საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1357(კ-24) 10 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 09 ნოემბერს მ. კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 თებერვლის Nც41 – 20 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 სექტემბრის №1309 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე, 44-ე მუხლები და განმარტა, რომ სამართალდარღვევადაა მიჩნეული, როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა - ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 თებერვლის Nც41 – 20 დადგენილებაზე, რომლითაც 2018 წლის 23 აპრილის N..., N... და N... დადგენილებების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტები ჩამოყალიბდა ერთ პუნქტად და მ. კ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისი, ...ს ქ. N...-ში N... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე/სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევით განხორციელებული სამუშაოებისთვის. განმარტა, რომ მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის არსებობის პირობებში რამდენად მართებულად განხორციელდა მ. კ-ის დაჯარიმება ერთჯერადად 8 000 ლარის ოდენობით.
პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლზე და იმ პირობებში, როდესაც უდავოდ დადგენილად მიიჩნია მ. კ-ის მიერ ორ შემთხვევაში ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ერთ შემთხვევაში ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტები, საქალაქო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მართლზომიერად აღასრულა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლიდან გამომდინარე მართებულად გამოსცა 2020 წლის 20 თებერვლის Nც41 - 20 დადგენილება.
რაც შეეხება მოსარჩელის იმ განმარტებას, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია 2014 - 2016 წლებში, ხოლო დადგენილებები სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილია 4 წლის შემდგომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული 3 თვიანი ვადის დარღვევით, აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 ნაწილი და განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის N..., N... და N... დადგენილებები მიღებულია სახდელის დადებისთვის დადგენილი ვადების დაცვით, რომელშიც ცვლილება შევიდა სადავო აქტით ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს დავალების აღსრულების შესაბამისად. დამატებით მიუთითა, რომ უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით დენადი სამართალდარღვევაა, რომელთან მიმართებითაც ვადების ათვლა იწყება სამართალდარღვევის არა ჩადენის, არამედ გამოვლენის დღიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. კ-ის მიერ.
კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ მოსარჩელისათვის პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება განხორციელდა კანონით დადგენილ ვადაში. გასათვალისწინებლად მიიჩნევს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის პერიოდს, კერძოდ იმ გარემოებას, რომ სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი ჰქონდა 2014 - 2016 წლებში, აღნიშნულიდან გამომდინარე კი განმარტავს, რომ ჯარიმის დაკისრების ნაწილში ქმედება არ წარმოადგენს დენადი სახის სამართალდარღვევას. წარმომადგენლის მსჯელობით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლი და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილები. კასატორის მსჯელობით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის N2162 ბრძანების არ გასაჩივრება არ გულისხმობს სასამართლოს მხრიდან გამოკვლევის მიღმა დარჩეს 2018 წლის 23 აპრილის ..., ... და ... დადგენილების შინაარსი და აღნიშნული აქტების გამოცემის კანონთან შესაბამისობა. მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმება გულისხმობს გარემოებების ხელახალი გამოკვლევის აუცილებლობას და შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევაზე ახალი სანქციის განსაზღვრას, რაც წარმომადგენლის მსჯელობით, მიუთითებს სამშენებლო სამართალდარღვევის ხანდაზმულობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 თებერვლის Nც41 - 20 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 სექტემბრის №1309 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის N... დადგენილებით, მ. კ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისი, ...ს ქ. N...-ში N... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 ოქტომბრის N2910722 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით არსებული შენობა - ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის (ქუჩის მხარეს - ფასადზე შეცვლილია კარის სიმაღლე, მასალა, მდებარეობა და ვიზუალი. ეზოს მხარეს - ფასადზე შეცვლილია ფანჯრის მდებარეობა და დამატებით მოწყობილია კარი, გაზრდილია შენობის გვერდით ფასადის ზომა. შენობის უკანა ფასადზე გაუქმებულია კარი. გაზრდილია გადახურვის მონოლითური ფილის ზომები, მის თავზე მოწყობილია კაპიტალური პარაპეტი). ამავე დადგენილებით, N... საკადასტრო კოდის მქონე ობიექტის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი (არსებული შენობა - ნაგებობის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 ოქტომბრის N2910722 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის N... დადგენილებით მ. კ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისი, ...ს ქ. N...-ში N... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს N1450781 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით კაპიტალური შენობა - ნაგებობის მშენებლობისთვის, კერძოდ, შემცირებულია შენობის გაბარიტული ზომა და ფართობი. შეცვლილია (ქუჩის მხარეს) კედლის კონფიგურაცია და მოწყობილია საჩრდილობელი. გადახურვის მონოლითური ფილის თავზე მოწყობილია კაპიტალური პერიპეტი და ქანობიანი სახურავი. ამავე დადგენილებით, N... საკადასტრო კოდის მქონე ობიექტის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი (შენობა - ნაგებობის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს N1450781 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან (ფოტომონტაჟი) შესაბამისობაში მოყვანა).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის N... დადგენილებით, მ. კ-ი დაჯარიმდა 4000 ლარით ქ. თბილისი, ...ს ქ. N...-ში N... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის (ლიტ „ა“-ზე ეზოს მხარეს ერთ ფასადზე გაუქმებულია კარი, ხოლო მეორეზე მოწყობილია. აქვე დამატებულია გამწოვი მილი და გამათბობელი აგრეგატი. ლიტ „ბ“ ზე გაუქმებულია ლიტ „ა“ შენობის მხარეს მდებარე ერთი ფანჯარა). ამავე დადგენილებით, N... საკადასტრო კოდის მქონე ობიექტის მესაკუთრეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი (შენობა ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა).
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის №2162 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის N..., N... და N... დადგენილებების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტები, ხოლო დადგენილებები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი 2018 წლის 23 აპრილის N..., N... და N... დადგენილებების ჯარიმის დაკისრების ნაწილში.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 თებერვლის Nც41 – 20 დადგენილებით, 2018 წლის 23 აპრილის N..., N... და N... დადგენილებების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტები ჩამოყალიბდა ერთ პუნქტად და მ. კ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისი, ...ს ქ. N...-ში N... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 ოქტომბრის N2910722 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით არსებული შენობა - ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის (ქუჩის მხარეს - ფასადზე შეცვლილია კარის სიმაღლე, მასალა, მდებარეობა და ვიზუალი. ეზოს მხარეს - ფასადზე შეცვლილია ფანჯრის მდებარეობა და დამატებით მოწყობილია კარი, გაზრდილია შენობის გვერდით ფასადის ზომა. შენობის უკანა ფასადზე გაუქმებულია კარი. გაზრდილია გადახურვის მონოლითური ფილის ზომები, მის თავზე მოწყობილია კაპიტალური პარაპეტი); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს N1450781 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით კაპიტალური შენობა - ნაგებობის მშენებლობისთვის, კერძოდ, შემცირებულია შენობის გაბარიტული ზომა და ფართობი. შეცვლილია (ქუჩის მხარეს) კედლის კონფიგურაცია და მოწყობილია საჩრდილობელი. გადახურვის მონოლითური ფილის თავზე მოწყობილია კაპიტალური პერიპეტი და ქანობიანი სახურავი, ასევე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის (ლიტ „ა“-ზე ეზოს მხარეს ერთ ფასადზე გაუქმებულია კარი, ხოლო მეორეზე მოწყობილია. აქვე დამატებულია გამწოვი მილი და გამათბობელი აგრეგატი. ლიტ „ბ“ ზე გაუქმებულია ლიტ „ა“ შენობის მხარეს მდებარე ერთი ფანჯარა). აქვე მიეთითა, რომ დადგენილება ძალაშია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის N..., N... და N... „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებებთან ერთად.
დადგენილია, რომ 2020 წლის 11 მაისს მ. კ-იმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 თებერვლის Nც41 -20 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 სექტემბრის N1309 ბრძანებით მ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 თებერვლის Nც41-20 დადგენილება.
უპირველესად საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს სამშენებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისა ან/და შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას განსაზღვრავდა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, რომლის 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა - ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კანონმდებელმა განმარტა, რომ მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა - ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა - ნაგებობისა, – 8 000 ლარით. საკანონმდებლო ჩანაწერის გათვალისწინებით, სამართალდარღვევადაა მიჩნეული, როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა - ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა - ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა - ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა - ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა - ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა - ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას, თუმცა აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. კ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევა დაიწყო მის მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშოებიდან გამომდინარე. მის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 23 აპრილს სამართალდარღვევის საქმეზე გამოიცა სამი (N..., N... და N...) დადგენილება, რომელთაგან თითოეულით გათვალისწინებული იყო შესაბამისი ჯარიმა ჩადენილი სამართალდარღვევის შინაარსის მიხედვით და ამასთან, დადგინდა უნებართვოდ აშენებული ობიექტების დემონტაჟი. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის №2162 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის N..., N... და N... დადგენილებები მხოლოდ ჯარიმის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა 2018 წლის 23 აპრილის N..., N... და N... დადგენილებების ჯარიმის დაკისრების ნაწილში. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2020 წლის 20 თებერვალს გამოსცა Nც41 -20 დადგენილება, რომლითაც 2018 წლის 23 აპრილის N..., N... და N... დადგენილებების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტები ჩამოაყალიბა ერთ პუნქტად და მ. კ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისი, ...ს ქ. N...-ში N... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე/ სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევით განხორციელებული სამუშაოებისთვის. ამდენად, როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის არსებობის პირობებში, რამდენად მართებულად განხორციელდა მ. კ-ის დაჯარიმება ერთჯერადად 8 000 ლარის ოდენობით.
მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისთვის ცალ - ცალკე. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ - ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მ. კ-ის მიერ ორ შემთხვევაში ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ერთ შემთხვევაში ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტები, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მართლზომიერად აღასრულა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლიდან გამომდინარე გამოსცა 2020 წლის 20 თებერვლის Nც41 – 20 დადგენილება, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის N..., N... და N... დადგენილებების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტები ჩამოაყალიბა ერთ პუნქტად, რომლითაც მოსარჩელე მხარეს საბოლოოდ დაეკისრა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი ჯარიმა - 8000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლზე და საკასაციო საჩივარში განვითარებულ იმ მსჯელობას, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია 2014 - 2016 წლებში, ხოლო დადგენილებები სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილია 4 წლის შემდგომ, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის N..., N... და N... დადგენილებები მიღებულია სახდელის დადებისთვის დადგენილი ვადების დაცვით. აღნიშნულ დადგენილებებში, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს დავალების აღსრულების შესაბამისად შევიდა ცვლილება, კერძოდ, ჯარიმის დაკისრების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის N..., N... და N... დადგენილებები ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის N2162 ბრძანებით, ხოლო სადავო აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოიცა აღნიშნული პერიოდიდან ასევე 2 თვიანი ვადის დაცვით - 2020 წლის 20 თებერვალს. კანონმდებლობით, კერძოდ, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 ნაწილით დარეგულირებულია, რომ შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. ამავე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით დენადი სამართალდარღვევაა, რომელთან მიმართებითაც ვადების ათვლა იწყება სამართალდარღვევის არა ჩადენის, არამედ გამოვლენის დღიდან. იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. შესაბამისად, უნებართვო მშენებლობის განხორციელების ფაქტით არ სრულდება არამართლზომიერი ქმედება. მესაკუთრეს/მოსარგებლეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, მის სარგებლობაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია. ამდენად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის დროში განგრძობადი პროცესი, მასზე რეაგირება ხორციელდება სამართალდარღვევის გამოვლენის მომენტში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება განხორციელდა რა კანონით დადგენილ ვადაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 თებერვლის Nც41 – 20 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 სექტემბრის N1309 ბრძანების) ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, მ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, მ. კ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს კ. ხ-ის (პ/ნ ...) მიერ 2025 წლის 9 იანვარს საკასაციო საჩივარზე სს „ს...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება;
3. მ. კ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს კ. ხ-ის (პ/ნ ...) მიერ 2025 წლის 9 იანვარს საკასაციო საჩივარზე სს „ს...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი