საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-191(კს-25) 30 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ე. ო-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინება
დავის საგანი - საერთაშორისო დაცვის მინიჭება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე. ო-იმა 2024 წლის 12 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2024 წლის 11 ივლისის №MIA 8 24 02089729 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის თურქეთის მოქალაქე ე. ო-ისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ო-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ე. ო-ის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ აპელანტს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დაზუსტებული/დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა. მასვე განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით ე. ო-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ე. ო-ის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი თვალსაზრისით იყო დაუსაბუთებელი, ხოლო დაზუსტებულ კერძო საჩივარს წარმოადგენდა კერძო საჩივრის განხილვამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ო-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №MIA 8 24 02089729 გადაწყვეტილებას, რომლითაც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ე. ო-ის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში, როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავა თავისი შინაარსით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით. კოდექსის 2125 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დავის კატეგორიის გათვალისწინებით საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების შეზღუდვა არამხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს. მართალია საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (სსკ-ის 374.1 მუხ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს სასამართლო გადაწყვეტილებაში გასაჩივრების უფლების არასწორად მითითება. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვის წესი დგინდება მისი შინაარსიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განუმარტა მხარეს მისი კერძო საჩივრის წესით გასაჩივრების უფლება, რაც ვერ იქნება მიჩნეული ლეგიტიმურად პროცესუალურსამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ო-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა