საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-241(კ-25) 28 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. მ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
თ. მ-ემ 2023 წლის 25 სექტემბერს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების - თ. მ-ეისათვის პენსიის შეწყვეტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრი) 2023 წლის 27 იანვრის N83171/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თ. მ-ეის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 6075 ლარის დაბრუნების შესახებ; ასევე მოპასუხის დავალდებულება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მოსარჩელე თ. მ-ეისათვის 2023 წლის 01 იანვრიდან მიუღებელი და დაქვითული სახელმწიფო გასაცემელიის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. მ-ეის მიმართ პენსიის შეწყვეტის თაობაზე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრი) 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება თ. მ-ეის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 6075 ლარის დაბრუნების ნაწილში. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ. მ-ეს 2023 წლის 1 იანვრიდან აუნაზღაურდება მიუღებელი და დაქვითული სახელმწიფო გასაცემელი - პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით კვლავ ადმინისტრაციულმა ორგანომ-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გაასაჩვრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმები. თ. მ-ე დასაქმებული იყო სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში. აღნიშნული კულტურის ცენტრი, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ჭიათურის სერვის ცენტრმა იხელმძღვანელა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით, რომელიც ადგენს, რომ პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება, აქედან გამომდინარე მოსარჩელეს უარი ეთქვა მუშაობის პერიოდში სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფაზე. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობაა სახელმწიფო სამსახურსა და მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. კასატორის განმარტებით კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი", დებულებით განსაზღვრული ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე, არ არის საგანმანათლებლო დაწესებულება, შესაბამისად, თ. მ-ეისათვის მიუღებელი და დაქვითული პენსიის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით მოსარჩელისათვის კომპენსაციის შეწყვეტის კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. მ-ე (პ/ნ ...) დაიბადა ... წლის ...ს, მას შეუსრულდა საპენსიო ასაკი 2013 წელს, რა დროსაც იგი დასაქმებული იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ს N... საჯარო სკოლის ...ს პოზიციაზე; პენსიის დანიშვნის მიზნით, შესაბამის განცხადებასთან ერთად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრში წარადგინა ცნობა სამსახურიდან და დაინიშნა პენსია. თ. მ-ემ მოგვიანებით შეიცვალა სამსახური და გადავიდა სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ...ის სახლ-მუზეუმში ...ის პოზიციაზე. პენსიის დანიშვნის დღიდან თ. მ-ეე უწყვეტად იღებდა პენსიას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ეს შეუწყდა პენსია, საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის მიზეზით.
ასევე დადგენილია, რომ პენსიის შეწყვეტის შემდეგ თ. მ-ემ მიიღო სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება, შესაბამისი განცხადება წარადგინა დამსაქმებელთან და შედეგად სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორმა, 2023 წლის 26 იანვარს გამოსცა ბრძანება თ. მ-ეის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული ბრძანების წარდგენის საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2023 წლის 27 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თ. მ-ეისთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე და ამავე გადაწყვეტილებითვე განისაზღვრა, რომ თ. მ-ემ უნდა დააბრუნოს მის მიერ აღებული პენსია, 6075 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, კომპენსაციაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომის შემთხვევაში (ასაკი), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა პენსიის მიღების კანონისმიერი შეზღუდვის დაწესებით გამოირიცხა საჯარო მოხელეებისათვის პენსიის სახით მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ლეგიტიმურია, რადგან, საპენსიო თანხებისა და ხელფასის სახით გასაცემი თანხების ერთობლივად გაცემა სახელმწიფოს შეუქმნის გარკვეულ ფინანსურ რისკებს, თუმცა კანონმდებელმა ამავდროულად დაადგინა საგამონაკლისო დაწესებულებები, რომელში მუშაობაც არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობის განხორციელებად და მასში მომუშავე პირებს მიეცათ სახელმწიფო გასაცემელის დამატებით მიღების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის" დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია აღნიშნული დაწესებულების ფუნქციები, კერძოდ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ შემეცნებითი მოღვაწეობის ხელშეწყობა, ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, სამუსიკო, ქორეოგრაფიული თეატრალური სასწავლო საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების (სკოლების, სტუდიების და სხვ) შექმნა და მათი საქმიანობის ხელშეწყობას, სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა, სამეცნიერო - კვლევითი და კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი", დებულებით განსაზღვრული ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე, არ არის საგანმანათლებლო დაწესებულება რომელიც ისარგებლებს საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული შეღავათიანი პირობებით და აღნიშნული არგუმენტის საპირწონედ მიუთითებს აღნიშნული დაწესებულების დებულებაზე, სადაც მოცემულია და განმარტებულია ცენტირს მისია, მიზნები და ამოცანები, ცენტრის საქმიანობის საგანი.
საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსიპ ჭიათურის კულტურის ცენტრის დებულების მე-2 თავის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაწესებულების მიზანთა, ფუნქციათა შორისაა სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა, სამეცნიერო - კვლევითი და კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია - ზუსტად იგივე საქმიანობა, რაც ,,მუზეუმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნქტში მუზეუმის მიზნად არის მითითებული.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია, კანონმდებლის მიზანია საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები, თუმცა, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა. ამდენად, მოსარჩელე თ. მ-ეის მიერ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ...ის პოზიციაზე საქმიანობა არ განიხილება საჯარო საქმიანობად, შესაბამისად, მისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის მოტივით პენსიის შეწყვეტა და შემდეგ, მიღებული პენსიის, 6075 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების დავალდებულება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე