საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-167(კ-25) 28 აპრილი, 2025 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ბ-იმა 2023 წლის 27 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის №1000834227 დასკვნის ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის, მოსარჩელისათვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნის გამოცემის დავალება და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტისთვის გადაგზავნა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, არ არსებობს ა. ბ-ის მიმართ დადებითი დასკვნის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მან წარმატებით გაიარა ტესტირება, თუმცა სააგენტომ მაინც უარყოფითი დასკვნა გამოსცა. კასატორის მითითებით რა გახდა უარყოფითი დასკვნის მიღების საფუძველი არ არის დასაბუთებული და არ აქვს კომისიას ნამსჯელი.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებით გაწერილია საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცედურები და ასევე მითითებულია, თუ რა შემთხვევაში ამზადებს კომისია უარყოფით დასკვნას, კერძოდ, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიმართ არსებობს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნატურალიზაციაზე უარის თქმის საფუძვლები. კასატორის განმარტებით კი, მის შემთხვევაში არ არსებობს უარყოფითი დასკვნის მომზადების არც ერთი საფუძველი და იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას.
კასატორი მიუთითებს, რომ იგი არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაიბადა საქართველოში, თეთრიწყაროს რაიონში, საშუალო განათლება მიიღო საქართველოში, 2007 წლიდან დამკვიდრდა სომხეთში, დასაქმებული იყო სილამაზის სალონში, მეუღლე და შვილები არიან სომხეთის მოქალაქეები. საქართველოში ჰყავს მშობლები და დედმამიშვილები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, იგი არ ფლობს ქონებას აქ მაგრამ ხშირად ჩამოდის საქართველოში. ოჯახი აპირებს სამომავლოდ საქართველოში დამკვიდრებას. მისი უფროსი შვილი მ. ბ-ი არის საქართველოს მოქალაქე.
კასატორი მიუთითებს ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ‘‘ დებულების მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. მოცემულ შემთხვევაში ცხადია საქართველოსთან ა. ბ-ის სამართლებრივი კავშირის არსებობა. იგი ასევე აკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის თვალსაზრისით. გარდა აღნიშნულისა, კასატორის განმარტებით საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია. ა. ბ-ის ზუსტად ამ მუხლის საფუძველზე ჰქონდა შეტანილი განცხადება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, თუმცა სადავო დასკვნაში არ არის კონკრეტულად მითითებული და ვერც სასამართლოში ვერ დაასაბუთა მოპასუხე მხარემ თუ რა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს ა. ბ-ი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს მისი სარჩელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის №1000834227 დასკვნის კანონიერების შეფასება.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ა. ბ-ი (დაბადებული - ... წელს) სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, თუმცა დაბადებულია საქართველოში, დედოფლისწყაროში. ა. ბ-იმა 2022 წლის 26 ოქტომბერს №1000834227 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. განმცხადებელმა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საფუძვლად მონიშნა გრაფა, რომლის თანახმად, საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია. მან აღნიშნა, რომ 2011 წლამდე იყო საქართველოს მოქალაქე. ასევე, საქართველოს მოქალაქეა მისი მამა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 13 დეკემბრის №SSG 0 22 00247736 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №1000834227/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ა. ბ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №00005892 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №1000834423/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს ა. ბ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 01 ნოემბრის №MIA 5 22 03064391 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების 3 განვითარების სააგენტოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №01/251548 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 9 იანვრის №826 სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის ა. ბ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 24 იანვრის N3206 სხდომის ოქმის თანახმად, 2023 წლის 24 იანვარს გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველ პირს - ა. ბ-ის. კომისიამ დაადგინა, რომ ა. ბ-ის ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 9 ქულა; საქართველოს ისტორია - 8 ქულა; სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა). კომისიამ, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა ინფორმაცია და მიიჩნია, რომ ა. ბ-ი ვერ აკმაყოფილებს საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნებს.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 25 იანვარს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების (სხდომის ოქმის) საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, მოამზადა ა. ბ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე №1000834227 უარყოფითი დასკვნა.
დასკვნაში სააგენტომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ა. ბ-ის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2023 წლის 26 იანვრის №440 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადაგზავნილ №1000834227 უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს (მუხლი 1). „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის (საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები) თანახმად, 1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. 2. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. 3. ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15 მუხლის მსგავსი „მოქალაქეობის უფლება“ ან კონკრეტული მოქალაქეობის მიღების ან შენარჩუნების უფლება არ არის გარანტირებული კონვენციით ან მისი ოქმებით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მოქალაქეობის თვითნებურმა უარყოფამ გარკვეულ გარემოებებში შეიძლება წამოჭრას საკითხი კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაზე, ასეთი უარყოფის გავლენის გამო პიროვნების პირად ცხოვრებაზე (Karassev, Slivenko and Others v. Latvia (dec.) [GC], no 48321/99, § 77, ECHR 2002-II). საკითხი, აქვს თუ არა განმცხადებელს სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების სადავო უფლება, უნდა გადაწყდეს ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის მითითებით (Kolosovskiy v. Latvia (dec.), no. 50183/99, 2004.29.01). კრიტერიუმების არჩევა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების მიზნით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია სახელმწიფოსა და დაინტერესებულ ინდივიდს შორის არსებული კავშირის ბუნებასთან, რომლის განმტკიცების უზრუნველყოფასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეულ საზოგადოება.
ამასთან, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლი ადგენს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მატერიალურ საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. გარდა ამისა, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მე-17 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. ამასთან, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოსარჩელის განაცხადის ფორმაში მოქალაქეობის მინიჭების კანონიერ საფუძვლად მითითებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განყენებულად, კერძოდ, ა. ბ-ი მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდა, თუმცა ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ თავად ან მისი წინაპარი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. უფრო მეტიც, საგულისხმოა, რომ ა. ბ-ი, მხარეთა განმარტების თანახმად, იყო საქართველოს მოქალაქე, რომელზეც თავად თქვა უარი და საცხოვრებლად გადავიდა სომხეთში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ა. ბ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე დადებითი დასკვნის მიღების საფუძველი ვერ გახდებოდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მის ნათესავებს აქვთ საქართველოსთან კავშირი და მან წარმატებით ჩააბარა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდები. პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს ქვედა ინსტანციის სასამართლოში კასატორის განმარტებაზე, რომ იგი მხოლოდ სამომავლოდ გეგმავს საქართველოში დამკვიდრებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კომისიამ სათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოები, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა მართლზომიერად, ამასთან, სადავო საკითხის გადაწყვეტისას დაიცვა აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და მიზნის უგულებელყოფით.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის დასკვნის მიღებისას მოპასუხე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრები გადაწყვეტილებას იღებენ რა შინაგანი რწმენით, აღნიშნული არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას, აღნიშნულ მუხლში გაწერილი ჩამონათვალი მხედველობაში მიიღება სხვა გარემოებებთან ერთობლიობით. საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში არც აღნიშნული გარემოებების არსებობა დასტურდება, კერძოდ, კასატორი ვერ ასაბუთებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელ გარემოებას ჰქონდა ადგილი მის შემთხვევაში. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის იურიდიულ ინტერეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, რომელიც მას გააჩნდა 2011 წლამდე, ა. ბ-ის შესაძლებლობა აქვს, ეძიოს ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის საჭირო სხვა სამართლებრივი გზები, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი განცხადებით მიმართვისა და მოქალაქეობის მიღების შესაბამისი ფორმის არჩევის მეშვეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. ი. გ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 4 თებერვალს №8575 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე