Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1160(კ-24) 30 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ზ-ას და ქ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ზ-ამ და ქ. პ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 22 მარტის №000910 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 მაისის №668 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ზ-ასა და ქ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ზ-ამ და ქ. პ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით მ. ზ-ასა და ქ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-ამ და ქ. პ-ემ.

საქართველოს კანონის - სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით კასატორები აღნიშნავენ, რომ მუნიციპალური ინსპექცია, პირველ რიგში, ვალდებული იყო, გამოეკვლია, თუ ვინ იყო მშენებლობის მწარმოებელი პირი და სწორედ აღნიშნულის შემდგომ დაეწყო მესაკუთრის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაარღვიეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის ჰ18 პუნქტიდან გამომდინარე არ უმსჯელია საკითზე - სახეზე იყო არქიტექტურული პროექტის დარღვევა, თუ უნებართვო მშენებლობა, ვინაიდან, ობიექტი რომელზეც განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები დღემდე არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ზ-ას და ქ. პ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ას და ქ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2011 წლის 23 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ... ქუჩა №32, საკადასტრო კოდი ..., არასაცხოვრებელი ფართი (მშენებარე), სართული 1, №1-11, ფართი 94,45 კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო გ. პ-ისა და მ. კ-ის სახელზე. ამონაწერის გაცემის დროისათვის უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია შპს „...ს“ (დირექტორი - ე. ბ-ა) იჯარით სარგებლობის უფლება 17.08.2011 წლის ხელშეკრულების საფუძველზე (154-155, 158-159); ბ) 2020 წლის 9 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ... ქუჩა №12, საკადასტრო კოდი ..., არასაცხოვრებელი ფართი (მშენებარე), სართული 1, №1-11, ფართი 94,45 კვ. მეტრი, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ. ზ-ას და ქ. პ-ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტებია 18.03.2016წ და 21.03.2017წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელსეკრულებები. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია შპს „...ს“ იჯარით სარგებლობის უფლება 08.07.2020 წლის ხელშეკრულების საფუძველზე (ს.ფ. 151-153, 156-157); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მ. ზ-ას და ქ. პ-ის მიმართ 2020 წლის 12 ნოემბერს შედგენილ იქნა №000910 მითითება, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ... ქ. №12-ში არსებული შენობა-ნაგებობის ფასადზე (ს/კ ...) და სახურავზე - შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციისა და გამწოვი სისტემის მოწყობა. ამავე მითითებით სამართალდამრღვევს დაევალა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან უსაფრთხოების წესების დაცვით ობიექტების დემონტაჟის განსახორციელებლად (ს.ფ. 128-129); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 24 ნოემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №000910, რომლითაც დადგინდა, რომ მ. ზ-ასა და ქ. პ-ის მიერ არ იქნა შესრულებული 2020 წლის 12 ნოემბრის №000910 მითითების პირობები (ს.ფ. 144-145, 146-147); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციის 2021 წლის 22 იანვრის №4-3/1-გ/21 ბრძანებით მ. ზ-ას და ქ. პ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2021 წლის 22 იანვრიდან 2021 წლის 22 მარტის ჩათვლით (ს.ფ. 112); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში 2021 წლის 11 თებერვალს №000910 მითითებისა და შემოწმების აქტის განხილვის მიზნით გამართულ სხდომაზე გამოცხადდნენ მ. ზ-ას და ქ. პ-ის წარმომადგენელი - თ. თ-ე და შპს „..ს“ წარმომადგენელი - ლ. კ-ე. შპს „..ს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიერ არ განხორციელებულა მითითებაში დაფიქსირებული სამშენებლო სამუშაოები და ასევე მათთვის უცნობია, თუ ვის მიერ იქნა განხორციელებული დასახელებული სამუშაოები. მ. ზ-ას და ქ. პ-ის წარმომადგენელმა - თ. თ-ემ განაცხადა, რომ მოცემულ ეტაპზე სხვა რაიმე ინფორმაციას ვერ დააფიქსირებდნენ, თუმცა ცდილობდნენ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დადგენას (ს.ფ. 101); ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში 2021 წლის 18 თებერვალს №000910 მითითებისა და შემოწმების აქტის განხილვის მიზნით გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა შპს „...ს“ დირექტორმა, ე. ბ-ამ, განაცხადა, რომ ფართი იჯარით ჰქონდა აღებული 2011-2012 წლებში, სადაც ჰქონდა ქსოვილების მაღაზია. მისივე თქმით, მითითებაში დაფიქსირებული ლითონის მსუბუქი კონსტრუქცია და გამწოვი სისტემები მის მიერ არ არის დამონტაჟებული და იჯარის დროს აღნიშნული კონსტრუქცია და გამწოვი სისტემა საერთოდ არ იყო დამონტაჟებული (ს.ფ. 97); თ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს უმცროსი სპეციალისტის 2021 წლის 22 მარტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2021 წლის 21 მარტს ობიექტის ხელმეორედ – გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მ. ზ-ას და ქ. პ-ის მიერ არ იქნა შესრულებული 2020 წლის 12 ნოემბრის №000910 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები (ს.ფ. 94, 95-96); ი) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 22 მარტის დადგენილებით №000910 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მ. ზ-ა და ქ. პ-ე დაჯარიმდნენ 4 000 (ოთხი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ... ქ. №12-ში, არსებული შენობა-ნაგებობის ფასადზე (ს/კ ...) და სახურავზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციისა და გამწოვი სისტემის მოწყობისთვის. ამავე დადგენილებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მესაკუთრე/თანამესაკუთრეებს დაევალა/დაევალათ ობიექტების დემონტაჟის განხორციელება (ს.ფ. 16-19); კ) 2021 წლის 13 აპრილს მ. ზ-ას და ქ. პ-ის წარმომადგენელმა, თ. თ-ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/01211033493-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 22 მარტის №000910 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 მაისის №668 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა მ. ზ-ას და ქ. პ-ის წარმომადგენლის, თ. თ-ის 2021 წლის 13 აპრილის №19/01211033493-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 22 მარტის №000910 დადგენილება (ს.ფ. 72, 20- 27).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 22 მარტის №000910 დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიაზე (საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში) უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლზე, რომლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას (1); II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას (2). ამდენად, მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც გამოიხატება პირველი კლასის მშენებლობის განხორციელებისას დადასტურების მიღებაში (მშენებლობის მარტივ შეტყობინებაში), ხოლო მეორე, მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისას - მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში.

ზემოდასახელებული კოდექსის 122.1 მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით. კოდექსის 123-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (1); სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება: ა) ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას; ბ) დარღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას; გ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას; დ) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას; ე) უფლებამოსილი ორგანოსთვის იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია; ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას; ზ) ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსით ან „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (2). 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.

დასახელებული კოდექსის 122.2 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.

ზემოდასახელებულ საკანონმდებლო ნორმაზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი - შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ 2021 წლის 11 და 18 თებერვალს №000910 მითითებისა და შემოწმების აქტის განხილვის მიზნით გამართა სხდომები, სადაც გამოიკვლია სამართალდარღვევის მწარმოებელი პირი. დადგენილია, რომ 11 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდნენ მესაკუთრეების - მ. ზ-ას და ქ. პ-ის წარმომადგენელი - თ. თ-ე და ,,მოიჯარის’’ - შპს „...ს“ წარმომადგენელი - ლ. კ-ე. შპს „...ს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიერ არ განხორციელებულა მითითებაში დაფიქსირებული სამშენებლო სამუშაოები და ასევე მათთვის უცნობია, თუ ვის მიერ იქნა განხორციელებული დასახელებული სამუშაოები. მ. ზ-ას და ქ. პ-ის წარმომადგენელმა - თ. თ-ემ განაცხადა, რომ მოცემულ ეტაპზე სხვა რაიმე ინფორმაციას ვერ დააფიქსირებდნენ, თუმცა ცდილობდნენ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დადგენას. 2021 წლის 18 თებერვალს გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა ,,მოიჯარის’’ - შპს „...ს“ დირექტორმა, ე. ბ-ამ, განაცხადა, რომ ფართი იჯარით ჰქონდა აღებული 2011-2012 წლებში, სადაც ჰქონდა ქსოვილების მაღაზია. მისივე თქმით, მითითებაში დაფიქსირებული ლითონის მსუბუქი კონსტრუქცია და გამწოვი სისტემები მის მიერ არ არის დამონტაჟებული და იჯარის დროს აღნიშნული კონსტრუქცია და გამწოვი სისტემა საერთოდ არ იყო დამონტაჟებული.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (1); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (2; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (3).

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები (1); თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი (2).

ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მტკიცების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი და ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის განხილვაზე მიიწვია და მოისმინა ყველა ის პირის პოზიცია ვისაც შეეძლო ეწარმოებინა სადაო სამშენებლო სამუშაოები. მიუხედავად აღნიშნულისა უტყუარად ვერ დადგინდა ვინ განახორციელა ქ. თბილისში, ... ქ. №12-ში არსებული შენობა-ნაგებობის ფასადზე (ს/კ ...) და სახურავზე - შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციისა და გამწოვი სისტემის მოწყობა (აღნიშნული სამუშაოების განხორციელება უარყვეს, როგორც შპს „...ს“, ისე, შპს „...ს“ წარმომადგენლებმა). შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სადაო არ არის სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი, ამასთან, უტყუარად ვერ დგინდება სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით დაიწყო და აწარმოა სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმე უძრავი ქონების მესაკუთრეების - მ. ზ-ას და ქ. პ-ის მიმართ, რომლის ლოგიკური დასასრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 22 მარტის №000910 დადგენილების გამოცემა იყო. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კი, აღნიშნული დადგენილება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რის გამოც არ არსებობს „სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ“ მოცემული დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ზ-ას და ქ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინება;

3. მ. ზ-ას (პ/ნ ...) და ქ. პ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე 20.11.2024წ. №24698794366 საგადახდო დავალებით თ. თ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია