Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-195(კ-25) 28 აპრილი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ღ-იმა 2024 წლის 25 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 18 აპრილის N 1000943926 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. სააგენტომ განცხადება განიხილა ნორმატიულად დადგენილი წესების დარღვევით, სადავო აქტი გამოცემულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ამდენად, ბუნდოვანია სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მოსაზრებით, იგი სრულად აკმაყოფილებს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.04.2024წ. N1000943926 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელის მიმართ გაიცემა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმეში დაცული მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სააგენტოს 2024 წლის 18 აპრილის N 1000943926 სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას, რაც ქმნიდა სზაკ-ის 601 მუხლით და სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ წანამძღვრებს სადავო აქტის ბათილად ცნობისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო არაა უფლებამოსილი გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსი მხარეებს გააცნოს და სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახოს, თუმცა სასამართლომ შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაცია, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მინიჭებოდა მ. ღ-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის კერძო ინტერესს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაცნობის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ქმნიდა მოსარჩელის მხრიდან ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე საფუძვლიან ვარაუდს. შესაბამისად, მოპასუხე უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილია მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ამ ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულად და ყოველმხრივ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დანაწესების გამოყენებით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მ. ღ-ის მიერ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დასაბუთება მოკლებულია საამისოდ გათვალისწინებულ იურიდიულ წანამძღვრებს. კასატორმა ყურადღება გაამახვილა ბინადრობის ნებართვის სამართლებრივ მნიშვნელობაზე, მისი გაცემის თანამდევ შედეგებსა და ამ სფეროში სახელმწიფოს ვალდებულებებზე. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები („პროპორციული“) გადაწყვეტილების შერჩევის დისკრეციულ უფლებამოსილებას. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უსწოროდ შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 24 წლის 18 აპრილის №SSG 2 24 00086456 წერილის შინაარსი, ამდენად, არასწორად მიიჩნია სააგენტოს მიერ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად განხორციელების ფაქტის არსებობა. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც კასატორისთვის არ არის ხელმისაწვდომი ის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად უდევს ასეთ ფაქტებს და რომლებსაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ მასალებში ვერ ამოიკითხავდა ვერც ერთ ისეთ საეჭვო გარემოებას, რომლებიც მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის გონივრულ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებდა ან/და ამგვარი ვარაუდის საფუძველს წარმოშობდა. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც საკითხი უკავშირდება ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვას, ხელისუფლებისთვის მინიჭებული სამართლებრივი დისკრეცია შეუზღუდავი არ არის, მნიშვნელოვანია, არსებობდეს დაცვის ეფექტიანი გარანტიები ასეთი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგოდ, ამასთან, სასამართლო განხილვა არ უნდა ატარებდეს ფორმალური სახეს, აუცილებელია ინდივიდი მაქსიმალურად იყოს დაცული ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გამოვლენილი თვითნებობისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინებით მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე, არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით, სააგენტოს სადავოდ არ გაუხდია მ. ღ-ის მიერ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის აუცილებელი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით და საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 122 მუხლებით გათვალისწინებული ფორმალური საკანონმდებლო წინაპირობების არსებობა. ამდენად, ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო ფორმალური წინაპირობების არსებობა. საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნით უნდა გაირკვეს კასატორ მ. ღ-ის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელემ 2024 წლის 10 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მოითხოვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემა. საკითხის განხილვის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მოსარჩელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.04.2024წ. N1000943926 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მიზანი ამართლებდა მოსარჩელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის არსს. ამდენად, დავის კანონიერი გადაწყვეტა საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 24 წლის 18 აპრილის №SSG 2 24 00086456 წერილში ასახული დასკვნის და იმ ფაქტობრივი მონაცემების სრულყოფილად გამოკვლევას, რომელიც ამ დასკვნას უდევს საფუძვლად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, ბინადრობის და გაძევების საკითხები განეკუთვნება სახელმწიფოს თვითმყოფად, ექსკლუზიურ და სუვერენულ პრეროგატივას მიგრაციის სფეროში, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, მათ შორის საქართველოში მდებარე უძრავი ქონების უცხოელის საკუთრებაში აღრიცხვის პირობებში, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. სახელმწიფოებს აქვთ უფლება აკონტროლონ თავიანთ ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები, ევროკონვენცია არ უზრუნველყოფს უცხოელისთვის კონკრეტული ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას და არც სახელმწიფოს უწესებს რაიმე ვალდებულებას კონკრეტული კატეგორიის ნებართვის პირისათვის მინიჭების შესახებ, ამასთან, ევროკონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ცხოვრების უფლების გარანტირებას (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, Mirzoyan v. the Czech Republic, App. Nos. 15117/21 და 15689/21, 16.08.2024წ. §76). ამასთანავე, სახელმწიფოს მიერ უცხოელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სათანადო ნორმატიულ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს. საქართველოში უცხოელთა შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმად, საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა (მე-5 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), მისი გაცემა ხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, თუ იგი კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს აკმაყოფილებს (14.1 მუხ.). კანონის მე-15 მუხლი ადგენს ბინადრობის სახეებსა და კონკრეტული სახის ბინადრობის ნებართვის გაცემის ფორმალურ წინაპირობებს. კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის სახეებს შორის სახელდება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში მდებარე კონკრეტული ღირებულების უძრავ ქონებაზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) საკუთრების უფლების მქონე უცხოელზე.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სადავო არ გამხდარა მოსარჩელის საკუთრებაში კონკრეტული ღირებულების უძრავი ქონების აღრიცხვის ფაქტი, თუმცა მის სახელზე ბინადრობის ნებართვის გაცემა არ მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის საფუძვლით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურა, კერძოდ, სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმება შესაძლებელია ორ ნაწილად დაიყოს. პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნათა დაცულობა, როგორებიცაა: უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენა, სააგენტოში განცხადების კანონით დადგენილი ფორმით შეტანა, ასევე ბინადრობის ნებართვის კონკრეტული სახის გაცემისთვის საჭირო კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენა. უკეთუ აღნიშნული წინაპირობები სახეზეა და არ არსებობს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ფორმალური საფუძვლები, მეორე ეტაპზე მოწმდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს. თუ სააგენტოში წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს ნორმატიულად დადგენილ ფორმალურ წინაპირობებს, აღნიშნული დამოუკიდებლად ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს (კანონის 18.1 მუხ. „ი“ ქვ.პ.) ისე, რომ შემოწმებას უკვე აღარ საჭიროებს განცხადების შინაარსობრივი მხარე, კონკრეტულ პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობა, ბინადრობის ნებართვის გაცემის გავლენა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა თუ წესრიგის დაცვაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილების ფაქტი იმთავითვე არ წარმოშობს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ვალდებულებას, სააგენტოში წარდგენილი განცხადების ფორმალური გამართულობის, ბინადრობის კონკრეტული სახის გაცემისთვის ნორმატიულად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, თუმცა სათანადოდ უნდა იკვეთებოდეს უარის თქმის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პოზიცია სადავო აქტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სააგენტო მოქმედებდა რა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს და ამდენად, იგი მოკლებული იყო მოსარჩელეზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის კერძო ინტერესით დეტერმინირებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში დადებითი გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის დასკვნაც არის სააგენტოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მსგავს სამართლებრივ საკითხზე არსებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, „დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკვლევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ცალკე აღებული უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილი არ არის აბსოლუტური ხასიათის და არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების კანონშესაბამისად მიღებას. საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლოა დასჭირდეს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გარკვეული ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვა, რომელთაც შესაძლოა, განმსაზღვრელი მნიშვნელობა მიენიჭოთ საკითხის გადაწყვეტისთვის, თუმცა ეს სრულებით არ გულისხმობს საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებად იმ ორგანოს მიჩნევას, რომელმაც მხოლოდ სათანადო ინფორმაციის მიწოდება მოახდინა. უკეთუ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო სრულად დამოკიდებულია სხვა სუბიექტის მიერ მიწოდებულ მოსაზრებებზე იმდაგვარად, რომ მას ამ მოსაზრებებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, მაშინ იგი რეალურად აღარც არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. თავისი ნორმატიული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტებები სახელმწიფო უშიშროების თუ საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის შესახებ გასათვალისწინებელია, თუმცა არ გამოირიცხება სააგენტოს, როგორც უცხოელისათვის ბინადრობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრებების გაზიარებაზე უარის თქმა ან მათი გაზიარების მიუხედავად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გადაწყვეტილების კერძო ინტერესების სასარგებლოდ მიღება. ამდენად, ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სააგენტოს ევალებოდა არა მხოლოდ ბინადრობის ნებართვის გაცემის ფორმალური წესების დაცვა, არამედ საკითხის შინაარსობრივი შესწავლაც“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ბს-1258(კ-23)).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, რომლებიც ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას უცხოელის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივ წესრიგისთვის საფრთხის შემქმნელი საქმიანობის განხორციელებისას.

საკასაციო პალატის მიერ 2025 წლის 24 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას, სააგენტოს სადავო აქტის გამოცემას. საკასაციო პალატა გაეცნო კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსს, საქმეში დაცულ მასალებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი დაუსაბუთებელია. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით („ა“, „გ“ ქვ.პ.) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დასადგომად - ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადასტურდეს ნორმითვე გათვალისწინებული საკვანძო წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოში უცხოელის ყოფნით ქვეყნის უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრება ასეთი საფრთხის არსებობის შესახებ არ არის საკმარისი, მისი მოსაზრება სათანადოდ უნდა დასაბუთდეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა სწორედ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მიზნით, თუმცა საქმის მასალებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ამ კატეგორიის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შედეგად თვლის, რომ უპირატესობა კერძო ინტერესს უნდა მიენიჭოს.

საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მ. ღ-ის საქართველოში ყოფნით ქვეყნის უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა არ დასტურდება, რაც სააგენტოს სადავო აქტის და ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასების არამართლზომიერებას ადასტურებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემები და დასკვნა არ გამორიცხავს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სათანადოდ ასაბუთებს, არ გამოირიცხება კერძო და საჯარო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების საჭიროება, თუმცა ასეთ დროს კერძო ინტერესი შესაძლოა შეიზღუდოს, უკეთუ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა სათანადოდ ასაბუთებს საჯარო ინტერესის დაცვის პრიორიტეტულობას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ალბათობის საკმარისი ხარისხით ვერ ადასტურებს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი სათანადო საფუძვლების არსებობას. საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა არ ქმნის სავარაუდოობის გარკვეულ ხარისხს, რაც შექმნის გონივრულ ეჭვს, დასაბუთებულ მოლოდინს უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოების არსებობის, ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოში წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, კანონითვე დადგენილი გამონაკლისის გარდა საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, როგორიც - საქართველოს მოქალაქეს (1-ლი პ.), საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს (მე-3 პ.). ამდენად, ბინადრობის ნებართვის გაცემით სახელმწიფოსა და უცხოელს შორის ჩამოყალიბებული სამართალურთიერთობის შედეგად, სახელმწიფო უცხოელის მიმართ გარკვეული ვალდებულებებით იტვირთება. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემა ხდება არა ერთეულ შემთხვევებში, არამედ ჯამურად მრავალ პირზე, შესაძლოა მოხდეს სახელმწიფოს დამატებითი ვალდებულებებით გადატვირთვა, რაც სახელმწიფოს შეზღუდული რესურსის მხედველობაში მიღებით არ იქნება საჯარო ინტერესის შესაბამისი. ზემოაღნიშნულის გარდა, მხედველობაშია მისაღები აგრეთვე სხვა არაერთი ინტერესი, რომლის დაცვასაც სახელმწიფოში უცხოელის ყოფნის რეგულირება ემსახურება. ქვეყანაში უცხოელთა შემოსვლისა და ყოფნის რეგულირება ხორციელდება არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და დანაშაულთან ბრძოლის მიზნით (19.01.2012წ. „Popov v. France“ (§137)). საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს, არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25.4 მუხ.). შესაბამისად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემისას ყოველთვის არსებობს საჯარო ინტერესი, რომლის დაცვის საჭიროებაზე მითითებაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, თუმცა რომელიმე საჯარო ინტერესზე აბსტრაქტული მითითება, როგორც წესი, არ ქმნის უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო, თვითკმარ დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს ისეთ საჯარო ინტერესზე, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, თუმცა არ დგინდება მოსარჩელის საქართველოში ყოფნის ნებართვის გაცემით აღნიშნული საჯარო ინტერესის რეალიზებისთვის საფრთხის შექმნა. სახელმწიფო უშიშროების საფრთხე ფარდობითი კატეგორიის ცნებაა, მას არ ახასიათებს აბსოლუტური გასაზღვრულობა, თუმცა იმისთვის, რომ მასზე მითითებით უცხოელს საქართველოში ყოფნაზე ეთქვას უარი, აუცილებელია მოსალოდნელობის გარკვეული ვარაუდი შეიქმნას, განსახილველ შემთხვევაში მსგავსი გონივრული ვარაუდის არსებობა არ დგინდება.

საკასაციო პალატის განმარტებით, გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სასამართლოს სათანადო კონტროლის სფეროდან აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ გამოირიცხება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დასაბუთებისას მან ტერმინი „სახელმწიფო უსაფრთხოება“ მოიშველია ან თავის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მიუთითა. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს სათანადო კონტროლი მხოლოდ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცნობას არ უკავშირდება. იგი ვრცელდება მის შეფასებაზე, იდენტიფიცირებადი კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირებასა და, დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის გაზიარებაზე უარის თქმაზეც. მიჩნეულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები განსაკუთრებით ფართოა (26.03.1987წ. „Leander v. Sweden“), მაგრამ ეს არ გამორიცხავს აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხების შეფასების, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროებას. ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§123, 124), 15.11.1996წ. „Chahal v. The United Kingdom“ (§127, 145)).

ამდენად, ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში განხილვა არ დასტურდება, თუმცა აღნიშნული ხარვეზი შესაძლებელია აღმოფხვრილიყო სააგენტოს სადავო აქტის მართლზომიერებაზე სააპელაციო პალატის რეალური, ქმედითი კონტროლის განხორციელებით. სააპელაციო პალატას გააჩნდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე სრული კონტროლის განხორციელების კანონისმიერი კომპეტენცია: მან გამოითხოვა კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული საიდუმლო ინფორმაცია, გაეცნო მას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის გაზიარების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სამართლებრივად უსწოროდ შეაფასა სადავო აქტის გამოცემის საფუძველი - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, რომლითაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დაადასტურა თავდაპირველად გაცემული დასკვნის შინაარსი. უკვე აღინიშნა, რომ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, საკასაციო პალატამ გამოითხოვა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული ინფორმაცია და შეაფასა საქმეში დაცულ მტკიცებულებებთან, მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ერთობლიობაში.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მინიჭებული დისკრეციის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად სასამართლოს მხრიდან განხორციელდა „ადეკვატური და ქმედითი“ პროცედურები საქმის „ეფექტიანი განხილვის“ მიზნით (08.06.2006წ. „Lupsa v. Romania“ (§34)). მართალია, უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო სადავო აქტის საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილ და შეფასებულ იქნა საკასაციო პალატის მიერ. კერძო პირის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვება არ ხდება, თუმცა სადავო გადაწყვეტილებები დაექვემდებარა სრულ სასამართლო კონტროლს, რა დროსაც საკასაციო პალატამ მოახდინა საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება. ასეთ დროს პირის მიერ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სათანადო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება დაცვის გარეშე არ რჩება, რადგან სასამართლო აფასებს არა მხოლოდ საჯარო ინტერესს, არამედ კერძო პირის ინტერესებსაც, რის შემდეგაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორმაციის საიდუმლოების ინტერესის გათვალისწინებით, სათანადო დასაბუთების ასახვა გადაწყვეტილების ტექსტში არ ხდება. საიდუმლოების დაცვა ილუზორული იქნებოდა, თუ საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტის გაცნობით გახდებოდა ცნობილი. კომპეტენტური დამოუკიდებელი ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაზრებების უარყოფის შესაძლებლობით, თუ იგი ამ მოსაზრებებს დაუსაბუთებლად და თვითნებურად ჩათვლის (ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Al-Nashif v. Bulgaria“, §132, 137). განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ორგანო სასამართლოა, იგი დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ამასთანავე, აღჭურვილია ქვეყანაში უცხოელის დაშვებასა და ყოფნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის და არასარწმუნოობისა თუ დაუსაბუთებლობის შემთხვევაში საიდუმლოდ მიჩნეულ ინფორმაციაში ასახული მონაცემების გაზიარებაზე უარის თქმის, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლებამოსილებით, რის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელემ ისარგებლა თავისი უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალებით.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის შეფასებები უსაფუძვლოა და არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან სააგენტოს გასაჩივრებულ აქტზე სრული სასამართლო კონტროლის განხორციელების ფარგლებში საკასაციო პალატა გაეცნო მ. ღ-ის მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლად არსებულ საიდუმლო ინფორმაციას, რის შედეგადაც მიიცნევს, რომ ალბათობის შესაბამისი ხარისხით არ დგინდება ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების არსებობა, რაც, თავის მხრივ, სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგის არამართლზომიერებას ადასტურებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მ. ღ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. მ. ღ-ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე 300 (სამასი) ლარი უნდა დაეკისროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 18 აპრილის N 1000943926 გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. ღ-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე;

5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მ. ღ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე