Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-12(კ-25) 30 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - პ.ნ-ე, ლ.ნ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პ.ნ-ემ და ლ.ნ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის № IDP 3 23 00000005 ბრძანება (მოსარჩელეთა ნაწილში); ბ) დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით პ.ნ-ისა და ლ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის № IDP 3 23 00000005 ბრძანება (მოსარჩელეთა ნაწილში). დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა პ.ნ-ისა და ლ.ნ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის განმარტებით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა ლ. და პ. ნ-ეების მიერ შვილიშვილის - ა.ნ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2021 წლის 11 ივნისს მოსარჩელეების მისამართზე ...ი, ...ას №41 განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო გადამოწმების ოქმი. დაზიანებული სახლი არის ორ სართულიანი, კაპიტალური შენობა. სახლის კედლები დაზიანებულია და იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში. რაც შეეხება მოსარჩელის ოჯახის წევრებს შვილი - მ.ნ-ე ოჯახით ცხოვრობს ...ში, შვილიშვილი - ა.ნ-ე ოჯახით ცხოვრობს თავის საკუთრებაში ქ. ქუთაისში. შვილი - პ.ნ-ე მკურნალობს გერმანიაში. განმცხადებელი ცხოვრობს შვილის ოჯახში ქ. ..., ...ის ქ №7 (ძველი მის: ...ის ქ.). სახლის მესაკუთრე საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით არის მისი შვილიშვილი - ა.ნ-ე, რომელიც ცხოვრობს ქუთაისში, თავის საკუთრებაში. ამდენად, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს შვილიშვილის საკუთრებაში შვილთან ერთად. თავად ა.ნ-ე გარდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონებისა ასევე ფლობს საკუთრებას ქუთაისში, ...ას ქ №1-9, ფართი 67.49 კვ.მ. ასევე, პ.ნ-ე, გარდა ...ში, ...ას ქ. №41-ში მდებარე სახლისა, საკუთრებას ფლობს ...ის მუნიციპალიტეტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ ამ ეტაზე არ მიიჩნია მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა პრიორიტეტულად, ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო.

2022 წელს მოსარჩელე - ლ.ნ-ემ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით. განაცხადს მიენიჭა 17 ქულა, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიაა I. რაც შეეხება სახლის დაზიანების თარიღს, როგორც შეფასების ფორმით ირკვევა, სახლი დაზიანებულია 1993 წლიდან. განმცხადებელმა სააგენტოს მიმართა განცხადებით 2022 წლის 19 ოქტომბერს და განაცხადს დაუმატა შვილი - პ.ნ-ე, რომელიც არის დაზიანებული სახლის მესაკუთრე. მონიტორინგის მასალები გადაეცა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას. კომისიამ 2022 წლის 28 ნოემბერს და 9 დეკემბერს (ოქმი №6) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე საცხოვრებლით შემდეგი მიზეზით - არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას, აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ამჟამინდელი საკუთრებით -ქ. ...ში, ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონებით.

კასატორის განმარტებით, კომისიამ და სააგენტომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მოსარჩელე არ დააკმაყოფილა საცხოვრებლით, რადგან არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას. მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით და სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა, რომლებიც თავდაპირველად საჭიროებენ სხვებთან შედარებით უფრო ადრე საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომელთაც სხვებისგან განსხვავებით არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი და საჭიროებენ სასწრაფო დაკმაყოფილებას საცხოვრებლით. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამდენად პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლოა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი არ აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა დაუყოვნებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სააგენტოსთვის დავალების თაობაზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2021 წლის 15 მარტს ლ.ნ-ემ (მცხოვრები ქ. ..., ...ას ქ. №41) შეავსო საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე (ეკომიგრანტის მიერ წარდგენილი სახლის შესყიდვა) განაცხადი (ს.ფ. 73-76); ბ) 2021 წლის 29 მარტს ...ის მუნიციპალიტეტის მერიამ №47/941 წერილით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და გადაუგზავნა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (მათ შორის, ლ.ნ-ის) საცხოვრებელი სახლების დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმების დანართები და დაზიანებული სახლების ფოტომასალები. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დანართებში მითითებულ დაზარალებულ ოჯახებთან ერთად საცხოვრებელ სახლებში სხვა ოჯახი არ ფიქსირდება და აღნიშნული ოჯახები გარდა სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლისა, არ ფლობენ სხვა საცხოვრებელ სახლს. მითითებულ წერილზე თანდართული 2021 წლის 25 მარტის შეფასების ფორმის თანახმად, ლ.ნ-ის საცხოვრებელ სახლს (..., ...ას ქ. №41) მინიჭებული აქვს დაზიანების I კატეგორია, 1993 წელს სტიქიური მოვლენის (მეწყერი, ჯდენადი გრუნტი) შედეგად (ს.ფ. 67-69); გ) 2020 წლის სექტემბრის თვეში ადგილზე გასვლით, ქ. ...ში და ...ის მუნიციპალიტეტში შემავალ რიგ სოფლებში საკარმიდამო ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების ვიზუალური დათვალიერების შედეგად სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადდა ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, ...ის მუნიციპალიტეტის რიგ დასახლებულ პუნქტებში საკარმიდამო ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ქ. ...ში, ...ას ქ. №41-ში მცხოვრები ლ.ნ-ის საკარმიდამო ნაკვეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს ტექტონიკური დანაწევრების რუკის ე.გ-ე 2004 წ.) მიხედვით, მოქცეულია ამიერკავკასიის მთათაშუა არეს ოკრიბა ხრეითის ქვეზონის ოკრიბის ბლოკში. გეოლოგიური თვალსაზრისით, ტერიტორია აგებულია შუა იურული ასაკის, ბაიოსური სართულის სქელშრეებრივი ქვიშაქვებით, კონგლომერატებით და თიხებით, რომლებიც ზემოდან გადაფარულია მეოთხეული ასაკის, მცირე სიმძლავრის, დელუვიური გენეზისის სხვადასხვა ზომის კლდოვანი ქანების უხეშნატეხოვანი მასალის და ღორღის შემცველი თიხა-თიხნარებით. ლ.ნ-ის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მდებარეობს (კოორდინატები: ...; ...) დასავლური ექსპოზიციის, საშუალოდ 10-15° დახრილობის მქონე ფერდობზე, რომელიც ბორცვოვან-ტალღობრივი და საფეხურებრივი რელიეფით ხასიათდება. იგი მთლიანობაში ამჟამად სტაბილურ ფაზაში მყოფი ძველმეწყრული სხეულია. საცხოვრებელი სახლი ორსართულიანია, კაპიტალური, ქვითკირით და აგურით ნაგები. სახლი აშენებულია ხელოვნურად მოსწორებულ მოედანზე, რომელსაც აღმოსავლეთიდან ესაზღვრება 10-15°-იანი კუთხით დახრილი ფერდობი, საიდანაც ატმოსფერული ნალექების მოსვლის დროს ფორმირებული ზედაპირული წყლის ნაკადები ჩაედინება სახლის საძირკველში და რეცხავს საფუძვლის გრუნტებს (სურ. 1), რის გამოც სახლი განიცდის არათანაბარ ჯდენას. სახლი შუაზეა გადახსნილი. თითქმის ყველა მზიდი კედელი და ჭერი დაბზარულია და დაშორებულია ერთმანეთს (ზოგან 20-30სმ). შესუსტებულია მზიდი კედლების მდგრადობა და სახლი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში (სურ. 2,3,4). აღნიშნული დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სეისმური ბიძგების ზემოქმედებით, რასაც ემატება საფუძვლის გრუნტებში განვითარებული ინტენსიური ჯდენითი პროცესები. დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის და მისი ძველმეწყრულ სხეულზე მდებარეობის გათვალისწინებით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მიიჩნიეს, რომ საჭიროა ლ.ნ-ის ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანა (ს.ფ. 70-72); დ) 2021 წლის 11 ივნისს მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელდა ვიზიტი ...ში, ...ას ქ. №41-ში, სადაც ადგილზე იმყოფებოდა განმცხადებელი ლ.ნ-ე. ოქმში მიეთითა, რომ ლ.ნ-ის საცხოვრებელი სახლი არის 2 სართულიანი, კაპიტალური შენობა, რომელიც დგას გორაზე მოსწორებულ ზედაპირზე. სახლი არის ძლიერ დაზიანებული. სახლის კედლები არის გახსნილი, გამჭოლი ბზარებით. დეფორმირებულია კარ-ფანჯრებიც. შენობა ძლიერ ამორტიზირებულია. სახლის დაზიანება გამოწვეულია 1990-იან წლებში მომხდარი მიწისძვრით, რამაც გამოიწვია მეწყრული პროცესები, რაც უფრო მეტად აზიანებს სახლს. ოქმში განმცხადებლის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ლ.ნ-ის შვილი - მ.ნ-ე და რძალი - ლ.ნ-ე ცხოვრობენ ...ში, თბილისის ქ. №12-ში; ლ.ნ-ის შვილიშვილი - ა.ნ-ე, რძალი - მ.ჭ-ე და შვილთაშვილი გ.ნ-ე ცხოვრობენ ქუთაისში; ლ.ნ-ის შვილი - პ.ნ-ე მკურნალობს გერმანიაში (...ში), ხოლო რძალი - ნ.ჯ-ე ცხოვრობს ქირით თბილისში. ლ.ნ-ის განმარტებით, იგი ცხოვრობს შვილიშვილის - ა.ნ-ის საკუთრებაში, მისამართზე: ..., ...ის №7. ა.ნ-ე ცოლ-შვილით ცხოვრობს ქ. ქუთაისში, თავისივე საკუთრებაში (ს.ფ. 59-61); ე) 2022 წლის 19 ოქტომბერს ლ.ნ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მის შევსებულ განაცხადში (აპლიკაციაში) შვილის - პ.ნ-ის დამატება მოითხოვა (ს.ფ. 65-66); ვ) 2022 წლის 10 ნოემბერს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ განხორციელდა ლ.ნ-ის ოჯახის შეფასება. შეფასების შედეგად, ოჯახს მიენიჭა ჯამში 17 ქულა (საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიისთვის (I კატეგორია) - 10 ქულა; შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ოჯახის წევრისთვის (მნიშვნელოვნად გამოხატული) – 1 ქულა; საკუთრების კრიტერიუმით (სხვა 1 საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში) - 6 ქულა) (ს.ფ. 62-63); ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2022 წლის 28 ნოემბერი - 9 დეკემბრის №6 სხდომის ოქმის თანახმად, ლ.ნ-ისა და პ.ნ-ის განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ოქმში მიეთითა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლონ ამჟამინდელი საცხოვრებლით, ...ში, ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონებით და არ საჭიროებენ გადაუდებელ განსახლებას (ს.ფ. 49-58); თ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის N IDP 3 23 00000005 ბრძანებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2022 წლის 28, 29, 30 ნოემბრისა და 1, 2, 5, 6, 7, 8, 9 დეკემბრის №6 ოქმის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე უარი ეთქვათ ამ ბრძანების დანართში მითითებულ ოჯახებს, მათ შორის, ლ.ნ-ესა და პ.ნ-ეს (ს.ფ. 14-17); ი) 2022 წლის 17 აგვისტოს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. ...ში, ...ას ქ. №41-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრეს წარმოადგენს პ.ნ-ე (ს.ფ. 82-83); კ) 2022 წლის 21 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. ...ში, ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრეს წარმოადგენს ა.ნ-ე (ს.ფ. 80-81);

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეთა, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, მათი გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ პროცედურაზე (დანართი№1), რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, (1) ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. (2) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ.ნ-ემ 2021 წლის 15 მარტს შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, როგორც ეკომიგრანტმა და დააგროვა 17 ქულა (სახლს აღენიშნება პირველი კატეგორიის დაზიანება - 10 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა; ოჯახის წევრი ან წევრები არიან მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები - 1 ქულა). სახლის დაზიანება ქ. ...ში, ...ას ქ. №41-ში მცხოვრები ლ.ნ-ის საკარმიდამო ნაკვეთის დათვალიერების შედეგად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებულმა ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნამაც დაადასტურა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2022 წლის 28 ნოემბერი - 9 დეკემბრის №6 სხდომის ოქმის თანახმად, ლ.ნ-ისა და პ.ნ-ის განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ შეეძლოთ შეუფერხებლად ესარგებლათ ამჟამინდელი საცხოვრებლით, ქ. ...ში, ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონებით და არ საჭიროებდნენ გადაუდებელ განსახლებას. მითითებული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის N IDP 3 23 00000005 ბრძანებით, საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდნენ მოსარჩელეები - სასწრაფოდ განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ...ში, ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრეს წარმოადგენს ა.ნ-ე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 3.1 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავის საკუთრება არის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს ეკომიგრანტი ოჯახის უფლებას დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.), რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია