საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-741(კ-24) 7 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ვ-ე (შ. ე-ეის უფლებამონაცვლე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 19 აგვისტოს შ. ე-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „შ. ე-ეის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 ბრძანების ბათილად ცნობა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელე შ. ე-ეის საბურთალოს რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობისთვის მოსარჩელე შ. ე-ეის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრება, მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2014 წლის 15 სექტემბრიდან, მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 1. შ. ე-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; 2. ბათილად იქნა ცნობილი „შ. ე-ეის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 ბრძანება; 3. დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე შ. ე-ეის საბურთალოს რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; 4. დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას მოსარჩელე შ. ე-ეის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2014 წლის 15 სექტემბრიდან, მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით; 5. მოსარჩელე შ. ე-ეის საბურთალოს რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, დადგინდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება; 7. დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას მოსარჩელე შ. ე-ეის სასარგებლოდ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელე შ. ე-ეის გარდაცვალების გამო შეწყდა საქმის წარმოება იმ მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შ. ე-ეის საბურთალოს რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას; შ. ე-ეის სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი; დადგენილ იქნა მოსარჩელე შ. ე-ეის უფლებამონაცვლედ მ. ვ-ე, „შ. ე-ეის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2014 წლის 15 სექტემბრიდან, მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს იძულებითი განაცდურის ყოველთვიური ოდენობით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობისთვის დავალების ნაწილში; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი, მოსარჩელე შ. ე-ეის საბურთალოს რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხე მხარის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 11 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობისთვის აწ გარდაცვლილი შ. ე-ეის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს, მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2014 წლის 15 სექტემბრიდან, შ. ე-ეის გარდაცვალების დღემდე 2020 წლის 28 დეკემბრამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით, მოსარჩელე შ. ე-ეის უფლებამონაცვლის მ. ვ-ეის სასარგებლოდ ანაზღაურების დავალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე, მეოთხე და მეშვიდე პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა აწ გარდაცვლილი შ. ე-ეის უფლებამონაცვლის მ. ვ-ეის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი „შ. ე-ეის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 ბრძანება; დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას აწ გარდაცვლილი შ. ე-ეის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2014 წლის 15 სექტემბრიდან, შ. ე-ეის გარდაცვალების დღემდე 2020 წლის 28 დეკემბრამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით, მოსარჩელე შ. ე-ეის უფლებამონაცვლის მ. ვ-ეის სასარგებლოდ; დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას მოსარჩელე შ. ე-ეის უფლებამონაცვლის მ. ვ-ეის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2 000 (1 000 + 1 000) ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, 86-ე, 87-ე, 97-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოცემული დავა ორჯერ იქნა განხილული უზენაესი სასამართლოს მიერ და ორივე შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძვლად, ჩადენილ გადაცდომასთან მიმართებით მოსარჩელისათვის დაკისრებული სახდელის პროპორციულობის ზომის დაუსაბუთებლობაზე მიუთითა, თუმცა უშედეგოდ.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 გასაჩივრებული ბრძანება მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მაგრამ აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები. სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხის მიერ არსებითად იმავე ფაქტებზე და გარემოებებზე იქნა მითითებული, რაზეც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მსჯელობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებულ ბრძანებაში მოპასუხე მხარეს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან, არ არის დასაბუთებული და დადასტურებული, რატომ და როგორი ფორმით შეილახა ადმინისტრაციული ორგანოს რეპუტაცია შ. ე-ეის დისციპლინური გადაცდომით, კონკრეტულად რა ზიანი მიადგა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა პირებს. სააპელაციო პალატის განმარტებით, სხვადასხვა დროს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომას ინდივიდუალურად უნდა მისცემოდა სამართლებრივი შეფასება და ინდივიდუალურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება. იმ პირობებში კი, როდესაც ადრე ჩადენილი ქმედებისათვის პირს არ ჰქონდა შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ასეთი ქმედება არ შეიძლებოდა სხვა დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის განმაპირობებელ გარემოებად ყოფილიყო გამოყენებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ყოველმხრივ და სრულყოფილად შემოწმება-შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება აწ. გარდაცვლილი შ. ე-ეის მიერ ისეთი მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რომლის პროპორციული, თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომაც სამსახურიდან დათხოვნა იქნებოდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არსებობს „შ. ე-ეის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, რომლის უკანონობის დადგენის შემდგომ სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება, წარმოადგენს პირის პირადი უფლებიდან გამომდინარე დავას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში შ. ე-ეს სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის გზით სიცოცხლეშივე ჰქონდა რეალიზებული იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება, რომელიც ქონებრივი შინაარსისაა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 1328-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა „შ. ე-ეის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 ბრძანების უკანონობა და იგი ბათილად იქნა ცნობილი, აღნიშნული ადასტურებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ შ. ე-ეის სასარგებლოდ იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობას. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე შ. ე-ე გარდაცვლილია და მის უფლებამონაცვლედ ცნობილია მ. ვ-ე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას მ. ვ-ეის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აწ. გარდაცვლილი შ. ე-ეის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი უკანონოდ გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 15 სექტემბრიდან, მისი გარდაცვალების დღემდე - 2020 წლის 28 დეკემბრამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით.
ამასთან, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობისათვის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს მ. კ-ას მოსარჩელის ადვოკატის სახით მონაწილეობა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო პალატის განმარტებით, წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტით, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის მ. ვ-ეის სასარგებლოდ ადვოკატის დახმარებისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად 2 000 (1 000 + 1 000) ლარის დაკისრება წარმოადგენს გონივრულ ოდენობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარეს არ დაუსაბუთებია და დაუდასტურებია, თუ რატომ და რა ფორმით შეილახა ადმინისტრაციული ორგანოს რეპუტაცია შ. ე-ეის დისციპლინური გადაცდომით და კონკრეტულად რა ზიანი მიადგა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა პირებს. კასატორის განმარტებით, ძირითადად შ. ე-ეის მიერ დაშვებული შეცდომების აღმოჩენა ხდებოდა თანადაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით კომპანიებისთვის თანხების გადარიცხვის ეტაპზე და შეცდომების გამოსწორება უწევდათ გამგეობის სხვა თანამშრომლებს, აღნიშნული კი იწვევდა კომპანიებისთვის, რომლებიც შესრულებული სამუშაოებისთვის ანაზღაურებას ელოდნენ, თანხების გადარიცხვის დაგვიანებას და შესაბამისად, ამ კომპანიებთან გამგეობის რეპუტაციის შელახვას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ შ. ე-ეის ქმედებების გამო რეპუტაცია შეელახათ განყოფილების სხვა თანამშრომლებსაც და მათი მხრიდან ნდობაც აღარ იყო მის მიმართ, ვინაიდან ყველა შემთხვევაში უწევდათ მისი საქმის გადამოწმება. კასატორი აქვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სამსახურში აღდგენის გარეშე, დამოუკიდებელ მოთხოვნად არ შეიძლება მოთხოვნილი იქნეს განაცდური ხელფასის ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. ე-ე დასაქმებული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის თანამდებობაზე.
საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის 2014 წლის 11 სექტემბრის №10- 47/14254159 მოხსენებითი ბარათის თანახმად, მის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის გადამოწმებისას აღმოჩენილი იქნა შ. ე-ეის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. შ. ე-ეის 2014 წლის 11 სექტემბრის ახსნა-განმარტების თანახმად, ხარვეზიანი დოკუმენტაციის არსებობის მიზეზი იყო კომპიუტერში ქსელის გათიშვა, რის შედეგადაც ვერ მოხდა ინფორმაციის სერვერზე გადამოწმება. ასევე, ხარვეზები გამორჩა მხედველობიდან მოქალაქეთა სიმრავლის გამო.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანებით, საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ი - შ. ე-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 15 სექტემბრიდან. ბრძანების საფუძვლად მითითებული იქნა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის 2014 წლის 11 სექტემბრის №10-47/14254159 მოხსენებითი ბარათი.
დადგენილია, რომ შ. ე-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის შ. ე-ეის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, შ. ე-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანება შ. ე-ეის გათავისუფლებაზე და დაევალა მოპასუხეს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხარეების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შ. ე-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. ე-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანება, შ. ე-ეის გათავისუფლების შესახებ; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა შ. ე-ეის აღდგენა საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის თანამდებობაზე; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა შ. ე-ეისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 15 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, სრული მოცულობით; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე მხარის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. ე-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შ. ე-ეის გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელი იყო შ. ე-ეის მიმართ გამოყენებული, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობიდან დათხოვნის შესაბამისობა, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპთან. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვა. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შ. ე-ეის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველი გახდა 2014 წლის 11 სექტემბრის საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის №10-47/14254159 მოხსენებითი ბარათი. ამასთან, მართალია საქმეში წარმოდგენილია ასევე შ. ე-ეის ახსნა-განმარტება, თუმცა საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმის გარემოებები, მოეწვია ადმინისტრაციულ წარმოებაში თავად მოსარჩელე და კიდევ ერთხელ მოესმინა მისი ახსნა-განმარტებისათვის, გამოეკვლია ადრეც ჰქონდა თუ არა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ადგილი. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ შ. ე-ეის მიმართ ადრე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავდა დასაბუთებას შ. ე-ეის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე. საკასაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს გამოყენებული დისციპლინური სახდელის თანაზომიერება უნდა შეეფასებინა იმის გათვალისწინებით, შ. ე-ეის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობიდან დათხოვნის საფუძვლად ქცეული სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რამდენად ქმნიდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს, რა სახის ზიანი მიადგა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა პირს აღნიშნული ქმედების შედეგად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობამ დაიწყო ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც მიღებული იქნა 2017 წლის 23 თებერვლის №ბ31.01170544 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების თანახმად, საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ი - შ. ე-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 15 სექტემბრიდან.
ასევე დადგენილია, რომ შ. ე-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2017 წლის 23 თებერვლის №ბ31.01170544 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის შ. ე-ეის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, შ. ე-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2017 წლის 23 თებერვლის №ბ31.01170544 ბრძანება და მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია, არ გაუთვალისწინებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები. სადავო ბრძანებაში ადმინისტრაციული ორგანო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ. ე-ეის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რაც ისედაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა და თავად მოსარჩელეც ადასტურებს. საკასაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა დაესაბუთებინა გამოყენებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ღონისძიების (სამსახურიდან განთავისუფლება) გამოყენების მიზანშეწონილობა, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2017 წლის 23 თებერვლის №ბ31.01170544 ბრძანება მიღებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურად შესრულების მიზნით. სადავო აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია გამოყენებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ღონისძიების (სამსახურიდან განთავისუფლება) გამოყენების მიზანშეწონილობა, ანუ არ დაუსაბუთებია სხვა ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენება რატომ იყო შეუძლებელი და რატომ ვერ იქნებოდა ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენებით მიღწეული შესაბამისი შედეგი, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის მიმართ მანამდე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ასევე, არ არის დასაბუთებული რა მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი მიადგა ან/და მნიშვნელოვნად შეეშალა ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად შეილახა თუ არა მოქალაქეთა უფლებები და სამსახურის პრესტიჟი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხარეების მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინებით, შ. ე-ეისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხარეების მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინებით, შ. ე-ეისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობამ დაიწყო ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის 15 მაისის №ბ31.01201361 ბრძანებით შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. საკონსულტაციო საბჭომ 2020 წლის 17 ივლისს გამართულ სხდომაზე განიხილა სადავო საკითხი, განხილვის შედეგები კი ასახული იქნა N1 სხდომის ოქმში. აღნიშნულ სხდომის ოქმში მითითებულია, რომ შ. ე-ეის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის მხრივ საყურადღებოა ის გარემოებები, რომ საქმისწარმოებისათვის მიღებულ რამდენიმე განცხადებაში არ არის წარმოდგენილი დეფექტური აქტი, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს დაზიანებული/ამორტიზებული ინფრასტრუქტურული ობიექტის შეკეთებისათვის სამუშაოთა მოცულობა; 2014 წლის 10 აპრილს (№12/14135986-47) თანადაფინანსებაზე შემოსულ განცხადებაში სადარბაზოს ნომერი მითითებული იყო შეცდომით. ფაქტობრივად სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა III სადარბაზოს, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით გამგეობის მიერ დაფინანსებული იყო II სადარბაზოს რემონტი; 2014 წლის 4 აპრილს შემოსულ განცხადებაზე (№12/14100630-47) სადარბაზოს სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოდგენილ წინასწარ ხარჯთაღრიცხვასა და დეფექტურ აქტში შეცდომით იყო მითითებული ამხანაგობის თავმჯდომარის სახელი, ასევე განცხადებას არ ჰქონდა თავმჯდომარის ხელმოწერა. აღნიშნული ხარვეზი აღმოჩენილი იქნა განყოფილების სხვა თანამშრომლის მიერ საბიუჯეტო თანხების გადარიცხვის ეტაპზე, რაც გულისხმობს შემდეგს: გამგებლის ბრძანება - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ხდება საბიუჯეტო თანხების განკარგვა გამოიცა ხარვეზიანი დოკუმენტაციის საფუძველზე; 2014 წლის 10 ივნისის (№12/14161942-47) ლიფტის შეკეთების თაობაზე განცხადებას აკლდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ხელმოწერები. როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქართველოს კანონი, ასევე იმ პერიოდში მოქმედი ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების წესი აუცილებელ პირობად ადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრების განვითარების ან რაიმე სახით მისი მდგომარეობის ცვლილებისათვის სულ მცირე 2/3 მესაკუთრეთა თანხმობას, მოცემულ შემთხვევაში განცხადება დარეგისტრირდა ამ მოთხოვნის უგულებელყოფით და პრაქტიკულად გამოყო დაფინანსება და განახორციელა სამუშაოები ისე, რომ განცხადება წარდგენილი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების თანხმობის გარეშე; ასევე, 2014 წლის 19 აგვისტოს შემოსული განცხადება (№12/14231452-47), სადაც ამხანაგობა ითხოვდა თავმჯდომარის ცვლილებას, დარეგისტრირდა შეცდომით, რის გამოც ამხანაგობას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რითაც ცალსახად დაზარალდა როგორც ამხანაგობის ინტერესები, ისე გამგეობის რეპუტაცია, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში თავისი თანამშრომლის დაუდევრობის და არაკომპეტენტურობის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსულტაციო საბჭომ აღნიშნა, რომ როგორც წარმოდგენილი და შესწავლილი მასალებიდან იკვეთება, თითოეულ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იყო იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით, რაც ქმნიდა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო თანხების არასწორად განკარგვის რისკს და რომ არა განყოფილების სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლიანი და პროფესიონალური მიდგომა, შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოსათვის დამდგარიყო მძიმე ფინანსური შედეგი. თითოეულ ჯერზე, ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორება ხდებოდა საბიუჯეტო თანხების გადარიცხვის ეტაპზე, სხვა თანამშრომლების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ხარჯზე. ასევე, ხარვეზიანი დოკუმენტაციის გამო ხდებოდა კერძო კომპანიებთან დადგენილი ანგარიშსწორების ვადის დაგვიანება და იქმნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს კვარტალური ბიუჯეტის ვერშესრულების რისკი. ამდენად, 2020 წლის 17 ივლისის N1 სხდომის ოქმში საკონსულტაციო საბჭომ განმარტა, რომ შ. ე-ეის მიერ ჩადენილი იყო დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან და არაპროფესიონალურად სისტემატურად შესრულებაში, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა.
დადგენილია, რომ საკონსულტაციო საბჭოს აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 ბრძანებით, საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ი - შ. ე-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 15 სექტემბრიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 ბრძანების კანონიერებას. ამასთან, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის აწ გარდაცვლილი შ. ე-ეის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს, სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2014 წლის 15 სექტემბრიდან შ. ე-ეის გარდაცვალების დღემდე 2020 წლის 28 დეკემბრამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით, მოსარჩელე შ. ე-ეის უფლებამონაცვლის მ. ვ-ეის სასარგებლოდ ანაზღაურების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ყოველი მოქალაქის საჯარო თანამდებობაზე წვდომის უფლებას. ეს კონსტიტუციური დანაწესი იცავს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, აღნიშნული გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტია. საჯარო მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული, საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირები, დამოუკიდებლად იმისგან, წარმოადგენენ თუ არა ისინი კანონით განსაზღვრულ საჯარო მოხელეებს ან სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო ფუნქციის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის უნდა სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური გარანტიებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დ. კანდელაკი, ნ. დვალი, ზ. დავითაშვილი, ე. გოგუაძე, გ. მელაძე და მ. ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5-6). შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული (სუსგ 23.04.2019წ., №ბს-954(2კ-18)). დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყო დაფუძნებული, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენციის (1982წ.) №166 რეკომენდაცია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ“). საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 ბრძანება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. გადაწყვეტილებაში საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია, არ გაუთვალისწინებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები. სადავო ბრძანებაში ადმინისტრაციული ორგანო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ. ე-ეის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რაც ისედაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა და თავად მოსარჩელეც ადასტურებს. საკასაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა დაესაბუთებინა გამოყენებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ღონისძიების (სამსახურიდან განთავისუფლება) გამოყენების მიზანშეწონილობა, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2017 წლის 23 თებერვლის №ბ31.01170544 ბრძანება მიღებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურად შესრულების მიზნით. სადავო აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია გამოყენებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ღონისძიების (სამსახურიდან განთავისუფლება) გამოყენების მიზანშეწონილობა, ანუ არ დაუსაბუთებია სხვა ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენება რატომ იყო შეუძლებელი და რატომ ვერ იქნებოდა ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენებით მიღწეული შესაბამისი შედეგი, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის მიმართ მანამდე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ასევე, არ არის დასაბუთებული რა მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი მიადგა ან/და მნიშვნელოვნად შეეშალა ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად შეილახა თუ არა მოქალაქეთა უფლებები და სამსახურის პრესტიჟი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის Nბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.“ მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.“
ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხებოდა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).“
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ. ე-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანებების კანონიერება მოცემულ დავამდე ორჯერ იქნა განხილული სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, მითითებული აქტები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი. ორივე შემთხვევაში, სასამართლოებმა მიღებული გადაწყვეტილებების საფუძვლად ჩადენილ გადაცდომასთან მიმართებით მოსარჩელისათვის დაკისრებული სახდელის პროპორციულობის ზომის დაუსაბუთებლობაზე მიუთითეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 ბრძანება არსებითად ეფუძნება საკონსულტაციო საბჭოს დასკვნას (2020 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი N1), რომელშიც მითითებულია გამოვლენილი დარღვევების შესახებ და განმარტებულია, რომ აღნიშნული დარღვევები ქმნიდა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო თანხების არასწორად განკარგვის რისკს და რომ არა განყოფილების სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლიანი და პროფესიონალური მიდგომა, შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოსათვის დამდგარიყო მძიმე ფინანსური შედეგი. თითოეულ ჯერზე, ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორება ხდებოდა საბიუჯეტო თანხების გადარიცხვის ეტაპზე, სხვა თანამშრომლების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ხარჯზე. ასევე, ხარვეზიანი დოკუმენტაციის გამო ხდებოდა კერძო კომპანიებთან დადგენილი ანგარიშსწორების ვადის დაგვიანება და იქმნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს კვარტალური ბიუჯეტის ვერშესრულების რისკი. ამდენად, 2020 წლის 17 ივლისის N1 სხდომის ოქმში საკონსულტაციო საბჭომ განმარტა, რომ შ. ე-ეის მიერ ჩადენილი იყო დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან და არაპროფესიონალურად სისტემატურად შესრულებაში, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა მასვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა; მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. მითითებული კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე. ამასთან, აღნიშნული კანონის 98-ე მუხლი ადგენს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები. სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხის მიერ არსებითად იმავე ფაქტებზე და გარემოებებზე იქნა მითითებული, რაზეც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მსჯელობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ ბრძანებაში მოპასუხე მხარეს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან, არ არის დასაბუთებული და დადასტურებული, რატომ და როგორი ფორმით შეილახა ადმინისტრაციული ორგანოს რეპუტაცია შ. ე-ეის დისციპლინური გადაცდომით, კონკრეტულად რა ზიანი მიადგა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა პირებს. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სხვადასხვა დროს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომას ინდივიდუალურად უნდა მისცემოდა სამართლებრივი შეფასება და ინდივიდუალურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება. იმ პირობებში კი, როდესაც ადრე ჩადენილი ქმედებისათვის პირს არ ჰქონდა შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ასეთი ქმედება არ შეიძლებოდა სხვა დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის განმაპირობებელ გარემოებად ყოფილიყო გამოყენებული. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
ამასთან, მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-118 მუხლის მე-3 პუნქტზე (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სამსახურში აღდგენის გარეშე, დამოუკიდებელ მოთხოვნად არ შეიძლება მოთხოვნილი იქნეს განაცდური ხელფასის ანაზღაურება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია თანამდებობიდან გათავისუფლება, გათავისუფლების უკანონობის დადგენის შემდგომ სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება, პირის პირად უფლებებს უკავშირდება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, შ. ე-ეს სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის გზით სიცოცხლეშივე ჰქონდა რეალიზებული მათ შორის იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება. იძულებითი განაცდური კი წარმოადგენს ქონებას, რომლის მიღების უფლებაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 1328-ე მუხლების გათვალისწინებით, შესაძლებელია გადავიდეს სხვა პირებზე, მემკვიდრეებზე. აღნიშნული განმარტება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის არაერთი გადაწყვეტილებით არის დადგენილი (სუსგ. Nბს-481(კ-22), 03.07.2024 წელი; Nბს-1011(კ-23), 18.07.2024 წელი).
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა „შ. ე-ეის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 ბრძანების უკანონობა და იგი ბათილად იქნა ცნობილი, აღნიშნული ქმნის მოპასუხისთვის იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოპასუხისთვის მ. ვ-ეის სასარგებლოდ ადვოკატის დახმარებისათვის პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად 2 000 (1 000 + 1 000) ლარის დაკისრების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო ასევე იმსჯელებს 2025 წლის 26 მარტს მ. ვ-ეის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაზე (შუამდგომლობაზე) საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული განცხადებით მ. ვ-ემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად დაკისრებული 2 000 ლარის გარდა, კასატორისთვის დამატებით ამავე ხარჯის (წარმომადგენლის მომსახურება) ანაზღაურების დაკისრება 4 000 ლარის ოდენობით. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს წლების მანძილზე, სამ ინსტანციაში სამ-სამჯერ (შ. ე-ეის სარჩელებთან მიმდინარე სამართალწარმოებები) ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯს და ამგვარი ხანგრძლივობის პროცესის წარმოებისთვის ადვოკატის ჰონორარად 6 000 ლარის განსაზღვრა, ვერ იქნება მიჩნეული არაგონივრულად. ამასთან, განმცხადებელმა მოითხოვა შ. ე-ეის მიერ აღძრულ სამ სარჩელთან დაკავშირებით, სამივე ინსტანციის სასამართლოში პროცესის წარმოებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება 1 600 ლარის ოდენობით. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოში ერთი და იგივე დავის სამჯერ წარმოება უკავშირდებოდა ისეთი აუცილებელი ხარჯების გაღებას, როგორიცაა სანოტარო აქტების, სარჩელების, მოპასუხის შესაგებლებზე მოსაზრებების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, შესაგებლების, განცხადება-საჩივრების, მოპასუხის განცხადება-პოზიციებზე მოსაზრებების, საპაექრო სიტყვების მომზადებისა და მათი გადამრავლების საფასური, ასევე, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის პროცესებში მონაწილეობისთვის გზის ხარჯი და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც ჯამში შეადგენს 1 600 ლარს. ამასთან, განმცხადებელი დამატებით მიუთითებს პროცესის ხანგრძლივობაზე, შ. ე-ეის გარდაცვალების ფაქტსა და მ. ვ-ეისა და მისი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის განხილვის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობას ვერ იქონიებს შ. ე-ეის მიერ საერთო სასამართლოებში წარმოებულ წინა დავებთან დაკავშირებულ საპროცესო ხარჯებზე. აღნიშნული ხარჯების მოთხოვნის უფლება მხარეს სწორედ მითითებული დავების განხილვის დროს და მათ ფარგლებში შეეძლო. ის გარემოება, რომ აღნიშნული დავები ასევე შეეხებოდა შ. ე-ეის სამსახურიდან გათავისუფლების, თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხს, ან მიმდინარეობდა წლების მანძილზე, ასევე, შ. ე-ეის გარდაცვალების ფაქტი და მ. ვ-ეისა და მისი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ ანიჭებს მხარეს უფლებამოსილებას მოითხოვოს უკვე დასრულებულ, კანონიერ ძალაში შესულ საქმეებთან დაკავშირებული საპროცესო ხარჯების სხვა, მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში ანაზღაურება. ამდენად, მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში, სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების ოდენობა უნდა განისაზღვროს სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობითი საქმიანობის შედეგის, საქმის სირთულის, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობის, ხანგრძლივობის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა მოსარჩელე შ. ე-ეის უფლებამონაცვლის მ. ვ-ეის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2 000 (1 000 + 1 000) ლარის ოდენობით. ამდენად, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი მოსარჩელეს ანაზღაურებული აქვს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარეს ამ ნაწილში არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, იგი დაეთანხმა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოპასუხისთვის მითითებული ოდენობებით დაკისრების საკითხს.
საკასაციო ინსტანციაში ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება განხორციელდა მხარეთა დასწრების გარეშე, სასამართლოს მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა საკასაციო შესაგებლის ან სხვა დოკუმენტების წარმოდგენა, მოსარჩელისა და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია საქმეში სააპელაციო განხილვის ეტაპზეც იყო წარდგენილი, შ. ე-ეის მიერ წარმოებული წინა სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია კი საქმის მასალებით ასევე დგინდებოდა.
ამასთან, რაც შეეხება მოპასუხისთვის სხვა საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრების საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო ინსტანციის ეტაპზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის, ქვედა ინსტანციებში გამართულ სასამართლო სხდომებში მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის მხოლოდ დისტანციური ფორმით მონაწილეობისა და მხარის მიერ მატერიალური ხარჯების გაწევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის პირობებში, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მ. ვ-ეის მოთხოვნა დოკუმენტების გადამრავლების საფასურის, ასევე, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის პროცესებში მონაწილეობისთვის გზის ხარჯისა და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;
3. მ. ვ-ეის 2025 წლის 26 მარტის განცხადება (შუამდგომლობა) საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი