Facebook Twitter

№45აპ-14 23 აპრილი, 2014 წელი

ყ-ი ა.- 45აპ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ა. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ივლისის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ა. ყ-ს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. მას ამავე წლის 24 სექტემბერს კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების განმეორებით უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

ა. ყ-ს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ყ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მა. აპელანტებმა ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: სასჯელის შემსუბუქება (სასჯელად 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა) იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს; არ იქნა გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლომ მიუთითა ა. ყ-ის ნასამართლობაზე, რაც რეალურად პრეზიდენტის შეწყალებით აქვს მოხსნილი; საქმის ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეფასდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

ა. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ა. ყ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2013 წლის 15 ნოემბრიდან.

კასატორი – მსჯავრდებული ა. ყ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მოეხსნა ნასამართლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ამდენად, საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან მიმართებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ყ-ი გასამართლებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულებით ა. ყ-ი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ასევე მოეხსნა ნასამართლობა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ა. ყ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - ნასამართლობა არ გააჩნია, ვინაიდან მას ნასამართლობა მოეხსნა 2013 წლის 9 ოქტომბამდე, ვიდრე მის მიმართ სსკ-ის 273-ე მუხლით დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა. პალატა განმარტავს, რომ ა. ყ-ს 2013 წლის 24 სექტემბერს, შემოწმებისას, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ამდენად, დანაშაულის ჩადენის დროს მის მიმართ არსებული ნასამართლობა გაქარწყლებული/მოხსნილი არ ყოფილა, იგი შეწყალებით მოეხსნა 2013 წლის 2 ოქტომბერს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ა. ყ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - ნასამართლობა არა აქვს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნასამართლობა, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, უნდა დადგინდეს დანაშაულის ჩადენის დროს მისი (ნასამართლობის) არსებობა/არარსებობით და არა გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დროს არსებული მდგომარეობით. ამდენად, კასატორის მითითება ნასამართლობის არქონაზე უსაფუძვლოა.

ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. ყ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების - ნასამართლობის - გათვალისწინებით იმსჯელოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, რადგან სახეზე არ გვაქვს სსსკ-ის 308-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი, ხოლო კასატორის მითითება სასჯელის განსაზღვრისას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გაუთვალისწინებლობის თაობაზე უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 იანვრის განაჩენი ა. ყ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი