Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1054(3კ-24) 6 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

კასატორი (მესამე პირი) - საქართველოს პრეზიდენტი

მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ა

მესამე პირი - ვ. გ-ა

დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 19 სექტემბერს მ. გ-ას კანონიერმა წარმომადგენელმა მ. ხ-ამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრისა და ვ. გ-ას მიმართ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის ნაცვლად საქმეში ჩაერთო სათანადო მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამავე განჩინებით საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაერთო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

მოსარჩელემ არაერთხელ დააზუსტა მოთხოვნა და მოპასუხეთა წრე და საბოლოოდ, მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ხოლო მესამე პირებად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ვ. გ-ა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი და მისი ოჯახი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, ...ს ქ.№...-ში, ...ს შენობაში, რომელიც ამორტიზებულია და ქალაქ ქუთაისის მერიის ბალანსზეა. მისი ოჯახი, როგორც დევნილთა ოჯახი, მათ შორის, მამა ბ. გ-აც, 2009 წლის იანვრის თვიდან დამისამართებული იყო აღნიშნულ მისამართზე, სარეგისტრაციო ნომრით: .... მ. გ-ა და ბ. გ-ა, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები რეგისტრირებული იყვნენ ცალკე ოჯახად და ექვემდებარებოდნენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას. ბ. გ-ას არაერთხელ აქვს მიმართული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, საიდანაც იღებდა პასუხს, რომ საკითხი განხილული იქნებოდა სამოქმედო გეგმის მიხედვით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 10 ივლისის წერილით, მოსარჩელის დედისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოქალაქე ვ. გ-ას შორის 2012 წლის 19 ივლისს გაფორმებულ №1926 ხელშეკრულების 2.2 პუნქტის გათვალისწინებით, ვ. გ-ას საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი ქ.ქუთაისში, ...ს ქ.№...-ში ს/კ .... ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, ბინის მესაკუთრე - ვ. გ-ა ვალდებული იყო საცხოვრებლით უზრუნველეყო მ. გ-ა. მოსარჩელის განმარტებით, ბებიის ოჯახი ბიძასთან - გ. გ-ასთან ერთად ირიცხებოდა ცალკე ოჯახად. გ. გ-ა გარდაიცვალა 2011 წლის 20 თებერვალს. ბებია და ბიძა რეგისტრირებულნი იყვნენ ცალკე ოჯახად მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ს ქ.№...-ში სარეგისტრაციო ნომრით №... და ექვემდებარებოდნენ ინდივიდუალურად საკუთრებაში ბინის გადაცემას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თვითნებურად მოახდინა დევნილთა ორი სხვადასხვა ოჯახის გაერთიანება, რითაც მიაყენა მათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. მ. გ-ამ, როგორც იძულებით გადაადგილებულმა პირმა დაკარგა ბინის საკუთრებაში მიღების უფლება. ბ. გ-ა ბინის გადაცემის მომენტისათვის ცოცხალი იყო. მ. გ-ასა და ბ. გ-ას, როგორც ერთ ოჯახად რეგისტრირებულ დევნილებს, ერთად უნდა მიეღოთ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კი, ისე გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება №1926 ვ. გ-ასთან, რომ ხელშეკრულების თაობაზე არც ბ. გ-ასგან და არც მ. გ-ასაგან არ მიუღია ოფიციალური წერილობითი, გაცნობიერებული თანხმობა, ეთანხმებოდნენ თუ არა ისინი ხელშეკრულების პირობებს.

მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ვ. გ-ას შორის 2012 წლის 19 ივლისს დადებული №1926 ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2, 2.3, 2.4 და 2.5 პუნქტების, ქ.ქუთაისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 ივნისის №25/06/02 განკარგულების დანართი №56 - ბ. გ-ას და დანართი №57 - მ. გ-ას ნაწილში ბათილად ცნობა და საქართველოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მ. გ-ას, ბ. გ-ას და მოსარჩელის დედის - მ. ხ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ვ. გ-ას (პ/ნ ...) შორის 2012 წლის 19 ივლისს დადებული №1926 ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2, 2.3, 2.4 და 2.5 პუნქტები მ. გ-ას ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 ივნისის №25/06/02 განკარგულება სახელმწიფო ქონების (საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა №...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ მ. გ-ას ნაწილში (განკარგულების დანართში №57); დანარჩენ ნაწილში მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. გ-ას ოჯახი, სარეგისტრაციო ნომრით: ..., 2007 წლის მდგომარეობით აღრიცხული იყო მისამართზე: ქუთაისი, ...ს ქ. №.../10 და აღნიშნული მისამართი წარმოადგენდა არა დევნილთა კოლექტიური განსახლების ობიექტს, არამედ კერძო საკუთრებას, სადაც ბ. გ-ას ოჯახი ქირით ცხოვრობდა. ამდენად, ამ პერიოდისთვის ბ. გ-ა ვ. გ-ას ოჯახის სარეგისტრაციო ნომერზე: ..., უკვე აღარ ირიცხებოდა, ხოლო ვ. გ-ა, შვილთან - გ. გ-ასთან ერთად, ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე (გ. გ-ა, დაბ. ... წელს, პ/ნ ..., გარდაიცვალა 2011 წლის 20 თებერვალს), 2012 წლის 19 ივლისის პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმებამდე უკვე ცხოვრობდა იმ ფართში, რომელიც შემდგომ გადაეცა საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 ივნისის №25/06/02 განკარგულებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცათ დანართშივე მითითებულ ფიზიკურ პირებს. მითითებული განკარგულების დანართის თანახმად, ქალაქ ქუთაისში, ...ს ქ.№...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი (ფართი: 40,41 კვ.მ სართული 1, ბინა 3, საკადასტრო კოდი: ...) გადაეცათ დანართში 56-ე, 57-ე და 58-ე რიგითი ნომრებით მე-20 ოჯახად, მითითებულ პირებს: ბ. გ-ას, მ. გ-ას და ვ. გ-ას (გაკეთებულია მინიშნება, რომ სწორედ ვ. გ-აა ოჯახის უფროსი). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ვ. გ-ას შორის 2012 წლის 19 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად კი, ვ. გ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება შემდეგ ქონებაზე: იმერეთი, ქუთაისი, ...ს ქ. №..., ს/ბაღი, სართული 1, ბინა 3, ფართობი: 40,41 კვ.მ საკადასტრო კოდი: .... ხელშეკრულებით „მყიდველი“ ვალდებული იყო სიმბოლური საპრივატიზებო თანხა გადაეხადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში. მითითებული ხელშეკრულებით, მყიდველს დაეკისრა ბ. გ-ასა და მ. გ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო დასახელებულ პირებს შეეზღუდათ უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან კომპენსაცია ან უძრავი ქონების გადაცემა მოეთხოვათ, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. გ-ა სადავო განკარგულების გამოცემამდე და ხელშეკრულების დადებამდე აღრიცხული იყო ცალკე საოჯახო ნომრით. მიუხედავად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა, მ. გ-ასა და ბ. გ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, არცერთ მათგანს ვ. გ-ასთვის გადაცემულ ქონებაში არ უცხოვრია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. გ-ა სადავო განკარგულების მიღებისა და ხელშეკრულების გაფორმების დროს არ ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას ვ. გ-ასთან. პალატის განმარტებით, მ. გ-ა იყო მცირეწლოვანი და ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ევალებოდა ხელშეკრულების დადების შესახებ ეცნობებინა მესამე პირებისთვის და მოეთხოვა წერილობითი თანხმობის წარდგენა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა, რომ მ. გ-ა და მისი კანონიერი წარმომადგენელი იმ პერიოდში ინფორმირებული იყო სადავო ხელშეკრულების გაფორმებასა და ამგვარად, ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილება ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ გამოუხატავს საკუთარი ნება პრივატიზების პროცესზე, მისთვის უცნობი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და შესაბამისად, მას არ განუცხადებია წერილობითი თანხმობა, რაც კასატორის მოსაზრებით, არამართებულია. კასატორმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად მესამე პირის წერილობითი თანხმობა საჭიროა ორ შემთხვევაში, კერძოდ, როდესაც სახეზეა ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებას და როდესაც სახეზეა ხელშეკრულება, რომელიც აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, განსახილველ შემთხვევაში კი, სადავო ხელშეკრულებით პროცესუალურ მოწინააღმდეგე მხარეს არ დაკისრებია რაიმე ვალდებულება, შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვის, არ იყო სავალდებულო მისი თანხმობის არსებობა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა, რადგან სადავო ხელშეკრულების დადებიდან გასული იყო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ვინაიდან, სადავო ხელშეკრულების დადებიდან სასამართლოში სარჩელის შეტანამდე გავიდა 3 წელი, გასულია ხანდაზმულობის ვადა, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კასატორის მითითებით, იმ გარემოებას, რომ ვ. გ-ა და მ. გ-ა ერთი ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ ადასტურებდა საოჯახო ანკეტებიც, სადაც მათ იდენტური საოჯახო სარეგისტრაციო ნომერი და მისამართები ჰქონდათ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - საქართველოს პრეზიდენტის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გააკეთა არასწორი შეფასება, ვინაიდან იგი დაეყრდნო მხოლოდ 2013 წლის დევნილის ანკეტებს, რომელთა მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მ. გ-ას იგივე სარეგისტრაციო ნომერი და მისამართი აქვს, რაც ვ. გ-ას - დევნილის ანკეტაში ხაზგასმულია, რომ საცხოვრებელი მისამართი, სადაც მ. გ-ა ცხოვრობს მას არ ეკუთვნის, იგი ცხოვრობს დევნილთა ჩასახლებაში და ელოდება სახელმწიფოსგან ფართით დაკმაყოფილებას, ვ. გ-ასგან განსხვავებით, რომლის ანკეტაშიც ხაზგასმულია, რომ იგი ცხოვრობს სახელმწიფოსგან გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში გადაცემულ უძრავ ქონებაში. შესაბამისად, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 ივნისის №25/06/02 განკარგულების დანართი №57 - მ. გ-ას ნაწილში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ვ. გ-ას შორის 2012 წლის 19 ივლისს დადებული №1926 ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 06.02.2014წ., №1982 კანონით 01.03.2014 წლიდან) სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მეორე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის V თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარ-შესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა. მითითებული განკარგულების მიხედვით, საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად. შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა შესაბამის ორგანოს, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების შესაბამისად აფორმებდა დევნილი ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალის დაკარგვის თარიღი: 09/08/2010) მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 ივნისის №25/06/02 განკარგულებით დადგინდა, ამ განკარგულებაში მითითებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის. ამავე განკარგულებით დადგენილ იქნა საპრივატიზებო პირობები, კერძოდ: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელიწადში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირები (ოჯახის წევრები) უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველი და განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირები (ოჯახის წევრები) ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ და არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ) მყიდველი და ამ განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირები (ოჯახის წევრები) არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 ივნისის №25/06/02 განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 19 ივლისს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში „გამყიდველი“) და მეორე მხრივ, ფიზიკურ პირ ვ. გ-ას შორის (დაბ. ...წ. პ/ნ ...) (შემდეგში „მყიდველი) გაფორმდა №1926 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, სიმბოლურ საპრივატიზებო ღირებულების თანხად - 1 (ერთ) ლარად, ვ. გ-ას გადასცა პირობადადებული საკუთრების უფლება შემდეგ ქონებაზე: იმერეთი, ქუთაისი, ...ს ქ. №..., ს/ბაღი, სართული 1, ბინა 3, ფართობი: 40,41 კვ.მ ს/კ .... აღნიშნული ხელშეკრულების 2.2. პუნქტით, მყიდველს დაეკისრა ვალდებულება ბ. გ-ა და მ. გ-ა უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე არ სარგებლობდნენ ან არ ფლობდნენ სხვა რაიმე საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა (2.3. პუნქტი). განისაზღვრა, რომ მყიდველი და ხელშეკრულების 2.2 პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებოდნენ უფლებამოსილი მოეთხოვათ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონებისა (2.4 პუნქტი); მყიდველზე საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ, მყიდველი ვალდებული იქნებოდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოეყენებინა ისე, რომ ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილნი ყოფილიყვნენ სათანადო საცხოვრებელი პირობებით (2.5 პუნქტი); გამყიდველი ვალდებული იყო გადაცემულ ქონებაზე უზრუნველეყო მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გადაეცა მყიდველისთვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დადასტურდებოდა მყიდველის საკუთრების უფლება გადაცემულ ქონებაზე (2.6. პუნქტი). ამავე, ხელშეკრულების 3.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი მიიღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება.

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ხელშეკრულების კონკრეტული საგნის დაკონკრეტების გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებს იმ პირების ინტერესებს, რომელთა უფლებებიც შესაძლოა შეზღუდოს კონკრეტულმა ადმინისტრაციულმა ხელშეკრულებამ, აღნიშნულის მიზანს კი სწორედ ისეთი სიტუაციების თავიდან არიდება წარმოადგენს, რომლებშიც შესაბამის პირებს შესაძლოა საკმარისი ინფორმაციის ფლობის გარეშე დაეკისროთ იმგვარი ტვირთი, რომელზე თანხმობასაც ისინი ინფორმირებულობის პირობებში არ განაცხადებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებას, განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების დროს მოსარჩელის თანხმობის აუცილებლობის არ არსებობის შესახებ, იმ მიზეზზე მითითებით, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელეს არ დაკისრებია რაიმე ვალდებულება. აღნიშნულის საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ „ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ სადავო ნორმაში მოცემული სამართლებრივი (ნორმატიული) სინამდვილე და მისი გამოყენების შედეგად დამდგარი ფაქტობრივი სინამდვილე.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6), გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად „საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-16).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლში მითითებული ჩანაწერი - „ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას“ - არ შეიძლება გაგებულ იქნეს ვიწროდ და სიტყვა-სიტყვით, გარკვეულ შემთხვევებში, ფორმალური თვალსაზრისით უფლების მიმნიჭებელი (მაგ: საკუთრების უფლების მოპოვება) ხელშეკრულებაც კი, შედეგობრივად შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს გარკვეული პირებისთვის, თუ ასეთი ხელშეკრულებები რეალურად არ გამოხატავენ მხარის ნამდვილ ნებას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო თანხმობის არსებობა, რამდენადაც სადავო ხელშეკრულება მ. გ-ას პირდაპირ ართმევდა შესაძლებლობას, მომავალში სახელმწიფოსგან, როგორც დევნილ პირს მოეთხოვა საცხოვრებელი ფართი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. გ-ა, მამასთან ბ. გ-ასთან ერთად, სადავო განკარგულების გამოცემამდე და ხელშეკრულების დადებამდე, აღრიცხული იყო ცალკე საოჯახო ნომრით და მცირეწლოვან მ. გ-ას, ბებიასთან, ვ. გ-ასთან პრივატიზებულ ქონებაში არ უცხოვრია. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მიუხედავად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა, მ. გ-ა და ბ. გ-ა საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არ ყოფილან. მ. გ-ა ვ. გ-ას საოჯახო ნომერზე აღრიცხულია მხოლოდ სადავო განკარგულების გამოცემისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ასევე დადგენილია, რომ მეგი მ. გ-ა იყო მცირეწლოვანი და ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. შესაბამისად, მ. გ-ა არ იყო ვ. გ-ასთან ერთ ოჯახად - ვ. გ-ასთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ფართში მცხოვრები (რეგისტრირებული) პირი და ის ვერ იქნებოდა გასაჩივრებული განკარგულების სუბიექტი.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმის მასალებით ვერ იქნა დადასტურებული მ. გ-ას ბებიასთან ვ. გ-ასთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 ივნისის №25/06/02 განკარგულების დანართი №57 - მ. გ-ას ნაწილში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ვ. გ-ას შორის 2012 წლის 19 ივლისს დადებული №1926 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

რაც შეეხება კასატორების მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალის დაკარგვის თარიღი: 09/08/2010) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ. გ-ა და მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობლები) ინფორმირებული იყო სადავო ხელშეკრულების გაფორმებისა და ბინით დაკმაყოფილების თაობაზე. ხელშეკრულებაშივე მითითებულია, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციოდ და არ გადასცემიათ მხარეებს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე