საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-761(კ-24) 28 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ყ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
მესამე პირი (ასკ-ის 16.2) - ააიპ თბილისის განვითარების ფონდი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ყ-იმა 2021 წლის 2 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406, 2020 წლის 31 აგვისტოს №5085342 ბრძანებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1873 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ააიპ თბილისის განვითარების ფონდი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელზე საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ; ი. ყ-ის პირველი სასარჩელო მოთხოვნის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ყ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1873 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსაფუძვლობის დასადასტურებლად მიუთითებს საქმეზე უდავოდ დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, აღნიშნავს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქალაქ თბილისში (სექტორი - კრწანისი), ...ს ქ. №34-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტი და გაიცა ძეგლზე სამუშაოების ნებართვა. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით ნებართვის მფლობელს დაევალა ბრძანების გაცნობიდან ექვსი თვის (130 სამუშაო დღის) ვადაში ქონების მართვის სააგენტოს შესაბამისი თანხმობის წარდგენა საზოგადოებრივ სივრცეში, ტროტუარზე ხარაჩოების მოწყობასთან დაკავშირებით. ამავე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით კი, განმცხადებელს განემარტა, რომ ამავე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილი იქნებოდა ბრძანება ძალადაკარგულად გამოეცხადებინა მისი ძალაში შესვლის დღიდან. საქმეში ასევე წარმოდგენილია ააიპ თბილისის განვითარების ფონდის მიერ 2020 წლის 27 აგვისტოს არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 25 აგვისტოს №61-01202383303 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში არ არის წინააღმდეგი, განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე დროებითი სამშენებლო ღობის მოწყობა, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. ამდენად, არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 აგვისტოს №50853 2 ბრძანებით შესრულებულად ჩაითვალა ამავე სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №504746 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და წარდგენილი დოკუმენტები დაერთო შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციას.
კასატორი აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ დამკვეთის მიერ შესრულებულ იქნა არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 აგვისტოს №5085342 ბრძანებით დადასტურდა დაინტერესებული მხარის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1873 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ი. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.
კასატორის მითითებით, მხარემ ვერც ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას და ვერც უშუალოდ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ ზეპირი განხილვის სხდომაზე ვერ დაადასტურა რა უშუალო და პირდაპირ ზიანს აყენებდა მას არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 აგვისტოს №5085342 ბრძანება. გარდა ამისა, თუ მხარე თვლიდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად იმსჯელა და დააზუსტებინა მას მოთხოვნა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების განმარტების გარეშე, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო უთითებს, მას შეეძლო გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინება, რომლითაც შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკითხი სრულყოფილად იყო გამოკვლეული ადმინისტრაციულ ორგანოში და არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის არავითარი წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანებით წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე მოწონებული იქნა ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №34-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტი. ამავე ბრძანებით გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 3 აგვისტოდან 2022 წლის 3 იანვრის ჩათვლით. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით დამკვეთს დაევალა 6 თვის (130 სამუშაო დღე) ვადაში წარედგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შესაბამისი თანხმობა საზოგადოებრივ სივრცეში ტროტუარზე ხარაჩოების მოწყობასთან დაკავშირებით, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბრძანების მე-4 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური იტოვებდა უფლებას, წინამდებარე ბრძანება გამოეცხადებინა ძალადაკარგულად მისი ძალაში შესვლის დღიდან;
- ააიპ თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 25 აგვისტოს №61-01202383303 წერილი, რომლის თანახმად, სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში არ იყო წინააღმდეგი განხორციელებულიყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე დროებითი სამშენებლო ღობის მოწყობა, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 აგვისტოს №5085342 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ააიპ თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელს შესრულებულად ჩაეთვალა სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობა და წარდგენილი დოკუმენტები დაერთო შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციას. წინამდებარე ბრძანება განხილული უნდა ყოფილიყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანებასთან ერთად;
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ი. ყ-ი წარმოადგენს ქალაქ თბილისში, .../...ს ქ. №...-ის მიმდებარედ არსებული 472 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 (საერთო ფართით 114,02 კვ.მ.) და №2 შენობების მესაკუთრეს, რომელმაც 2020 წლის პირველ სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანების გაუქმება მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1873 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ი. ყ-ის 2020 წლის პირველი სექტემბრის №19/01202453738-01 ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 აგვისტოს №5085342 ბრძანება. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1873 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 24 სექტემბერს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებულმა საჩივრის ავტორმა და მისმა წარმომადგენელმა დააზუსტეს მოთხოვნა და მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 აგვისტოს №5085342 ბრძანების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 აგვისტოს №5085342 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1873 ბრძანების კანონშესაბამისობა, ხოლო მათი კანონშესაბამისობის დადგენის თვალსაზრისით, შესაფასებელია ამ აქტებით დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები რამდენად დააზიანებდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რამეთუ საჩივრის ავტორის მითითებით, ის წარმოადგენს საპროექტო ობიექტის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და მიიჩნევს, რომ ააიპ თბილისის განვითარების ფონდს ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარუდგენია მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კვლევის ანგარიში, რომელშიც ასახული იქნებოდა დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესაძლო ზემოქმედების ხარისხი საპროექტო ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ი. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსზე, რომელიც ცალსახად შეიცავდა პრეტენზიას ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ძეგლი) სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტის მოწონებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანების გაუქმების თაობაზე. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორმა ზეპირი მოსმენის სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა, იმსჯელა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 აგვისტოს №5085342 ბრძანების კანონიერების საკითხზე, რომლითაც ააიპ თბილისის განვითარების ფონდს შესრულებულად ჩაეთვალა სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობა. საგულისხმოა, რომ ი. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შესაბამისი თანხმობის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიას არ ითვალისწინებდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამ ვითარებაში საჯარო მოსამსახურე თავისი ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია მოქმედებდეს სწორედ არსებული მოცემულობის ადეკვატურად, მისი მომსახურების სტანდარტი უნდა იქმნებოდეს და ყალიბდებოდეს არა კანონის დანაწესის ცალმხრივი, ფორმალისტური გაგებიდან, არამედ მომსახურების მიმღების ინტერესების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება, საქმეზე №ბს-1576(კ-18)).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსით მისთვის ცნობილი იყო ი. ყ-ის პრეტენზიის საგანი - დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების ხარისხის განმსაზღვრელი დოკუმენტის არარსებობა და სწორედ ამიტომ, იგი სადავოდ ხდიდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანებას, ზეპირი მოსმენის სხდომაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე დააზუსტებინა ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა, რომ არ განუმარტა მხარეს მოთხოვნის დაზუსტების სამართლებრივი შედეგი. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმა იმ ადმინისტრაციული საჩივრის დასაბუთებულობა, რომელიც თავისი არსით დაკავშირებული იყო არა მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მითითებული - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 აგვისტოს №5085342 ბრძანების, არამედ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანების კანონშეუსაბამობის საკითხთან.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავის შესაბამისად, ვალდებული იყო განეხილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი ამავე კოდექსის მე-6 თავით დადგენილი წესებით, რა დროსაც უნდა გამოეკვლია პრეტენზიის არსი და მისი საფუძვლიანობა, განემარტა მხარისთვის მოთხოვნის დაზუსტების მნიშვნელობა და მისი სამართლებრივი შედეგი, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელახლა უნდა იმსჯელოს ი. ყ-ის 2020 წლის პირველი სექტემბრის №19/01202453738-01 ადმინისტრაციულ საჩივარზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო პალატის განმარტებით, აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 აგვისტოს №5085342 ბრძანება კანონშესაბამისია. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ 2020 წლის პირველი სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის პრეტენზიის საგანს დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების ხარისხის განმსაზღვრელი დოკუმენტის არარსებობა წარმოადგენდა, რომლის თაობაზეც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია. შესაბამისად, ვინაიდან დადასტურებულია მხარის იურიდიული ინტერესის არსებობა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5047406 ბრძანების შემოწმების მიმართ, რაც ასევე ასახულია ადმინისტრაციულ საჩივარში, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არსებითად იმსჯელოს 2020 წლის პირველი სექტემბრის №19/01202453738-01 ადმინისტრაციულ საჩივარზე.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 აგვისტოს №5085342 ბრძანების კანონშესაბამისობის საკითხს, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1873 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 აგვისტოს №5085342 ბრძანების კანონიერებაზე, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე