Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1012(კ-24) 16 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ო. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების 2019 წლის 22 აგვისტოს №82 ბრძანება და ამავე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №000062; ბ) დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მონაცემების იდენტობის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების 2019 წლის 22 აგვისტოს №82 ბრძანება და ამავე განყოფილების მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №000062. დაევალა მოპასუხეს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკითხის სათანადოდ შესწავლა-გამოკვლევის შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილებამ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილებამ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №000062 არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რადგან არ შეიცავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის სავალდებულო რეკვიზიტებს. ამასთან, აღნიშნული დათვალიერების ოქმი არ აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს ან/და იგი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტს, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ადგილზე დათვალიერების ოქმი არის ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დათვალიერების შედეგად მიღებული მონაცემების ასახვას. აღნიშნული დათვალიერების აქტი წარმოადგენს ადმინისტრციული წარმოების მასალას, რომელიც ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება და იგი საჩივრდება ძირითად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად.

კასატორის განმარტებით, მართალია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო ხელვაჩაურის არქივის 2019 წლის 05 აპრილის №01-20/483 წერილის თანახმად, ო. ბ-ეის კომლზე მიკუთვნებულ იქნა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი ჩანაწერით - „საკარმიდამოდ სამოსახლო მიწის ნაკვეთი“, თუმცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ შეესაბამება აზომვითი ნახაზის მიხედვით სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს, ანუ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ მოდიოდა შესაბამისობაში მიწის ნაკვეთის რეალურ კონფიგურაციასთან.

საყურადღებოა, რომ ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია №... (მესაკუთრე სახელმწიფო) და №... (მესაკუთრე თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით 2019 წლის 21 აგვისტოს შედგენილ იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №000062 ოქმი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად დადგინდა და შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განიმარტა და ქ. ბათუმის მუნიცილიტეტის მერიის მიერაც დადასტურდა, მიწის ნაკვეთი, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს, სახელმწიფოს მიერ მუნიციპლიტეტს გადაეცა იმ მოტივით, რომ ამ ტერიტორიაზე განთავსებულია სასაფლაოები. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით კი, სასაფლაო და პანთეონი არ ექვემდებარება აღიარებას.

ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, გარდა სახელმწიფო საკუთრებისა, აგრეთვე ზედდებაში მოდის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის რეგიტრირებულ საკუთრებასთან (ს/კ ...). მუნიციპალიტეტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულს, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი, არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 106-ე მუხლიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს, როგორც თვითმმართველ ერთეულს, გააჩნია საკუთარი ქონება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მიეკუთვნება თავის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა. ამასთან, მუნიციპალიტეტი ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია და მოქმედებს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საყურადღებოა, რომ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით და არა აღიარების წესით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს 2019 წლის 22 აგვისტოს №82 ბრძანებისა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის კანონიერება. აღსანიშნავია, რომ სადავო №82 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის მიხედვით მის კომლზე მიკუთვნებული 0.25 ჰა მიწის ნაკვეთისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტობის დადგენაზე. უარს საფუძვლად დაედო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ ადგილზე შედგენილი დათვალიერების ოქმი №000062, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ შეესაბამებოდა აზომვითი ნახაზის მიხედვით სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს. მოცემული დავის ფარგლებში ასევე მოთხოვნილია, დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მონაცემების იდენტობის შესახებ.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 28 მარტს ო. ბ-ემ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბათუმი დასახლება, ...ში მდებარე 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთოდა ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის ცნობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ...ს სადაბო საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2004 წლის 23 აპრილის დადგენილება (გადაწყვეტილება), რომლის თანახმად, ო. ბ-ეის კომლზე მიკუთვნებულია 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი, ჩანაწერით - ,,საკარმიდამოდ სამოსახლო მიწის ნაკვეთი’’ (ს.ფ. 13-20, 25-27, 240); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის წერილით ო. ბ-ეის განცხადება, თანდართული დოკუმენტებით, გადაეგზავნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ეთხოვა დაედასტურებინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მონაცემების იდენტობა (ს.ფ. 21); გ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს შედგენილ იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №000062, რომლის მიხედვითაც, არ დგინდება სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის და ხელვაჩაურის არქივის №01-20/483 წერილში მითითებული 1996-2006 წლების საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერით ო. ბ-ეის კომლზე მიკუთვნებული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის იდენტურობა (ს.ფ. 22-24); დ) ქ. ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების 2019 წლის 22 აგვისტოს №82 ბრძანებით ო. ბ-ეს უარი ეთქვა საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის მიხედვით მის კომლზე მიკუთვნებული 0.25 ჰა მიწის ნაკვეთისა და 2019 წლის 28 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტობის დადგენაზე (ს.ფ. 25-27).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1).

მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებდა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას. ამავე კანონის 2019 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი მე-16 მუხლი ადგენდა სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა (2019 წლის 11 დეკემბრის ცვლილების შემდეგ, კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კვლავ ადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთარი ინიციატივით სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებისა და სისტემატიზაციის შესაძლებლობას. ამასთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს ადგენს კანონის 41 მუხლი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება და გამოცემა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პროცედურის ჩატარებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი წარმოების მოთხოვნები, უზრუნველყოს წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა საჭიროებს საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევას, ვინაიდან ადგილზე დათვალირებით არ არის დადგენილი ინფორმაცია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მართლზომიერი მფლობელების შესახებ (საყურადღებოა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს ესაზღვრება ფიზიკური პირების სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ს.ფ. 16-17), დათვალიერების მონაწილე პირების/ექსპერტების/სპეციალისტების შესახებ, დათვალიერებაში მონაწილე პირების მოსაზრებების-შენიშვნების შესახებ. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული ოქმის საფუძველზე გამოცემული საკუთრების აღიარების განყოფილების №82 ბრძანება არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, რაც მისი ბათილობის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება, არ გამოიკვლია, გაანალიზა და შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. სასამართლო კი, მოკლებულია შესაძლებლობას, ადმინისტრაციული ორგანოს ნაცვლად, თავად შეაფასოს უძრავი ქონების ფაქტობრივი მდებარეობისა და აზომვით ნახაზზე არსებული საკადასტრო მონაცემების იდენტურობის საკითხი, რაც ქმნის საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძვლებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია