საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-85(გ-25) 10 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ო. ხ-იის სარჩელის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2024 წლის 18 ივნისს ო. ხ-იმა მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და დაზუსტებული სარჩელის წარდგენის შემდგომ მოპასუხედ მიუთითა შპს ,,ს...“. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ს...ის“ 2024 წლის 20 მაისის Nგ-1566 და 2024 წლის 11 ივნისის Nგ-1829 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის ო. ხ-იის საკუთრებაში არსებულ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) არსებულ არხზე თავისი ხარჯებით რკინა - ბეტონის კონსტრუქციის ხიდის (როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანე) დამონტაჟების დავალება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2024 წლის 8 მაისს განცხადებით მიმართა შპს ,,ს...ს“, მის საკუთრებაში არსებულ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) არსებულ არხზე თავისი ხარჯით რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ხიდის (როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანე) დამონტაჟების მოთხოვნით, ვინაიდან არხის გაჭრის შემდგომ, მიწის ნაკვეთთან მისასვლელი არანაირი გზა არ არსებობს. შპს „ს...ის“ 2024 წლის 20 მაისის Nგ-1566 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ შპს ,,ს...“ აღნიშნულ ლოკაციაზე ხიდის მშენებლობის წინააღმდეგია, ვინაიდან უძრავ ქონებას ჩრდილოეთის მხრიდან გააჩნია ალტერნატიული მისასვლელი გზა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნულის შემდგომ მან მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სადაც განმარტავდა, რომ მართალია მიწის ნაკვეთს გააჩნია ჩრდილოეთის მხარეს გზა, მაგრამ აღნიშნული გზა არის მეორეხარისხოვანი ვიწრო გზა, რომელიც გასდევს იქ არსებულ სერის ძირს, საიდანაც ვერ ხერხდება ტექნიკით სარგებლობა, მით უმეტეს წვიმის დროს. განმცხადებელი ასევე განმარტავდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება სხვა საკარმიდამო ნაკვეთები, რომლებსაც ჩრდილოეთის მხარეს გასდევს იგივე ალტერნატიული გზა, მაგრამ შპს ,,ს...ს“ ...ის მაგისტრალურ არხზე დამონტაჟებული აქვს ხიდები. მოსარჩელის მითითებით, მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი არ მიუღია, თუმცა ჩაბარდა შპს ,,ს...ის“ 2024 წლის 11 ივნისის Nგ-1829 წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ მაგისტრალურ არხზე სამანქანე ხიდების მოწყობით რთულდება წმენდითი და სხვა სახის საექსპლუატაციო ღონისძიებების ჩატარება, რაც იწვევს როგორც წყალმოსარგებლეთა უკმაყოფილებას, ასევე ზრდის მაგისტრალური არხის მიმდებარედ განთავსებული მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკს. შესაბამისად, შპს ,,ს...“ მითითებული სამანქანე ხიდის მოწყობის წინააღმდეგია. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც სარჩელით მიმართა სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, ო. ხ-იის სარჩელი, შპს „ს...ის“ მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განმხილველ სპეციალიზებულ შემადგენლობას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ფიზიკური პირია, ხოლო მოპასუხე - კერძო სამართლის იურიდიული პირი. რაც შეეხება დავის საგანს, იგი განეკუთვნება სამეზობლო სამართალს. მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და მოპასუხის მართვაში არსებული მაგისტრალური სარწყავი არხი ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს და მოსარჩელე ითხოვს დაევალოს მოპასუხეს ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც მისი მიწის ნაკვეთით დაუბრკოლებლად სარგებლობას განაპირობებს, კონკრეტულად არხზე კაპიტალური სამანქანე ხიდის მოწყობას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არის არა ადმინისტრაციული, არამედ კერძოსამართლებრივი (სამეზობლო) და შესაბამისად, საქმე განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, ო. ხ-იის სარჩელი, შპს „ს...ის“ მიმართ, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე კერძო სამართლის იურიდიული პირია, თუმცა იგი ასრულებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს. მოპასუხის საქმიანობის მნიშვნელობისა და თავისებურების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ მისთვის მინიჭებული იქნა სპეციალური სტატუსი, განახორციელოს საქმიანობა, რომელიც სპეციალურ ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ შპს „ს...ის“ 2024 წლის 20 მაისის Nგ-1566 და 2024 წლის 11 ივნისის Nგ-1829 გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი ხიდის დამონტაჟებაზე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ...ის მაგისტრალურ არხზე, უნდა ჩაითვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ ო. ხ-იის სარჩელი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საქმის წარმოების წესით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით. „ამ უფლებით სარგებლობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ვ. გელბახიანი, მ. ნიკოლაიშვილი და ა. სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 106 პ.).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას როგორც საგნობრივი, ასევე, ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს. შესაბამისად, უნდა შეფასდეს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად კანონმდებლობამ განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან. დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის დებულება, საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობდეს, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ მისი მონაწილე ერთი მხარე მაინც იყოს ადმინისტრაციული ორგანო. თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ლეგალურ დეფინიციას ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შპს „ს...ის“ 2024 წლის 20 მაისის Nგ-1566 და 2024 წლის 11 ივნისის Nგ-1829 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის ო. ხ-იის საკუთრებაში არსებულ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) არსებულ არხზე თავისი ხარჯებით რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ხიდის (როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანე) დამონტაჟების დავალება. ამასთან, ო. ხ-იის მიერ სარჩელი აღძრულია შპს ,,ს...ის“ მიმართ, რომელიც მართალია კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული სუბიექტია, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ გამორიცხავს მისი ადმინისტრაციულ ორგანოდ მიჩნევის შესაძლებლობას. ამ კუთხით, არსებითია იმ გარემოების დადგენა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ არხზე თავისი ხარჯებით რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ხიდის დამონტაჟება, წარმოადგენს თუ არა შპს ,,ს...ის“ მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელ ქმედებას. აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, იგი მითითებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მიჩნეული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ ორგანოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად, ხოლო დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა ქმნის წყლის სახელმწიფო ფონდს. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწით სარგებლობის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს მიწის კანონმდებლობით.
საკასაციო პალატა მიუთითებს შპს ,,ს...ის“ ოფიციალურ ვებგვერდზე კომპანიის ისტორიის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 1996 წლის 19 თებერვალს, რეორგანიზებული რსგ ,,სა...სა” და რსგ ,,საქ...ის” ბაზაზე, შეიქმნა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტი. 2006 წელს შეიქმნა შპს ,,ს...-მ“, ,,მ...-მ“, ,,ა...-მ“ და ,,კ...-მ“. 2012 წლიდან შპს „სა...“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, ,,ს...-მ“-ის, ,,მ...-მ“-ის, ,,ა...-მ“-ისა და ,,კ...-მ“-ის უფლებამონაცვლე საზოგადოებას წარმოადგენს. 2015 წელს კომპანიას შეეცვალა დასახელება და ეწოდა შპს ,,ს...“.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი: 19.03.2025 წელი) თანახმად, შპს ,,ს...“ (ს/კ ...) რეგისტრირებულია 2007 წლის 26 თებერვლიდან და მის 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, ხოლო წილის მმართველია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამასთან, შპს ,,ს...ის“ წესდების მე-2 მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფო კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორია, რომლის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარდა წილის განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა, რასაც ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 30 სექტემბრის №2-778 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების“ მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულია ჰიდრომელიორაციის სამმართველო, რომლის კომპეტენციასაც ამავე დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ჰიდრომელიორაციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, შპს „ს...სთან“ თანამშრომლობა და მისი ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერების მხარდაჭერა.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ, შპს ,,ს...ის“ წესდების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კომპანიის საქმიანობის მიზნებზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპანიის საქმიანობის მიზანია: ა) კომპანიის კაპიტალში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეკონსტრუქციის, რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის, ტექნიკური ექსპლუატაციის და წყლის მართვის საქმიანობების დაგეგმვა, განხორციელება, უზრუნველყოფა და განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე, სამელიორაციო სისტემების მომსახურების ზონაში მიწათმოსარგებლეთა პრიორიტეტული მომსახურება (სარწყავი წყლის მიწოდება, ჭარბი წყლების მოცილება) და სხვა წყალმომხმარებლებისთვის (ჰესები, ტბორები, სამრეწველო ობიექტები და სხვა) სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამოყენებით წყლის მიწოდება; გ) სამელიორაციო ინფრასტრუქტურის წყალსარგებლობის, წყლის მართვა-რეგულირების, უსაფრთხო ფუნქციონირების და გარემოზე ზემოქმედების რისკების შემცირების ღონისძიებების შემუშავება და უზრუნველყოფა; დ) სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამოყენებისა და წყალსარგებლობის საფასურის განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომსახურების ტარიფების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) წყალსარგებლობის წესების დაცვის კონტროლი მისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ არის აკრძალული კანონმდებლობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე არხზე შპს ,,ს...ის“ მიერ, კომპანიის ხარჯებით, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ხიდის (როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანე) დამონტაჟება. საქმის მასალების თანახმად, ამ მიზნით ო. ხ-იმა განცხადებით მიმართა შპს ,,ს...ს“ და მიუთითა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, მდებარე: ქარელის რაიონი, სოფელი ... (ს/კ ...), ვერ ხერხდება გზით სარგებლობა და ტექნიკის შეყვანა იქ არსებულ არხზე შესაბამისი კონსტრუქციის ხიდის არარსებობის გამო, შესაბამისად, ვერ ხერხდება ნაკვეთის როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე საკარმიდამო დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, განმცხადებელმა მოითხოვა კომპანიის ხარჯებით არხზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციის საფეხმავლო-სამანქანო ხიდის მოწყობა, ვინაიდან თვითნებობის შემთხვევაში გამოირიცხოს არხის დაზიანება ან სხვა რაიმე გაუთვალისწინებელი უბედური შემთხვევა. დადგენილია, რომ მითითებული განცხადების პასუხად, შპს „ს...ის“ 2024 წლის 20 მაისის Nგ-1566 წერილით (გადაწყვეტილება) ო. ხ-ის ეცნობა, რომ შპს ,,ს...“ აღნიშნულ ლოკაციაზე ხიდის მშენებლობის წინააღმდეგია, ვინაიდან უძრავ ქონებას (ს/კ ...) ჩრდილოეთის მხრიდან გააჩნია ალტერნატიული მისასვლელი გზა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულის შემდგომ ო. ხ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც მიუთითა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთის მხრიდან მართლაც გააჩნია გზა, თუმცა აღნიშნული გზა არის მეორეხარისხოვანი ვიწრო გზა, რომელიც გასდევს იქ არსებულ სერის ძირს, საიდანაც ვერ ხერხდება ტექნიკით სარგებლობა, მით უმეტეს წვიმის დროს. ამასთან, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება სხვა საკარმიდამო ნაკვეთები, რომლებსაც ჩრდილოეთის მხარეს გასდევს იგივე ალტერნატიული გზა, მაგრამ შპს ,,ს...ს“ ...ის მაგისტრალურ არხზე დამონტაჟებული აქვს ხიდები. ამდენად, განმცხადებელმა მოითხოვა შპს „ს...ის“ 2024 წლის 20 მაისის Nგ-1566 წერილის (გადაწყვეტილება) გაუქმება და სამინისტროს მიერ კომპანიისთვის შესაბამისი ხიდის მოწყობის დავალება. დადგენილია, რომ აღნიშნული განცხადების პასუხად, ო. ხ-ის გაეგზავნა „ს...ის“ 2024 წლის 11 ივნისის Nგ-1829 წერილი (გადაწყვეტილება), რომელშიც მითითებულია, რომ მაგისტრალურ არხზე სამანქანე ხიდების მოწყობით რთულდება წმენდითი და სხვა სახის საექსპლუატაციო ღონისძიებების ჩატარება, რაც იწვევს როგორც წყალმოსარგებლეთა უკმაყოფილებას, ასევე ზრდის მაგისტრალური არხის მიმდებარედ განთავსებული მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკს. ამდენად, წერილში მიეთითა, რომ აღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ნაკვეთს გააჩნია ალტერნატიული მისასვლელი გზა, შპს ,,ს...“ მითითებული სამანქანე ხიდის მოწყობის წინააღმდეგია.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების შინაარსის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ს...“ წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე საწარმოს, რომელიც ახორციელებს საჯარო მმართველობის ფუნქციებს (მათ შორის, მელიორაციული ინფრასტრუქტურის გამართვა-შენარჩუნება), და საჯარო სამართლის სუბიექტად იქცევა მაშინ, როცა კონკრეტული მმართველობითი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს; სამელიორაციო არხზე სათანადო კონსტრუქციის ხიდის მოწყობა სპეციალურ ცოდნას და ტექნიკური საშუალებების ქონას საჭიროებს. სწორედ ამიტომ მიმართა მოსარჩელემ კომპანიას, არხზე ხიდის მოწყობის მოთხოვნით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, სახელმწიფოს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს ,,ს...ის“ კაპიტალში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეკონსტრუქციის, რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის, ტექნიკური ექსპლუატაციის და წყლის მართვის საქმიანობების დაგეგმვა, განხორციელება, უზრუნველყოფა და განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა, სწორედ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან შპს ,,ს...ს“ აქვს დელეგირებული. ამდენად, შპს ,,ს...“ ო. ხ-ის მოთხოვნის განხილვის ფარგლებში, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ო. ხ-ის განცხადებაზე შპს ,,ს...მ “ 2024 წლის 20 მაისს და 2024 წლის 11 ივნისს Nგ-1566 და Nგ-1829 ს წერილებით გასცა პასუხი, სადაც განმარტა, რომ ხიდის დამონტაჟება ტექნიკურად გაართულებს სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოებს, გაზრდის დატბორვის რისკს და უარი განაცხადა ხიდის მოწყობაზე, მითითებით, რომ მიწის ნაკვეთს გააჩნია ალტერნატიული მისასვლელი გზა. აღნიშნული წერილები წარმოადგენს უარის შესახებ მკაფიო პასუხს განმცხადებლის კონკრეტულ მოთხოვნაზე, რაც იძლევა დასაბუთებულ საფუძველს, რომ მოპასუხის მიერ გამოცემული სადავო გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენენ და შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე (შეცილებითი სარჩელი) და 24-ე (მიკუთვნებითი სარჩელი) მუხლების საფუძველზე აღძრული კომბინირებული ადმინისტრაციული სარჩელი, რომელიც განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო. ხ-იის სარჩელი, შპს „ს...ის“ მიმართ, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს და განხილულ იქნეს ადმინისტრაციული საქმის წარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ხ-იის სარჩელი, შპს „ს...ის“ მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს და განხილულ იქნეს ადმინისტრაციული საქმის წარმოების წესით.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი