№ბს-245(კ-25) 21 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ბ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის SSA 0 23 00337559 გადაწყვეტილება ლ. ბ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს SSA 8 23 00702939 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. ბ-ეისათვის შეწყვეტილი პენსიის 2023 წლის 1 აპრილიდან აღდგენის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის SSA 0 23 00337559 გადაწყვეტილება ლ. ბ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს SSA 8 23 00702939 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. ბ-ეისათვის შეწყვეტილი პენსიის 2023 წლის 1 აპრილიდან აღდგენის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალურმა მომსახურების სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების სპეციალურ კანონს და ამ კანონის მიზნებისათვის მოცემული განმარტება პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე, ყველა იმ პირისათვის, ვინც (გარდა ნორმით განსაზღვრული გამონაკლისისა), სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ეწევა შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ პირი შემოსავალს იღებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული არა შრომითი, არამედ სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებით (ნარდობა, ქირავნობა და სხვ.) ან საქონლის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული პირების სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სააგენტომ შეისწავლა აღნიშნული სამსახურის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მოწყობის საკითხები, რა დროსაც გაირკვა, რომ აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შექმნილია „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომლის მიხედვით განსაზღვრულია სამსახურის მიზანი, რაც გულისხმობს - უზრუნველყოს უფასო იურიდიული დახმარების განხორციელება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე, შეიმუშავოს წინადადებები საქართველოს უფასო იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის. სამსახური მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეებს მომსახურებას უწევს იურიდიული მიმართულებით არსებული სადავო საკითხების გადაჭრის მიზნით და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მთავარ ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს იურიდიული დახმარებისა და კონსულტაციის გაწევა. მოქმედ კანონმდებლობაში, საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ, შეღავათიანი პირობებით მოსარგებლე დაწესებულებების ჩამონათვალში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური განსაზღვრული არ არის. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებული საკითხის დეტალური შესწავლის შედეგად, ცხადია, რომ აღნიშნული სამსახური არ უნდა იქნეს განხილული კანონმდებლობით განსაზღვრულ საგამონაკლისო დაწესებულებად, რომელიც ისარგებლებს საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული შეღავათიანი პირობებით.
კასატორის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირთა სახელმწიფო გასაცემლების სწორი ადმინისტრირების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ თხოვნით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მიეწოდებინათ სრული დასახელება იმ დაწესებულებებისა, რომლებიც განეკუთვნებიან სამეცნიერო-კვლევით, სკოლა-პანსიონებს, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პასუხად, აღნიშნული სამინისტროდან წარმოდგენილ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური დასახელებული არ არის.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ლ. ბ-ე დაბადებულია ... წლის ...ს (ს.ფ 68); ბ) სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის LA 5 23 00020322 ცნობის თანახმად, ლ. ბ-ე დასაქმებულია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატის ...ის პოზიციაზე. ლ. ბ-ე დასაქმებულია 2022 წლის 30 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულებით (ს.ფ 67, 71-74); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის SSA 0 23 00337559 გადაწყვეტილებით ლ. ბ-ეს 2023 წლის აპრილიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი, იმ საფუძველზე მითითებით, რომ იგი დასაქმებულია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში (ს.ფ 13-14); დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 5 ივლისის SSA 8 23 00702939 გადაწყვეტილებით ლ. ბ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 65-66, 18);
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის პენსიის შეწყვეტის კანონიერების შემოწმება მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროპის სოციალური ქარტია და მისი მე-12 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა; შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს; მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. ქარტიის 23-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით, მხარეები, უშუალოდ ან სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ვალდებულებას იღებენ მიიღონ და მხარი დაუჭირონ შესაბამის ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს: - უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად რაც შეიძლება მეტი ხნით, შემდეგი საშუალებებით: ა) სათანადო სახსრების გამოყოფა, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში; ბ) ინფორმაციის მიწოდება იმ სამსახურებისა და შეღავათების შესახებ, რომლებიც დადგენილია ხანდაზმულთათავის.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.
პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. დასახელებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში პენსიის გაცემის შეწყვეტის ვალდებულებას. ამრიგად, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს ქმნის საჯარო საქმიანობის განხორციელება.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადაო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა;
2025 წლის 6 თებერვალს განხორცილებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ (ამოქმედდა 2025 წლის 10 მარტიდან) ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა;
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანია საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები, თუმცა, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული პირის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის საჯარო სამსახურში დასაქმება ავტომატურად არ გულისხმობს მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებას. პირის საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტად კვალიფიკაცია საჭიროებს საკითხის კუმულაციურ შეფასებას, კერძოდ, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის სტატუსის, მისი თანამდებობის, მისთვის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ფუნქციების ხასიათისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ერთიან გამორკვევას (სუსგ 23.01.2020წ. №ბს-1510(კ-18)).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ბ-ე დასაქმებულია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატის ...ის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით. მოსარჩელე დანიშნულია არა საჯარო საქმიანობის, არამედ საჯარო დაწესებულების დამხმარე ამოცანების შესასრულებლად, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, იგი ვალდებულია დაალაგოს და დაასუფთავოს იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატის კუთვნილი ოთახები, საიდუმლოდ შეინახოს ყველა ინფორმაცია, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გახდა მისთვის ცნობილი, შეასრულოს დირექტორის დავალებები და მითითებები, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურის ფუნქციების განხორციელებასთან, დირექტორის თანხმობის გარეშე არ გადასცეს მასზე დაკისრებული მოვალეობები მესამე პირს. ამდენად, მოსარჩელე, მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, არ განსაზღვრავს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, არამედ პასუხისმგებელია მხოლოდ მასზე დაკისრებული დამხმარე ფუნქციების უშუალო შესრულებაზე. შესაბამისად, მოსარჩელისათვის საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა, რომ მოსარჩელეს უკავია დამხმარე ფუნქციის შესასრულებლად ...ის პოზიცია, შესაბამისად, მისი საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და მასზე არ უნდა გავრცელდეს სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის ვალდებულება აღნიშნული საფუძვლით. ამდენად, არსებობდა ლ. ბ-ეის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია