საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-975(კ-24) 13 მაისი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა. შ-ა
მესამე პირი - მ...
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 18 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ა. შ-ას მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის 2015 წლის 24 მარტიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის 9622 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ...ს გამზ. №...-ში (საკადასტრო კოდი ...) მდებარე მიწის ნაკვეთი ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში. აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ, შენობა №5-ის 51,01 კვ.მ ფართით არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა ინდ. მეწარმე ა. შ-ა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს გამზ. №...-ში (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №5-ის (ფართობით 51,01 კვ.მ) ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის 24 მარტიდან დღემდე შეადგენს 510 ლარს. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილი, რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა და ა. შ-ას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 9 622 (ცხრა ათას ექვსას ოცდაორი) ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ა. შ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. შ-ა წარმოადგენდა კეთილსინდისიერ მფლობელს, რადგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს მესაკუთრედ აღრიცხვა სადავო იყო, ხოლო ა. შ-ამ იცოდა, რომ უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლით ფლობდა მ....
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, ა. შ-ა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხის კეთილსინდისიერ მფლობელად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობის საკითხი. კასატორის მითითებით, იმისათვის, რომ კანონის თანახმად მოხდეს პირისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრება, მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელობა, რაც სადავო შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან ა. შ-ას უძრავი ქონების სარგებლობის უფლება არ ჰქონდა მოპოვებული ქონების მესაკუთრისგან - სახელმწიფოსგან, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენდა იმის მიუხედავად, თუ რომელ არაუფლებამოსილ პირთან ექნებოდა მას გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ამდენად, საფასური შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს იყენებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს გამზ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებას ა. შ-ა იყენებდა კომერციული მიზნით. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ქონება 2015 წლის 24 მარტიდან აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად. სარჩელით თანხის დაკისრება კი სწორედ 2015 წლის 24 მარტიდან სარჩელის აღძვრამდე (2017 წლის 18 აგვისტო) პერიოდში ქონებით სარგებლობისთვის არის მოთხოვნილი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ...სა (მეიჯარე) და ა. შ-ას (მოიჯარე) შორის 2015 წლის 5 მარტს დაიდო ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 40 კვ.მ უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრამდე. საიჯარო ქირად განისაზღვრა ყოველთვიურად 100 დოლარის ეკვივალენტი ლარში. მეორედ, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 14 კვ.მ და 56 კვ.მ უძრავ ქონებაზე საიჯარო ხელშეკრულება ზემოხსენებულ პირებს შორის დაიდო 2016 წლის 1 ნოემბერს 2017 წლის 1 მაისამდე. საიჯარო ქირად ყოველთვიურად განისაზღვრა 200 დოლარის ეკვივალენტი ლარში.
ასევე დადგენილია, რომ მ...ს ქონება სახელმწიფოს მიერ ჰქონდა გადაცემული სარგებლობაში. ამასთან, სადავო პერიოდში, ფონდს სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავოდ ჰქონდა გამხდარი. ამდენად, სადავო პერიოდისთვის სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის, უფლებამოსილებები ჯერ კიდევ სადავო იყო; საკუთრების უფლებაზე პრეტენზიის ერთ-ერთ მფლობელს კი სწორედ ის იურიდიული პირი წარმოადგენდა, რომელთან დადებული ხელშეკრულებითაც ფლობდა ა. შ-ა ფართს.
ამასთან, საგულისხმოა, რომ მოპასუხე ა. შ-ა მოსარჩელის მიერ დასახელებულ პერიოდში უწყვეტად არ ფლობდა ფართს სამეწარმეო მიზნებისათვის. დადგენილია, რომ 2016 წლის 7 იანვარს თბილისში, ...ს გამზ. №...-ში ხანძარი გაჩნდა და სადავო ობიექტი განადგურდა. უძრავი ქონებით მოპასუხე ჯერ - 2015 წლის 5 მარტიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, ხოლო შემდგომ 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 1 მაისამდე პერიოდში სარგებლობდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიაჩნია, რომ ა. შ-ას არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა სახელმწიფო ქონების კომერციული მიზნით არამართლზომიერი სარგებლობისათვის, ვინაიდან სადავო პერიოდში ა. შ-ა კეთილსინდისიერად ფლობდა ქონებას - მისი გამოყენებისათვის იხდიდა საიჯარო ქირას, უფრო მეტიც, მისთვის ცნობილი იყო, რომ მ... უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლით ფლობდა. შესაბამისად, მოპასუხე ვერ იქნება მიჩნეული არამართლზომიერ მფლობელად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის და მისთვის თანხის დაკისრების წინაპირობები არ არსებობს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე