Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1388(კ-24) 20 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - გ. გ-ე, ნ. ბ-ე, ე. ღ-ი, ზ. ე-ა, ნ. ჩ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ემ, ნ. ბ-ემ, ე. ღ-იმა, ზ. ე-ამ და ნ. ჩ-ემ სხვადასხვა დროს სარჩელებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, მათ სხვადასხვა დროს განცხადებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს და მოითხოვეს სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზედაც ეთქვათ უარი, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები დასაქმებულები იყვნენ სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება არ წარმოეშობოდათ ან წარმოშობილი უფლება უწყდებოდათ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის გადაწყვეტილებითაც ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 16 ნოემბრის N SSA 52301225926 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 8 იანვრის NSSA 42400011995 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის გ. გ-ეისა და ნ. ბ-ეისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან გამოცემის დავალება და ასევე გ. გ-ეის და ნ. ბ-ეის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 2023 წლის 13 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 8 დეკემბრის NSSA 3 23 01319074 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 23 იანვრის N SSA 0 24 00075469 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ნ. ჩ-ეისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან გამოცემისა და ასევე ნ. ჩ-ეის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 2016 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დავალება; 3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის სერვის-ცენტრის 2023 წლის 29 დეკემბრის NSSA 02301403626 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 8 თებერვლის NSSA 8 2400151480 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა და ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ზ. ე-ასთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან გამოცემისა და ზ. ე-ას სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის 2023 წლის 15 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანაზღაურების დავალება; 4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 31 იანვრის N SSA 72400110970 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 29 თებერვლის NSSA 72400246934 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ე. ღ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან გამოცემისა და ე. ღ-ის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის 2016 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანაზღაურების დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ-ეის, ნ. ბ-ეის, ე. ღ-ის, ზ. ე-ასა და ნ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 16 ნოემბრის N SSA 5 23 01225926 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 8 იანვრის N SSA 4 24 00011995 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ. გ-ეისა და ნ. ბ-ეისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს დაევალა გ. გ-ეისა და ნ. ბ-ეის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 2023 წლის 13 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 31 იანვრის N SSA 7 24 00110970 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 29 თებერვლის N SSA 7 24 00246934 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ე. ღ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან და ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს დაევალა ე. ღ-ის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 2016 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 29 დეკემბრის N SSA 0 23 01403626 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 8 თებერვლის N SSA 8 24 00151480 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ზ. ე-ასთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს დაევალა ზ. ე-ას სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 2023 წლის 15 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 8 დეკემბრის N SSA 3 23 01319074 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 23 იანვრის N SSA 0 24 00075469 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ჩ-ეისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს დაევალა ნ. ჩ-ეის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 2016 წლის 1 სექტემბრიდან - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნ. ბ-ე მუშაობს სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, შტატით გათვალისწინებულ - ...ის თანამდებობაზე; გ. გ-ე - ...ის თანამდებობაზე; ე. ღ-ი - ...ის თანამდებობაზე; ზ. ე-ა - ...ის თანამდებობაზე; ნ. ჩ-ე - ...ის თანამდებობაზე, რაც სააპელაციო პალატის მითითებით არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და მოსარჩელეებს კანონის შესაბამისად არ ეზღუდებათ უფლება, მიიღონ სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულია პირობა, რომ სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მიზნებისათვის (მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პენსიის ადმინისტრირების ფარგლებში, კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებს წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული კანონი წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების სპეციალურ კანონს და ამ კანონის მიზნებისათვის მოცემული განმარტება, პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე, ყველა იმ პირისათვის, ვინც (გარდა ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული გამონაკლისისა), სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ეწევა შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ პირი შემოსავალს იღებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული, არა შრომითი, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებით (ნარდობა, ქირავნობა და სხვა) ან საქონლის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.

კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოში წარმოდგენილია იმავე დავის საგანზე სხვა პირის სასარგებლოდ გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლო პრეცედენტის გათვალისწინებით, მსგავსი დავების ანალოგიურად გადაწყვეტის უფლებამოსილება სააგენტოს არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეებისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 16 ნოემბრის N SSA 523 01225926 გადაწყვეტილებით, გ. გ-ესა და ნ. ბ-ეს ეცნობათ, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო საქმიანობას განმარტავდა, როგორც საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. ამასთან, საჯარო საქმიანობის პერიოდში პენსიით შეუზღუდავი უზრუნველყოფის მიზნებისათვის, კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს პოლიტიკურ და რელიგიურ ორგანიზაციებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სკოლა-პანსიონებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულებისათვის.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 31 იანვრის N SSA 72400110970 გადაწყვეტილებით, ე. ღ-ის ეცნობა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო საქმიანობას განმარტავდა, როგორც საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. ამასთან, საჯარო საქმიანობის პერიოდში პენსიით შეუზღუდავი უზრუნველყოფის მიზნებისათვის, კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს პოლიტიკურ და რელიგიურ ორგანიზაციებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სკოლა-პანსიონებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულებისათვის.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის სერვის-ცენტრის 2023 წლის 29 დეკემბრის N SSA 02301403626 გადაწყვეტილებით ზ. ე-ას განემარტა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო საქმიანობას განმარტავდა, როგორც საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. ამასთან, საჯარო საქმიანობის პერიოდში პენსიით შეუზღუდავი უზრუნველყოფის მიზნებისათვის, კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს პოლიტიკურ და რელიგიურ ორგანიზაციებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სკოლა-პანსიონებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულებისათვის.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 8 დეკემბრის N SSA 32301319074 გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ეს განემარტა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო საქმიანობას განმარტავდა, როგორც საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. ამასთან, საჯარო საქმიანობის პერიოდში პენსიით შეუზღუდავი უზრუნველყოფის მიზნებისათვის, კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს პოლიტიკურ და რელიგიურ ორგანიზაციებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სკოლა-პანსიონებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის საფუძველს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, ახორციელებდა თუ არა სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში ...ის თანამდებობაზე, ...ის თანამდებობაზე, ...ისა და ...ის თანამდებობაზე მყოფი პირი საჯარო საქმიანობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურად მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურედ ითვლება პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის პირველი მოადგილე/მოადგილე; ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც სახელმწიფო, ისე საჯარო სამსახურში საქმიანობა, ფართო გაგებით მიიჩნევა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად, მაგრამ საჯარო დაწესებულებაში შესაძლოა დასაქმებული იყოს არაერთი ტექნიკური მუშაკი ან სხვა პირი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას დაწესებულების საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებაში. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ყველა პირის საჯარო მოხელედ მიჩნევა გამოიწვევს საჯარო ფუნქციების არმქონე პირებზე, მათ შორის ტექნიკურ მუშაკებზე, საჯარო მოხელისათვის დაწესებული შეზღუდვებისა და ვალდებულებების გავრცელებას, რაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული არამოხელე პირებისათვის დაუსაბუთებლად მომატებული ტვირთის დაკისრებას გამოიწვევდა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს საჯარო სამსახურის განხორციელებას, წესრიგდება შესაბამისი კანონით ან/და საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით პენსიის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელობის მქონეა არა პირის დასაქმების ადგილი, არამედ მის მიერ განხორციელებული საქმიანობის სახე, რამდენადაც საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა ავტომატურად არ გულისხმობს საჯარო საქმიანობის განხორციელებას. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეები დასაქმებულნი იყვნენ სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, არ ქმნის მათთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პენსიის დანიშვნის დროს მნიშვნელობა აქვს არა პირის დასაქმების ადგილს, არამედ საქმიანობის შინაარსს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ორგანიზაცია ახორციელებს კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობას. ამდენად, სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, სადაც მოსარჩელეები მუშაობენ - კულტურულ-შემოქმედებით დაწესებულებას წარმოადგენს. ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას. შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში საქმიანობა, მათი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მოსარჩელეებს არ ეზღუდებათ უფლება, მიიღონ სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე