საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-321(გ-25) 30 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის დ. ო-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 5 აპრილს დ. ო-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №66/2018 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობა, სათაურიდან სიტყვების - „დასრულებულად ჩაითვალოს“ ამოღება; 2. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 16 ივნისის №119/01-01 ბრძანებით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (...ის მიმართულებით) დ. ო-ის გამარჯვებულად გამოცხადების დავალება, რისთვისაც მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ...ების დეპარტამენტის პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 7 აგვისტოს №2 შემაჯამებელი ოქმის, 2017 წლის 2 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმის, საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის და 23 ოქტომბრის შემაჯამებელი დადგენილებების ბათილად ცნობა; 3. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ...ების დეპარტამენტის პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისთვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე დ. ო-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ დადგენილების მიღების დავალება; 4. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსთვის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების დავალება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე დ. ო-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ; 5. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 16 აპრილის №76/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ...ის მიმართულებაზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ნაწილში ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, საკონკურსო კომისიამ დაადგინა, რომ კონკურსანტის - დ. ო-ის განათლება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, სამსახურებრივი გამოცდილება და პედაგოგიური სტაჟი შესაბამისობაშია ვაკანსიის პროფილთან და კვალიფიკაცია აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ასევე, პედაგოგიური გამოცდილება, სასწავლო-მეთოდური საქმიანობა, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრენინგები შეესაბამება ვაკანსიის პროფილს. მიუხედავად ასეთი მონაცემებისა, გასაუბრების შედეგად, 2017 წლის 7 აგვისტოს №2 შემაჯამებელი ოქმით სრულიად დაუსაბუთებლად, „კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ დარღვევით, დ. ო-ი არ იქნა არჩეული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით დ. ო-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (სუსგ №ბს-221-221(გ-18), 01.08.2018წ.) მითითებით აღნიშნა, რომ სსიპ-ის მიერ თანამშრომელთა მიღებისას კონკურსის ჩატარების ფორმალური წესების დაცვის საჭიროების დადგენით არ იცვლება კონკურსის შედეგად დასაქმებული პირის შრომით-სამართლებრივი სტატუსი, რადგან კონკრეტული პროცედურების განხორციელებისას საჯარო კანონმდებლობის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ აქცევს ურთიერთობას საჯარო სამართლებრივად, ისევე როგორც - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმიანობისას სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ გამორიცხავს ქმედების საჯარო სამართლებრივ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს დავის არსი, ქმედებათა შინაარსი, ურთიერთობის მახასიათებლები და სხვა. სწორედ აღნიშნული გარემოებების, არსებული ნორმატიული მოწესრიგების, საკანონმდებლო რეგულაციის მიზნის ერთობლივი შეფასების შედეგად არის შესაძლებელი ურთიერთობის საჯარო თუ კერძო სამართლისათვის მიკუთვნება. მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკურსის ჩატარების ფორმალური წესები საჯარო-სამართლებრივ აქტებშია ასახული, არ ცვლის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსობრივ დატვირთვას. ანალოგიური წარმატებით კონკურსის ფორმალური წესების დაცვით თანამშრომელთა სამსახურში მიღება შეიძლება მოახდინოს კერძო სამართლის იურიდიულმა პირმაც (აღნიშნულს კანონი არ კრძალავს), რაც, რა თქმა უნდა, არ აქცევს მასთან დასაქმებულ პირებს საჯარო მოხელეებად და დავას – ადმინისტრაციულ-სამართლებრივად. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე მიუთითა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინებაზე (№ბს-515(გ-19)), რომლის თანახმად, ის გარემოება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს საჯარო საქმიანობას, არ ცვლის განსჯადობის წესს, ვინაიდან მოცემული დავა უკავშირდება არა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას, არამედ - მისი მუშაკის შრომით ურთიერთობას. საჯარო ფუნქციების დელეგირება შესაძლებელია არა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, არამედ აგრეთვე ფიზიკურ პირზე და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზეც, რაც არ აქცევს დავას ადმინისტრაციული კატეგორიის საქმედ. ამდენად, განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს არა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციებს, არამედ - დავის საგნის შემხებლობას სამოხელეო სამართალურთიერთობასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით განმარტა საჯარო სამსახურის არსი და აღნიშნა, რომ ამავე კანონის 34-ე მუხლის (მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა) მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასოცირებული პროფესორების სამსახურში მიღების კონკურსი არ ჩატარებულა ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა შეუძლებელი იყო.
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით ასევე აღნიშნა, რომ აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. შესაბამისად, აკადემიურ პერსონალთან სათანადო შრომითი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით დ. ო-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა დ. ო-ის სარჩელთან დაკავშირებულ დავის საგანზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ...ების დეპარტამენტის პროფესორისა და აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დანიშნული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო კომისიის მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობასა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალებას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაზე“ დაყრდნობით, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პრაქტიკაზე (სუსგ №ბს-213(გ-23), 21.03.2023წ.; სუსგ №ბს-642(გ-23), 25.07.2023წ.) მითითებით განმარტა, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. შესაძლოა, კონკურსის წარმატებით გავლის შემდგომ, პროფესორებსა და უნივერსიტეტს შორის საქართველოს შრომის კოდექსით დარეგულირებული შრომითი ურთიერთობა ყალიბდებოდეს, თუმცა იმ საკითხის განხილვა - კონკურსი წარიმართა თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, ადგილი ჰქონდა თუ არა მათ დარღვევას, შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ადმინისტრაციული წესით და არა საქართველოს შრომის კოდექსითა თუ სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი აქტით. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დ. ო-ის მიერ აღძრული დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და შესაბამისად, მის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ დ. ო-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოთა შორის დავა წარმოშობილია საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლო უნდა დადგინდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლში ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველი საქმეები, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსახილველი დავების ჩამონათვალს შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილში ასევე დაზუსტებულია, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა მოხდეს დავის თავისებურებების გათვალისწინებით, რაც მხარეთა ზუსტ განსაზღვრას, სასარჩელო მოთხოვნათა დეტალურ შესწავლასა და გამოსაყენებელი კანონმდებლობის შეფასებას მოითხოვს. მართალია, ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავებში ერთ-ერთ მხარედ აუცილებლად მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ „განსჯადობის საკითხში კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მის მონაწილეებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამავე კოდექსის 2.2 მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს ადმინისტრაციული დავის საგანს (ტაქსაცია). აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული (ენუმერაცია). კანონმდებლის მითითება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში: იმ შემთხვევაში, თუ სამართალურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ან სხვა კერძო-სამართლებრივი წყაროს ნორმებით, დავა სამოქალაქო კატეგორიისაა, უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან საჯარო სამართლის სხვა წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება“ (სუსგ №ბს-844-828(გ-12), 04.04.2013წ.).
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: 1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №66/2018 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობა, დადგენილების სათაურიდან სიტყვების - „დასრულებულად ჩაითვალოს“ ამოღება; 2. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 16 ივნისის №119/01-01 ბრძანებით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (...ის მიმართულებით) დ. ო-ის გამარჯვებულად გამოცხადების დავალება, რისთვისაც მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 7 აგვისტოს №2 შემაჯამებელი ოქმის, 2017 წლის 2 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმის, საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის და 23 ოქტომბრის შემაჯამებელი დადგენილებების ბათილად ცნობა; 3. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ...ების დეპარტამენტის პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისთვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე დ. ო-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ დადგენილების მიღების დავალება; 4. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსთვის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების დავალება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე დ. ო-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ; 5. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 16 აპრილის №76/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ...ის მიმართულებაზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ნაწილში ბათილად ცნობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამსახურის დეფინიციას, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). აღნიშნული დანაწესი არ გამორიცხავს ნორმაში გამონაკლისის სახით მითითებული სფეროების სპეციალურ საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით“. ხსენებული აქტები ადმინისტრაციული კანონმდებლობის სფეროთი არის მოცული, მათი რეგულაციის სივრცეში წარმოშობილი სამართალურთიერთობა კი, საჯარო-სამართლებრივია (სუსგ №ბს-213(გ-23), 21.03.2023წ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით (სუსგ №ბს-1400(გ-18), 29.01.2019წ.).
პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციის დასაკავებლად გათვალისწინებული კონკურსის წარმართვის საკითხებს შეეხება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი ახდენს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პერსონალის კლასიფიკაციას აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალად (32-ე მუხ.). კანონი ადგენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ვაკანსიის დაკავების წესებს, ამასთან, აკადემიური თანამდებობის დაკავების აუცილებელ პირობად კანონი განსაზღვრავს ღია კონკურსს (34-ე მუხ.). ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 28-ე მუხლის 1-ელი პუნქტი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება სწორედ ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების „წესდებით“. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს. ამდენად, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით აკადემიური თანამდებობის ვაკანსიის დასაკავებლად ჩაატაროს კონკურსი. მართალია, კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, თუმცა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა ხდება არა შრომის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით. ამდენად, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა მოსარჩელესა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივია, ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სუსგ №ბს-213(გ-23), 21.03.2023წ.).
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დ. ო-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავის ფარგლებში, ამავე კოლეგიების მიერ მოხმობილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებაში მითითებული საქმეები (სუსგ №ბს-221-221(გ-18), 01.08.2018წ.; სუსგ №ბს-515(გ-19), 04.06.2019წ.) წინამდებარე სადავო შემთხვევასთან მიმართებაში არარელევანტურია, რადგან №ბს-221-221(გ-18) საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ-ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან დაკავშირებით ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, პირის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ აქტის გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა როგორც პირის თანამდებობაზე დანიშვნის, ისე მისი გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლებზე და მიუთითა, რომ მხარეებს შორის არსებობს კერძო-სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, მოსარჩელის შრომითი საქმიანობის დაწყების და შეწყვეტის ძირითადი საფუძველი არის შრომითი ხელშეკრულების დადება (შრომის კოდექსის 6.3 მუხ.) და შეწყვეტა (შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ვ“ ქვ.პ.). პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანება ვერ იქნებოდა მიჩნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რადგან იგი გამოცემული იყო კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში შემოწმებას დაექვემდებარა. №ბს-515(გ-19) საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის მიღებასთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსის კანონიერება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სსიპ-ის მიერ თანამშრომელთა მიღებისას კონკურსის ჩატარების ფორმალური წესების დაცვის საჭიროების დადგენით, განსახილველ შემთხვევაში არ იცვლება კონკურსის შედეგად დასაქმებული პირის შრომით-სამართლებრივი სტატუსი, რადგან კონკრეტული პროცედურების განხორციელებისას საჯარო კანონმდებლობის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ აქცევს ურთიერთობას საჯარო-სამართლებრივად, ისევე როგორც - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმიანობისას სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ გამორიცხავს ქმედების საჯარო-სამართლებრივ ხასიათს.
დასახელებული დავები გასამიჯნია იმ კატეგორიის დავებისაგან, სადაც დავის საგანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ჩატარების ფორმალური წესის კანონიერებაა. აღნიშნულ დავებზე (სუსგ №ბს-213(გ-23), 21.03.2023წ.; სუსგ №ბს-642(გ-23), 25.07.2023წ.) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სწორად გაამახვილა ყურადღება 2025 წლის 25 მარტის განჩინებაში. განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად არსებული დავის ფარგლებში, №ბს-213(გ-23) საქმეში, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით“. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა მოსარჩელესა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად იქნა მიჩნეული. №ბს-642(გ-23) ადმინისტრაციულ საქმეში კი საკასაციო პალატამ განმარტა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის პროცესში, აქტები გამოიცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და დავის გადაწყვეტა საჭიროებს აქტების ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სავალდებულოდ ჩასატარებელი კონკურსის კანონიერება განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დ. ო-ი სადავოდ ხდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის პროცესში გამოცემულ აქტებს, სადავო სამართალურთიერთობა მოსარჩელესა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივია, რამეთუ "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის 34-ე მუხლის 1-ელი პუნქტი აკადემიური თანამდებობის დაკავებას მხოლოდ ღია კონკურსის წესით ითვალისწინებს და დასახელებული კონკურსის ფარგლებში აქტები გამოიცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ო-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ო-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე