Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-309(3კ-24) 6 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ა. გ-ა (მ. გ-ას უფლებამონაცვლე)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ამ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2006 წლის 15 ნოემბერს მიიღო მონაწილეობა აუქციონში და შეიძინა სენაკის მუნიციპალიტეტის ...ს თემში მდებარე 10 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რაზედაც გაიცა მიწის შეძენის დამადასტურებელი ოქმი - №291. აღნიშნული ოქმისა და ი/მ ,,რ...ს" მიერ შესრულებული საკადასტრო ნახაზის საფუძველზე 2006 წლის 4 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოში დაარეგისტრირა საკუთრების უფლება. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. სარეგისტრაციო სამსახურმა განცხადებასთან დაკავშირებით დაადგინა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდება, რის გამოც ჯერ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, შემდეგ კი შეწყდა.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სენაკის ტერიტორიული ორგანოს 2005 წლის 17 ოქტომბრის №990 მიწის შეძენის დამადასტურებელი ოქმით, ღია აუქციონით, 100 ჰა მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ნომრით ... შეიძინა შპს ,,ი...ს" დირექტორმა, რომელმაც შემდგომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაასხვისა სხვადასხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებზე და დღეის მდგომარეობით, სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ვინმე მ. პ-ა, რომელსაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვს 99 9463.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი ( ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი ...). მოპასუხეების მტკიცებით, სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან არის ზედდებაში მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 10 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებული 10 ჰა მიწის ნაკვეთი ორჯერ იქნა ღია აუქციონის წესით რეალიზებული სახელმწიფოს მიერ, პირველად - 2005 წლის 17 ოქტომბერს შპს ,,ი...ის" დირექტორ ა. ჯ-ეზე, ხოლო მეორედ 2006 წლის 15 ნოემბერს - მ. გ-აზე. ამ უკანასკნელს გააჩნია უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი, პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი - მიწის ნაკვეთი, რაც ლახავს არა მარტო მოსარჩელის უფლებებს, არამედ, ზოგადად, სამართლებრივ უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგანაც არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისგან დამოუკიდებლად. არსებობს რეგისტრირებული მონაცემი, ხოლო ქონება, ანუ უფლების ობიექტი სახეზე არ არის, მაშინ როდესაც წლებია რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, მოსარჩელე იხდის მიწაზე ქონების გადასახადს. 2013 წლიდან კი გადასახადის გადაუხდელობის გამო, სახლ-კარი დაუყადაღა შემოსავლების სამსახურმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სენაკის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ გამოცემული მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი № 291 ოქმის, 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...), მის სახელზე საკუთრების უფლებით პირველადი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 4 დეკემბრის წლის №... გადაწყვეტილებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იძულებითი ღონისძიების სამმართველოს უფროსის 2013 წლის 26 ივნისის №... ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სენაკის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ გამოცემული მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №291, რომლითაც მ. გ-ამ 2006 წლის 15 ნოემბერს შეიძინა სენაკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...); ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 04 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მ. გ-ას სახელზე საკუთრების უფლებით პირველადი რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იძულებითი ღონისძიების სამმართველოს უფროსის 2013 წლის 26 ივნისის №... ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მ. გ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა. გ-ა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების” შესახებ საქართველოს კანონის ნორმებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე, განმარტა, რომ სენაკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10 ჰა მიწის ნაკვეთის საპრივატიზებოდ მომზადების პროცესში, ისევე როგორც მ. გ-ას სახელზე 2006 წლის 15 ნოემბრის მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №291 ოქმის მომზადებისა და გამოცემის, ასევე შემძენის საკუთრების უფლების ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის მომენტისათვის (04.12.2006 წ.) სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა, რომ საპრივატიზებოდ აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთი მანამდე უკვე განკარგული იყო პრივატიზების სხვა ფორმით - ღია აუქციონის წესით. შესაბამისად, უკვე პრივატიზებული ქონების ხელმეორედ პრივატიზება ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, რამდენადაც პრივატიზებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს კუთვნილი ქონება. 2006 წლის ნოემბერში კი, სადავო, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10 ჰა მიწის ნაკვეთი, უკვე კერძო სუბიექტის, შპს „00000000000000000000000000000000ს“ საკუთრებას წარმოადგენდა 2006 წლის 17 ოქტომბრის მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №90 ოქმის შესაბამისად.

საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 04 დეკემბრის №... გადაწყვეტილებასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მ. გ-ას სარეგისტრაციო განაცხადის (№...) მიღებისა და მის საფუძველზე მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების პროცესში უდავოდ უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ სოფელ ...ში მდებარე 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მოიცავდა 2006 წლის 16 ნოემბრიდან შპს „ი...ს“ საკუთრებად რეგისტრირებული 100 ჰა მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რაც „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რეგისტრაციაზე უარი თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ 2006 წლის 15 ნოემბრის №291 ოქმისა და 2006 წლის 4 დეკემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ასევე განაპირობებდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 26 ივნისის №... ბრძანების ბათილად ცნობასაც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანების (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე) შესაბამისად, საპრივატიზებო მიწის ფართობების შერჩევასა და ოპტიმალური ზომის ნაკვეთებად დაყოფას ახორციელებდა იმ ქალაქის, სოფლის, დაბის ან თემის საკრებულო, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკრებულო მის ტერიტორიულ საზღვრებში არსებული მიწის ფართობების შესახებ სრულ საკადასტრო ინფორმაციას იღებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურისაგან. ამ ინფორმაციის საფუძველზე საკრებულო საკადასტრო რუკებზე ახდენდა მიწის ნაკვეთების პირობით დაყოფას საპრივატიზებო გეგმაში ასახვის მიზნით. საპრივატიზებო გეგმის დამტკიცების შემდგომ საკრებულო ახორციელებდა საპრივატიზებო გეგმაში მოცემული მიწის ნაკვეთების საკადასტრო გეგმების საფუძველზე ნაკვეთების ნატურაში გადატანას (ადგილზე მონიშვნას). ამავე ბრძანების შესაბამისად, ტერიტორიული ორგანო საპრივატიზებო გეგმას შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან შეთანხმების შემდგომ ამტკიცებდა 10 სამუშაო დღის ვადაში. ამავე ვადაში სარეგისტრაციო სამსახურს უგზავნიდა საპრივატიზებო გეგმაში მოცემულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო ინფორმაციას და განაცხადს რეგისტრაციის შესახებ. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ, სამინისტრო 10 დღის ვადაში სპეციალური აუქციონის საპრივატიზებო გეგმას თანდართული სარეგისტრაციო დოკუმენტაციით უგზავნიდა შესაბამის საკრებულოს.

შესაბამისად, კასატორის მითითებით, 2006 წლის 16 ნოემბრის №291 შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემისას საპრივატიზებო ობიექტი დამოუკიდებელი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას წარმოადგენდა, რაც გამორიცხავს სასამართლოს მსჯელობის მართებულობას, რომ შეძენის დამადასტურებელი ოქმი გაიცა კანონის დარღვევით. მით უფრო თუკი გავითვალისწინებთ, რომ უძრავი ქონების ინდივიდუალური მახასიათებლის (საკადასტრო კოდი და ა.შ.) გაუქმების შესახებ ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, საჯარო რეესტრის მიერ სადავო უძრავ ნივთზე (ს/კ ...) მ. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონშეუსაბამობა არ იყო დადგენილი და შესაბამისად, იმ მომენტისთვის აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენდა კანონიერ ძალაში მყოფ დოკუმენტს. ამდენად, სასამართლოების მიერ ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა კანონიერად, ხოლო შემდეგ რეგისტრაციის საფუძველი ანუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა, აღნიშნული წარმოადგენს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს და არა მისი ბათილად ცნობის საფუძველს.

კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელეს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მის მიმართ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, სადავო არ არის მ. გ-ას მიმართ დარიცხული საგადასახადო დავალიანების კანონიერება, მოსარჩელე საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით დავას არ აწარმოებს. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უდავოა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები, ხოლო 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სენაკის რაიონის ტერიტორიული ორგანოს №291 ოქმის - 2006 წლის 15 ნოემბერს მ. გ-ას მიერ სენაკის რაიონის სოფელ ...ში, მდებარე 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის თაობაზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მ. გ-ას საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 4 დეკემბრის №... გადაწყვეტილებისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იძულებითი ღონისძიების სამმართველოს უფროსის 2013 წლის 26 ივნისის №... ბრძანების ბათილად ცნობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სენაკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 100 ჰა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ს/კ ..., სენაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6/4 გადაწყვეტილების საფუძველზე №... წლის იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ჰქონდა შპს ,,ი...ს’’ (დირექტორი ა. ჯ-ე) 49 წლით.

2006 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სენაკის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ ა. ჯ-ეის სახელზე (შპს „ი...ს“ დირექტორი), „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების” შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გაცემულ იქნა მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №90 ოქმი, რომლის მიხედვით, ა. ჯ-ემ №... საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, 8 500 ლარად შეიძინა სენაკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 100 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომელიც 2006 წლის 06 ნოემბრის განაცხადის (რეგისტრაციის №...) საფუძველზე, 2006 წლის 16 ნოემბერს აღირიცხა შპს „ი...ს“ საკუთრებად (დირექტორი ა. ჯ-ე). მითითებული მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 99 3463 კვ.მ ს/კ ...) ამჟამად რეგისტრირებულია მ. პ-ას სახელზე.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2006 წლის 6 სექტემბერს რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით სენაკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1000000 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. მ. გ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამეგრელო-გურია სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ.

2006 წლის 15 ნოემბერს მ. გ-ამ სპეციალური აუქციონის წესით შეიძინა სენაკის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 10 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც 2006 წლის 4 დეკემბერს დაუზუსტებელი მონაცემებით, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. გ-ას სახელზე (ს/კ ...).

სარეგისტრაციო წარმოების მასალებით ასევე დადგენილია, რომ იგივე მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მოთხოვნით 2015 წლის 2 ოქტომბერს, მ. გ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურს. განცხადებას თან ერთოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით უკვე რეგისტრირებულ უძრავი ნივთის (ს/კ ....) მონაცემებთან ზედდების საფუძვლით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს დაევალა უძრავი ნივთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული და ქაღალდის ვერსიის წარმოდგენა. კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარსადგენად მ. გ-ას განესაზღვრა ვადა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მ. გ-ას იურიდიული ინტერესი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისადმი მდგომარეობს იმაში, რომ მართალია, მას გააჩნია, უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი, მაგრამ არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი - მიწის ნაკვეთი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ოქმის გამოცემის პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებდა საქართველოს კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ (ძალადაკარგულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით), რომელიც ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე - 2005 წლის 29 ივლისს. ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონის შესაბამისად პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ნიშნავდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიანი ფორმით კერძო საკუთრებაში გადაცემას საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლი განსაზღვრავდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებს (სპეციალური აუქციონი, ღია აუქციონი ან პირდაპირი მიყიდვის ფორმა).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების” შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, იჯარით გაუცემელ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების აგეგმვას, ნატურაში გადატანასა და საკადასტრო რუკების მომზადებას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურებში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურების ვალდებულებას წარმოადგენდა მათ ხელთ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კანონის მე-14 მუხლი კი ადგენდა იჯარით გაუცემელი მიწების პრივატიზებისას საკრებულოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებებს. იჯარით გაუცემელი მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას საკრებულოს ვალდებულებებს შეადგენდა: ა) საპრივატიზებო მიწის ფართობების შერჩევა და მათი ოპტიმალური ზომის ნაკვეთებად დაყოფა (არანაკლებ 3-ჰექტრიანი ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ნაკვეთის ფართობი 3 ჰექტარზე მცირეა); ბ) საპრივატიზებო გეგმის შედგენა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში გადაგზავნა დასამტკიცებლად; გ) სპეციალური აუქციონის ორგანიზება და ჩატარება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენა და აუქციონში გამარჯვებულისათვის გაცემა; დ) სპეციალურ აუქციონზე გამარჯვებულის არგამოვლენის შემთხვევაში დოკუმენტაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში გადაგზავნა ღია აუქციონის ჩასატარებლად; ე) გასაყიდი და უკვე გაყიდული მიწის ნაკვეთების შესახებ არსებული ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა (14.1 მუხლი). იჯარით გაუცემელი ან ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებები იყო: ა) საპრივატიზებო გეგმის განხილვა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმება და დამტკიცება; ბ) საპრივატიზებო გეგმის დამტკიცებამდე 1 თვით ადრე საპრივატიზებო გეგმის პროექტის საჯაროდ გამოქვეყნება; გ) ღია აუქციონის ორგანიზება და ჩატარება; დ) ღია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენა; ე) სპეციალურ და ღია აუქციონებში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და გამოსასყიდი თანხის გადახდის ქვითრის წარდგენისთანავე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ან გამოსასყიდი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებისა და იპოთეკის რეგისტრაციისათვის; ვ) გასაყიდი და უკვე გაყიდული მიწის ნაკვეთების შესახებ არსებული ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა (14.2 მუხლი).

ამდენად, სპეციალური აუქციონის გამოცხადებამდე, საპრივატიზებო უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) საკადასტრო მონაცემები დადგენილი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საჯარო რეესტრის სამსახურში დაცული ინფორმაციის საფუძველზე, რაც იმას გულისხმობდა, რომ საპრივატიზებოდ შეირჩეოდა და შესაბამის გეგმაში შეიტანებოდა ადგილზე აგეგმილი და იდენტიფიცირებული საკადასტრო ერთეული, რასაც ამტკიცებდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიულ ორგანო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სენაკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10 ჰა მიწის ნაკვეთის საპრივატიზებოდ მომზადების პროცესში, ისევე როგორც მ. გ-ას სახელზე 2006 წლის 15 ნოემბრის მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №291 ოქმის მომზადებისა და გამოცემის, ასევე შემძენის საკუთრების უფლების ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის მომენტისათვის (04.12.2006წ.) სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა, რომ საპრივატიზებოდ აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთი მანამდე უკვე განკარგული იყო პრივატიზების სხვა ფორმით - ღია აუქციონის წესით. შესაბამისად, უკვე პრივატიზებული ქონების ხელმეორედ პრივატიზება ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, რამდენადაც პრივატიზებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს კუთვნილი ქონება. 2006 წლის ნოემბერში კი, ამჟამად სადავო, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10 ჰა მიწის ნაკვეთი, უკვე კერძო სუბიექტის, შპს „ი...ს“ საკუთრებას წარმოადგენდა 2006 წლის 17 ოქტომბრის №90 მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის შესაბამისად. ამდენად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოს 2006 წლის 15 ნოემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №291 ოქმი, რომლითაც მ. გ-ას აუქციონის წესით (სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №13), მიეყიდა სენაკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 10 ჰა მიწის ნაკვეთი, არ იყო გამოცემული სადავო პერიოდში მოქმედ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების” შესახებ საქართველოს კანონის დანაწესის შესაბამისად.

რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 4 დეკემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებას, რომლითაც მოსარჩელის მ. გ-ას საკუთრებად დარეგისტრირდა სენაკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნისა და დაცვის საფუძველი, რამეთუ უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის დაცვას (სუსგ №ბს-1197(3კ-19), 29.10.2020წ.).

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ღია თუ სპეციალურ აუქციონზე გატანამდე, თითოეული მიწის ნაკვეთი იდენტიფიცირდებოდა მათი ადგილზე აგეგმვითა და ნატურაში გადატანით, რაც ფიქსირდებოდა საჯარო რეესტრის მონაცემთა ერთიან ბაზაში. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მ. გ-ას სარეგისტრაციო განაცხადის (№ ...) მიღებისა და მის საფუძველზე მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების პროცესში (2006 წლის დეკემბერში) უდავოდ უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ სარეგისტრაციო ობიექტს - სოფელ ...ში მდებარე 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მოიცავდა 2006 წლის 16 ნოემბრიდან შპს „ი...ს“ საკუთრებად რეგისტრირებული 100 ჰა მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რაც „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რეგისტრაციაზე უარი თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 04 დეკემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ... საკადასტრო კოდით უძრავ ნივთზე მ. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დაირღვა დასახელებული ნორმების მოთხოვნები, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სენაკის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ, სპეციალური აუქციონის გამოცხადება-ჩატარებისა და 2006 წლის 15 ნოემბრის №291 მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გამოცემისას, რაც აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებას, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იძულებითი ღონისძიების სამმართველოს უფროსის 2013 წლის 26 ივნისის №... ბრძანების კანონიერებასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი) საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (მუხ.1). ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. გადასახადის გადამხდელი კი, არის პირი რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით გადასახადის გადახდის ვალდებულება (მუხლი 20.1). ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

საქმის მასალებით, დადგენილია, რომ 2007 წლის 30 აპრილს მ. გ-ამ შემოსავლების სამსახურში წარადგინა დეკლარაცია, სადაც გადასახადის გადამხდელმა მიუთითა სენაკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, როგორც მისი საკუთრების ობიექტზე, რაზეც გადასახდელად დაერიცხა 250 ლარი. 2013 წლის მდგომარეობით მას ერიცხება ნარჩენი საგადასახადო დავალიანება 1520 ლარი, საურავი 648.57 ლარი. აღნიშნული დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იძულებითი ღონისძიების სამმართველოს უფროსის 26.06.2013 წლის №... ბრძანებით ყადაღა დაედო, მ. გ-ას საცხოვრებელ სახლს და ასევე ქ.რუსთავში მდებარე ბინას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული, როგორც უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №291 ოქმი, რომელიც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 4 დეკემბრის მ. გ-ასათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 4 დეკემბრის მ. გ-ასათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, მ. გ-ას საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა მის სახელზე უკანონოდ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადაუხდელობის გამო, რამაც გამოიწვია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის შელახვა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 29.02.2024წ. №07547 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.02.2024წ. №07547 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე