№ბს-1016(კ-24) 14 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. ვ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. ვ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ,,სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 28 მარტის №03-02/29 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 მაისის №01-06/381 ბრძანება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ვ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ,,სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 28 მარტის №03-02/29 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 მაისის №01-06/381 ბრძანება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას საჩივრით მიმართა დ. ვ-ემ და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 28 მარტის №03-02/29 დადგენილების ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმდა უკანონოდ, მის მიერ აშენებული შენობა მიეკუთვნება პირველ კლასს, რომელსაც არ სჭირდება ნებართვა. მშენებლობა განხორციელდა მერიასთან შეთანხმებით, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე, არ იკვეთება მიმდინარე მშენებლობის არსებობა. მხარემ განმარტა, რომ მერიამ არასწორად განახორციელა სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ვინაიდან მას ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 24 აპრილის №01-06/312 ბრძანებით დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ძალაში დარჩეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 28 მარტის №03-02/29 დადგენილება შემდეგ გარემოებათა გამო: 2019 წლის 24 იანვრის №01-23/613 წერილით დ. ვ-ე გაფრთხილებულ იქნა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო მიწის ნაკვეთი უნებართვო შენობა-ნაგებობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები. მხარემ არ განახორციელა მერიის წერილით განსაზღვრული მოქმედებები, რის შემდეგაც დაწყებულ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. დ. ვ-ეს 2019 წლის 6 მარტს მიეცა მითითება 2019 წლის 16 მარტამდე განეხორციელებინა უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი. სამსახურის მიერ მიცემულ ვადაში დამრღვევმა ვერ უზრუნველყო მითითებით განსაზღვრული სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება, რაზეც 2019 წლის 20 მარტს შედგა შემოწმების აქტი. 2019 წლის 25 მარტს განხილულ იქნა მოცემული საქმე და მიღებულ იქნა №03-02/29 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ.
კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ დ. ვ-ეს ნამდვილად აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული ობიექტი, რაზედაც არ აქვს შესაბამისი ნებართვა, შესაბამისად, სახეზეა სამშენებლო სამართალდარღვევა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი ნებართვის გარეშე დარჩენილი ობიექტი არ არის უნებართვო ობიექტი და მასზე ვერ გავრცელდება სამშენებლო სამართალდარღვევის ნორმები. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სანებართვო ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი იქცევა უნებართვო ობიექტად და სასამართლოს განმარტების გაზიარების შემთხვევაში მესაკუთრეს არ რჩება ბერკეტი იმისა, რომ განახორციელოს ობიექტების დემონტაჟი, რითაც ილახება მესაკუთრის უფლებები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2018 წლის 25 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ფიზიკურ პირს, დ. ვ-ეს შორის გაფორმდა №01-45/237 ხელშეკრულება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 ოქტომბრამდე. მოიჯარე დ. ვ-ეს სარგებლობაში გადაეცა ქ. ქობულეთში, ...ის №...-ს მიმდებარედ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 75 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე კაფე-ბარის განთავსების მიზნით. ხელშეკრულებაში მითითებული მიწის ფართის მოიჯარისთვის გადაცემა განხორციელდა დ. ვ-ეის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, თანდართული სიტუაციური გეგმისა და ობიექტის ესკიზის შესაბამისად (ს.ფ 35-39); ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 იანვრის №01-35/613 წერილით დ. ვ-ეს მიეცა გაფრთხილება მასზედ, რომ 30 დღის ვადაში უზრუნველეყო ქობულეთში, ...ის №...-ს მიმდებარედ, მის მიერ დაკავებულ სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული ობიექტის (კაფე-ბარი) დემონტაჟი (ს.ფ 78); გ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 6 მარტს გაიცა №03-07/26 მითითება, რომლის თანახმად, გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე შესაბამისი ნებართვის გარეშე კონსტრუქციის განთავსებაში გამოიხატა. №03-07/26 მითითებით, დ. ვ-ეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟისათვის განესაზღვრა ვადა, 2019 წლის 16 მარტამდე (ს.ფ 19-20); დ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 20 მარტს შედგა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, 2019 წლის 6 მარტის №03-07/26 მითითების პირობები შესრულებული არ იყო (ს.ფ 24-25); ე) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 28 მარტის №03-02/29 დადგენილებით დ. ვ-ე უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა 2 000 ლარით. ამავე დადგენილებით, განისაზღვრა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელება იძულების წესით (ს.ფ 26-27); ვ) დ. ვ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 28 მარტის №03-02/29 დადგენილების ბათილად ცნობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 მაისის №01-06/381 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 28-31, 32-34); ზ) 2021 წლის 7 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და დ. ვ-ეს შორის გაფორმდა №01-25/136 ხელშეკრულება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა, ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე. აღნიშნული ხელშეკრულებით მოიჯარე დ. ვ-ეს უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაეცა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ქობულეთში, ...ის №...-ს მიმდებარედ 160 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მოიჯარის მიერ წარდგენილი ესკიზისა და სიტუაციური გეგმის შესაბამისად, კაფე-ბუნგალოს განთავსების მიზნით (ს.ფ 137-139).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 28 მარტის №03-02/29 დადგენილების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 №139 დადგენილებით), რომლის 66-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. აღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 25 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ფიზიკურ პირს, დ. ვ-ეს შორის გაფორმდა №01-45/237 ხელშეკრულება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც დ. ვ-ეს სარგებლობაში გადაეცა ქ. ქობულეთში, ...ის №...-ს მიმდებარედ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 75 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე კაფე-ბარის განთავსების მიზნით. ხელშეკრულებაში მითითებული მიწის ფართის მოიჯარისთვის გადაცემა განხორციელდა დ. ვ-ეის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, თანდართული სიტუაციური გეგმისა და ობიექტის ესკიზის შესაბამისად, კერძოდ, ხელშეკრულების 4.4.11 მუხლში აღნიშნულია, რომ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთში ობიექტის განთავსება განხორციელდეს მოიჯარის მიერ წარდგენილი სიტუაციური გეგმისა და განსათავსებელი ობიექტის ესკიზის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი სამართალდარღვევად მიიჩნევს სწორედ მოსარჩელისათვის იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტს და სადავოდ არ ხდის, რომ სადავო შენობა-ნაგებობა მიეკუთვნება I კლასს. ადმინისტრაციული ორგანო კონსტრუქციის უნებართვობას უკავშირებს იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლას, რითაც მისი მოსაზრებით, სანებართვო ვადის გასვლის შემდეგ, შენობა-ნაგებობა იქცა უკანონო ობიექტად და ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის გასვლა, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ობიექტის ესკიზისა და სიტუაციური გეგმის შესაბამისად ნაწარმოები და განთავსებული კონსტრუქციის უნებართვო მშენებლობად მიჩნევისათვის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია