Facebook Twitter

ას-588-971-06 27 ნოემბერი 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 25 აპრილს ლ. ქ-ძემ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს რ., თ., ნ., დ. და ქ. ქ-ძეების მიმართ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან, მდებარე ქალაქ მცხეთაში, ..., მოპასუხეების გასახლება თანმხლებ პირებთან ერთად, იმ მოტივით, რომ მოპასუხეები შესულები იყვნენ მის ბინაში, ეჩხუბებოდნენ მას, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ აძლევდნენ ნორმალური ცხოვრების საშუალებას.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ სადავო ბინიდან მათ თანმხლებ პირებთან ერთად.

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა რ. და თ. ქ-ძეებმა და მოითხოვეს ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 15 თებერვლის საოქმო განჩინებით რ. და თ. ქ-ძეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006წ. 15 თებერვლის სხდომაზე რ. და თ. ქ-ძეების სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები და მოწინააღმდეგე მხარე, რომელთაც სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდათ უწყებები სასამართლო სხდომის და ადგილის თაობაზე. მხარეებს გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 275-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს რ. და თ. ქ-ძეებმა, რომელთაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 15 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სასამართლოს მიერ გადგენილ დღეს და დროს მხარეები გამოცხადდნენ სასამართლოში და ელოდებოდნენ 14:00 საათზე პროცესის დაწყებას, მაგრამ ისინი არ გამოუძახებიათ. ხოლო, როცა იკითხეს პროცესის თაობაზე, მათ უპასუხეს, რომ სასამართლომ გამოიტანა განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. და რ. ქ-ძეების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლით განსაზღვრულია სასამართლო უწყების შინაარსი, კერძოდ მითითებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ უწყება უნდა შეიცავდეს საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს და მითითებას დავის საგნის შესახებ.

საქმეში მოცემულია მხარეთა ხელწერილები, სადაც აღნიშნულია მხოლოდ სასამართლო სხდომის თარიღი და დრო და არაა მითითებული საქმის დასახელების შესახებ. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ მხარეებს სასამართლო უწყებები ჩაბარდათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რადგან დარღვეულია ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 15 თებერვლის საოქმო განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. და რ. ქ-ძეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 15 თებერვლის საოქმო განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.