საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-822(კ-24) 28 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა,
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. უ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. უ-ამ 2022 წლის 20 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა: 1. „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2021 წლის 8 დეკემბრის №... გადაწყვეტილების; 2. „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 დეკემბრის №... გადაწყვეტილების; 3. „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 4. მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება - გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მ. უ-ას სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდება ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ში (...ს ქ. №...) მდებარე, ... დროებითი საკადასტრო კოდის მქონე, 512 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, ასევე მოითხოვა: 5. 208 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობთან მიმართებაში თანდართული ნახაზის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 26 აპრილის №ბ 61.01221163 ბრძანებისა და 6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 15 ივლისის №612 ბრძანების ბათილად ცნობა.
2022 წლის 14 მარტს მ. უ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ში (...ს ქ. №...) მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე, 512 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით მ. უ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ში (...ს ქ. №...) მდებარე, ... დროებითი საკადასტრო კოდის მქონე, 512 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის გასხვისება, საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. უ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ში (...ს ქ. №...) მდებარე, ... დროებითი საკადასტრო კოდის მქონე, 512 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის გასხვისება, საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. უ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით მ. უ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მ. უ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავს, რომ 2009 წლის 2 ივნისს საჯარო აუქციონზე მან შეიძინა სს „მ...ის“ სრული/მთელი ქონება, შესაბამისად, იგი გახდა იმ ქონების მესაკუთრე, რასაც საწარმო ფლობდა 1994 წლიდან. ამასთან, საყურადღებოა, რომ სს „მ...ის“ ქონების რეალიზაციის მიზეზი სწორედ იმ 88 533 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარიცხული საგადასახადო დავალიანება გახდა, რომელიც მას მართლზომიერ სარგებლობაში ჰქონდა. საწარმოს მთელი თავისი ქონებით გაყიდვის ფაქტი დადასტურებულია სააუქციონო დოკუმენტაციითაც, რომლის მიხედვითაც ქონება უნდა რეალიზებულიყო 21 ჰა (დაუზუსტებელი) მიწის ფართთან ერთად.
კასატორის მითითებით, მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი: აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ ოქმი №20, სერტიფიკატი №7, 2006 წლის 8 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილება სს „მ...ის“ დაყადაღებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციასთან დაკავშირებით, სს „მ...ის“ მერ 88 533 კვ. მ მიწის ნაკვეთის მართლზომიერად მფლობელობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები. დასახელებული დოკუმენტები ერთად და ცალ-ცალკე 2009 წლის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად, ცალსახად ადასტურებს მ. უ-ას მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერი ფლობის ფაქტს, შესაბამისად, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მართლზომიერად მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რაზადაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, ვინაიდან, როგორც მარეგისტრირებელ ორგანოში, ასევე პირველ და სააპელაციო ინსტანციაში კასატორი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სწორედ ზემოაღნიშნულის საფუძველზე ითხოვდა.
აქედან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ. უ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. უ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- მ. უ-ამ 2021 წლის 8 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ის (...ს ქუჩა №...) მიმდებარედ არსებულ 512 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 2 ივნისს აუქციონზე შეიძინა სს „მ...ის“ სრული ქონება, მათ შორის, ის უძრავი ქონებაც, რომელიც, მართალია, არ იყო ამ სააქციო საზოგადოების სახელზე რეგისტრირებული, თუმცა იყო მის მართლზომიერ მფლობელობაში 1994 წლიდან. მხარემ მიუთითა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1983 წლის 27 იანვრის №02.01.67 გადაწყვეტილებაზე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 8 ივნისის №36/1 დადგენილებაზე, ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის გლდანის რაიონის გამგეობის 1994 წლის 16 ივნისის №240 განკარგულებაზე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 23 იანვრის №26-33/7-1 წერილზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 13 დეკემბრის №5951 წერილზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 8 ოქტომბრის უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე, თბილისის რეგიონული ცენტრის 2008 წლის 9 დეკემბრის №02-01/6949 წერილზე და აღნიშნა, რომ დასახელებული დოკუმენტები ადასტურებდა სს „მ...ის“ მართლზომიერ საკუთრებას 93 140 კვ. მ მიწის ნაკვეთზე;
- საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადასტურებულია, რომ სსპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა მხარეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მ. უ-ას, როგორც შპს „თ...ს“ წარმომადგენლის მიერ ცენტრალიზებული რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის შესახებაც 2021 წლის 15 ოქტომბერს მიღებული იყო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება. სააგენტომ მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი, ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა საქმის გარემოებებს;
- სსპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება მ. უ-ამ საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც ამავე სააგენტოს 2021 წლის პირველი დეკემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება, გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა და ახალი გადაწყვეტილების მიღება;
- ხელახალი წარმოების შედეგად შეჩერდა საქმის წარმოება და მ. უ-ას ეცნობა, რომ წარმოსადგენი იყო სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობდა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა მ. უ-ას მიერ, რომელიც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული და მ. უ-ას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარმოშობდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე მ. უ-ას საკუთრების უფლებას. ამის შემდეგ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილებით კი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის საფუძვლით. ამ თვალსაზრისით კი, შესაფასებელია, წარმოშობდა თუ არა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მ. უ-ას საკუთრების რეგისტრაციის უფლებას მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მეორე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. აღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათთან შესაბამისობაში უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით და შესაბამისი კონფიგურაციით განხორციელდეს, და მეორე მხრივ, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები კი განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით.
საკასაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე ძირითადად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მისი მართლზომიერ მფლობელობა დადასტურებულია საქმეში დაცული დოკუმენტებით. ამ თვალსაზრისით კი, პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, მართლზომიერი მფლობელობა შესაძლებელია დასტურდებოდეს 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათებით, საკომლო წიგნიდან ამონაწერით, მებაღის წიგნაკით, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სიით (შემდგომ – განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სიით (შემდგომ – საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტით ან მიწის ნაკვეთის გეგმით, სასამართლოს აქტით, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტით (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტით.
განსახილველ შემთხვევაში კი, მართალია, საქმეში წარმოდგენილი სხვადასხვა დოკუმენტები შესაძლოა მიუთითებდეს სს „მ...ისთვის“ მართლზომიერ სარგებლობაში უძრავი ქონების სახით მიწის ნაკვეთის გადაცემას, თუმცა ეს უფლება მიიღო სააქციო საზოგადოება სს „მ...ამ“. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის არგუმენტს, რომ საჯარო აუქციონზე მისი ქონების შეძენით მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი სარგებლობის უფლებაც შეიძინა სწორედ იმ ნუსხის მხედველობაში მიღებით, რომლის მიხედვითაც აუქციონზე არ გატანილა მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რაც აუქციონის საფუძველზე გასხვისდა, არის კიდეც აღრიცხული მ. უ-ას სახელზე, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთებიც, რომელზედაც უშუალოდ განთავსებულია მის მიერ შეძენილი შენობა-ნაგებობები. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა კანონმდებლობამ მიანიჭა კერძო სამართლის იურიდიულ პირებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით, თუმცა მათთვის ამ უფლებით სარგებლობა დაუშვა 2012 წლის 1 იანვრამდე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. შესაბამისად, ის ქონება, რაც არასდროს ყოფილა სს „მ...ის“ კერძო საკუთრება, ვერ გასხვისდებოდა ვერც აუქციონის გზით, ხოლო უფლება მართლზომიერ სარგებლობაზე აუქციონის საგანი არ ყოფილა. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ არგუმენტს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მ. უ-ას წარმოეშვა მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ქონების რეგისტრაციის უფლება. ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით, სააქციო საზოგადოებას ეს ქონება საკუთრებაში არასოდეს აღურიცხავს, ხოლო მ. უ-ა არ გამხდარა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამონაცვლე, შესაბამისად, ამ კანონის მოქმედების მასზე გავრცელება, არ გამომდინარეობს კანონის დანაწესიდან.
ამრიგად, საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სათანადოდ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაასკვნა, რომ მხარს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მ. უ-ას საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლებს არ ქმნიდა. შესაბამისად, მართებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის და ამასთანავე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. მითითებული აქტების კანონიერების პირობებში კი, ასევე არ არსებობს მოპასუხის დავალდებულების საფუძველი - გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მ. უ-ას სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 26 აპრილის №ბ 61.01221163 და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 15 ივლისის №612 ბრძანებების კანონიერების შემოწმებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ხოლო ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების მართვის სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას განეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა.
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2022 წლის 26 აპრილს მიღებულ იქნა №ბ 61.01221163 ბრძანება ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ არსებული 259 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. დასახელებული ბრძანების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 3 მაისის №... გადაწყვეტილებით 259 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა.
2022 წლის 16 მაისს მ. უ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 26 აპრილის №ბ 61.01221163 ბრძანების ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 15 ივლისის №612 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ. უ-ას ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადასტურებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ჰქონდა უფლებამოსილება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოეცა შესაბამისი ბრძანება და მოეთხოვა იმ ქონების მუნიციპალიტეტის სახელზე აღრიცხვა, რომელიც იმ დროისათვის არ იყო კერძო საკუთრებაში და არ არსებობდა რეგისტრაციის გამომრიცხავი რაიმე წინაპირობა. რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 15 ივლისის №612 ბრძანების ბათილად ცნობას, პალატა აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შედეგად გამოცემულ აქტს. ამასთან, ვინაიდან არ დადგენილა ძირითადი აქტის - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 26 აპრილის №ბ 61.01221163 ბრძანების კანონშეუსაბამობა, ასევე არ არსებობს ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობებიც. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჩივრის განმხილველმა ორგანომ სრულყოფილად შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო მართებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. მ. უ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. მ. უ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 11 ივლისს №9609 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე