Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1045(კ-24) 28 აპრილი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. კ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. კ-იმა 2022 წლის პირველ ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2022 წლის 31 მაისს №03-2575/ო ბრძანების (ნ. კ-ისა და მისი ოჯახის წევრების ნაწილში) ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს მარტვილის რაიონის სოფელ ...ში, რომელიც მიჩნეულია მეწყერსაშიშ ზონად. მან 2021 წლის აგვისტოს თვეში განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკითხის განსახილველად, თუმცა გარკვეული პერიოდი არავინ დაინტერესებულა მათი ცხოვრების პირობებით. 2022 წელს კი ამავე სააგენტომ გამოსცა ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა მას განაცხადის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტი უკანონოა, არ ემყარება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ექვემდებარება ბათილად ცნობას, ხოლო ეკომიგრანტი ოჯახი - საცხოვრებლით დაკმაყოფილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 31 მაისის №03-2575/ო ბრძანება „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე“ (ნ. კ-ისა და მისი ოჯახის წევრების ნაწილში); მოპასუხეს ნ. კ-ის ეკომიგრანტი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. კ-ის ეკომიგრანტი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ქულათა არასაკმარისი ოდენობა. როგორც „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2022 წლის 2 და 3 მაისის №2 სხდომის ოქმიდან ირკვევა, კომისიამ იმსჯელა ისეთ ოჯახებზე რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 14.5 და მეტი ქულა, ნ. კ-ის ოჯახს კი, გადაფასების შედეგად დააკლდა 3 ქულა და 16 ქულის ნაცვლად გაუხდა 13, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა განაცხადის დასაკმაყოფილებლად. კასატორი ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოს მიერ ვიზუალური დათვალიერებისას საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ ჩანდა მძიმე და მას აღენიშნებოდა სუსტი ბზარები. ამდენად, სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ მან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება გამოიკვლია, შეისწავლა და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ. კ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ქულათა არასაკმარისი ოდენობის გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლეებზე ვრცელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებული სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, დენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ზემოთ დასახელებული №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დაზარალებულთა საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დაზარალებულთა საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. დაზარალებული, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლის მიღებისათვის. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დაზარალებულებისათვის საცხოვრებელი სახლების განაწილება. საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ანდა ასეთი რისკების ზონაში მცხოვრები დაზარალებულის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა. ამგვარი გარემოს მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების დასკვნით, ხოლო ნგრევადი და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობის მდგომარეობა - შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ)დაზარალებულის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის ეკომიგრანტი და მისი ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად შედიან მეუღლე - ი. ჯ-ა და შვილები - ზ. და ბ. ჯ-აები. 2021 წლის 3 ნოემბრის გადამოწმების ოქმის თანახმად, ნ. კ-ის და მასთან მუდმივად მცხოვრებ ოჯახის წევრებს წარმოადგენენ, ასევე, რძალი - მ. ხ-ა, შვილიშვილები - დ. ჯ-ა და მ. ჯ-აები. 2021 წლის 5 მარტის შეფასების საფუძველზე განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მიერ მოსარჩელის ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა 16.0 ქულა, ხოლო 2022 წელს კვლავ შემოწმებისას მინიჭებული დაზიანების I კატეგორია (16 ქულა) გადაფასდა და შეიცვალა II კატეგორიით, რის საფუძველზეც ქულა შეიცვალა (დააკლდა 3 ქულა) და განისაზღვრა 13-ით. ამდენად, ქულათა არასაკმარისი ოდენობა გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ. კ-ის ეკომიგრანტი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი, რადგან კომისიამ იმსჯელა ისეთი ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რომელსაც მინიჭებული ჰქონდათ 14.5 და მეტი ქულა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ...სა და ...ში მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტის მიერ მომზადებულ ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაზე, რომლის თანახმად, ნ. კ-ის საკარმიდამო ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს ტექტოსეიოგენური გენეზისის ძველმეწყრულ ბლოკ-საფეხურს. საცხოვრებელი სახლი დეფორმირებულია, კერძოდ, ნ. კ-ის საცხოვრებელი სახლის სამხრეთ ნაწილში ყველგან ფიქსირდება დეფორმაციის ნიშნები, საძირკვლის და ბეტონის იატაკის გამხსნელი 0.5-1.5-2.0 სმ-მდე სიგანის ბზარების სახით; კარ-ფანჯრებს უჭირს გაღება-დახურვა; საცხოვრებელი სახლის სამხრეთით, 1-2 მ-მდე მანძილზე, შვეული მდგომარეობიდან გადახრილია ხე-მცენარეები და გადაადგილებულია მიწის მასები. მთლიანობაში დაბალი დინამიკის მეწყრული ძვრებით, საცხოვრებელი სახლი იმდენად დეფორმირებულია, რომ ჰორიზონტალური სიბრტყის მიმართ უკუდაქანებულია. ასეთი დეფორმაცია გამოწვეული უნდა იყოს ძველმეწყრული ბლოკ-საფეხურის არეალში, მეორადი გენერაციის მეწყრული ძვრების ფორმირებით, რაც მაღალი საშიშროების რისკის შემცველია, როგორც სახლის, ისე საკარმიდამო ნაკვეთის შემდგომი მდგრადობის და სახლის ბინადართა უსაფრთხოების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ დაზიანება წარმოადგენს II კატეგორიას და კანონიერად მოხდა მოსარჩელისათვის 3 ქულის დაკლება, ვინაიდან სააგენტოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულს. მხოლოდ მონიტორინგის ჯგუფის მიერ, სავარაუდოდ, მათი შეხედულებისამებრ გაკეთებული შეფასება დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით, ვერ გააქარწყლებს საქმეში წარმოდგენილ საინჟინრო-გეოდინამიკურ დასკვნას მით უფრო მაშინ, როდესაც მოპასუხის პოზიცია ეყრდნობა ვიზუალური დათვალიერების შედეგად 2021 წლის 3 ნოემბრის გადამოწმების ოქმს, რომელიც შედგენილია ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების და არა სპეციალური განათლებისა და ცოდნის მქონე პირის მიერ. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით ასევე დასტურდება, რომ სახლის საძირკველი დაბზარულია და მიწა დანაპრალებულია (იხ. ს.ფ. 163-168). ამასთანავე, მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ ოჯახს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს, ასევე სადავო არ არის, რომ ოჯახის შემადგენლობაში შედის 2 არასრულწლოვანი პირიც. ამრიგად, ნ. კ-ის ეკომიგრანტ ოჯახს უკანონოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე