Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-847(კ-23) 30 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ს. ქ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ს. ქ-იმა 2020 წლის 16 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2680/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ს. ქ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, ს. ქ-ი არის ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და დროებით ცხოვრობს ქ. ქუთაისში. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში ელოდა განსახლებას, ვინაიდან მისი საცხოვრებელი შენობა მიჩნეულ იქნა ნგრევად ობიექტად და იქ მცხოვრებნი უპირობოდ იქნენ განსახლებულნი. მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მას განსახლების სანაცვლოდ მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია, რაც, მისი მოსაზრებით, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ქ-ი წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომლის სახელზეც გაცემული იყო დევნილის მოწმობა, ამავდროულად დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 29 დეკემბრის №03-9608 და 2021 წლის 25 ნოემბრის №03-11854 წერილებით დაადგინა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, ს. ქ-ის, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, როგორც 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირს (...), მიღებული ჰქონდა ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა ძმასთან - ვ. ქ-ითან ერთად.

საქალაქო სასამართლომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით აღნიშნა, რომ ზემოხსენებული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტებოდა, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. კოლეგიამ მიუთითა ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 01 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, რომელთა თანახმად, ს. ქ-ის, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, როგორც 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირს (...), მიღებული აქვს ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა, ძმასთან - ვ. ქ-ითან ერთად, რომელსაც სს „ლ...ს“ ანგარიშზე ჩაერიცხა 16 620 ლარი და რომელიც წარმოადგენდა 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა (საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ) კომპენსაციის თანხას. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს 2023 წლის 31 ივლისის ამოღების ოქმზე, რომლითაც ამოღებულ იქნა 2008 წლის 06 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის (...ს მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირები) საკომპენსაციო თანხის მიღებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტები, აღნიშნული დოკუმენტები, სასამართლოს დავალების საფუძველზე, წარდგენილ იქნა სასამართლოში, მათ შორის სახელმწიფოს მიერ კომპენსირებულ პირთა სია, სადაც 22-ე ნომრად დაფიქსირებულია ს. ქ-ი.

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლის უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტსა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.9. პუნქტზე, რომლებიც შეიცავენ იმავე დანაწესს, რასაც კანონის 13.4 მუხლი.

ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ს. ქ-ი ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილდა ძმასთან - ვ. ქ-ითან ერთად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, მისი განმეორებით უზრუნველყოფა მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. ქ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 06 ივნისის განჩინებით ს. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფს წესზე“, საქართველოს მთავრობის 31.12.2018წ. №2566 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019 – 2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“ და აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, ს. ქ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. მას ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2680/ო ბრძანებით, ვინაიდან განსახლების სანაცვლოდ მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია. დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 29 დეკემბრის №03-9608 და 2021 წლის 25 ნოემბრის №03-11854 წერილების საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, ს. ქ-ის, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე, როგორც 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირს (...), მიღებული აქვს ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა. ამასთან, ს. ქ-ი ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილდა ძმასთან - ვ. ქ-ითან ერთად.

სს „ლ...ს“ სასამართლო დავების განყოფილების უფროსის მიერ, 2022 წლის 26 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი წერილის საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ქ-ის ჩარიცხული აქვს 16 620 ლარი, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა (საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ) კომპენსაციის თანხას. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს 2013 წლის 31 ივლისის ამოღების ოქმზე, რომლის თანახმად, ამოღებულ იქნა 2008 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის (...ს მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირები) საკომპენსაციო თანხის მიღებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტები. პალატამ აღნიშნა, რომ ამოღებული დოკუმენტები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც სასამართლოს დავალების საფუძველზე წარდგენილი იქნა სასამართლოში. წარდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე დართულ ამოღებულ მასალაში მოცემულია სახელმწიფოს მიერ კომპენსირებულ პირთა სია, რომელთა შორის 22-ე ნომრად დაფიქსირებულია მოსარჩელე - ს. ქ-ი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად, არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019 - 2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.9. პუნქტზე მითითებით კი აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად. მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგი და მსჯელობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ქ-იმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ს. ქ-ი ცხოვრობდა ...ში. რუსული აგრესიის შედეგად იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და გადმოსულიყო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე. მასთან ერთად დატოვეს ოკუპირებული ტერიტორია მისმა დედმამიშვილებმა, რომლებსაც დევნილის სტატუსებში უწერიათ განსხვავებული მისამართები. ს. ქ-ის ძმა - ვ. ქ-ი ცხოვრობდა ქ.თბილისში, ხოლო ს. ქ-ი იყო მისამართის გარეშე. კასატორის ძმას მისცეს კომპენსაცია, თუმცა თავად კასატორი არ იყო მის ოჯახში არც რეგისტრირებული და არც ფაქტობრივად ცხოვრობდა მასთან. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს მოცემული სიტუაცია, არასწორად გამოიყენეს „ოკუპირებული ტერიტორიებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, ამასთან არ გამოიყენეს „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 25.12.2008წ №915 განკარგულება.

კასატორის მოსაზრებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 15 ნოემბრის №03-11854 წერილი, რომლის საფუძველზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ ს. ქ-ი არის ფულადი თანხით კომპენსირებული, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს და იგი ვერ იქნება კომპენსაციის მიღების საფუძველი. კასატორის დამატებით მიუთითებს, რომ სამართალწარმოების ეტაპზე წარდგენილი აქვთ (სასამართლომაც გამოითხოვა) ლ...დან ანგარიშები, რომლიდანაც დასტურდება, რომ ს. ქ-ის არ ჩარიცხვია არანაირი თანხა. ასევე არ არსებობს არც ბრძანება და არც ხელშეკრულება ს. ქ-ის კომპენსაციასთან დაკავშირებით. სასამართლო სადავო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ საუბრობს იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით დასტურდება ს. ქ-ის კომპენსაციის ფაქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ სამინისტროს ბაზაში აქვს დაფიქსირებული აღნიშნულის თაობაზე, არ არის სამართლებრივად ვარგისი არგუმენტი.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 25.12.2008წ. №915 განკარგულების მე-6 მუხლი, რომელშიც იმპერატიულად არის ნათქვამი, რომ ოჯახის წევრების თანხმობები ნოტარიულად დამოწმებული უნდა წარედგინათ სამინისტროსთვის. აღნიშნული დოკუმენტები არ არსებობს და ვერც იარსებებდა, რამდენადაც ს. ქ-ი არ იყო ვ. ქ-ის ოჯახის შემადგენლობაში, ისინი სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობდნენ როგორც ფაქტობრივად, ასევე რეალურად და ეს დასტურდება საქმის მასალებითაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. ამავე განჩინებით დადგინდა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, ს. ქ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან (...) იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია დევნილის მოწმობა.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2680/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №62), ს. ქ-ის, განსახლების სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიღების საფუძვლით უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 29 დეკემბრის №03-9608 წერილით ირკვევა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, ს. ქ-ის, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე, როგორც 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირს (...), მიღებული აქვს ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა. დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 25 ნოემბრის №03-11854 წერილით ასევე ირკვევა, რომ ს. ქ-ი ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებულია ძმასთან - ვ. ქ-ითან ერთად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს 2013 წლის 31 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღებულ იქნა 2008 წლის 06 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის (...ს მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირები) საკომპენსაციო თანხის მიღებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტები. ამოღებული დოკუმენტები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2022 წლის 11 მარტის №13/03-14223 წერილით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან 2013 წლის 31 ივლისს ამოღებული დოკუმენტაციის ასლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით სს „ლ...დან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ვ. ქ-ის ან/და ს. ქ-ის სახელზე ...ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიწოდებული სიების საფუძველზე საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვის შესახებ.

სს „ლ...ს“ სასამართლო დავების განყოფილების უფროსის მიერ, 2022 წლის 26 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი წერილით, რომ ვ. ქ-ის ჩარიცხული აქვს 16 620 ლარი, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა (საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ) კომპენსაციის თანხას.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 08 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 მარტის განჩინების საფუძველზე, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის მიერ 2022 წლის 15 მარტის №5581061 განცხადებაზე თანდართული სისხლის სამართლის №092080713002 საქმის მასალების ასლები 01 (ერთ) ტომად, რა მასალებიც სააპელაციო სასამართლოში საქმესთან ერთად გადაგზავნილი არ ყოფილა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილებოდა იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე მიღებული გქონდათ საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის წევრობა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2009 წელს, როდესაც ვ. ქ-იმა თავისი ოჯახის სახელით მიიღო ერთჯერადი კომპენსაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონმდებლობა არ შეიცავდა დევნილი ოჯახის დეფინიციას; ნორმატიულად, დევნილი ოჯახის ცნება გაცილებით გვიან, 2014 წლის 24 თებერვლიდან ჩნდება, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს 28.06.1996წ. კანონი (25-ე მუხ.).

მიუხედავად აღნიშნულისა, დევნილი პირის კონკრეტული ოჯახისათვის მიკუთვნების დადგენა შესაძლებელი იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 01 ნოემბრის №124 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესით“ (ძალადაკარგულია 19.07.2013 წლიდან), რომლითაც დადგენილი იყო დევნილის მოწმობის და სარეგისტრაციო ნომრის დევნილ პირზე მინიჭების წესი.

ხსენებული სამართლებრივი აქტის თანახმად, დევნილის მოწმობა გაიცემა ყველა ასაკის დევნილზე. თითოეულ დევნილს სამინისტროს მიერ ენიჭება დევნილის პირადი ნომერი და სარეგისტრაციო ნომერი. დევნილის სარეგისტრაციო ნომერი რვა ციფრიანია: «000-00000». სარეგისტრაციო ნომერი ატარებს საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს დევნილის საიდენტიფიკაციო კოდს. სარეგისტრაციო ნომრის პირველი სამი ციფრი აღნიშნავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, სადაც დევნილი დროებით ცხოვრობს, ხოლო მომდევნო ხუთი ციფრი არის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში 2006 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით არსებული საოჯახო ანკეტის ნომერი. ზემოხსენებული წესი გაუქმებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით, რომლითაც დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი“. აღსანიშნავია, რომ ამავე წესის მე-2 მუხლის 36-ე პუნქტიც იმავე დანაწესს შეიცავს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მართალია, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი (სუსგ №ბს-1227-1213(კ-11), 01.02.2012წ.).

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომლის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც ს. ქ-ი ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილდა ძმასთან - ვ. ქ-ითან ერთად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში განმეორებით უზრუნველყოფა საფუძველს იყო მოკლებული. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვ. ქ-ი და ს. ქ-ი წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს, თუმცა ამ გარემოების დასადგენად სრულყოფილად არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დაცული ს. ქ-ისა და ვ. ქ-ის დევნილთა მოწმობებზე. ს. ქ-ის მიმართ 20.01.2014წ. გაცემულ მოწმობაში სარეგისტრაციო ნომრად მითითებულია №..., ხოლო ვ. ქ-ის მიმართ 04.01.2014წ. გაცემულ მოწმობაში ვ. ქ-ის სარეგისტრაციო ნომერია №.... ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ 2014 წლიდან სასამართლოსადმი მიმართვის დღემდე ს. ქ-ი და ვ. ქ-ი არ წარმოადგენდნენ არათუ ერთ ოჯახს, არამედ ერთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ პირებსაც კი, რასაც აგრეთვე მოწმობს მათ დევნილთა მოწმობებში მითითებული სარეგისტრაციო მისამართები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები ადმინისტრაციულ პროცესში რიგი თავისებურებებით ხასიათდება. აღნიშნული თავისებურებები თავად სამოქალაქო და ადმინისტრაციული მატერიალური სამართლის არსობრივი სხვაობით არის განპირობებული. ადმინისტრაციულ პროცესში, ისევე როგორც სამოქალაქო სასამართლო წარმოებისას, მხარეთა აქტიურობას, მათ შორის სარჩელისა თუ შესაგებლის დასაბუთებას, სათანადო ფაქტებზე მითითებას, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებთან მიმართებით მტკიცებულებების წარდგენას და სხვ. არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა სამოქალაქო პროცესისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში მოსამართლე აღჭურვილია თავისი ინიციატივით დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარდგენის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღების (სასკ-ის მე-4 მუხ.), საკუთარი ინიციატივით ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების შეგროვების უფლებამოსილებით (სასკ-ის 19.1 მუხ.), იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათზე მხარეებს სასამართლო წარმოების ფარგლებში არ მიუთითებიათ. ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი (სასკ-ის მე-4, მე-16, მე-19 მუხ.) სასამართლოს აქტიურ მოქმედებას მოიაზრებს, რომელსაც თავისი ინიციატივით შეუძლია გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია. ადმინისტრაციული კატეგორიის დავის გადამწყვეტი სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს იმ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის და არ განხილულა არც ადმინისტრაციული წარმოებისას და არც სამართლებრივი დავის მიმდინარეობის პროცესში. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპი, სამართლებრივი შედეგის მიმართ არსებული საჯარო ინტერესი განაპირობებს ინკვიზიციური პრინციპის მოქმედებას, რომლის პირობებშიც მოსამართლე არ არის შეზღუდული მხარეთა მიერ წარდგენილი შუამდგომლობებითა და მტკიცებულებებით, მოსამართლე უფლებამოსილია არა მხოლოდ დაავალოს მხარეებს მტკიცებულებების წარმოდგენა, არამედ უფლებამოსილია თავად დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. სასამართლოს აღნიშნული უფლებამოსილება აგრეთვე არ გამორიცხავს მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ინკვიზიციური პროცესი მიზნად ისახავს გარემოებების სრულყოფილ შესწავლას და ნორმის სწორ მისადაგებას ფაქტობრივ გარემოებებთან (სუსგ №ბს-1024(2კ-23), 24.07.2024წ.).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები; სააპელაციო პალატა ვალდებული იყო დაედგინა ს. ქ-ის ძმის, ვ. ქ-ის ოჯახის წევრობა კომპენსაციის მიღების (2009 წელი) დროისთვის, რაც შესაძლებელი იყო როგორც მოწმეთა დაკითხვით, ასევე 2009 წლის მდგომარეობით მათი სარეგისტრაციო ნომრების დადგენითა და ადმინისტრაციული ორგანოდან დევნილის ანკეტის და სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვით.

საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 01 ნოემბრის №124 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესზე“, რომლის თანახმად დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე მასზე ივსებოდა ანკეტა და ეძლეოდა დევნილის მოწმობა. დევნილის ანკეტა წარმოადგენდა დოკუმენტს, რომელშიც შეიტანებოდა მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები: დევნილის სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, მოქალაქეობა, დევნილის პირადი და სარეგისტრაციო ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე, დროებითი საცხოვრებელი ადგილი, განსახლების ფორმა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, პროფესია, წარმოდგენილი დოკუმენტების დასახელებები და მათი რეკვიზიტები. დევნილის ანკეტაში მიეთითებოდა მისი შევსების თარიღი და ადგილი. დევნილის ანკეტას ხელს აწერდა ანკეტის შემვსები პირი და დევნილი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. ანკეტაში შეტანილი უნდა ყოფილიყო აგრეთვე ინფორმაცია ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის შეფასების მიღმა დარჩა ს. ქ-ისა და ვ. ქ-ის დევნილთა სარეგისტრაციო ნომრების განსხვავებულობა. სააპელაციო პალატამ 2020 წელს მოქმედი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაადგინა, რომ 2009 წლის მდგომარეობით ს. ქ-ი და ვ. ქ-ი წარმოადგენდა ერთ დევნილ ოჯახს. მართალია, 2014 წლის მდგომარეობით ს. ქ-ისა და ვ. ქ-ის მიერ სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომრების ქონა იმთავითვე არ გულისხმობს 2009 წელს მსგავსი სარეგისტრაციო ნომრების ქონას, თუმცა აღნიშნული საჭიროა დადასტურდეს მტკიცებულებებით, რომელთა მოპოვების შესაძლებლობაც სააპელაციო პალატას გააჩნდა, როგორც უკვე აღინიშნა თუნდაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან კასატორისა და მისი ძმის, ვ. ქ-ის ანკეტების გამოთხოვით, რომელშიც მითითებული იქნება მათი დროებითი მისამართები, ცვლილებები და სხვა სახის ინფორმაცია, რაც სააპელაციო პალატას დაეხმარებოდა დაედგინა ს. ქ-ისა და ვ. ქ-ის კანონმდებლობის მიზნებისთვის ერთი ოჯახის წევრობა ერთჯერადი კომპენსაციის მიღების პერიოდისთვის.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 25.12.2008წ. №915 განკარგულებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო 2008 წლის 06 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე. ამავე განკარგულების მე-6 მუხლის მიხედვით, ეთხოვა ქურთის, ერედვის, თიღვის, ახალგორისა და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტების გამგეობებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის წარედგინათ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან, სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღები, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული (ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილი პირების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის მონაცემები – სახელობითი პირადი კოდის მითითებით) სიები.

სააპელაციო პალატის შეფასების მიღმა დარჩა ვ. ქ-ის მიერ ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის მიღების შესახებ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების კანონიერების შეფასება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ კომპენსირებულ პირთა სიაში 22-ე ნომრად მოსარჩელე - ს. ქ-იზე მითითება არ ადასტურებს 2008 წლის 06 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის (...ს მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირები) საკომპენსაციო თანხის მიღებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მართებულობას.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი, იურიდიული თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხელახლა იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს. არასრული (შეზღუდული) აპელაციის მოდელი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურ ელემენტებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გაანალიზა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ზემოხსენებული კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 372-ე, 385-ე, 394-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა