Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-268(კ-25) 28 აპრილი, 2025 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. გ-იმა 2024 წლის 11 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 19 სექტემბრის N1000964352 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა მოსარჩელისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 19 სექტემბრის N1000964352 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მ. გ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების შესახებ გამოცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ გაიზიარეს სააგენტოს გადაწყვეტილება, არც სააგენტოს და არც სასამართლოებს არ გაურკვევია მოსარჩელის რა ქმედებებმა განაპირობა ან შესაძლებელია განაპირობოს საქართველოს ინტერესებისადმი ზიანის მიყენება, არ იქნა გათვალისწინებული და სათანადოდ შეფასებული საქმეში არსებული გარემოებები. კასატორის განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და „დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ’ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს“. მოსარჩელის მეუღლეს მ. ე-ის (პასპორტის N...) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 01 ოქტომბრის Nო1000964350 გადაწყვეტილებით მიენიჭა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, იგი კანონმორჩილად იმყოფებოდა საქართველოში და მის მიერ განცხადების შეტანის მიზანს წარმოადგენდა მისი საქართველოში დაბრუნება და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან უკანონო აქტის გამოცემით დაირღვა და შეილახა მოსარჩელის უფლებები და ინტერესები, არ იქნა შესწავლილი სათანადოდ მისი მდგომარეობა, საქმეში არსებული მასალები, გარემოებები და არ მოხდა ყოველივე აღნიშნულის შეჯამება და შესწავლა, რამაც განაპირობა უკანონო გადაწყვეტილების მიღება.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს მისი სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - ... წლის ...ს დაბადებულმა მ. გ-იმა 2024 წლის 18 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭება. განცხადებაში მიუთითა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ცხოვრობს დაბადებიდან, არის ფერეიდნელი ქართველი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და სურს საქართველოში ცხოვრება, დაბრუნება მშობლიურ, მისი წინაპრების ქვეყანაში. საქართველოში ჰყავს ცოლისძმა ა. ე-ი. არ არის ნასამართლევი, საქართველოში არ უცხოვრია, თუმცა წარმომავლობით ქართველია. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭება საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს საქართველოსთან კავშირი და ეროვნული იდენტობა. ჰყავს დედა - ზ. რ-ი, (დაბადების თარიღი - ... წელი, დაბადების ადგილი - ფერეიდანი); მამა - ე. გ-ი, (დაბადების თარიღი - ... წელი, დაბადების ადგილი - ფერეიდანი).

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 2024 წლის 29 ნოემბრის №1511/2/33944 ცნობის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ. ე-ი (პასპორტის № ...) არის მ. გ-ის მეუღლე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 01 ოქტომბრის №1000964350 გადაწყვეტილებით მ. ე-ის მიენიჭა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი. ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლოს 30/10/2024 № 589828 ნასამართლობის ცნობის თანახმად და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, მ. გ-ი (პასპორტის №...) ცნობის გაცემის თარიღამდე - 29/11/2024 წლამდე, არ არის ნასამართლევი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით მოქალაქე მ. გ-იზე, დაბადებული ... წ., ინფორმაცია არ მოიპოვება. 2024 წლის 19 ივლისს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია - არსებობდა თუ არა მ. გ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. 2024 წლის 19 ივლისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ წერილით მიმართა ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა მ. გ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის 2024 წლის 02 სექტემბრის №01/27917 წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ მ. გ-ი აკმაყოფილებდა ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2024 წლის 11 სექტემბრის წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მ. გ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 19 სექტემბრის №1000964352 გადაწყვეტილებით, მ. გ-ის უარი ეთქვა თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან, არსებობდა ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის საფუძვლები.

საკასაციო პალატ მიუთითებს ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ კანონზე, რომლის მიზანია განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები და ჩამოაყალიბოს ამ პოლიტიკის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისას ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოსთან ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და საქართველოში დაბრუნებაში. ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირია - პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ითხოვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღებას. ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეა - საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. მითითებული მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოდან წარმომავლობა განიმარტება, როგორც პირის ან მისი წინაპრის კუთვნილება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეთნიკური ჯგუფისადმი და მის მიერ საქართველოს აღიარება თავის წარმომავლობის ქვეყნად. ხოლო, მითითებული მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, წინაპარია პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ქმედების განხორციელების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე; ბ) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენა; გ) ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობების დაუკმაყოფილებლობა ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობა. ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პირს ეცნობება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. სააგენტო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.

სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 11 სექტემბრის წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, საკასაციო სასამართლომ 2025 წლის 14 მარტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, კანონშესაბამისად მიიჩნევს გასაჩივრებულ განჩინებას. საკასაციო სასამართლო, მსგავსად სააპელაციო სასამართლოსი, მიუთითებს, რომ უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს დასაბუთებას საფრთხის პოტენციური ხასიათის შესახებ, ასევე გაანალიზებულია საფრთხის სერიოზულობა და დასაბუთებულია ისეთი ელემენტი, როგორიცაა პროპორციულობის მოთხოვნა. ინფორმაცია შეიცავს დასაბუთებას საფრთხის სერიოზულობის შესახებ, რომელიც ექმნება ქვეყნის უსაფრთხოებას, მართლწესრიგს და ალბათობას იმისა, რომ აღნიშნული საფრთხე განხორციელდება და სახეზეა მისი გარდუვალობა. სასამართლო ამ საკითხის შეფასებისას ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ საქმეს ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ ((Lupsa v. Romania), განაცხადი no. 10337/04).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის არსებობის პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს დასაბუთებას სტატუსის მიმცემი ქვეყნის ინტერესების საფრთხის თაობაზე, ასევე, მითითებას იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, არსებობს მოსარჩელე მ. გ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც ასეთი უარი აკმაყოფილებს ლეგიტიმური საჯარო მიზნის, შეზღუდვის აუცილებლობისა და გამოყენებული საშუალების მისაღწევ მიზანთან პროპორციულობის კრიტერიუმებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინება;

3. ჯ. მ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 11 მარტს №4419 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე