საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1127(2კ-24) 10 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ა, მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ამ 2019 წლის 8 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის N... დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 აპრილის №328 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის N... დადგენილება. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე მ. კ-ა გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 მაისის №328 ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის N... დადგენილების ძალაში დატოვების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე, 44-ე მუხლები და დავის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომლის თანახმად, შენობა - ნაგებობის ლეგალიზებაში იგულისხმება უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით მოწყობილი ობიექტის ლეგალიზება (დაკანონება). განმარტა, რომ აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას. ამავე წესის მე-8 მუხლზე აპელირებით განმარტა, რომ შესაბამისი ორგანოს მიერ ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 31 ივლისის Nლეგ-2830 ბრძანებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, .... N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული ფართი. მიუთითა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 24 აპრილის N6406958 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ....ის N6-ში უნებართვოდ მოწყობილი კიბე, ხოლო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 ნოემბრის N6728846 ბრძანებით, ლეგალიზებული იქნა ამავე მისამართზე მდებარე უნებართვოდ მოწყობილი ფართები, კერძოდ, ობიექტის ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, საერთო ფართი: 158.6 კვ.მ.; მათ შორის: N1: 18.2 კვ.მ.; N2: 3.3 კვ.მ.; N3: 1.7 კვ.მ.; N4: 8.2 კვ.მ.; N5: 16.6 კვ.მ.; N6: 20.6 კვ.მ.; N7: 38.7 კვ.მ.; N8: 51.3 კვ.მ. საგულისხმოდ მიიჩნია, რომ მოცემული პერიოდისათვის აპელანტი სადავოდ არ ხდის შენობა - ნაგებობის სრული მოცულობით კანონიერების ფაქტს და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომ სადავო აქტი მისი გამოცემის დროისთვის იყო კანონიერი, რის გამოც არ არსებობდა მისი გამოცემის დღიდან ბათილად ცნობის საფუძველი.
პალატის მსჯელობით, ვინაიდან სასამართლოს მიერ სადავო საკითხის განხილვის დროისთვის უნებართვოდ აშენებული შენობა - ნაგებობები ლეგალიზებული იყო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის N... დადგენილების ბათილად ცნობა მოხდა არა სადავო აქტის გამოცემის, არამედ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან, რასაც ასევე ადასტურებდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ჩანაწერი მ. კ-ას სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პალატის დასკვნით, მითითებული მოტივით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს და ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უდავოა უკანონოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ამ დროისთვის კანონიერად მიჩნევის ფაქტი, მიიჩნია, რომ ასევე არ არსებობს შენობა - ნაგებობების დემონტაჟის მოსარჩელისთვის დავალების საფუძველი.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის N... დადგენილების ბათილად ცნობის საკითხს მ. კ-ას 10 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში, პალატის განმარტებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო დადგენილება უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გამო მ. კ-ას დაჯარიმების თაობაზე. მიუთითა, რომ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გადაცდომა. მიუთითა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-11 ნაწილი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი და ვინაიდან ამჟამინდელი მდგომარეობით სამართალდარღვევის მავნე შედეგები თავიდან იქნა აცილებული უნებართვოდ აშენებული ფართის ლეგალიზების გზით, პალატის მსჯელობით, არსებული ვითარება საკმარის საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენებისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
კასატორის განმარტებით, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ერთის მხრივ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულია აბსოლუტური სანქცია - 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორეს მხრივ როდესაც სახეზეა სამართალდარღვევა და მითითებით დადგენილ ვადაში სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის ფაქტი, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მუნიციპალური ინსპექციის დადგენილების ბათილად ცნობისა და სამართალდამრღვევისთვის შენიშვნის გამოცხადების საფუძველი. იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილების კანონიერების თაობაზე, სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, ლეგალიზების გზით განხორციელდა შენობა - ნაგებობის კანონიერ ჩარჩოში მოქცევა, ასეთ პირობებში დაკისრებული სახდელის - ჯარიმის ნაცვლად შენიშვნის გამოყენება, კანონის არასწორი განმარტების შედეგად მიაჩნია კასატორს და ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას და საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში, სარჩელზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის N... დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 აპრილის №328 ბრძანების ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტების კანონიერების შემოწმებისას უნდა დადგინდეს მოცემულ შემთხვევაში არსებობდა თუ არა ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც წარმოშობდა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მ. კ-ას სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შეფასება უნდა მიეცეს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების შესაძლებლობას.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის 10 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, შესახვევი ...ს N..., შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2 და N3, შენობა - ნაგებობების საერთო ფართი: 302.78 კვ.მ. ს.კ. ..., რეგისტრირებულია მ. კ-ას საკუთრების უფლება; 2023 წლის პირველ მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქალაქი თბილისი, შესახვევი ...ს N6, დაზუსტებული ფართობი: 193 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, საერთო ფართი: 389.8 კვ.მ. (0 სართული - 21.5 კვ.მ., I სართული - 98.2 კვ.მ., II სართული - 149.9 კვ.მ., სხვენი - 81.5 კვ.მ., ტერასა - 38.7 კვ.მ.) ს.კ. ..., რეგისტრირებულია მ. კ-ას საკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, მ. კ-ას მიმართ შედგა N... მითითება, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, შესახვევი ... N..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული (შენობა N1, N2, N3; ს/კ ...) კაპიტალური შენობა - ნაგებობები, რომლებიც ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადასულია ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებსა და სახელმწიფო ტერიტორიაზე. ზემოხსენებული მითითებით მ. კ-ას, როგორც სამართალდამრღვევს, გამოსწორების მიზნით დაევალა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში დარღვევის გამოსწორების მიზნით წარედგინა აღნიშნული N1, N2, N3 კაპიტალური შენობა - ნაგებობის აშენების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა მათი დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეცნობა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დაჯარიმდებოდა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის N... შემოწმების აქტით დადგინდა სამსახურის 2017 წლის 30 მაისის N... მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2017 წლის პირველი სექტემბრის N4-3/113-გ/17 ბრძანებით, ამავე ინსპექციის 2017 წლის 30 მაისის N... მითითების საფუძველზე მ. კ-ას მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით, 2017 წლის პირველი სექტემბრიდან 2017 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ვაკე -საბურთალოს რაიონული განყოფილების ...ის 2017 წლის 30 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მ. კ-ას მიერ არ შესრულდა 2017 წლის 30 მაისის N... მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის N... დადგენილებით მ. კ-ა დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ....ი N..., N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (აშენებულია კაპიტალური შენობა N1, N2, N3), რომელიც ნაწილობრივ გადადის N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებსა და სახელმწიფო ტერიტორიაზე. ასევე ქალაქ თბილისში, ....ი N..., N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა - ნაგებობის (N1, N2, N3) დემონტაჟი.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 აპრილის N328 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ. კ-ას 2017 წლის 20 ნოემბრის N19/01173242544-17 ადმინისტრაციული საჩივარი.
ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ,,ი...’’ 2021 წლის 24 სექტემბრისN2 კრების ოქმის მიხედვით, კრებამ ერთხმად დაადგინა, რომ გაიცეს თანხმობა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ს/კ ... მესაკუთრე მ. კ-ასთვის მის მიერ 2007 წლის პირველ იანვრამდე აშენებული საცხოვრებელი სახლის ლეგალიზაციის და საკადასტროს საზღვრების დადგენის მიზნით დღევანდელი მდგომარეობით არსებული სახით. კრებამ 100%-ით, დამსწრეთა სრული შემადგენლობით ერთხმად თანხმობა განაცხადა აღნიშნულ საკითხზე.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 24 აპრილის N6406958 ბრძანებით, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ....ი N6-ში უნებართვოდ მოწყობილი კიბე. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 ნოემბრის N6728846 ბრძანებით, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ....ი N...-ში უნებართვოდ მოწყობილი ფართები. ობიექტის ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები: საერთო ფართი: 158.6 კვ.მ.; მათ შორის: N1: 18.2 კვ.მ.; N2 : 3.3. კვ.მ.; N3: 1.7 კვ.მ.; N4: 8.2. კვ.მ.; N5: 16.6. კვ.მ.; N6: 20.6 კვ.მ.; N7: 38.7 კვ.მ.; N8: 51.3. კვ.მ.
განსახილველ შემთხვევაში სადავო დადგენილება ეფუძნება ,,პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტოსარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა - ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმა მიმართულია უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოების წინააღმდეგ და ადგენს სანქციის კონკრეტულ ზომას. შესაბამისად, დასახელებული ნორმა დავის თავისებურებების გათვალისწინებით არ იძლევა ჯარიმის მინიმუმის ან მაქსიმუმის განსაზღვრის შესაძლებლობას. თუმცა, ამა თუ იმ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით სანქციის მხოლოდ კონკრეტული ზომის გათვალისწინება არ გამორიცხავს საქმეზე შემამსუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებების გამოყენებას.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს სამშენებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისა ან/და შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას განსაზღვრავდა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, რომლის 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნორმის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მითითებული მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა - ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის N... დადგენილებით მ. კ-ა დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, .... N...-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (აშენებულია კაპიტალური შენობა N1, N2, N3), რომელიც ნაწილობრივ გადადიოდა N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებსა და სახელმწიფო ტერიტორიაზე. ამავე დადგენილებით, უძრავი ქონების მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა - ნაგებობის (N1, N2, N3) დემონტაჟი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომლითაც განსაზღვრულია უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესაძლებლობა. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მოთხოვნებისა). მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისაგან მიჯნავს არქიტექტურულ ქალაქთმშენებლობის პროცესებსა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს და განსაზღვრავს ამ უფლებამოსილებათა განმახორციელებელ განსხვავებულ ორგანოებს. კერძოდ, საჯარო რეესტრი განიხილება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოდ, ხოლო სამშენებლო სამუშაოებისთვის კანონიერის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი. საკუთრების უფლების აღიარების კომისია კი წარმოადგენს ორგანოს, რომელიც ადასტურებს პირის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტს.
დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 31 ივლისის Nლეგ-2830 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, .... N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული ფართი. ამასთან, საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 24 აპრილის N6406958 ბრძანება, რომლითაც ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ....ის N6-ში უნებართვოდ მოწყობილი კიბე, ხოლო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 ნოემბრის N6728846 ბრძანებით, ლეგალიზებული იქნა ამავე მისამართზე მდებარე უნებართვოდ მოწყობილი ფართები, კერძოდ, ობიექტის ტექნიკურეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, საერთო ფართი: 158.6 კვ.მ.; მათ შორის: N1: 18.2 კვ.მ.; N2: 3.3 კვ.მ.; N3: 1.7 კვ.მ.; N4: 8.2 კვ.მ.; N5: 16.6 კვ.მ.; N6: 20.6 კვ.მ.; N7: 38.7 კვ.მ.; N8: 51.3 კვ.მ.
სადავო საკითხის განხილვის დროისთვის უნებართვოდ აშენებული შენობა - ნაგებობები ლეგალიზებული იყო. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის N... დადგენილების ბათილად ცნობა მოხდა არა სადავო აქტის გამოცემის, არამედ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან, რასაც ადასტურებდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ჩანაწერი მ. კ-ას სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ მითითებული მოტივით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა და ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უდავო იყო უკანონოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ამ დროისთვის კანონიერად მიჩნევის ფაქტი, ასევე არ არსებობდა შენობა - ნაგებობების დემონტაჟის მოსარჩელისთვის დავალების საფუძველი.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის N... დადგენილების ბათილად ცნობის საკითხს მ. კ-ას 10 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გადაცდომა. ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს დავის გადაწყვეტის დროს არსებული ვითარება, გადაცდომის ჩამდენი სუბიექტის პიროვნება, მის მიერ წარსულში მსგავს გადაცდომათა ჩადენის ფაქტი, გადაცდომის ჩადენის წინარე ქმედებები, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანი, რომელიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში. ამასთან, განსახილველ საქმეზე ჯარიმის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია ასევე ყურადღება გამახვილდეს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის იმპერატიულ დანაწესზე, რომლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო წყვეტს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას თუკი პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ. ხსენებული დანაწესის კანონში შემოტანით ცხადია, რომ კანონმდებელი უშვებს სრულ შესაძლებლობას, მიუხედავად დადასტურებული სამართალდარღვევისა, აღარ გააგრძელოს საქმისწარმოება, არ დაუდგინოს სუბიექტს სანქცია, რამეთუ დადგა ვითარება, როცა სამართალდარღვევის ობიექტი აწ უკვე მოექცა კანონიერ ჩარჩოში და მოხდა მისი ლეგალიზება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს, რომელიც ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის, თუ ისინი სპეციალური კანონით სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული. განსახილველი შემთხვევის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების დაუშვებლობაზე მითითებას, არ შეიცავენ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების გამომრიცხავ რაიმე დებულებას. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
საკასაციო პალატის მსჯელობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა ის გარემოებას, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგები თავიდან იქნა აცილებული უნებართვოდ აშენებული ფართის ლეგალიზების გზით, შესაბამისად, არსებული ვითარება პალატის შეფასებით საკმარის საფუძველს ქმნიდა სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც ის გათავისუფლდებოდა დაკისრებული სანქციისაგან და გამოეცხადებოდა სიტყვიერი შენიშვნა. ამდენად, ამ ნაწილში ასევე მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გადაწყვეტილების გამოტანიდან სადავო აქტი მოსარჩელის დაჯარიმების ნაწილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი