Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-401(2კ-24) 20 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლა. ბ-ის და ლ. ბ-ის (მოსარჩელეები) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე და მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებაზე, ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 5 აგვისტოს ლა. ბ-იმა და ლ. ბ-იმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ლა. ბ-ის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ...ს სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 14 ივლისის №ბ75.75221955 ბრძანების ბათილად ცნობა; ლ. ბ-ის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სამსახურიდან გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 14 ივლისის №ბ75.75221954 ბრძანების ბათილად ცნობა; ლა. ბ-ის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; ლ. ბ-ის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ლა. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, 2022 წლის 15 ივლისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, ყოველთვიურად 1 540 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და საკლასო დანამატის ანაზღაურება ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგოს 1%-ის ოდენობით; ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ლ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, 2022 წლის 15 ივლისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, ყოველთვიურად 1 100 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და საკლასო დანამატის ანაზღაურება ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგოს 1%-ის ოდენობით; ლა. ბ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრა და მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის დაკისრება; ლ. ბ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრა და მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, ლა. ბ-ის და ლ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოს.

ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით, ლა. ბ-ის და ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 14 ივლისის Nბ75.75221955 ბრძანება, ლა. ბ-ის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ...ს სამსახურიდან გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 14 ივლისის Nბ75.75221954 ბრძანება, ლ. ბ-ის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სამსახურიდან გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ; ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ლა. ბ-ის და ლ. ბ-ის მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლა. ბ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო დაეკისრა მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის გადახდა; ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლ. ბ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო დაეკისრა მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ლა. ბ-ის და ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხარეების მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 8 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის აცილების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, ლა. ბ-ის და ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლა. ბ-ის სასარგებლოდ, დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, დაეკისრა მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის გადახდა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4. პუნქტი) და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლ. ბ-ის სასარგებლოდ, დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, დაეკისრა მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის გადახდა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5. პუნქტი) და ამ ნაწილში ლა. ბ-ის და ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლზე, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, მე-10 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633, 3635 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები მათ მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციად მიიჩნევენ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლებას. მოსარჩელეები თვლიან, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება მოტივირებული იყო დისკრიმინაციული ნიშნით - განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. მოსარჩელე მხარის შეფასებით, პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმინაციულ მოპყრობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ იმ შტატებს შეეხო, რომელიც მოსარჩელეებს ეკავათ. ამასთან, რეორგანიზაციის პროცესს წინ უსწრებდა დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა. ჯგუფი დაკომპლექტებული იყო 11 წევრით, მათ შორის მოწვეული იყვნენ ტყიბულის მერიის თანამშრომლებიც. მიუხედავად იმისა, რომ ლა. ბ-ი იკავებდა ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირის (HR) პოზიციას, მისთვის ეს პროცესი დახურული იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული და მისი მონაწილეობა პროცესში შეაფერხებდა მიმდინარეობას.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დისკრიმინაცია შეიძლება მრავალი ქმედებით გამოიხატოს, რომელიც გაიგივებული იქნება არასახარბიელო მოპყრობასთან, თუმცა არასახარბიელო მოპყრობა გადამწყვეტია დისკრიმინაციის დასადგენად, როცა ეს მოპყრობა არასახარბიელოა ანალოგიურ სიტუაციაში სხვა პირის მიმართ მოპყრობასთან შედარებით. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-14 მუხლის მოქმედების გავრცელებისთვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. განმცხადებელმა უნდა აჩვენოს, რომ ის არსებითად მსგავს მდგომარეობაშია იმ პირებთან შედარებით, რომლებიც სხვანაირ მოპყრობას ექვემდებარებიან. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს პირთა წრე, ვისთან შედარებითაც ხდება განსხვავებული მოპყრობა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიუთითა, რომ ლა. და ლ. ბ-იების შემთხვევაში პირთა წრე, ვისთან შედარებითაც მოხდა განსხვავებული მოპყრობა რომელიმე იმ ნიშნის გამო, რასაც შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობა დისკრიმინაციად მიიჩნევს, სახეზე არაა. განსხვავებული მოპყრობის დასადასტურებლად მხოლოდ იმ არგუმენტის მოშველიება, რომ რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ ლა. და ლ. ბ-იები გათავისუფლდნენ სამსახურიდან, რადგან სხვა პოლიტიკური სუბიექტის რიგებში ირიცხებოდნენ, დისკრიმინაციული მოპყრობის დამადასტურებელ არგუმენტად არ გამოდგება. მით უმეტეს, იმ ფაქტების მხედველობაში მიღებით, რასაც თავად მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს, რომ რეორგანიზაციის შემდეგაც საკრებულოს აპარატში თანამდებობაზე რჩება მოხელე (მ. ც-ი), რომელიც არ მალავს თავის უარყოფით პოლიტიკურ განწყობებს მმართველი ძალის მიმართ. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტები, რაზეც მოსარჩელე მხარე ამახვილებს ყურადღებას, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე მსჯელობის საგანია, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შინაარსის მიხედვით, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. მაშასადამე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას.

სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიმართ თანასწორობის პრინციპის დარღვევას არ ჰქონია ადგილი. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება სხვადასხვა პირების მიმართ ფაქტების იდენტურობა, შესაბამისად, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის არსი, რომ არსებითად იდენტური საქმის გარემოებების შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს ერთნაირი გადაწყვეტილება, დარღვეული არ არის. ამდენად, ის გარემოება, რომ შტატების შემცირების შედეგად იმ 5 მოხელიდან, რომელთაც წარედგინა გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ, სამსახურიდან გათავისუფლდნენ მხოლოდ ლა. და ლ. ბ-იები, ქმნის არა დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობის საფუძველს, არამედ გამოსარკვევია ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენად სრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა ის კრიტერიუმები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში რეორგანიზაციის შედეგად წარმოშობილ შტატებზე მოსარჩელეების შიდა მობილობის და სხვა მოხელეებთან შედარებით მათთვის უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების შემთხვევაში დისკრიმინაციულ მოპყრობას, იმ შინაარსით, რასაც კანონმდებლობა დისკრიმინაციად მიიჩნევს, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა იმის დადგენა, რამდენად არსებობდა კანონიერი საფუძველი რეორგანიზაციის გამო მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლებისთვის და რეალურად შეიქმნა თუ არა იმგვარი მოცემულობა, რაც მათი რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ შტატებზე დასაქმების შესაძლებლობას გამორიცხავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლო ამოწმებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა მხოლოდ სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე. დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, რადგან ეს უკანასკნელი მმართველობის სფეროს განეკუთვნება. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შედეგად შერჩეულმა ღონისძიებამ არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 108-ე, 110-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შემდგომ მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობდა და მათი თანამდებობის მსგავსი (ფუნქციური დატვირთვით) საშტატო ერთეული არ შექმნილა, თუმცა რეორგანიზაციის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოირიცხებოდა მოხელეთა გადაყვანა სხვა, მათ შორის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ახალ პოზიციებზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მაგისტრატი სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა თავდაპირველად შეთავაზებული იქნას საჯარო მოხელის უწინდელი თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა, ხოლო რამდენიმე კანდიდატის არსებობის პირობებში უპირატესობა მიენიჭოს იმ საჯარო მოხელეს, რომელსაც უფრო მაღალი იერარქიული რანგი, გამოცდილება, კვალიფიკაცია, კომპეტენცია, პიროვნული თუ სხვა სახის თვისებები გააჩნია. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული უპირატესობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებული იყოს შესაბამის საპროცესო დოკუმენტში, რათა სასამართლოს ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლომ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი შტატების ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი და ...ში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი, რეალურად იყო ახალი საშტატო ერთეულები. შესაბამისად, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პალატისთვის გაურკვეველია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეორგანიზაციისას განსახორციელებელი სამუშაო გეგმით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის 2022 წლის 15 ივნისის სხდომაზე გაკეთებული დასკვნები შესამცირებელი და თანამდებობაზე დასატოვებელი პირების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანომ მხოლოდ საკრებულოს აპარატის უფროსის განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც არ იძლევა ლოგიკური დასკვნების გაკეთების არანაირ ობიექტურ შესაძლებლობას, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ი. ო-ე უნდა გადაეყვანათ საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...), ხოლო ნ. ც-ე - საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...) თანამდებობაზე, თუმცა არც ოქმის და არც სხვა დოკუმენტების შინაარსიდან არ ჩანს დასაბუთება, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და რატომ შეირჩა მითითებული პირები ახალ შტატებზე გადასაყვანად ან რა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს მოსარჩელეებმა.

სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში ცვლილებების მართვის გუნდის 2022 წლის 15 ივნისის №4 ოქმია ის ერთადერთი დოკუმენტი, სადაც ასახულია თუ რომელი თანამდებობების გაუქმება მოხდა საკრებულოს აპარატში და ვინ დაინიშნა თანამდებობებზე. ამ დოკუმენტის შინაარსიდან კი ცხადია, რომ არანაირი შედარება, შეფასება და შერჩევა, მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით არ მომხდარა, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილებაც დაუსაბუთებელია. ამდენად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა მაგისტრატი სასამართლოს დასკვნას ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 ივლისის ბრძანებების (№ბ75.75221955 და №ბ75.75221954) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლოს მიერ ვერ მოხდება საკითხის არსებითად გადაწყვეტა - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, რადგან მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ. შემოწმება სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და დისკრეციას მიკუთვნებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, დისკრეციაში შეჭრა, ცილდება სასამართლო კომპეტენციას. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხზე ხელახლა მსჯელობისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ახალი საშტატო ერთეულები ...ში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი და ...ში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი). შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი უნდა გადაწყვიტოს უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპის საფუძველზე, რაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი და ობიექტური მექანიზმის გამოყენებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხარეების მიერ. ასევე, ლა. ბ-იმა და ლ. ბ-იმა გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინება მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

კასატორების - ლა. ბ-ის და ლ. ბ-ის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ რეორგანიზაციის საფუძველზე მათი სამსახურიდან გათავისუფლება და მობილობის განუხორციელებლობა დაკავშირებულია მათ პოლიტიკურ საქმიანობასთან. კერძოდ, ისინი არიან ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრები. ლა. ბ-ი სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის მიმართ გამოხატავდა ღია კრიტიკას და ოპოზიციური პარტიის მიმართ ღია მხარდაჭერას, არასამუშაო დროს ერთვებოდა სხვადასხვა აქციებში, რომელიც მიმართული იყო მმართველი პარტიის საქმიანობის წინააღმდეგ. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში ლა. ბ-ი იყო ოპოზიციური პარტიის ტყიბულის მუნიციპალიტეტის შტაბის საარჩევნო სპეციალისტი და წარმომადგენელი N 57 ტყიბულის საარჩევნო ოლქში. ის ამ პერიოდში იმყოფებოდა შვებულებაში. ამავე არჩევნებში მისი მეუღლე დარეგისტრირებული იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატად ოპოზიციური პარტიის პარტიული სიით, რიგით ... ნომრად. ამდენად, კასატორების განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები ერთიანობაში ადასტურებს, რომ ლა. და ლ. ბ-იების სამსახურიდან გათავისუფლების რეალური საფუძველი შეიფუთა რეორგანიზაციით, რადგან მათი სამსახურიდან გათავისუფლების სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

კასატორები აქვე მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ არსებობდა ისეთი გარემოებები, რომლებიც ეჭვს იწვევს მოსამართლის მიუკერძოებლობაში. კერძოდ, მოსამართლე 2012-2015 წლებში იყო თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომელი (ხობის გამგეობის თანამშრომელი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატი მმართველი პარტიიდან) და მისი შვილი არის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

კასატორი - ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არ მოხდა რეორგანიზაციის ორი ეტაპის: გასათავისუფლებელი მოხელეების განსაზღვრისა და მოხელეთა მობილობის ეტაპის გამიჯვნა. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა, გასათავისუფლებელ მოხელეებად განისაზღვრა ამ განყოფილებაში დასაქმებული ოთხივე მოხელე. ამასთან, ვინაიდან ახალ სტრუქტურაში აღარ არსებობდა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...ში) პოზიცია, ლ. ბ-ისაც კანონით დადგენილი ვადის დაცვით ჩაბარდა გაფრთხილება შესაძლო გათავისუფლების თაობაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად განსაზღვრა გასათავისუფლებელი მოხელეები. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მითითებულ 5 პოზიციაზე დასაქმებული მოხელეები დაექვემდებარნენ მობილობას. კასატორი აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შემდგომ არსებული მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების (3 საშტატო ერთეული - სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, სპეციალისტი ...ში, სპეციალისტი საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხებში) პოზიციები, როგორც ტოლფასი თანამდებობები შეეთავაზათ რეორგანიზაციამდე საკრებულოს აპარატში დასაქმებულ მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტებს იურიდიულ საკითხებში, საოქმო საკითხებში და საკადრო საკითხებში. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოსარჩელეთა მიმართ მობილობის პროცედურა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლა. ბ-ისა და ლ. ბ-ის, ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლა. ბ-ისა და ლ. ბ-ის, ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლა. ბ-ი 2015 წლის 26 ოქტომბრიდან მუშაობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - ...ს თანამდებობაზე, ასევე, 2015 წლის 28 ოქტომბრიდან წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო 2016 წლის 18 იანვრიდან - ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS) წვდომაზე უზრუნველყოფილ პირს - ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირს (HR).

ასევე დადგენილია, რომ ლ. ბ-ი 2007 წლის 12 მარტიდან მუშაობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - ...ის (...ში) თანამდებობაზე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 მარტის განკარგულებით, საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციისას განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი. 2022 წლის 23 მარტს შედგა აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც მიჩნეული იქნა, რომ აპარატის არსებული სტრუქტურა, საშტატო შემადგენლობა და საჯარო მოხელეთა შორის ფუნქციათა გადანაწილება საჭიროებდა აპარატის ფუნქციასთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც თავის მხრივ ეფექტური მართვის საფუძველი იყო. მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საჯარო მოხელეთა შორის ფუნქციების განაწილებაში იყო უფლებამოსილებების დუბლირების პრობლემა, რაც გასწორებას საჭიროებდა. ამასთან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციისას განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის 2022 წლის 29 მარტის სხდომაზე, ჯგუფის წევრებმა მოისმინეს საკრებულოს აპარატის უფროსის მოსაზრება რეორგანიზაციის თაობაზე და გადაწყვიტეს, რომ საკრებულოს აპარატის არსებული სტრუქტურა საჭიროებდა ცვლილებას რეორგანიზაციის გზით. შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 18 აპრილის ბრძანებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო რეორგანიზაცია.

დადგენილია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 ივნისის N32 დადგენილებით დამტკიცდა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“, ასევე, „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ნუსხა“. ამავე დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №21 დადგენილება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 ივნისის N32 დადგენილებით დამტკიცებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების“ თანახმად, საკრებულოს აპარატში განისაზღვრა ოთხი საშტატო ერთეული: I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი), III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში), III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურიდიულ საკითხებში), III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომების ადმინისტრირებისა და საოქმო საკითხებშიში). ამასთან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №21 დადგენილებით დამტკიცებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების“ თანახმად, საკრებულოს აპარატში განსაზღვრული იყო ექვსი საშტატო ერთეული: I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი), III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (...ში), იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილებაში II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი (განყოფილების უფროსი), იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილებაში III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურიდიულ საკითხებში), III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საოქმო საკითხებში), III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების საკითხებში).

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 15 ივნისის ბრძანებით დამტკიცდა „საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციები“. ამავე ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 იანვრის N484 ბრძანება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 15 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული „საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების“ თანახმად, იურიდიულ საკითხებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქციებს წარმოადგენს: საკრებულოს აპარატში მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხების შესახებ ფრაქციების, კომისიებისა და ბიუროს წევრებისათვის კონსულტაციის გაწევა; გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების, ადმინისტრაციული აქტების, წერილების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება, ცვლილებების შეტანა ან/და ვიზირება; შემოსული კორესპონდენციების დამუშავება და შესაბამისი პასუხების პროექტების მომზადება; აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით სასამართლო საქმისწარმოების პროცესში საჭირო დოკუმენტების მომზადება და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით სასამართლოში საკრებულოს ინტერესების დაცვა; საკრებულოს აპარატის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; კანონით დადგენილი წესითა და ვადებში საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, გადაწყვეტილებების, დადგენილებების სისტემიზაცია და მათი გამოქვეყნების მიზნით შესაბამის ორგანოში/უწყებაში გადაგზავნა; საკრებულოს თავმჯდომარისა და უშუალო ხელმძღვანელის - აპარატის უფროსის მიერ მიღებული დავალებების შესრულება; საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშებსა და ახსნა-განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით; პასუხისმგებელია კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ან/და დავიზირებული დოკუმენტების სისწორეზე; ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის წინაშე. ამასთან, მითითებულ პოზიციაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებში განისაზღვრა უმაღლესი განათლება (სამართლის სფეროში).

აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქციებია: აპარატში ერთიანი საქმისწარმოების (ელექტრონული) პროცესის უზრუნველყოფა; შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების რეგისტრაცია, ინდექსაცია და სისტემიზაცია; მოსამზადებელი დოკუმენტების ვადების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება ხელმძღვანელისთვის; გასული დოკუმენტების შესაბამისი ადრესატებისთვის გაგზავნა და მომზადებული დოკუმენტების სათანადო გაფორმების კონტროლი; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება და არქივის წარმოება; ადმინისტრაციული საქმისწარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა; საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენება; საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და წარმოება; ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (eHRMS) შესაბამისი ინფორმაციის ასახვა; საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშებსა და ახსნა-განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით; ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის წინაშე.

ამავე ინსტრუქციის თანახმად, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქციებია: საკრებულოს, საკრებულოს ბიუროების, კომისიებისა და ფრაქციების სხდომების ორგანიზების უზრუნველყოფა; საკრებულოს, საკრებულოს ბიუროების, კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების დამუშავება და საკრებულოს წევრებისთვის არაუგვიანეს 24 საათით ადრე ელექტრონულად გადაგზავნის უზრუნველყოფა; საკრებულოს, საკრებულოს ბიუროების, კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე ხმების დათვლა, გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმება და რეგისტრაცია; საკრებულოს, საკრებულოს ბიუროების, კომისიებისა და ფრაქციების სხდომის ოქმების შედგენის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის, საქმეთა ნომენკლატურის მიხედვითა და ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების დაცვით წარმოება და დაარქივება; კომპეტენციის ფარგლებში მოსამზადებელი დოკუმენტების წარმოება/შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ხელმძღვანელებისთვის; საკრებულოს სხდომების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ორგანიზება; საკრებულოს თავმჯდომარისა და უშუალო ხელმძღვანელის - აპარატის უფროსის დავალებების შესრულება; პასუხისმგებელია კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ან/და დავიზირებული დოკუმენტების სისწორეზე; საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშებსა და ახსნა-განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით; ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის წინაშე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 იანვრის N484 ბრძანებით დამტკიცებული ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამდებობრივი ინსტრუქციების“ თანახმად, საკრებულოს აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (...) ფუნქცია-მოვალეობები იყო შემდეგი: ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს; მონაწილეობას იღებს შესაბამის კომისიებთან ერთად საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების მომზადებაში; ორგანიზაციულ და მეთოდურ დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს ფრაქციებს, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტებისა და სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის პროექტების შემუშავებაში; ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში; ახდენს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ; უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას; აფორმებს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო და სხვა დოკუმენტებს; უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს; უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათ ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპონდენციის განსახილველად გამზადებას და მოძრაობას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას; უზრუნველყოფს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომებისა და თათბირების ოქმების წარმოებას; სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა და დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე; ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით, ...ში საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები იყო შემდეგი: ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს მუშაობაში; ორგანიზებას უწევს/უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნის პროცესს; ორგანიზებას უწევს საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარის ურთიერთობებს მედია-საშუალებებთან და ჟურნალისტებთან; ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის თათბირებისა და შეხვედრების ჩატარებას; ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის დავალებებსა და მითითებებს; ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის და აპარატის უფროსის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

ამავე ინსტრუქციის თანახმად, იურიდიულ საკითხებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები იყო შემდეგი: ახორციელებს საკრებულოს ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; მეთოდურ დახმარებასა და იურიდიულ კონსულტირებას უწევს საკრებულოს სტრუქტურულ დანაყოფებს, თანამდებობის პირებს, საკრებულოს წევრებს, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ზედამხედველობას უწევს საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას; იცავს საკრებულოს კანონიერ ინტერესებს სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და განყოფილების უფროსის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და განყოფილების უფროსის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით, საქმისწარმოების საკითხებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები იყო შემდეგი: უზრუნველყოფს საკრებულოს სტრუქტურული ერთეულების და თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, მის ანოტირებას და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპონდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას; უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას (მათ შორის ელექტრონულს); მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს; ახდენს ფოსტით, ვებგვერდის მეშვეობითა და ელექტრონული ფოსტით საკრებულოში შემოსული განცხადებებისა და სხვა კორესპონდენციის რეგისტრაციას, აღრიცხვასა და ინდექსაციას, ადრესატებისა და შემსრულებლებისთვის დანაწილებას დოკუმენტბრუნვის ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით; ახდენს ,,მოქალაქეთა მისაღებში“ ვებგვერდის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტით ან სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით შემოსული განცხადების რეგისტრაციას, მათი დანიშნულებისამებრ გადაგზავნას დოკუმენტბრუნვის ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით; ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსისა და განყოფილების უფროსის მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და განყოფილების უფროსის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

ამავე ინსტრუქციის თანახმად, საოქმო საკითხებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები იყო შემდეგი: უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს ოქმების შედგენას; უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომებზე ხმების დათვლას, გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას და რეგისტრაციას; ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; უზრუნველყოფს საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; ადგენს საქმეთა ნომენკლატურას; ადგენს ინფორმაციას დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით უზრუნველყოფს საქმეთა ელექტრონულ დაარქივებას, ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და განყოფილების უფროსის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და განყოფილების უფროსის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეორგანიზაციისას განსახორციელებელი სამუშაო გეგმით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის (ცვლილებების მართვის გუნდი) 2022 წლის 15 ივნისის სხდომაზე, ჯგუფის წევრებმა მოისმინეს საკრებულოს აპარატის უფროსის განმარტება რეორგანიზაციის გამო თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სიის განსაზღვრასა და ვაკანტური თანამდებობების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. საკრებულოს აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ ,,საკრებულოს აპარატის ახალი საშტატო ნუსხიდან გამომდინარე, გაუქმდა აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა და საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება. შესაბამისად, გაუქმდა ყველა საშტატო ერთეული, რომელიც არსებობდა ამ განყოფილებაში. განისაზღვრა თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია: ლ. ბ-ი, ლა. ბ-ი, ი. ო-ე, ნ. ც-ე, მ. ც-იი. ახალი საშტატო ნუსხის თანახმად, შეიქმნა თანამდებობები უშუალოდ პირველად სტრუქტურულ ერთეულში - საკრებულოს აპარატში. ...რეორგანიზაცია არ შეეხო რიგ შტატებს, რომლებიც ახალი საშტატო ნუსხის თანახმად, იდენტიფიცირებულია შემდეგ შტატებთან: საკრებულოს აპარატის უფროსს, საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს (იურიდიული საკითხები), საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხებში), საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს (სხდომების ადმინისტრირება და საოქმო საკითხი). ამ თანამდებობების იერარქიული რანგი არ შეცვლილა და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ძირითადი ფუნქციები არ იცვლება, თუმცა რიგი ახალი ფუნქციები ეკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ახალ სტრუქტურაში გათვალისწინებული თანამდებობები შეეთავაზოთ არსებულ მოხელეებს (ჰორიზონტალური გადაყვანა). კერძოდ, ი. ო-ეს - საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ...ი); ნ. ც-ეს - საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომების ადმინისტრირება და საოქმო საკითხები); მ. ც-ის - საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურიდიული საკითხები). აპარატის უფროსის თანამდებობა რჩება უცვლელი, თუმცა ემატება რიგი ფუნქციები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ საკრებულოს აპარატში ვაკანტური თანამდებობა არ იქნება.“

2022 წლის 15 ივნისს თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა საკრებულოს აპარატის 5 თანამშრომელს: ლა. ბ-ის, ლ. ბ-ის, ი. ო-ეს, ნ. ც-ეს და მ. ც-ის.

2022 წლის 17 ივნისს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წერილით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს, ლა. ბ-ითან და ლ. ბ-ითან დაკავშირებით, საჯარო სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების მოძიების მიზნით, ვინაიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მათი თანამდებობების ტოლფასი თანამდებობები არ არსებობდა. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2022 წლის 22 ივნისის №გ5005 წერილით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიეწოდა ინფორმაცია საჯარო სამსახურის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების შესახებ, თუმცა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში მოსარჩელეთა მობილობის შესაძლებლობა არ აღმოჩნდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 14 ივლისის №ბ75.75221955 ბრძანებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების და მობილობის შეუძლებლობის გამო, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ... ლა. ბ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში, 2022 წლის 15 ივლისიდან.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 14 ივლისის №ბ75.75221954 ბრძანებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების და მობილობის შეუძლებლობის გამო, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ლ. ბ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში, 2022 წლის 15 ივლისიდან.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 14 ივლისის №ბ75.75221955 და №ბ75.75221954 ბრძანებების კანონიერებას. ამასთან, მათ თანმდევ მოთხოვნებს წარმოადგენს მოსარჩელეთა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლა. ბ-ის და ლ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრა და მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 5 000 ლარის დაკისრება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებს არსებითად აფუძნებენ სწორედ დისკრიმინაციის ფაქტზე მითითებით. კერძოდ, მოსარჩელეთა შეფასებით, დისკრიმინაციულმა მოპყრობამ განაპირობა მათი სამსახურიდან გათავისუფლება და გათავისუფლების რეალური საფუძველი შეიფუთა რეორგანიზაციით. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმებამდე, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა, ვინაიდან ამგვარი გარემოების დადასტურება ყოველგვარ კანონიერ საფუძველს აცლის სადავო ბრძანებებს და უსაფუძვლოს ხდის მსჯელობას მათი კანონიერების თაობაზე. შესაბამისად, მხოლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის არარსებობის პირობებში ექვემდებარება შეფასებას სადავო აქტების მატერიალური კანონიერება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაცია მე-17 საუკუნეში ინგლისურ ენაში დამკვიდრებული ტერმინია, რომელსაც საფუძვლად უდევს ლათინური სიტყვა discriminatio, რაც განსხვავებას ნიშნავს. ტერმინის ლინგვისტური მნიშვნელობა განსხვავებულ მოპყრობას გულისხმობს. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ადამიანის უფლებათა დამკვიდრებისა და დაცვის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება. თანასწორობის იდეა და პრინციპები დღეს მოქმედი საერთაშორისო სამართლის არაერთი აქტითაა გამტკიცებული. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) ადგენს, რომ „ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა“. საერთაშორისო სამართლის აღნიშნული ნორმა, ადამიანის უფლებათა თანასწორად სარგებლობის სტანდარტს ამკვიდრებს. ადამიანები თანასწორნი არიან იმ უფლებებით სარგებლობაში, რომლებსაც კონვენცია ადამიანის წარუვალ უფლებებად მიიჩნევს. მოგვიანებით, კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ასეთივე თანასწორობა დადგინდა არა მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის დროს. აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის აკრძალვა ემსახურება არა მხოლოდ თანასწორობის უფლების, არამედ თანასწორობის პრინციპის რეალიზებას, რომელიც უფრო ფართო შინაარსის მატარებელია და არ გულისხმობს მხოლოდ უფლებებით თანასწორად სარგებლობას. ამიტომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმით აიკრძალა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია საჯარო დაწესებულებების მიერ, რაც შეზღუდული არ არის მხოლოდ უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფით. ნორმა საჯარო დაწესებულებას აგრეთვე უკრძალავს პირის დისკრიმინაციას რაიმე დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ან ნებისმიერი სხვა ქმედების დროს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მოქმედებით ან უმოქმედობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში შესაძლებლობათა თანაბარი ხელმისაწვდომობის გარანტია ასევე განმტკიცებულია ეროვნული კანონმდებლობით. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ეროვნული კანონმდებლობით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლზე დაყრდნობით სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. მითითებული საპროცესო ნორმა ადგენს დისკრიმინირებული პირის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა; ბ) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით.

ამრიგად, პირი, რომელიც თავს უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლად განიხილავს, სასამართლოს წარუდგენს ფაქტებს და ამავე ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომლებმაც ნეიტრალურ მესამე პირს - საქმის განმხილველ მოსამართლეს, უნდა ჩამოუყალიბოს ვარაუდი, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული განმასხვავებელი ნიშნის გამო მის მიმართ განხორციელებულია უთანასწორო მოპყრობა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგნაირად არის გადანაწილებული: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ მას ჰქონდა გამართლება (Chassagnou and Others v. France [GC], №25088/94, №28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარ განსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის - ისეთი დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. ევროსასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება, ურთიერთდაკავშირებულია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მოტივირებული იყო დისკრიმინაციული ნიშნით - განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ იმ შტატებს შეეხო, რომელიც მოსარჩელეებს ეკავათ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველგვარი განსხვავებული მოპყრობა არ ქმნის დისკრიმინაციის შემადგენლობას, არამედ განსხვავებული მოპყრობა მოტივირებული უნდა იყოს აკრძალული ნიშნით. შესაბამისად, ქმედების დისკრიმინაციად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არათანაბარი მოპყრობის საფუძველი იყოს აკრძალული ნიშანი (შველიძე ზ. შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის რეგულირება ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ჟურნალი №2, 2012, 249). „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ პირთა წრე, ვისთან შედარებითაც მოხდა მოსარჩელეთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა რომელიმე იმ ნიშნის გამო, რასაც შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობა დისკრიმინაციად მიიჩნევს, სახეზე არაა. განსხვავებული მოპყრობის დასადასტურებლად კი იმ არგუმენტზე მითითება, რომ რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ ლა. და ლ. ბ-იები გათავისუფლდნენ სამსახურიდან, რადგან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის რიგებში ირიცხებოდნენ, მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას არ ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თავად მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციის შემდეგ საკრებულოს აპარატში თანამდებობაზე დარჩა მოხელე (მ. ც-ი), რომელიც არ მალავს თავის უარყოფით პოლიტიკურ განწყობებს მმართველი ძალის მიმართ. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მოსარჩელეთა მიმართ თანასწორობის პრინციპის დარღვევას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სხვადასხვა პირების მიმართ ფაქტების იდენტურობა. შესაბამისად, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის არსი, რომ არსებითად იდენტური საქმის გარემოებების შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს ერთნაირი გადაწყვეტილება, დარღვეული არ არის. ამდენად, ის გარემოება, რომ შტატების შემცირების შედეგად იმ 5 მოხელიდან, რომელთაც წარედგინათ გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ, სამსახურიდან გათავისუფლდნენ მხოლოდ ლა. და ლ. ბ-იები, ქმნის არა დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობის საფუძველს, არამედ დასადგენია ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენად სრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა ის კრიტერიუმები, რაც მოცემულ შემთხვევაში რეორგანიზაციის შედეგად წარმოშობილ შტატებზე მოსარჩელეების შიდა მობილობის და სხვა მოხელეებთან შედარებით მათთვის უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების შემთხვევაში დისკრიმინაციულ მოპყრობას, იმ შინაარსით, რასაც კანონმდებლობა დისკრიმინაციად მიიჩნევს, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობდა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ლა. ბ-ის და ლ. ბ-ის დარჩენილ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. აღნიშნული კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად კი, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული ბრძანებების თანახმად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების და მობილობის შეუძლებლობის გამო ლა. ბ-ი და ლ. ბ-ი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ,,(ადმინისტრაციული) ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულების დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ინოვაციური ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესზე მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს.“ (სუსგ Nბს-1102-1096(კ-17), 12.04.2018წ.)

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია. „შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (სუსგ Nბს-797(კ-18), 07.03.2019წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დასაქმების საკითხი ასევე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიკუთვნება, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ მიზანშეწონილობის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება. კერძოდ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის N21 და 2022 წლის 14 ივნისის N32 დადგენილებებით დამტკიცებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების“ თანახმად, საკრებულოს აპარატი 6 საშტატო ერთეულის ნაცვლად განისაზღვრა 4 საშტატო ერთეულით. ამასთან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 15 ივნისის ბრძანებით დამტკიცდა „საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციები“ და ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 იანვრის N484 ბრძანება.

მითითებული დადგენილებებისა და ბრძანებების ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება, რომ რეორგანიზაციის შემდგომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (აპარატის უფროსი) შტატს რეორგანიზაცია არ შეხებია და იგი დარჩა უცვლელი. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (იურიდიულ საკითხებში) შტატს დაემატა ახალი ფუნქციები, თუმცა ამ პოზიციის შეთავაზება მოსარჩელეებზე ვერ მოხდებოდა, რადგან საკვალიფიკაციო მოთხოვნას წარმოადგენდა უმაღლესი განათლება (სამართლის სფეროში), რაც მოსარჩელეებს არ ჰქონდათ. მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეული უფროსის (განყოფილების უფროსი) და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...ში) შტატები გაუქმდა. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი (საოქმო საკითხებში) შეიცვალა და მას დაემატა ფუნქციები, რის შედეგადაც ახალ საშტატო ერთეულს ეწოდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომების ადმინისტრირების და საოქმო საკითხებში); ასევე შეიცვალა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (საქმისწარმოების საკითხებში) შტატის ფუნქციები და სახელწოდება, კერძოდ, მას ეწოდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციის შემდგომ მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობები აღარ არსებობდა და მათი თანამდებობების მსგავსი (ფუნქციური დატვირთვით) საშტატო ერთეულები არ შექმნილა, თუმცა რეორგანიზაციის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოირიცხებოდა მოხელეთა გადაყვანა სხვა, მათ შორის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ახალ პოზიციებზე. ასეთებს კი წარმოადგენდა საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი და ...ში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია რამდენიმე კანდიდატის არსებობის პირობებში უპირატესობა მიანიჭოს იმ საჯარო მოხელეს, რომელსაც უფრო მაღალი იერარქიული რანგი, გამოცდილება, კვალიფიკაცია, კომპეტენცია, პიროვნული თუ სხვა სახის თვისებები გააჩნია. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული უპირატესობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებული იყოს შესაბამის საპროცესო დოკუმენტში, რათა სასამართლოს ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილ ახალ, ვაკანტურ საშტატო ერთეულებზე (საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი და ...ში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი) ი. ო-ეისა და ნ. ც-ეის გადაყვანა ეფუძნებოდა მხოლოდ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ საკრებულოს რეორგანიზაციისას განსახორციელებელი სამუშაო გეგმით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის (ცვლილებების მართვის გუნდი) 2022 წლის 15 ივნისის სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას, რეორგანიზაციის გამო თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სიის განსაზღვრასა და ვაკანტური თანამდებობების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არც მითითებული სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმისა და არც სხვა დოკუმენტების შინაარსიდან არ ჩანს დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და რატომ შეირჩნენ აღნიშნული პირები ახალ შტატებზე გადასაყვანად ან რა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს მოსარჩელეებმა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არანაირი შედარება, შეფასება და შერჩევა, მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით არ მომხდარა, რის გამოც მიღებული აქტები დაუსაბუთებელია. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ. შემოწმება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და დისკრეციას მიკუთვნებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, დისკრეციაში შეჭრა, ცილდება სასამართლო კომპეტენციას, რაც გამორიცხავს სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუსგ Nბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).

ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. (სუსგ Nბს-968(2კ-19), 10.02.2022წ.).

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანებების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, არ არსებობს მოსარჩელეთა იმავე ან ტოლფას თანამდებობებზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მათი თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორების: ლა. ბ-ის და ლ. ბ-ის მიერ ასევე გასაჩივრებულია მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსამართლის აცილების ინსტიტუტი ემსახურება დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის განმტკიცებას, ასევე სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვებასა და შენარჩუნებას. სასამართლოს მიმართ ნდობის განსამტკიცებლად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ისეთი საკანონმდებლო პროცედურების არსებობა, რომელიც მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს, კერძოდ, აწესრიგებს მოსამართლის აცილების წესსა და შემთხვევებს („Micallef v. Malta“, §99-100). მოსამართლის აცილების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი. შესაბამისად, აცილების თაობაზე შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად სახეზე უნდა იყოს მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აცილების საკითხის შეფასებისას მხარის პოზიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, ვინაიდან დაინტერესებული მხარის შიში ობიექტურად გამართლებული უნდა იყოს („S. Lomines v. France“, §63). განსახილველ შემთხვევაში კასატორების განმარტებით, არსებობდა ისეთი გარემოებები, რომლებიც ეჭვს იწვევს მოსამართლის მიუკერძოებლობაში. კერძოდ, მოსამართლე 2012-2015 წლებში იყო თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომელი (ხობის გამგეობის თანამშრომელი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატი მმართველი პარტიიდან) და მისი შვილი არის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები არ ქმნიდა აცილების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. საქმეზე „Ramljak v. Croatia“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლის ნათესაური კავშირი იმ იურიდიული ოფისის თანამშრომლებთან, რომელიც წარმოადგენს მხარეს სასამართლოწარმოებაში, ავტომატურად არ არის მოსამართლის აცილების საფუძველი (§29). ნათესაური კავშირის დადგენის შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსამართლესთან ნათესაური კავშირის მქონე პირის უშუალო მონაწილეობა განსახილველ საქმეში, მისი პოზიცია დაწესებულებაში, დაწესებულების სიდიდე, შინაგანი ორგანიზაციული მოწყობა და ა. შ. („Nicholas v. Cyprus“, §62). ევროპულმა სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბზე, იურიდიული დაწესებულებებისა და მოსამართლეთა რაოდენობაზე, ამ მხრივ მსგავსი შემთხვევების სიხშირის ალბათობაზე. შესაბამისად, მხოლოდ მოსამართლის შვილის საჯარო სამსახურში მუშაობის ფაქტი, რომელსაც კავშირი არ აქვს (მხარესაც კი არ წარმოადგენს) მოცემულ საქმესთან, არ არის საკმარისი საფუძველი აცილების თაობაზე შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. ამასთან, ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ათეულ წელზე მეტის უკან იყო თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომელი (მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატი მმართველი პარტიიდან), არ არის საკმარისი მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შესატანად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან გამომდინარე, მოსამართლის თანამდებობა პოლიტიკურ საქმიანობასთან შეუთავსებელია და მოსამართლე უნდა იცავდეს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. შესაბამისად, ის გარემოება, რომ წარსულში მოსამართლე იყო მაჟორიტარი დეპუტატი მმართველი პარტიიდან ან დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში, ვერ გახდება მის მიერ მთელი სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების მანძილზე, ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან ასოცირების ან ამ კუთხით მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამდენად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ლა. ბ-ისა და ლ. ბ-ის, ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლა. ბ-ისა და ლ. ბ-ის, ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინება მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი