Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-55(კ-25) 13 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ვ. ა-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2021 წლის 21 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ვ. ა-ეის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა ვ. ა-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 6 იანვარს გაფორმებული, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 თებერვლის №53 ბრძანებით დამტკიცებული №697 კონტრაქტის პირობების ვ. ა-ეის მიერ დარღვევის გამო მისთვის ჯარიმის სახით 28 000 ლარის და საერთო თანხის 30%-ის ოდენობით საურავის (8400 ლარი) დაკისრება, რაც ჯამში შეადგენს 36400 ლარს.

მოსარჩელის განმარტებით, ვ. ა-ე 2015 წლის 6 იანვრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მივლინებულ იქნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ოფიცრის საწყის (საინჟინრო) კურსზე დასასწრებად. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის შემდგომ სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გააგრძელოს რვა წლით. თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს შეიარაღებულ ძალებს, შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში აანაზღაუროს ჯარიმა 28000 ლარის ოდენობით, ხოლო ვალდებულების ვადის გადაცილებისას აღნიშნულ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო. ვინაიდან ვ. ა-ე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, იგი ვალდებულია სამინისტროს სასარგებლოდ გადაიხადოს ზემოაღნიშნული თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, კერძოდ, ვ. ა-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 1000 (ათასი) ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რადგან ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად კონტრაქტორზე ხდის დამოკიდებულს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს ოდენობის 1 000 (ათასი) ლარით განსაზღვრისას დაცულია როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ ჯარიმის სახით სადავო თანხის ოდენობა გათვალისწინებულია მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტით, ხოლო კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანება ვ. ა-ეს სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული გარემოებები კი, ჯარიმის დაკისრების საფუძველია. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესსა და ოდენობებს. აღნიშნულის საფუძველზე, კასატორს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ ოდენობას და სასამართლოს მიერ მისი შეცვლა უსაფუძვლოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ვ. ა-ეისათვის დაკისრებული თანხის შემცირების კანონიერება.

საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სასწავლო მივლინების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბრის № MOD 5 14 00003337 ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების ...ის უზრუნველყოფის ბატალიონის შტაბის ..., ... ვ. ა-ე 2015 წლის 6 იანვრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მივლინებულ იქნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ქ. ჰიურტი, ქ. მიუნხენი) დაგეგმილ „ოფიცრის საწყის კურსზე (საინჟინრო)“ დასასწრებად. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ვ. ა-ეს შორის 2015 წლის 6 იანვარს გაფორმდა №697 შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ.

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 13 მაისის № MOD 1 15 00001479 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების ...ის უზრუნველყოფის ბატალიონის შტაბის ...ს - ... ვ. ა-ეს შეუწყდა მივლინება 2015 წლის 18 აპრილიდან.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 1 ივლისის №MOD 5 15 00003192 ბრძანებით, ვ. ა-ე გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების ...ის უზრუნველყოფის ბატალიონის შტაბის ...ს თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „...“, შტატი №...) და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ...ის პოლიგონი „...ს“ პასუხისმგებელ შემსრულებლად (საშტატო კატეგორია „...“ შტატი №...); ხოლო 2016 წლის 3 ივნისის №MOD 5 16 00003281 ბრძანებით, ვ. ა-ე გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ის პოლიგონი „...ს“ საერთო-საჯარისო სასროლეთის ...ად (საშტატო კატეგორია „...“ შტატი).

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 20 ივნისის №MOD 8 17 00004787 ბრძანებით ვ. ა-ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის კონფლიქტებისა და ტაქტიკის გაერთიანებული სიმულაციის (JCATS) სწავლებების მობილური განყოფილების მონაცემთა ბაზის ჯგუფის (JCATS) სისტემების ...ად (საშტატო კატეგორია „...“ შტატი №...); 2017 წლის 6 ოქტომბრის №MOD 2 17 00007094 ბრძანებით - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის უზრუნველყოფის ...ად (საშტატო კატეგორია „...ი“ შტატი №...); 2018 წლის 27 აპრილის №MOD 5 18 00002352 ბრძანებით კი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის შტაბის ...-ის შეიარაღების უზრუნველყოფის ...ად (საშტატო კატეგორია „...ი“ შტატი №...);

დადგენილია, რომ 2019 წლის 4 მარტის №MOD 4 19 00001018 ბრძანებით, ვ. ა-ე, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 6 სექტემბრის MOD 1 18 00005355 ბრძანებით 2018 წლის 14 აგვისტოდან შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა სამობილიზაციო რეზერვში 2018 წლის 14 აგვისტოდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით დასტურდება საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროს პროკურორსა და ბრალდებულ ვ. ა-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება; ვ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვ. ა-ეს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი; ვ. ა-ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით და 6 თვის ვადით.

საქმის მასალებში დაცულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 18 აპრილის №MOD 4 19 00390996 წერილი, რომლის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ვ. ა-ეის მიმართ მატერიალური სახის პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სრულად იქნა ანაზღაურებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული მატერიალური ზიანი (ს.ფ. 137).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვ. ა-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ“ №697 კონტრაქტის 7.3 პუნქტი ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის პირობას იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულების 3.2 პუნქტით განსაზღვრული ვადის (8 წელი) განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს შეიარაღებულ ძალებს ან შექმნის პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში აუნაზღაუროს ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. კონტრაქტის 7.4 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმის დადგენილ ვადაში დაფარვის ვალდებულების გადაცილების შემთხვევაში, აღნიშნულ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს სადავო პერიოდში მოქმედ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს (ძალადაკარგულია საქართველოს 21.09.2023, №3500 კანონით), რომლის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი) ქვეპუნქტების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. ა-ე კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე იქნა დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან, მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოიშვა მისთვის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, თანმდევად კი, ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (სუსგ №ბს-852(კ-21), 30.11.2021წ.).

საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. აღნიშნული მუხლი ვრცელდება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის მიმართ. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესი სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არამარტო პირის ქონებრივი, არამედ ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა - 28 000 ლარი და დამატებით საურავი არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე ჯარიმის თანხის გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 1000 (ათასი) ლარის დაკისრება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე