საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1196(კს-24) 13 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ა. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 8 სექტემბერს მოსარჩელე ა. ჯ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ ა. ჯ-ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 1 სექტემბრის №1000901163 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. ჯ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, იგი პროფესიით სოფლის მეურნეობის ტექნიკის სპეციალისტია. მას საქართველოში შესთავაზეს სამუშაო ადგილი, რის შემდგომაც მოსარჩელე ჩამოვიდა საქართველოში და მასსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებით კი, მოსარჩელეს უარი ეთქვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რასაც იგი არ ეთანხმება და სადავო აქტს მიიჩნევს უკანონოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჯ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია განცხადება განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჯ-ის წარმომადგენელმა - ა. ა-იმა. ა. ა-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარების პერიოდში ა. ჯ-ისა და ა. ა-ის შორის გაწყვეტილი იყო ყოველგვარი კომუნიკაცია და შესაბამისად, ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტს მისმა წარმომადგენელმა ვერ შეატყობინა. ა. ჯ-ის წარმომადგენელი - ა. ა-ი კერძო საჩივარში განმარტავს, რომ, ვინაიდან აპელანტი კანონით დადგენილი წესით არ იყო ინფორმირებული ხარვეზის დადგენის შესახებ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ა. ჯ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, კერძოდ, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილია სასამართლოში. განსახილველ შემთხვევაში, საქმეშია რწმუნებულება (ს.ფ. 24-26), რომლის შესაბამისად, ა. ა-ის ა. ჯ-ისგან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება 2023 წლის 12 სექტემბერს მინიჭებული აქვს სამი წლის ვადით, რწმუნებულება ითვალისწინებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ჩათვლით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჯ-იმა. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს აპელანტის წარმომადგენელი - ა. ა-ი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება 2024 წლის 2 აგვისტოს ა. ჯ-ის წარმომადგენელს - ა. ა-ის გაეგზავნა (ს.ფ. 228) და გზავნილი 2024 წლის 7 აგვისტოს პირადად ჩაბარდა ადრესატს (ს.ფ. 232-233), რაც დასტურდება უკუგზავნილზე ა. ა-ის ხელმოწერით და პირადი ნომრის მითითებით. შესაბამისად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა 2024 წლის 8 აგვისტოდან დაიწყო და 2024 წლის 21 აგვისტოს (ოთხშაბათი) ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოუსწორებია და არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის, რაც ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მხარეს ხაზგასმით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაითვალისწინებს კერძო საჩივარში კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარების პერიოდში ა. ჯ-ისა და ა. ა-ის შორის გაწყვეტილი იყო ყოველგვარი კომუნიკაცია და შესაბამისად, ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტს მისმა წარმომადგენელმა ვერ შეატყობინა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პროცესის მონაწილის უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სასამართლო თავად წყვეტს გზავნილის ადრესატის შერჩევის საკითხს. გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის საკმარისია, იგი ჩაბარდეს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, რა დროსაც, როგორც მხარე, ასევე მისი წარმომადგენელი აღჭურვილნი არიან იდენტური საპროცესო უფლებებით და თითოეულს დამოუკიდებლად აქვს ამ უფლებების განხორციელების შესაძლებლობა (სუსგ №ბს-171(კ-21), 28.05.2021წ.). ამდენად, ხარვეზის შევსების უფლებამოსილებაც და შესაძლებლობაც მხარის წარმომადგენელს ჰქონდა რწმუნებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და იგი შეზღუდული არ იყო შეევსო ხარვეზი სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილ 14 დღიან ვადაში ან მიემართა სასამართლოსთვის ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გაგრძელების მოთხოვნით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე