საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბ-1242-5(გან-24) 11 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
განმცხადებელი - გ. ბ-ე
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2000 წლის 20 აპრილს სს ,,კ...ს“, შპს ,,ა...სა“ და სს ,,ო...ს“ კრედიტორებმა სარჩელით მიმართეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის უფროსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიმართ.
2006 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელეებმა კვლავ წარადგინეს სასარჩელო განცხადება, სადაც მოპასუხეებად მიუთითეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, კახეთის სააღსრულებო ბიურო და სააღსრულებო დეპარტამენტი და გარდა ზიანის ანაზღაურებისა, მოითხოვეს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების დავალებაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე „ო...ს“ კრედიტორების: დ. წ-ას, ნ. გ-ეის, ნ. ბ-ეის, თ. ნ-ის, ო. ნ-ის, ც. ნ-ეის, ნ. ნ-ეის, დ. ს-ეის, მ. ჭ-ას, ნ. ჩ-ეის, ნ. ჩ-ძეის, ლ. ბ-ეის, გ. ფ-ეის, ნ. ნ-ეის, თ. ყ-ის, ე. გ-ეის, ნ. მ-ეის, ნ. ლ-ის, შ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის და სს "ო...ს" მიმართ, არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე დარჩა განუხილველი.
2008 წლის 4 ივნისს მოსარჩელეების - შ. ხ-ის, ნ. ბ-ეის, ზ. წ-ეის, ო. ლ-ეის, ა. პ-ეის, დ. წ-ა-ჯ-ის, ე. ბ-ის, გ. ჩ-ეის, მ. ბ-ის, მ. ს-ეის, ზ. ლ-ეისა და ნ. გ-ეის მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე. მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მოითხოვეს მოპასუხეებს დაევალოთ დედოფლისწყაროს სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინებისა და №2/89 სააღსრულებო ფურცლის; ასევე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს №2/4-06 გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კოოპერატივ ქ...დან 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონების ღირებულებასა და გადასაცემ თანხებს შორის სხვაობის თანხების ამოღება; სს ,,ა...დან“ სს ,,ქ...ზე“ გადაცემული 3 ცალი ტ-150-ის ტიპის ტრაქტორის მოძიება იძულებით აუქციონზე გაყიდვის მიზნით; ასევე დაევალოთ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და დედოფლისწყაროს სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადასცეს: 1. აგურის ქარხანა; 2. ავტომანქანა კამაზი (ხ-ე) 3. ავტომანქანა კამაზი (ჩ-ი); 4. ტრაქტორი მტზ-80 (ნ. ბ-ი); 5. ტრაქტორი მტზ - 80; 6. მეღორეობის ფერმა თავისი სახლით (ნ-ი); 7. მეღორეობის ფერმა თავისი სახლით (ქ-ე); 8. მარცვლეულის საწყობი (მ-ი); 9. აფთიაქი (ნ. მ-ი); 10. ტრაქტორი ტ-25 (დ-ი); 11. ტრაქტორი ტ-25 (მ-ი); 12. ტრაქტორი ტ-25 (ო-ი); 13. სათესი (მ-ი კ.); 14. ტრაქტორი მტზ-80 (ხ-ი კ.); 15. ტრაქტორი მტზ-80 (ხ-ი ხ.); 16. ტრაქტორი დტ-75 (ხ-ი გ. და პ-ი); 17. ხორბლის სათესი (ტ-ი პ.); 18. ტრაქტორი მტზ-80; 19. ლაფეტი ორღერძიანი; 20. მზესუმზირის სათესი (ბ-ი თ.); 21. გუთანი (ხ-ი გ.); 22. ავტომანქანა გაზ-53 (ო-ი თ.); 23. ზილ-130 (ხ-ი გ.); 24. ავტომანქანა გაზ-53 (ო-ი თ.); 25. ზილ-130 (წ-ი ნ.); 26. ზილ-130 (ქ-ი ზ.); 27. ზილ-130 (გ-ი ქ.); 28. ავტობუსი (ნ-ი გ.). 29. სათესი (ა-ი შ.) 30. მეცხოველეობის კომპლექსი; 31. ვენახი; ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 5 მილიონი აშშ დოლარისა და მატერიალური ზარალის სახით 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდა გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს ,,ა...", ,,ქ...ი", სს ,,ო...“ და კოოპერატივი ,,ქ...".
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მოსარჩელე - ა. პ-ეის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა კ. პ-ე, ხოლო მოსარჩელე - ნ. ბ-ეის უფლებამონაცვლედ - პ. ბ-ე;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირის - სს "ო...ს" უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა სს "უ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მოსარჩელე - შ. ხ-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ვ. ხ-ი, ხოლო მოსარჩელე - გ. ჩ-ეის უფლებამონაცვლედ - კ. ჩ-ე.
2018 წლის 20 ნოემბერს სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მოთხოვნის დათმობის თაობაზე 2015 წლის 8 აპრილისა და 2012 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მოსარჩელეებმა ნ. გ-ემ, დ. წ-ამ, გ. ჩ-ეემ, ო. ლ-ემ (სავარაუდო უფლებამონაცვლე), ა. პ-ეის უფლებამონაცვლე კ. პ-ემ მოთხოვნა დათმეს გ. ბ-ეის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქმეში გ. ბ-ე ცნობილ იქნა მოსარჩელეების - ნ. გ-ეის, დ. წ-ას, გ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე კ. ჩ-ეის, ო. ლ-ეის (სავარაუდო უფლებამონაცვლე), ა. პ-ეის უფლებამონაცვლე კ. პ-ეის უფლებამონაცვლედ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სარჩელი ზ. წ-ეის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად, სათანადო უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ხ-ის უფლებამონაცვლე ვ. ხ-ის, ნ. ბ-ეის უფლებამონაცვლე პ. ბ-ეის, ე. ბ-ის, მ. ბ-ის, მ. ს-ეის, ზ. ლ-ეის, გ. ბ-ეის (ნ. გ-ეის, ო. ლ-ეის სავარაუდო უფლებამონაცვლის, დ. წ-ას, გ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე კ. ჩ-ეის, ა. პ-ეის უფლებამონაცვლე კ. პ-ეის უფლებამონაცვლე) სარჩელი მოპასუხეებისათვის ქმედების განხორციელების დავალებისა და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ (ნ. გ-ეის, ო. ლ-ეის სავარაუდო უფლებამონაცვლის, დ. წ-ას, გ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე კ. ჩ-ეის, ა. პ-ეის უფლებამონაცვლე კ. პ-ეის უფლებამონაცვლე), რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოსთვის წარდგენა იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც არის საქმეში. ხარვეზის აღმოსაფხვრელად სააპელაციო საჩივრის ავტორს განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა განჩინების ჩაბარებიდან.
2021 წლის 18 იანვარს აპელანტმა გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის ორი კვირით გაგრძელება იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 7 (შვიდი) დღით და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოსთვის წარდგენა იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც არის საქმეში.
2021 წლის 25 თებერვალს აპელანტის გ. ბ-ეის წარმომადგენელმა - ნ. გ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ეის წარმომადგენლის - ნ. გ-ეის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ (ნ. გ-ეის, ო. ლ-ეის სავარაუდო უფლებამონაცვლე, დ. წ-ას, გ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე კ. ჩ-ეის, ა. პ-ეის უფლებამონაცვლე კ. პ-ეის უფლებამონაცვლე).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით გ. ბ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება.
2024 წლის 13 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-ემ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინების განმარტება მოითხოვა იმ მოტივით, რომ აღნიშნულ განჩინებაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერა მოხდა არასწორად, რამაც გამოიწვია არასწორი განჩინების გამოტანა. განმცხადებლის განმარტებით, მისთვის გაუგებარია რატომ არის იგი ო. ლ-ეის სავარაუდო უფლებამონაცვლე ან ნ. გ-ეის უფლებამონაცვლე, მაშინ როდესაც სასამართლომ იგი ცნო ო. ლ-ეისა და ზ. ლ-ეის უფლებამონაცვლედ, ისევე როგორც ცნო კ. პ-ეის უფლებამონაცვლედ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით იგი ცნობილ იქნა კ. ლ-ეისა და ზ. ლ-ეის უფლებამონაცვლედ, ამავე განჩინებაში მითითებულია, რომ კ. ლ-ეის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობა მიიღო ცოლმა - ო. ლ-ემ 2002 წლის 26 მარტს გაფორმებული სანოტარო აქტის საფუძველზე. 2012 წლის 23 მაისს ო. ლ-ემ, როგორც კ. ლ-ეის მემკვიდრემ და ზ. ლ-ეისაგან მოთხოვნის უფლების მიმღებმა პირმა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება გააფორმა მასთან - გ. ბ-ესთან, რის შემდეგაც იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე ცნობილ იქნა ზ. ლ-ეისა და სხვათა უფლებამონაცვლედ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას კი არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტების საგანს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით გ. ბ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კი, თავის მხრივ, გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. რაც ნიშნავს, რომ ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე საქმეზე არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას და არა ის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, გასაჩივრებული განჩინება.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა მიმართულია არა გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის, არამედ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების განმარტებისკენ. კერძოდ, იგი ითხოვს განმარტებას იმის თაობაზე, თუ რატომ არის განჩინებაში მითითებული გ. ბ-ე, როგორც ნ. გ-ეისა და ო. ლ-ეის სავარაუდო უფლებამონაცვლე. აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც გ. ბ-ე ცნობილ იქნა მოსარჩელეების - ნ. გ-ეის, დ. წ-ას, გ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე კ. ჩ-ეის, ო. ლ-ეის (სავარაუდო უფლებამონაცვლე), ა. პ-ეის უფლებამონაცვლე კ. პ-ეის უფლებამონაცვლედ (ტ. VIII; გვ. 86-89). აღნიშნული განჩინების გასაჩივრება გ. ბ-ეს შეეძლო კერძო საჩივრით, რაც განმარტებულ იქნა ასევე განჩინებითაც. თუ განმცხადებელს გ. ბ-ეს მიაჩნდა, რომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში გ. ბ-ეის, როგორც ო. ლ-ეის სავარაუდო უფლებამონაცვლედ ცნობით დაირღვა მისი უფლება, მას შეეძლო გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული განჩინების გასაჩივრების საპროცესო უფლება და გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება. აღნიშნული უფლების რეალიზაცია გ. ბ-ეს საპროცესო კანონით დადგენილ ვადაში არ მოუხდენია. შესაბამისად, განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. მითითებული განჩინების არსებობის პირობებში კი, საკასაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას განსხვავებულად მიეთითებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინებაში გ. ბ-ეის საპროცესო სტატუსი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება რეალურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინების კრიტიკას წარმოადგენს და არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვინაიდან, მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმარტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე