Facebook Twitter

№ბს-701(კ-23) 16 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ლ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 მარტის MOD 9 21 00000165 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 25 დეკემბრის NMOD 2 20 01177244 წერილი ა. ლ-ასთვის სამხედრო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების გაცემაზე უარის თქმის შესახებ; გ) დაევალოს მოპასუხეს სტრუქტურული ერთეულის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მეშვეობით, ა. ლ-ას წელთა ნამსახურეობის გადაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების გაცემა.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე. მან საქართველოს სამხედრო და შეიარაღებულ ძალებში 1979 წლიდან 2005 წლამდე იმსახურა. შესაბამისად, მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო სტაჟი შეადგენს 28 წელს. სამხედრო სამსახურიდან ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო დაითხოვეს რეზერვში, თუმცა არ გაუთვალისწინებიათ ნარკოტიკული საშუალების სამედიცინო დანიშნულებით მოხმარების მიზანი. მოსარჩელის მიერ უკანონო ბრძანება არ გასაჩივრდა მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან აცილების მიზნით, 2020 წელს კი, მოითხოვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 25 დეკემბრის წერილით ეცნობა, რომ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ა. ლ-ა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია სამსახურებრივი შეუთავსებლობით და დისციპლინური სახდელის დადებით. აღნიშნული წერილი, მოსარჩელემ გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტროში, რომლის 2021 წლის 22 მარტის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ ა. ლ-ა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი საქციელისთვის.

მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის ნორმებზე, თუმცა, არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ნორმები ამოქმედდა ა. ლ-ას სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ. შესაბამისად, მათი გამოყენება მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია, ვინაიდან ისინი აუარესებენ მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას. მოპასუხეს უნდა ეხელმძღვანელა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის დროს მოქმედი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით.

მოსარჩელის განმარტებით, ,,სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, კომპენსაცია არა მარტო დისციპლინური წესით დასჯილ პირებს უნდა დაენიშნოთ, არამედ, იმ პირებსაც, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ არ აქვთ ჩამორთმეული სამხედრო წოდება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე 2005 წელს დაითხოვეს სამსახურიდან, ხოლო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება მას წარმოეშვა 1999 წელს, სამხედრო სამსახურის 20 წლიანი ნამსახურების შესრულებისას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანებით, სამსახურებრივი შეუსაბამობისთვისა და სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ..., ... - ა. ლ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით); ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის აღნიშნული ბრძანება, მოსარჩელე ა. ლ-ას სადავოდ არ გაუხდია და იგი ძალაშია; გ) მოსარჩელე ა. ლ-ამ 2020 წლის 09 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისი სისტემაში წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდის გაანგარიშება და შესაბამისი წარდგინების მომზადება, მისთვის, კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 25 დეკემბრის №MOD 2 20 01177244 წერილობითი მიმართვით ა. ლ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი არამართლზომიერი ქმედების ჩადენისთვის დათხოვნილ იქნა თავდაცვის სისტემიდან. ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 22 მარტის №MOD 9 21 00000165 ბრძანებით ა. ლ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ა. ლ-ა წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო, თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანებით დათხოვნილია „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობისთვის) და „ე“ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისთვის) ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ა. ლ-ა არ წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და მიღების უფლების მქონე პირს; ვ) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 2005 წლის 8 დეკემბრის №1792/24 დასკვნით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ... ლაბორატორიაში წარდგენილ ობიექტში კოდით ... ...ზე მიღებულია დადებითი შედეგი. აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ...; ზ) ა. ლ-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, უვადოდ, მკვეთრად გამოხატული;

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 22-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლზე, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. ნამსახურების წლების საფუძველზე, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზანს, კეთილსინდისიერად შესრულებული განსაკუთრებული სამსახურის, სახელმწიფოს მხრიდან აღიარება და დაფასება, ასევე, სხვა, ასეთ სამსახურში მყოფი პირის მოტივირება წარმოადგენს. შესაბამისად, კანონმა გამორიცხა არამართლზომიერი ქმედების საფუძველზე, სამსახურიდან დათხოვნილი პირის სამსახურის აღიარება და მატერიალურად უზრუნველყოფა.

სასამართლომ განმარტა, რომ პირს, მიუხედავად ნამსახურები პერიოდისა, არ წარმოეშობა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, თუ იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა არამართლზომიერი ქმედების გამო, ხოლო არამართლზომიერი ქმედება ნებისმიერი ისეთი ქმედებაა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნებს და მათგან გამომდინარე დადგენილ წესრიგს, მიუხედავად ამ ქმედების ხარისხისა. შესაბამისად, მითითებულმა ნორმამ, გარდა სისხლის სამართლის დანაშაულისა, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების შეზღუდვის პირობად ნებისმიერი ხარისხის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, დისციპლინური გადაცდომა) არამართლზომიერი ქმედება გაითვალისწინა, რაც პირის სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი გახდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი№2) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე ა. ლ-ასთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, შესაბამისი წარდგინების მომზადებაზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი გამომდინარეობდა კანონიდან. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ადგილი არ ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სოციალური უფლების, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს, მოსარჩელე ა. ლ-ას თავდაცვის სისტემაში წელთა ნამსახურობის გაანგარიშებასა და შესაბამისი წარდგინების მომზადებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ლ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 მარტის №MOD 9 21 00000165 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 25 დეკემბრის №MOD 2 20 01177244 წერილი. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა სტრუქტურული ერთეულის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მეშვეობით ა. ლ-ას წელთა ნამსახურეობის გადაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების გაცემა;

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხს შეეხება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (1996წ.). ამასთან, 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (ამოქმედდა 2006 წლის პირველი იანვრიდან) პირველი მუხლის პირველივე პუნქტში გაცხადებულია, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, ხოლო მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია პირები, ვისაც ამ კანონის შესაბამისად აქვთ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება ანუ განსაზღვრულია ამ კანონის სუბიექტები, სადაც მიეთითა სამხედრო ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი პირებიც.

სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების (2005 წლის 27 დეკემბერი) პარალელურად „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილებები და გაუქმდა ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნისა და გაცემის, ასევე, პენსიების გადაანგარიშების განსაზღვრული წესები. შესაბამისად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი მოიცავს იმ სამართალურთიერთობათა ნაწილს, რასაც 2006 წლის პირველ იანვრამდე აწესრიგებდა მხოლოდ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. მნიშვნელოვანია, რომ ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ 27.12.05წ. კანონის გარდამავალი დებულებები ამ კანონების მიღებამდე წარმოშობილ საპენსიო უფლებებთან დაკავშირებით რაიმე დებულებებს არ შეიცავს. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მიხედვით კი, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

სასამართლოს შეფასებით, ა. ლ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნის პერიოდი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულის თაობაზე ბრძანება გამოცემულია 2005 წლის 19 დეკემბერს (№3262 ბრძანება), მოიცავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე პერიოდს.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის გამომრიცხველი გარემოებები განსაზღვრულია კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალური წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბილიტირებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამრიგად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპენსაციის დანიშვნას გამორიცხავს მხოლოდ სასამართლოს წესით წოდების ჩამორთმევა.

2006 წლიდან მოქმედი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის გამომრიცხველი გარემოებები მითითებულია კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტში, რომლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. მითითებული დებულება უფლების წარმოშობის გამომრიცხველ გარემოებად იმგვარ არამართლზომიერ ქმედებებს მიიჩნევს, რომელიც სასამართლოს მხრიდან ქმედების კვალიფიკაციასა და დადგენას გულისხმობს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული საკანონმდებლო აქტების ერთობლივად მისადაგებისა და 2006 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელების შემთხვევაშიც, უდავოა, რომ ა. ლ-ას სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვა 2006 წლის პირველ იანვრამდე (2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანება). ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ა. ლ-ას მიმართ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპენსაციის დანიშვნის გამომრიცხველს გარემოებას - სასამართლო წესით წოდების ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ სახეზეა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის გამომრიცხველი გარემოებების გავრცელების და აღნიშნულის გათვალისწინებით სამხედრო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ა. ლ-ას მხრიდან სამსახურებრივი შეუსაბამობისთვისა და სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისთვის ჩადენა, კერძოდ, მითითებული ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 2005 წლის 8 დეკემბრის №1792/24 დასკვნას, რომლის თანახმად, ა. ლ-ა იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ (აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ...).

სადავო პერიოდში მოქმედი (2005 წელი) საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით კანონმდებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევდა ნარკოტიკულ საშუალებათა ექიმის დანიშნულების გარეშემო მოხმარებას. საყურადღებოა, რომ ა. ლ-ას მიერ ნარკოტიკულ საშუალებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა და იგი აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად კანონით დადგენილი წესით არ უცვნიათ. ამდენად, არამართლზომიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტების გამოცემას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 2005 წლის 8 დეკემბრის №1792/24 დასკვნაზე და მიიჩნია, რომ მითითებული დასკვნა მისი შინაარსის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა მიჩნეული ა. ლ-ას მიერ ნარკოტიკულ საშუალებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის, შესაბამისად, არამართლზომიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებად, ვინაიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობის გამომრიცხავი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის თაობაზე უნდა დადასტურდეს კანონით განსაზღვრული, განსახილველ შემთხვევაში - სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის კომპეტენციას წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურების წელთა დაანგარიშება და სათანადო საბუთების მომზადება. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველო კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონი ადგენს საქართველო ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. განსახილველ შემთხვევაში, ა. ლ-ას სადავოდ არ გაუხდია და კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია საქართველო თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანება, რომლითაც იგი დათხოვნილია სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის) და „ე“ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) ქვეპუნქტების საფუძველზე.

,,სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვი მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება და წელია ნამსახურობის ნუსხა. ამასთან, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის კომპეტენციას წარმოადგენ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა დაანგარიშება და სათანადო საბუთების მომზადება.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება 2005 წლის პერიოდისთვის მოქმედ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლთან დაკავშირებით, ვინაიდან, სასამართლომ აღნიშნულით პრაქტიკულად მოახდინა საქართველო თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანების კანონიერების დადგენა, რაც მოცემულ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენდა. მითითებული ბრძანება ა. ლ-ას სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, იგი კანონიერ ძალაშია. ასევე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, იმ გარემოებაზე რომ ა. ლ-ა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვა 2006 წლის პირველი იანვრიდან და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი ნორმატიულ აქტით. ა. ლ-ამ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა არა 2006 წელს, არამედ 2020 წელს. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა მითითებული პერიოდისთვის მოქმედი სამართლებრივი ნორმებით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ,,შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისა და დისციპლინარული სახდელის დადების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანებით, სამსახურებრივი შეუსაბამობისთვისა და სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ..., ... - ა. ლ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით) (ს.ფ. 40); ბ) ,,შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისა და დისციპლინარული სახდელის დადების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანება მოსარჩელე ა. ლ-ას სადავოდ არ გაუხდია და იგი ძალაშია; გ) ა. ლ-ამ 2020 წლის 09 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისი სისტემაში წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდის გაანგარიშება და შესაბამისი წარდგინების მომზადება, მისთვის, კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 25 დეკემბრის №MOD 2 20 01177244 წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ა. ლ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი არამართლზომიერი ქმედების ჩადენისთვის დათხოვნილ იქნა თავდაცვის სისტემიდან (ს.ფ. 54); ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 მარტის №MOD 9 21 00000165 ბრძანებით ა. ლ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ ა. ლ-ა წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო, თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანებით დათხოვნილია „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობისთვის) და „ე“ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისთვის) ქვეპუნქტების საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ა. ლ-ა არ წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და მიღების უფლების მქონე პირს (ს.ფ. 36-39); ვ) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 2005 წლის 8 დეკემბრის №1792/24 დასკვნით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ... ლაბორატორიაში წარდგენილ ობიექტში კოდით ... ...ზე მიღებულია დადებითი შედეგი. აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ... (ს.ფ. 145, 147); ზ) ა. ლ-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი (ს.ფ. 29); ა. ლ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, უვადოდ, მკვეთრად გამოხატული (ს.ფ. 120).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქალაქეთა კომპენსაციით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ასევე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება საქმეზე №ბს-1176(2კ-22)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-740(კ-24)).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხს შეეხებოდა 1996 წელს მიღებული ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მოქმედების ფარგლებიც 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებულმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონმა ნაწილობრივ გადაფარა. კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, 1996 წელს მიღებულ კანონში განხორციელდა ცვლილებები და გაუქმდა ის ნორმები რომლებიც პენსიის დანიშვნის, გაცემის, ასევე, პენსიების გადაანგარიშების განსაზღვრულ წესებს შეეხებოდა და ეს უკანასკნელი „ახალი კანონში“ გაიწერა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ეთქვა უარი, რადგან იგი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის) და „ე“ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) ქვეპუნქტების საფუძველზე. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითია დადგინდეს, მოსარჩელის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად მითითებული მიზეზი ზღუდავს თუ არა მის უფლებას მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია და ამ მიზნით, რომელი კანონით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი პირთა განსაკუთრებული წრისათვის ადგენს სოციალური დაცვის გარანტიებს, სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ნამსახურების წლების საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზანია კეთილსინდისიერად შესრულებული განსაკუთრებული სამსახურის სახელმწიფოს მხრიდან აღიარება და ასეთ სამსახურში მყოფი პირის მოტივირება. ამასთანავე, კანონის 1.2 მუხლი გამორიცხავს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობას, თუ პირი შესაბამისი თანამდებობიდან დათხოვნილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის (2005 წლის 19 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) 1.1. მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე, კერძოდ, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ა. ლ-ას მიმართ ვერ გავრცელდება ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებული პირობები, რამეთუ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებას საფუძვლად დაედო არა სამსახურიდან თადარიგში გასვლა ან სამსახურიდან გადადგომა, არამედ მოსარჩელის არამართლზომიერი ქმედების გამო მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება საქმეზე №ბს-452(კ-23)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლის თანახმად, (1) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. (2) კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. ლ-ამ 2020 წელს მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისი სისტემაში წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდის გაანგარიშება და შესაბამისი წარდგინების მომზადება, მისთვის, კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოსარჩელის განთავისუფლების საფუძვლისა მის მიმართ მაინც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან ხსენებულმა კანონმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა იმპერატიულად დაუკავშირა უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის დროს, მიუხედავად იმისა, თუ როდის არის წარმოშობილი სახელმწიფო კომპენსაციის საფუძველი. კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობისთანავე, პირმა უნდა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. მითითებული უფლების რეალიზება - სათანადო ორგანოსათვის მიმართვა, განმცხადებლის სურვილზე არის დამოკიდებული (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება საქმეზე №ბს-452(კ-23); სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინება საქმეზე №ბს-1209(კ-22); სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება საქმეზე №ბს-800(კ-19)).

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომელმაც მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის გათვალისწინებით მართებულად ჩათვალა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის გამოყენება. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით იქნა დათხოვნილი, მან კი 2020 წელს მიმართა განცხადებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით მისი სისტემაში წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდის გაანგარიშება და შესაბამისი წარდგინების მომზადება მოითხოვა. ზემოხსენებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში გამოყენებულ უნდა იქნეს ა. ლ-ას მიერ 2020 წელს წარდგენილი განცხადების დროს მოქმედი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სპეციალურად არეგულირებს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის წესს და საფუძვლებს. ხსენებული კანონი, სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მიზნით გადამწყვეტად მიიჩნევს არა უფლების წარმოშობის მომენტს, არამედ განცხადების წარდგენის დროს. შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად იხელმძღვანელა ხსენებული კანონით.

რაც შეეხება კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნის და თავდაცვის სამინისტროს უარის საფუძვლიანობას, საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. აღნიშნული ჩანაწერით, კანონმა გამორიცხა არამართლზომიერი ქმედების საფუძველზე, სამსახურიდან დათხოვნილი პირის სამსახურის აღიარება და მისი მატერიალურად უზრუნველყოფა.

სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან დათხოვნის შემთხვევები, რომელიც, მათ შორის, შეიძლება იყოს სამსახურებრივი შეუსაბამობა („დ“ ქვეპუნქტი) ან სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელი („ე“ ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანებით, სამსახურებრივი შეუსაბამობისთვისა და სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ..., ... - ა. ლ-ა დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით). ამდენად დადგენილია, რომ მოსარჩელე ა. ლ-ას სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი მის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედება იყო, რაც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში გამოიხატა. ამასთან მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანება, მოსარჩელე ა. ლ-ას კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია და იგი ძალაშია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზემოდასახელებული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ ითხოვს, რომ არამართლზომიერი ქმედების არსებობა სასამართლო წესით იყოს დადასტურებული. აღნიშნულს გამორიცხავს ის გარემოებაც, რომ სადაო პერიოდში მოქმედი ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეს ეკისრებოდა დისციპლინური, ადმინისტრაციული, სამოქალაქო - ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ხოლო, გადაცდომისათვის, რომელიც დაკავშირებული იყო სამხედრო დისციპლინისა და მხედრული ღირსების შელახვასთან, სამხედრო მოსამსახურე პასუხს აგებდა საერთო-საჯარისო წესდების საფუძველზე. შესაბამისად, ის გარემოება, რომ საქმის მასალების თანახმად, ა. ლ-ა არ არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) გავლენას არ ახდენს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლების წარმოშობის შეზღუდვაზე, ვინაიდან ა. ლ-ას სამსახურიდან დათხოვნა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის საფუძვლით დადგენილია 2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით შესაბამისი წარდგინების მომზადებაზე უარი გამომდინარეობს კანონმდებლობიდან, რამეთუ მოსარჩელე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა სამსახურებრივი შეუსაბამობის და სამხედრო სამსახურის ღირსების შემლახველი საქციელის ჩადენისთვის, რაც გასაჩივრებულ აქტებს კანონიერს ხდის.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ხსენებული ნორმების გათვალისწინებით, მოცემული დავა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა გადაწყდეს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის საფუძვლით, რაც დადგენილია 2005 წლის 19 დეკემბრის №3262 ბრძანებით, არ იძლევა მოსარჩელისათვის 2020 წლის განცხადების საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას, რის გამოც, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, მოსარჩელეს კი უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ა. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია