშვებულ იქნა სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობისათვის სპეციალობით „...“. ...ს უნივერსიტეტის მიერ 2019 წლის 4 ოქტომბერს გაცემული სერტიფიკატით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ყ-ემ გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი სპეციალობაში „...“.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ყ-ესა და თ. ჭ-ეს ჰყავდათ სამი შვილი: ნ. ყ-ე, ანა. ყ-ე, მ. ყ-ე. ა. ყ-ეის მეუღლე - თ. ჭ-ე კი, საქართველოს მოქალაქეა. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ. ჭ-ეს საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი ..., ...ს ქ. №....

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 23 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ - ა. ყ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა, საფუძვლად კი განისაზღვრა, რომ მას საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდა. განცხადების თანახმად, ა. ყ-ე იყო დაბადებით და ეროვნებით ქართველი, მისი ნათესავები და მეუღლე იყვნენ ქართველები. განმცხადებლის მითითებით, იგი საქართველოში ჩამოვიდა ოჯახთან ერთად მუდმივად საცხოვრებლად. ამასთან იგი წარმოადგენდა მეცნიერებათა კანდიდატს ზოგად ქირურგიაში და სურვილი ჰქონდა დასაქმებულიყო პროფესიით და მომსახურებოდა საქართველოს მოსახლეობას. ამასთან, მისი ყველა ნათესავი, ოჯახის წევრები და ახლობლები ცხოვრობდნენ საქართველოში და მისი წინაპრებიც საქართველოში იყვნენ დაკრძალულნი. განცხადებას ერთოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლი და რეკომენდაციები.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით ა. ყ-ეის მიმართ დეპარტამენტში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის №MIA 1 22 02766236 წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს ეცნობა, რომ წერილზე თანდართულ სიაში მითითებული პირების მიმართ შსს მიგრაციის დეპარტამენტში არ მიმდინარეობდა გაძევების პროცედურა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის №SSG 3 22 00227641 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს №... საქმეში მითითებული პირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 6 დეკემბრის №25534 სხდომის ოქმით გადაწყდა, რომ ა. ყ-ე მიწვეულიყო გასაუბრებაზე. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №28329 სხდომის ოქმით განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის - ა. ყ-ეის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენის საკითხი. კომისიამ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის საფუძველზე შეაფასა ცოდნის დონე და დაადგინა, რომ ა. ყ-ეის ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა); საქართველოს ისტორია - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა); სამართლის ძირითადი საფუძვლები - 9 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა). შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ რუსეთის მოქალაქის ა. ყ-ეის (საქმის №...) მიმართ, არ არსებობდა კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა, რომ ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად მომზადებულიყო უარყოფითი დასკვნა. მომხრე იყო - 4 წევრი, ხოლო წინააღმდეგი - 2 წევრი. აღნიშნულის შემდგომ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ა. ყ-ეის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოამზადა 2023 წლის 3 იანვრის №... უარყოფითი დასკვნა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 იანვრის №1000823560/1 წერილით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურს გაეგზავნა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ დასკვნა ა. ყ-ეის მიმართ. ხოლო, საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 12 იანვრის №91 წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოდან გადაგზავნილ №... უარყოფით დასკვნაზე, საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.

საქალაქო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №28329 სხდომის ოქმი შეიცავდა ა. ყ-ეის მიმართ დასმული კითხვებისა და პასუხების ამსახველ ინფორმაციას; კერძოდ, გასაუბრებისას გამორკვეულ იქნა, რომ ა. ყ-ე იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა საქართველოში, ქ. თბილისში, აქვე მიიღო საშუალო განათლება, უმაღლესი სამედიცინო განათლება რუსეთში მიიღო, დასაქმებული იყო ქ. პეტერბურგში ექიმად, ქორწინებაში იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქესთან, ხოლო შვილები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს წარმოადგენდნენ. ასევე, ის გარემოება, რომ ა. ყ-ე 2007 წლის შემდეგ 2022 წელს ჩამოვიდა საქართველოში და გეგმავდა მომავალში საქართველოში ცხოვრებას.

საქალაქო სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კომისიის ორმა წევრმა წარადგინა განსხვავებული პოზიცია, კერძოდ ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ა. ყ-ე დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, ჰყავდა საქართველოს მოქალაქე მეუღლე და გეგმავდა საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას. აღნიშნული ორი წევრის მიერ დაფიქსირებულ იქნა დადებითი პოზიცია. თუმცა, აღნიშნულ ოქმში არ იყო შეფასებული თუ რა გარემოებებს დაეფუძნა უარყოფითი დასკვნის მომზადების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საკითხის გამოკვლევისას ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად უნდა გამოეკვლია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობა და გამოკვლეული გარემოებები უნდა აესახა სხდომის ოქმში, რომელიც საფუძვლად უნდა დასდებოდა მოსარჩელის მიმართ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისათვის დასკვნის მომზადებას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ყ-ეის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დავალებოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დასკვნის გამოცემა ა. ყ-ეისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ყ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. ყ-ეისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მისი დასკვნები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საფუძვლად უთითებდა, რომ დაბადებული იყო საქართველოში, თუმცა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო მოუწია საქართველოს დატოვება. ამასთან, მოსარჩელეს საქართველო მიაჩნდა საკუთარ სამშობლოდ, მისმა ოჯახმა საქართველოში შეიძინა ბინა და სურდა ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა. ყ-ეის განცხადების განხილვისას, მოპასუხემ გამოიკვლია მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები, გარდა ამისა, სააგენტომ ინფორმაციები გამოითხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტიდან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული ინფორმაციისა, სადავო აქტში მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ა. ყ-ეის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაზე მითითება ვერ მიიჩნევა აქტის დასაბუთებად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიუთითოს კონკრეტულად რა გახდა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფითად შეფასების საფუძველი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავდა საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით, რამდენადაც დასკვნაში აღნიშნული ფაქტები განყენებულად და დამოუკიდებლად არ წარმოშობდა უარყოფითი დასკვნის მომზადების საფუძვლებს. გარდა ამისა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კომისიის ორმა წევრმა დააფიქსირა დადებითი პოზიცია - მათ ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ ა. ყ-ე დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, მისი მეუღლე იყო საქართველოს მოქალაქე და იგი გეგმავდა საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას. თუმცა, ოქმში არ იყო შეფასებული, თუ რა გარემოებებს დაეფუძნა უარყოფითი დასკვნის მომზადების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის გადაწყვეტისათვის. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ სადავო საკითხი სრულყოფილად არ გამოიკვლია, კომპლექსურად არ გაანალიზა და შესაბამისი შეფასება არ მისცა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ყ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ საკითხზე მსჯელობისას ფაქტობრივი გარემოებები არაჯეროვნად შეაფასა და კონკრეტულ შემთხვევებში გამოიყენა კანონის ის მუხლები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ხოლო არ გამოიყენა ის მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებები სავსებით შესაძლებელს ხდიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის იმის დავალებას, რომ გამოეცა ა. ყ-ეისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე დადებითი დასკვნა.

კასატორი თავის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცია იმ ფაქტზე, რომ ა. ყ-ეის საქართველოში დაბრუნება და დროული ჩართვა სამედიცინო საქმიანობაში მისი ავტორიტეტის გათვალისწინებით წაადგება უამრავ ადამიანს და იხსნის მათ სიცოცხლეს. იგი ასევე სასარგებლო იქნება სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა იღებენ ცოდნას და კასატორს საკუთარი ცოდნის გადაცემა შეუძლია მათთვის. გარდა ამისა, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო არასწორად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მხოლოდ მის მეუღლეს ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა, რეალურად საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენენ კასატორის როგორც მეუღლე, ასევე შვილები, თავად კასატორს კი ჰქონდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვა. ამასთან, კასატორის ოჯახი ცხოვრობს ქალაქ თბილისში, მისმა შვილებმა სწავლა დაიწყეს ...ში მდებარე კერძო სკოლა „გ...ში“, ხოლო ოჯახს ქ. თბილისში მდებარე ქონების გარდა, სხვაგან უძრავი ქონება არ გააჩნდა.

კასატორი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მის მიმართ უსაფრთხოების სამსახურების უარყოფითი დასკვნა, მის მიერ სავალდებულო საგნებში მიღებული ქულები არის კარგი, მისი ყოფნა კი შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს, გაუგებარი და აუხსნელია რა საჯარო ინტერესი შეიძლება არსებობდეს მისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარყოფითი დასკვნის გაცემისთვის. აღნიშნულის დამაჯერებელი არგუმენტაცია კი, კასატორის მოსაზრებით, არც მოწინააღმდეგე მხარეს წარმოუდგენია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით, ა. ყ-ეის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ა. ყ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ყ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ა. ყ-ეის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ნაწილობრივ იზიარებს ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართალია გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორი შეფასება მისცა მას და არასწორად გადაწყვიტა წინამდებარე დავა.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ა. ყ-ე დაიბადა ... წლის ...ს საქართველოში, ქ. თბილისში. მისი მამა იყო - ან. ყ-ე, ხოლო დედა - ბ. კ-ე.

ასევე დადგენილია, რომ ა. ყ-ეის მეუღლეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე თ. ჭ-ე და მათ ჰყავთ სამი შვილი - ნ. ყ-ე, ანა. ყ-ე, მ. ყ-ე. დადგენილია, რომ თ. ჭ-ეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი ..., ...ს ქ. №....

დადგენილია, რომ 2022 წლის 23 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ - ა. ყ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა, საფუძვლად კი განისაზღვრა, რომ მას საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდა. განცხადების თანახმად, ა. ყ-ე იყო დაბადებით და ეროვნებით ქართველი, მისი ნათესავები და მეუღლე იყვნენ ქართველები და იგი საქართველოში ჩამოვიდა ოჯახთან ერთად მუდმივად საცხოვრებლად. გარდა ამისა, ა. ყ-ემ განცხადებაში მიუთითა, რომ მისი ყველა ნათესავი, ოჯახის წევრები და ახლობლები ცხოვრობდნენ საქართველოში და მისი წინაპრებიც საქართველოში არიან დაკძალულნი. განმცხადებლის მითითებით იგი წარმოადგენდა მეცნიერებათა კანდიდატს ზოგად ქირურგიაში და სურვილი ჰქონდა დასაქმებულიყო პროფესიით და მომსახურებოდა საქართველოს მოსახლეობას.

დადგენილია, რომ ა. ყ-ეის განცხადების განხილვისას, მოპასუხემ გამოიკვლია მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. ამასთან, სააგენტომ საკითხის გადასაწყვეტად საჭირო ინფორმაციები გამოითხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით ა. ყ-ეის მიმართ დეპარტამენტში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის №MIA 1 22 02766236 წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს ეცნობა, რომ წერილზე თანდართულ სიაში მითითებული პირების მიმართ შსს მიგრაციის დეპარტამენტში არ მიმდინარეობდა გაძევების პროცედურა. ხოლო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის №SSG 3 22 00227641 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ა. ყ-ეის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 6 დეკემბრის №25534 სხდომის ოქმით გადაწყდა, რომ ა. ყ-ე მიწვეულიყო გასაუბრებაზე. ამავე კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №28329 სხდომის ოქმის თანახმად კი, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის ა. ყ-ეის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი. კომისია 2022 წლის 29 დეკემბრის გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველ პირს - ა. ყ-ეს. გასაუბრება კომისიის წევრებსა და გასაუბრებაზე მოწვეულ პირს შორის, წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი პირის წარსული მოღვაწეობის, ოჯახური მდგომარეობის, პროფესიის, საქართველოში დასაქმების და მომავალში დაგეგმილი საქმიანობის, ამჟამინდელი მოქალაქეობის ქვეყანაში საქმიანობის, საქართველოსა და ამჟამინდელი მოქალაქეობის ქვეყანაში ქონების ფლობის, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივის თაობაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებით გამოირკვა შემდეგი: ა. ყ-ე იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა საქართველოში, ქალაქ თბილისში, აქვე მიიღო საშუალო განათლება, უმაღლესი სამედიცინო განათლება რუსეთში მიიღო, დასაქმებული იყო ქ. პეტერბურგში ექიმად, ქორწინებაში იმყოფებოდა საქართველო-რუსეთის მოქალაქესთან, შვილები იყვნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. ა. ყ-ე 2007 წლის შემდეგ 2022 წელს ჩამოვიდა საქართველოში და გეგმავდა მომავალში საქართველოში ცხოვრებას.

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულმა კომისიამ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის საფუძველზე შეაფასა ა. ყ-ეის ცოდნის დონე და დაადგინა, რომ მისი ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა); საქართველოს ისტორია - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა); სამართლის ძირითადი საფუძვლები - 9 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა).

ასევე დადგენილია, რომ კომისიამ მიიჩნია, რომ რუსეთის მოქალაქის ა. ყ-ეის მიმართ, არ არსებობდა კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა, რომ ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად მომზადებულიყო უარყოფითი დასკვნა. მომხრე იყო 4 წევრი, ხოლო წინააღმდეგი - 2 წევრი. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული პოზიციის მქონე კომისიის ორმა წევრმა, რომლებმაც სადავო საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირეს დადებითი პოზიცია, ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ ა. ყ-ე დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, მისი მეუღლე იყო საქართველოს მოქალაქე და იგი გეგმავდა საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას. შესაბამისად, აღნიშნულმა პირებმა მიიჩნიეს, რომ ა. ყ-ეის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. თუმცა, ოქმში არ იყო შეფასებული, თუ რა გარემოებებს დაეფუძნა უარყოფითი დასკვნის მომზადების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №28329 სხდომის ოქმის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა 2023 წლის 3 იანვრის №... დასკვნა, რომლის თანახმად, სააგენტომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ა. ყ-ეის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოამზადა უარყოფითი დასკვნა, რომელიც სააგენტოს 2023 წლის 3 იანვრის №1000823560/1 მიმართვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის უფროსს გადაეგზავნა. დასახელებულ დასკვნაში სააგენტომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ა. ყ-ეის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 12 იანვრის №91 წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოდან გადაგზავნილ №... უარყოფით დასკვნაზე, საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 იანვრის №... დასკვნა, რომლითაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა. ყ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს უარყოფითი შეფასება მიეცა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა.

საკასაციო სასამართლო ერთი მხრივ მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. ხოლო მეორე მხრივ, კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ უფლებამოსილებად ასახელებს ორგანული კანონით დადგენილი წესით მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტას.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი, ნატურალიზაციის ერთ-ერთ სახედ განსაზღვრავს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას, რომელიც მოწესრიგებულია დასახელებული კანონის მე-17 მუხლით. კერძოდ, ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. ამავე შინაარსის რეგულირებას მოიცავს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტიც, ხოლო მე-3 პუნქტი დამატებით განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის მიერ, სხვებს შორის, მხედველობაში შეიძლება იქნეს მიღებული: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა სხვა ქვეყნის მოქალაქის შეფასების, ასევე საქართველოს სახელმწიფოსთან მისი კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, ან/და სხვა ისეთი გარემოება ან ფაქტორი, რომელსაც შესაძლოა გააჩნდეს მნიშვნელობა საქართველოს წინაშე სხვა ქვეყნის მოქალაქის განსაკუთრებული დამსახურების და/ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სახელმწიფო ინტერესის არსებობის დადებითად ან უარყოფითად შესაფასებლად.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების გამომრიცხველ გარემოებებსაც და ასეთად ასახელებს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესაბამის პირს: ა) ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. (ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად: კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებით განსაზღვრული პირობებისა) არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს.

ზემოაღნიშნული დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია აფასებს პირის მიერ სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონესა და სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები; ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-12 პუნქტი (ამჟამინდელი რედაქციის მე-7 პუნქტი) კი განსაზღვრავს, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე. ხოლო დასახელებული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 პუნქტის (ამჟამინდელი რედაქციის მე-8 პუნქტი) თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. ხოლო დასახელებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების 21-ე მუხლის პირველი მე-2 თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ყ-ეის განცხადების განხილვისას, მოპასუხემ გამოიკვლია მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. ამასთან, სააგენტომ საჭირო ინფორმაციები გამოითხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტიდან. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულ წერილებში, ა. ყ-ეის მოთხოვნის უარყოფის საფუძვლების შემცველი ინფორმაცია მითითებული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იყო დასაბუთებული ა. ყ-ეის მიმართ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის გაცემის შესახებ უარყოფითი დასკვნის გაცემის კანონიერება, რამდენადაც სახეზე არ იყო კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული, კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც გამორიცხავდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მართალია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვა ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ, ამავდროულად კომისიის მიერ მოხდა მასთან გასაუბრება, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მომხდარა მიღებული ინფორმაციის სათანადო ანალიზი და კანონიერი ინტერესების ურთიერთშეჯერება. ამასთან, სადავო დასკვნაში მითითება გაკეთდა როგორც სააგენტოს მიერ შესაბამისი გარემოებების გამოკვლევის ფაქტზე, ასევე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №28329 სხდომის ოქმზე, თუმცა არც დასახელებულ სხდომის ოქმში და არც სადავო დასკვნაში, გარდა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმისა, არ ყოფილა მითითებული ის კონკრეტული გარემოებები, რაც გახდა მოსარჩელისთვის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ქონა დაკავშირებულია აღნიშნული სტატუსის მატარებელი პირებისთვის კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით მთელი რიგი უფლებების მინიჭებასთან, შესაბამისად, პირისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმა მას ართმევს შესაძლებლობას ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის უზრუნველყოფილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის ან მისი ჩამორთმევის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია იგი განხორციელდეს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების შედეგად, ემსახურებოდეს მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს, იყოს მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება. განსახილველ შემთხვევაში კი, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიმართ არცერთი ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არ ყოფილა უარყოფითი დასკვნა/ინფორმაცია გაცემული, მან ცოდნის დონის შეფასებისას მიიღო უმაღლესი ქულები, ასევე მისი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე განცხადების ფორმაში განცხადებაში ა. ყ-ე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა, რომ საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდა და სურდა საქართველოში მუდმივად ცხოვრება, ქვეყნის სამსახურში ყოფნა და პროფესიული საქმიანობის გაგრძელება, საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით დადგენილი მიზნების შესაბამისად და ფიზიკური პირისთვის მოქალაქეობის მიცემის წინაპირობების ზოგადი სულისკვეთების გათვალისწინებით, სახეზე იყო ა. ყ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემაზე უარის თქმის საფუძველი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ 1985 წელს აღიარა პირსა და მისი დაბადების ქვეყანას შორის კავშირის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მის მიმართ განსაკუთრებული მოპყრობის საფუძვლიანობა ამგვარი კავშირის გამო. 1984 წლის საქმეში - აბდულაზიზი, კაბალესი და ბალკანდალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სტრასბურგის სასამართლოს განმარტა შემდეგი: „მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის მანძილზე პირის მიერ კონკრეტულ ქვეყანაში დასახლებით, შესაძლოა ჩამოყალიბებულიყო პირსა და ამ დროებითი დასახლების ქვეყანას შორის მყარი კავშირები, ზოგადად, საკმაოდ დამაჯერებელი სოციალური მიზეზები არსებობს იმისათვის, რომ პირსა და მისი დაბადების ქვეყანას შორის კავშირს მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა და იმისათვის, რომ განსაკუთრებული მოპყრობა მიიღოს ისეთმა პირმა, რომლის კავშირი კონკრეტულ ქვეყანასთან გამომდინარეობს მასში დაბადების ფაქტიდან“ (Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the UK; N 9214/80, N 9473/81 და N 9474/81; პარაგრაფი 88; 28 მაისი 1985).

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წლის პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული „პირადი ცხოვრების“ ცნება არის ფართო კონცეფცია, რომელიც მოიცავს პიროვნების ფიზიკური და სოციალური იდენტობის მრავალ ასპექტს“ (იხ. Genovese v. Malta, no. 53124/09, § 30, 2011 წლის 11 ოქტომბერი, და Ramadan v. Malta, no. 76136/12, § 62, 2016 წლის 21 ივნისი). ამავე საქმეში სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის უფლება, მოიპოვოს მოქალაქეობა, პირდაპირ არ არის გარანტირებული კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით, ეროვნული ორგანოების მიერ პირისთვის მოქალაქეობის მიცემაზე თვითნებურმა უარის თქმამ, გარკვეულ პირობებში შესაძლოა წარმოშვას კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე შეუსაბამობა, პიროვნების პირად ცხოვრებაზე უარყოფითი ზემოქმედების გამო“ (იხ. Karassev v. Finland (განჩინება), no. 31414/96, 1999 წელი, სერია II; Genovese v. Malta, no. 53124/09, § 30, 2011 წლის 11 ოქტომბერი).

სასამართლომ ასევე პრეცედენტულ საქმეში - ალპეიევა და ჯალაღონია რუსეთის წინააღმდეგ, მიიჩნია, რომ იგივე პრინციპები უნდა ვრცელდებოდეს უკვე მიღებული მოქალაქეობის გაუქმებაზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი – ან უფრო ინტრუზიული ჩარევა პირის ოჯახური და პირადი ცხოვრების უფლებაში. იმის დასადგენად, არღვევს თუ არა მოქალაქეობის გაუქმება მე-8 მუხლს, სასამართლომ ჩამოაყალიბა ორ-დონიანი მიდგომა, რომლის ფარგლებში სასამართლო აფასებს: ა) რამდენად სავალალო შედეგები მოჰყვა მოქალაქეობის გაუქმებას მომჩივნისთვის და ბ) იყო თუ არა მოქალაქეობის გაუქმება თვითნებურ (იხ. Ramadan, ზემოთ მითითებული, § 85; და Alpeyeva and Dzhalagoniya v. Russia, nos. 7549/09 და 33330/11, § 108, 2018 წლის 12 ივნისი). ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეროვნული ორგანოს სადავო ქმედება/გადაწყვეტილება (მოქალაქეობის მიცემაზე უარის თქმა/მოქალაქეობის ჩამორთმევა) არ იწვევს იმგვარ სავალალო გარემოებას, როგორიცაა პირის აპატრიდად ქცევა, მაინც შესაძლებელია დადასტურდეს მომჩივნის მიერ განცდილი შედეგების სავალალობა, თუ ცხადია, რომ გადაწყვეტილებამ უარყოფითი ზეგავლენა იქონია მომჩივნის მიერ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი სხვადასხვა უფლების ეფექტიან რეალიზაციაზე“ (Ahmadov v. Azerbaijan; N 32538/10; § 46; 30 იანვარი 2020). ხოლო რაც შეეხება თვითნებობას, ეროვნული ორგანოს მიერ მოქალაქეობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების თვითნებურობის დასადგენად, სასამართლო აფასებს: იყო თუ არა გაუქმება კანონთან შესაბამისობაში; ხელმისაწვდომი იყო თუ არა პირისთვის საჭირო პროცედურული გარანტიები, მათ შორის, ჰქონდა თუ არა პიროვნებას, რომელსაც მოქალაქეობა ჩამოართვეს, შესაძლებლობა გაესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება ისეთ სასამართლოში, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის გარანტიებს; და იმოქმედეს თუ არა სახელმწიფო ორგანოებმა მთლიან ამ პროცესში გულისხმიერად და სათანადო სისწრაფით (იხ. Ramadan, ზემოთ მითითებული, §§ 86-89; და Alpeyeva and Dzhalagoniya, ზემოთ მითითებული, § 109). აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პრეცედენტულ საქმეში - აჰმადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული, ჯალაღონიას საქმეში დადგენილი პრინციპები ასევე იდენტურად ვრცელდება პირისთვის მოქალაქეობის მიცემის/მინიჭების საქმეებზეც (Ahmadov v. Azerbaijan; N 32538/10; § 45; 30 იანვარი 2020).

ზემოაღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ დასტურდება სადავო დასკვნის უარყოფითი გავლენა/შედეგი მოსარჩელის ცხოვრებაზე რამდენადაც ცხადია, რომ გასაჩივრებული აქტი მოსარჩელეს ართმევს სამშობლოში საკუთარ ოჯახთან ერთად სრულფასოვნად დამკვიდრების და საქართველოს მოქალაქისთვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებება-მოვალეობებით სარგებლობის, ასევე საქართველოში საკუთარი პროფესიული გამოცდილების გაზიარების და პროფესიით დასაქმების შესაძლებლობას, რაც პიროვნებასა და მისი დაბადების ქვეყანას შორის არსებული მნიშვნელოვანი კავშირის გათვალისწინებით, უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსარჩელის მდგომარეობაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, და მისი უფლებების ეფექტიან რეალიზაციაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მისი ოჯახის წევრი (მეუღლე) საქართველოს მოქალაქეა. საკასაციო სასამართლო მეორე მხრივ აღნიშნავს, რომ სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს თვითნებურობის პრევენციის ტესტს, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა და თავად გასაჩივრებული განჩინებითაც დადასტურებულად იქნა მიჩნეული, სადავო დასკვნა არ არის სათანადოდ დასაბუთებული და არ იკვეთება თუ რა ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობოდა სააგენტოს მიერ მოსარჩელის მიმართ უარყოფითი დასკვნის მიღება.

აღსანიშნავია, რომ მართალია საკასაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მსჯელობას სადავო აქტში დასაბუთების არ ქონის და მისი ბუნდოვანების თაობაზე, თუმცა საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას სარჩელის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რამდენადაც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას, საკითხის ხელახალი განხილვის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნება კი, კონკრეტულ შემთხვევაში გამოიწვევს მართლმსაჯულების ხელოვნურ გაჭიანურებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილი. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი კომპონენტებია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების - საქმის სამართლიანი განხილვის უფლების არსებით ელემენტს წარმოადგენს სასამართლოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში განხილვა. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის მოთხოვნის დაწესებით, კონვენცია ხაზს უსვამს მართლმსაჯულების ადმინისტრირებას დაყოვნებების გარეშე, რომლებიც აზიანებენ მართლმსაჯულების ეფექტურობასა და მის მიმართ ნდობას“ (Scordino v. Italy (No.1)[GC], N 36813/97, პარაგრაფი 224, 29 მარტი, 2006). ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, იმგვარად მოაწესრიგონ მათი სამართლებრივი სისტემა, რათა მათმა ეროვნულმა სასამართლოებმა უზრუნველყონ მე-6 მუხლით დადგენილი, განხილვის გონივრული ვადის მოთხოვნის დაცვა (Vocaturo v. Italy, სერია A, N 206-C, პარაგრაფი 17). ზემოხსენებულ დიდი პალატის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ განსაზღვრა, რომ თითოეულმა სახელმწიფომ [იგულისხმება სახელმწიფო ორგანოები, მათ შორის ეროვნული სასამართლო], მის სასამართლო სისტემაში გამოსაყენებელ წესებზე დაყრდნობით, უნდა გადაწყვიტოს, რომელი პროცედურა უზრუნველყოფს „მართლმსაჯულების ეფექტურობის“ სავალდებულო მოთხოვნის დაცვას ყველაზე უკეთ. აუცილებელია, რომ აღნიშნული პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანობის პრინციპს შეესაბამებოდეს“ (Scordino v. Italy (No.1)[GC], N 36813/97, პარაგრაფი 200, 29 მარტი, 2006).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართლმსაჯულების ეფექტურობის უზრუნველყოფად და მხარეთათვის სამართლებრივი შედეგის წარმომშობი, შესაბამისი აქტის დროულად მისაღებად, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული მოსარჩელის მიმართ უარყოფითი დასკვნის გაცემის კანონიერება, ხოლო საქმის მასალები ადასტურებს მის მიმართ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მიცემის გამომრიცხავი გარემოებების არ არსებობას, არ არის მიზანშეწონილი სადავო საკითხის ხელახალი განხილვის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნება. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებებს, რომ ა. ყ-ე დაბადებულია საქართველოში, ჰყავს მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და რომელსაც საქართველოში გააჩნია უძრავი ქონება, ცალსახად ფიქსირდება მოსარჩელის მიერ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიჩნევის ნების გამოხატვა, რაც ასახულ იქნა გარკვეული მოქმედებების განხორციელებაში (მაგალითად: მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან შეიძინა საქართველოში უძრავი ქონება მეუღლის სახელზე, ამასთან საქმის მასალებში ფიქსირდება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2023 წლის 13 ივნისის №REG 8 23 00614332 წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის №16 სხდომის გადაწყვეტილებით ა. ყ-ეს მიენიჭა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „...“, საკასაციო სასამართლოში 2024 წლის 11 დეკემბერს ა. ყ-ეის წარმომადგენლის, გ. ა-ეის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში კი მითითებულია, რომ მოსარჩელე ქირურგად არის დასაქმებული), ამასთან როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ასევე სამართალწარმოების პროცესში ა. ყ-ეის მიერ არაერთხელ იქნა დაფიქსირებული საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში მიღებული როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის საქართველოს სასარგებლოდ გამოყენების სურვილი. ამდენადაც გასაჩივრებულ განჩინებაში არსებული მსჯელობის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის მასალებში წარმოდგენილია სასარჩელო მოთხოვნის არა ნაწილობრივ, არამედ სრულად დაკმაყოფილებისთვის საკმარისი და მყარი მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს ა. ყ-ეის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 (100+150+300) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე და 411-ე მუხლებით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. ყ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. ყ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ა. ყ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2023 წლის 3 იანვრის №... დასკვნა;

5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს ა. ყ-ეის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს დადებითი დასკვნა;

6. მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს ა. ყ-ეის სასარგებლოდ მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა